სახელმწიფო „თელასიდან“ საბოოლოდ გადის - ვინ შეიძენს დარჩენილ პაკეტს?

სახელმწიფო „თელასიდან“ საბოოლოდ გადის - ვინ შეიძენს დარჩენილ პაკეტს?

სახელმწიფოს „თელასის“ 25% აღარ სჭირდება და მის გასხვისებას აპირებს. რამდენად გამოჩნდება მსოფლიო პანდემიის პირობებში მისი შეძენის მსურველი, ძნელი სათქმელია. გამორიცხული არ არის, მისით ისევ რუსული „ინტერ რაო“ დაინტერესდეს, რომელიც დედაქალაქის ენერგომომმარაგებელი კომპანიის საკონტროლო პაკეტს ისედაც ფლობს.

„საპარტნიორო ფონდი“ სს „თელასის“ კაპიტალში კუთვნილი აქციების წილის - 24.5%-ის გასასხვისებლად საჯარო აუქციონს აცხადებს. ფონდის ინფორმაციით, საჯარო აუქციონის საწყისი ფასი შეადგენს 10 511 211.08 აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარში. ბიჯის ოდენობაა 50 000 ლარი. აუქციონის დროს დაფიქსირებული ფასი დაკონვერტირდება აშშ დოლარებში აუქციონის გამოცხადების დღისთვის ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი გაცვლითი კურსის შესაბამისად.

საჯარო აუქციონი 2020 წლის 10 აგვისტოს გამოცხადდა და 9 სექტემბერს ჩატარდება „საპარტნიორო ფონდის“ ოფისში. აუქციონში გამარჯვებული ვერ შეიძენს აქციებს, თუ „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით ვერ მიიღებს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თანხმობას.

უკვე დიდი ხანია „თელასის“ აქციათა 75% რუსული ენერგეტიკული გიგანტის „ინტერ რაოს“ მფლობელობაშია, ხოლო დარჩენილი წილი - სახელმწიფოს ეკუთვნის. სწორედ ამ წილის გასხვისებას გეგმავს საჯარო აუქციონით „საპარტნიორო ფონდი“.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, რევაზ არველაძის თქმით, „საპარტნიორო ფონდის“ მიერ „თელასის“ აქციების 24.5%-იანი წილის გასხვისება ქვეყნისთვის საფრთხის შემცველი აღარ არის, რადგანაც რუსების ისედაც აკონტროლებენ დედაქალაქის სადისტრიბუციო ქსელს. დარჩელი წილის გასხვისების საკითხი კი უკვე ისედაც დიდი ხანია დგას დღის წესრიგში და ამაში გასაოცარი არაფერია.

„როდესაც „თელასის“ 75% რუსული კომპანიისაა, გადამწყვეტი უკვე აღარ არის დანარჩენი 25% რუსული კომპანიის იქნება თუ რომელიმე სხვა ფირმის. იმათ საკონტროლო პაკეტი უკვე ხელში უჭირავთ. ახლა, პრაქტიკულად, საქართველო ვერანაირ მონაწილეობას ვერ იღებს. ორი ადამიანი ჰყავთ სამეთვალყურეო საბჭოში, ეს სამეთვალყურეო საბჭოც გინდ ყოფილა და გინდ არა“, - განაცხადა არველაძემ.

მიუხედავად ამისა, გამორიცხული არ არის, რუსები მაინც დაინტერესდნენ დარჩენილი წილით და საბოლოოთ 100%-მდე შეავსონ თავიანთი აქციათა პაკეტი. რა პოზიცია აქვს ამ ეტაპზე რუსული ენერგოგიგანტს, ამის გასარკვევად „ბიზნესპრესნიუსი“ დაუკავშირდა მათ წარმომადგენელს და დაუსვა კითხვა, ხომ არ გეგმავს აუქციონში მონაწილეობის მიღებას და დარჩენილი წილის შესყიდვას „ინტერ რაო“. როგორც რუსულ კომპანიაში განაცხადეს, ისინი ამ ეტაპზე აუქციონში მონაწილეობის მიღებას და დარჩენილი წილის შესყიდვას არ აპირებენ.

„ინტერ რაოს“ არ აქვს გეგმაში, შეიძინოს „თელასში“ წილი. იმედი გვაქვს, რომ კომპანიის ახალ ინვესტორთან კონსტრუქციული და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა გვექნება“, - განაცხადეს „ინტერ რაო ეს“-ში, თუმცა მათი პოზიცია ნებისიმერ მომენტში შეიძლება შეიცვალოს და დარჩენლი 25%-ის შეძენის გადაწყვეტილება მიიღონ.