„შეეშვან თავდაცვის ძალებს, ფორმიან ხალხს, პოლიტიკოსებმა ერთმანეთში გაარკვიონ საკუთარი პრობლემები“

„შეეშვან თავდაცვის ძალებს, ფორმიან ხალხს, პოლიტიკოსებმა ერთმანეთში გაარკვიონ საკუთარი პრობლემები“

მიხეილ სააკაშვილმა ჰააგაში ბრიფინგი გამართა და ბიძინა ივანიშვილი პუტინის შეკვეთის შესრულებაში დაადანაშაულა, „რომლის ხრიკებიც არ გავა საქართველოს დასადანაშაულებლად“. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი, თეა წულუკიანისა და სუს-ის უშუალო მონაწილეობით, წლების განმავლობაში ცდილობდა ქართველი ჯარისკაცები დაედანაშაულებინა ომის დანაშაულში. ეს გაკეთდა იმისთვის, რომ რუსეთის გეგმები აღსრულებულიყო და გამტყუნებულიყო ორივე მხარე.

სააკაშვილის შეფასებით, ეს არის დიდი შეთქმულება სიმართლის დამალვის კუთხით, ამიტომაც მან გადაწყვიტა, დახმარებოდა საერთაშორისო საზოგადოებას სიმართლის დადგენაში. ამიტომაც მსოფლიოს სისხლის სამართლის წამყვანმა სპეციალისტებმა ჰააგის ტრიბუნალში აგვისტოს ომზე დამოუკიდებელი დასკვნა შეიტანეს.

ჰააგის სასამართლოს განაჩენი სააკაშვილის მღელვარების მიზეზი არაერთხელ გამხდარა. ჯერ კიდევ შარშან ის დარწმუნებული იყო, რომ ივანიშვილმა ფული გადაიხადა ცრუ ჩვენებებში, მოწმეთა მოსყიდვაში, რომლებიც ჰააგაში მის წინააღმდეგ მცდარ ჩვენებებს აძლევდნენ.

ის ამბობდა, რომ მოვიდა მთავრობა, რომელმაც ხელოვნური აბორტი მოახდინა ამ საქმის, გააგდო გარეთ ეს საქმე და თქვა, ჩვენ ვეღარ ვიძიებთ, გამოიძიოს და დააკავოს ჰააგამ.

მას შემდეგ, რაც აგვისტოს ომის გამოძიების საქმეში ჰააგა ჩაერთო, გაჩნდა ეჭვი, ხომ არ დასჭირდებოდა ეს მაღალი ინსტანცია „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას სააკაშვილის დასაკავებლად? დღესაც რამ ააღელვა ექსპრეზიდენტი და რას უმზადებენ მას ჰააგაში?

ანალიტიკოსი სოსო ცინცაძე იხსენებს, რომ თავის დროზე ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ პირველი განცხადება ოსებთან კონფლიქტის შესახებ იმდროინდელმა პროკურორმა გააკეთა და გამსახურდია დაადანაშაულა, საკუთარ ხალხს გენოციდი მოუწყოო. სოსო ცინცაძის თქმით, გარდაცვლილია ის კაცი და მიცვალებულზე აუგი არ ითქმის, მაგრამ მისი ეს ნათქვამი აიჩემეს ოსებმა და დღემდე იძახიან, თქვენმა გენერალურმა პროკურორმა ჩვენი გენოციდის შესახებ ილაპარაკაო. სინამდვილეში, არანაირი გენოციდი გამსახურდიას არ მოუწყვია, ეს აბსოლუტური ტყუილი იყო.

„რომელ გენოციდზეა საუბარი? ეს იყო კლასიკური სეპარატიზმი გამსახურდიას დროსაც, სააკაშვილის დროს კი უკვე იყო რუსეთის აგრესია. ცხადია, აგვისტოს ომში ჩართვა არ შეიძლებოდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, ოღონდ ახალმა ხელისუფლებამ წინამორბედს სახელი შებღალოს, ლამის შეგნებულ ეროვნულ ღალატში დასდონ ბრალს. მაინც არა მგონია, იქითკენ მიჰყავდეთ საქმე, სააკაშვილს ჰააგის ძალით აგებინონ პასუხი, ეს არ იქნება. ჰააგაში რამდენიმე საჩივარი ოსებმაც შეიტანეს, გაჭიანურდა პროცესი, ზოგი ჩვენს სასარგებლოდ მიდის, ზოგი ჩვენს საწინააღმდეგოდ. საქმე ისაა, რომ ქართულ მხარეს არ გააჩნია მაღალპროფესიული საერთაშორისო დონის იურიდიული პოტენციალი. საერთაშორისო არენაზე ჩვენ ძალიან ძნელად ვიგებთ პროცესებს, დაგავიწყდათ საფრანგეთში თავდაცვის ყოფილი მინისტრის პროცესი? აქედან ჩასული პროკურორი რომ ლამის აბურთავეს და მასხრად აიგდეს. რაც მთავარია, არ ჩატარებულა გამოძიება, თუ ვინ დააჯერა სააკაშვილი, რომ რუსეთი ამ საქმეში არ ჩაერეოდა. მეორე საკითხია, რომ სააკაშვილს ეს არ უნდა დაეჯერებინა. ჭორის დონეზე ვიცით ამ საქმეში უგულავას როლის, ბოკერიას როლის შესახებ, მაგრამ, სამწუხაროდ, უკვე აღარ მიმდინარეობს გამოკვლევა, ეს უკვე პოლიტიკური საკითხია“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას სოსო ცინცაძე.

ამასთან, განმარტავს, რომ მსოფლიოში ცალკეული დანაშაულები იჩქმალება. თუნდაც უკრაინის ბოინგის ჩამოგდებასთან დაკავშირებით 3-4 წელი გავიდა და ახლა ნელ-ნელა ირკვევა სიმართლე. ასე რომ, ჰააგადან სააკაშვილის მიმართ ბრალდება მოსალოდნელი არ არის, რადგან ამის მტკიცებულება არ ჩანს. ჯერ ერთი, მძინარე ქალაქის დაბომბვა ეს ზღაპარია, ცხინვალი მაშინ უკვე ცარიელი იყო. ის კი არა, ჩინეთს ვერაფერი უყვეს, ტიანანმენის მოედანზე ასი ათას ახალგაზრდას ტანკებით გადაუარეს, მაგრამ ხახვივით შერჩათ.

„სხვათა შორის, დღევანდელი ჩვენი მთავრობის პოზიცია შეცვლილია. ისრაელში ჩვენი ელჩის ლაშა ჟვანიას ინტერვიუ ვნახე ისრაელის წამყვან გაზეთში - „იერუსალიმ პოსტში“, სადაც პირდაპირ სიმართლეა ნათქვამი, არავითარმა ქართულმა მხარემ არ დაიწყო ომი, არავითარი სააკაშვილის აგრესია, იქ ნათქვამია, რომ ეს იყო რუსეთის აგრესია საქართველოს წინააღმდეგ და ოკუპაცია. ელჩი ეს უკვე ოფიციოზია. ელჩის განცხადება, თუ ამას არ მოჰყვა ხელისუფლების მიერ დეზავუირება, მნიშვნელოვანი განაცხადია“.

ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე აცხადებს, რომ, ცხადია, მიმდინარეობს ჰააგაში პროცესები და კარგი იქნება, ნაციონალებმა იმაზე იფიქრონ, რაზე მოაწერეს თავად ხელი.

„აგერ არის სარკოზი, შუამავალი, რომელიც ამბობს, რომ საქართველომ დაძაბულობისკენ მეტი გააკეთა, ვიდრე სიტუაციის განმუხტვისკენ. არის რეზოლუცია 1633, მე არ ვიცი, ამ რეზოლუციის ხელმომწერნი საერთოდ პოლიტიკაში როგორ არიან დღეს, უფრო მკაცრ სასჯელზე არ ვლაპარაკობ. ვერაფრით მართლდება ის რეზოლუცია. მე არ ვიცი, სააკაშვილს ჰააგაში რა მოელის, მე ვიცი ის, რომ ქართველ ოფიცრებსა და ზოგადად სამხედრო მოსამსახურეებს ჩვენი ქვეყანა არავის დააჩაგვრინებს. ეს აქსიომაა. აშკარაა, თავდაცვის ძალების პერსონალის ემოციებზე თამაში მიმდინარეობს, რაც ქვეყნისთვის მავნეა. შეეშვან თავდაცვის ძალებს, ფორმიან ხალხს, პოლიტიკოსებმა ერთმანეთში გაარკვიონ საკუთარი პრობლემები“, - აცხადებს ამირან სალუქვაძე ჩვენთან საუბრისას.

მისივე თქმით, თუ სასამართლოები იქნება, ჩვენს მაშინდელ მოქმედ ჩინოვნიკებს მოუწევთ ჩასვლა ჰააგაში. ცხადია, ჩვენ თუ გვსურს რუსეთს საერთაშორისო სასამართლო პროცესები მოვუგოთ, ჩვენებები უნდა მივცეთ. დღემდე ყველაფერი მოვუგეთ რუსეთს, რაც ეხებოდა რუსეთის აგრესიულ ქმედებებს. ეს იქნებოდა ჩვენი მოქალაქეების გამოსახლება, თუ სხვა საქმეები, რაც გაიმართა სტრასბურგში. ანალოგიურად იქნება აგვისტოს ომთან დაკავშირებითაც.