„ბარსელონას“ ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაცია ამის შესახებ კატალონიური კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა.
„2020-2021 წლების სეზონისთვის მზადების დაწყებამდე მთავარი გუნდის 9 ფეხბურთელმა PCR-ტესტირება გაიარა და ერთ-ერთი მათგანის ტესტის პასუხი დადებითი აღმოჩნდა. ფეხბურთელს დაავადებისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნება, ის თავს კარგად გრძნობს და თავის სახლში, კარანტინში იმყოფება. კლუბმა ამის შესახებ შესაბამის სპორტულ და სამედიცინო უწყებებს აცნობა. ინფიცირებულ ფეხბურთელთან კონტაქტში მყოფი ყველა ადამიანი ტესტირებას გაივლის“, - აღნიშნულია განცხადებაში.
„ბარსელონა“ ასევე განმარტავს, რომ ინფიცირებულ ფეხბურთელს არ ჰქონია კონტაქტი მთავარი გუნდის ფეხბურთელებთან, რომლებიც 13 აგვისტოს ლისაბონში, ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალურ მატჩში მიიღებენ მონაწილეობას. ფეხბურთელის ვინაობა არ სახელდება, თუმცა ცნობილია, რომ სეზონისთვის მზადება „ბარსელონას“ საწვრთნელ ბაზაზე პედრიმ, კარლეს ალენიამ, რაფინიამ, ფრანსისკო ტრინკაომ, ჟან-კლერ ტოდიბომ, ხუან მირანდამ, მატეუს ფერნანდესმა, მუსა ვაგემ და ორიოლ ბუსკეტსმა დაიწყეს.