“ქვეყანა თავზე გვექცევა და თქვენ რა გეღიმილებათ, კაცო!..”

“ქვეყანა თავზე გვექცევა და თქვენ რა გეღიმილებათ, კაცო!..”

პარლამენტის შენობის წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე ბევრი ცნობილი სახე იყო, მათ შორის “ჩარეცხილებიც” და “ჩასარეცხებიც”, პოლიტიკურად აქტიურებიც და პასიურებიც, ოქრუაშვილის გულშემატკივრებიც და ისეთებიც, ვისაც ამ უკანასკნელის ბედზე მეტად საკუთარი აღელვებდა... იყვნენ ისეთებიც, რომელთაც მტყუან-მართლის გარკვევა ვერ მოასწრეს.

რაც უნდა გასაკვირი იყოს, ერთ-ერთი ასეთი პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანიც გახლდათ, რომელმაც პრეზიდენტსა და ექსთავდაცვის მინისტრს მეგობრობა დაუწუნა, ბოკერიას და მის თანამოაზრეებს - ირონიული ღიმილი, ოპოზიციის წარმომადგენლებს კი საპრეზიდენტო ამბიციების მოთოკვა ურჩია.

ჩვენს “ბედნიერ ერზე” ამჯერად “კვირის პალიტრას” ბატონი ჯანსუღ ჩარკვიანი ესაუბრა:

- 30 სექტემბერს 76 წლისა გავხდი და ასეთი საქართველო დიდი ხანია არ მინახავს. ვარდების რევოლუციის დროს საპროტესტო აქციებისას ხალხის 80 პროცენტი ან ბაზრობიდან იყო მოყვანილი ან ფულს უხდიდნენ, დღეს კი სხვაგვარი სიტუაცია ვნახე.

პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე იმან გამაკვირვა, რომ ზღვა ხალხი თავისით მოვიდა.

სიმართლე გითხრათ, ეს ხალხი მხოლოდ ოქრუაშვილის მხარდაჭერის გამო არ იყო მოსული. არ შეიძლება ხელისუფლება ასეთი ენით ელაპარაკოს ადამიანებს, საზოგადოების ნაწილს, ოპოზიციას; მათ უთხრას - ახლა რასაც გვინდა, იმას გავაკეთებთ, ხვალ თქვენ თუ მოხვალთ - რაც გინდათ, ის ქენითო. ეს ცინიზმია და მეტი არაფერი. ხალხმა სწორედ ეს გააპროტესტა. ამდენი ხანი შიშით იყვნენ გატრუნულები. ახლა იმიტომ იყვირეს, რომ ადრე ვერ ყვიროდნენ. უბრალოდ, შიში გადალახეს. ოპოზიციაც შეერთდასავით და ეს გამიხარდა.

მაინცდამაინც ოქრუაშვილს უნდა ამოეღო ხმა, რომ ამ ხალხს შიში გადაელახა?

- სიმართლე გითხრათ, ის, რაც მოხდა, მე ვერაფრით ავხსენი. აშკარაა, ოქრუაშვილი და სააკაშვილი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ვერ გავიგე, ორივე მტყუანია? მილიონერები ებრძვიან ერთმანეთს? საქართველო ვერ გაიყვეს? მოკლედ, არ ვიცი, რა ხდება. დავიბენი, მართლა თამაშია თუ ხალხს აგიჟებენ. ერთხელ ვთქვი და დღესაც ვიმეორებ, ვერ გავიგე, ვისი ვიოლინო ვის როიალშია. მე მესმის და ვიცი, პოლიტიკა ღვთით ბოძებული სიყვარული არ გახლავთ, მაგრამ არც ის მეგონა, რომ პოლიტიკაში მეგობარი მეგობარს გაყიდდა. ეს თუ მართლაც საქართველოს გამთლიანების სურვილით აიხსნება, კი, ბატონო!.. მაგრამ თუ ეს ყველაფერი საკუთარი თავის გადარჩენის მიზნით ხდება, დაღუპულა ისედაც ბოროტ გზაზე დამდგარი საქართველო! მე სააკაშვილსა და ოქრუაშვილს ვეტყოდი, თუ მეგობრები ხართ, ერთმანეთის სიმართლე, ისევე როგორც დანაშაული, უნდა აღიაროთ, რამეთუ მეგობრის წინაშეE დანაშაულს მხოლოდ ვაჟკაცები აღიარებენ-თქო.

ვიმეორებ - არ ვიცი, დღესდღეობით რომელი მხარეა დამნაშავე ან უფრო დამნაშავე. ამას ნორმალური სასამართლო იტყოდა, მაგრამ არსებობს კი ჩვენთან ასეთი სასამართლო? ერთი მხრივ, ოქრუაშვილი ისეთი დამაჯერებელი ტონით ლაპარაკობდა, წამიერად ვიფიქრე, მართალია-მეთქი, მაგრამ აქამდე სად იყო, კაცო? ხელისუფლებამ კი, მას ფაქტობრივად უთხრა, ძველი დანაშაულებისთვის ახლა გიჭერო. კი მაგრამ, ან ის სად იყო მანამდე? რატომ არ დაიჭირა? აი, ასეთი რამეები არ მესმის. ვაითუ, არც ერთი მართალი არ არის და ერთმანეთს ასეთ სიბინძურეებს აბრალებენ. ესეც არ არის სანაქებო საქმე.

ამათ ჩხუბში იცით, რა გამოვიდა? ხალხი მიხვდა, რომ ერთად დგომაა საჭირო. იქ ხალხი საკუთარმა გაჭირვებამ მიიყვანა. ვინც კი აქციაზე მივიდა, ყველა საქართველოს ჭირისუფალი გახდა. ქართველი ხალხი მიხვდა, რომ უნდა უფრთხოდეს მონებს და რომ სწორედ მონებითაა გავსებული ეს ხელისუფლება. მათ ისურვეს საქართველოს მტანჯველთა, დიქტატორთა და მტარვალთაგან გათავისუფლება. მეც ამიტომ მივედი იმ აქციაზე. უბრალოდ, მივემხრე იმ ხალხს, რომელმაც ბოლოს და ბოლოს გადაწყვიტა, რომ მისულიყო იქ. მე ამ აქციაზე საქართველოს მომავლის გამო მივედი.

და როგორ გესახებათ ეს მომავალი?

- მჯერა საქართველოს მომავლის გზას უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე დაულოცავს. სიმართლე გითხრათ, მე პირადად, მხოლოდ ამ დიდებული პიროვნების იმედზე გახლავართ.

ესენი ძმები იყვნენ, დანაშაულობებში იყვნენ ჩაფლული და მშვენივრად გრძნობდნენ თავს, ვიდრე ერთმანეთს საბოლოოდ არ გაეყარნენ. რაშია საქმე იცით? გულწრფელად მიხარია, ხელისუფლება ასფალტს რომ დააგებს, მაგრამ არ მინდა ამ ქუჩებში ამდენი ქართველი მათხოვარი იყოს. ადრე ხომ თბილისში მხოლოდ ბოშები მათხოვრობდნენ, ქართველ მათხოვარს სად ნახავდი, კაცო! ადამიანმა პური ხომ უნდა ჭამოს, ლიმონათი თუ არა, ჩაი ხომ უნდა დააყოლოს... ნერვები მეშლება, როცა უფასო სასადილოში ბორშჩის ან სუპის ხვრიპინს ვისმენ და ხელისუფლება კი ამ ადამიანებს ეუბნება, - მე გასმევ და გაჭმევო და მადლობას მოელის. ამდენი თუ შეუძლიათ, პენსიაზე მიუმატონ მცირეოდენი თანხა. მოკლედ, ეს ყველაფერი არ მომწონს და აქციაზე ამიტომაც მივედი.

იცით, კიდევ რა არ მომწონს, ვაითუ, მხოლოდ პრეზიდენტობისათვის ბრძოლა მიდის! ეს ოხერი პრეზიდენტობა კი სამწუხაროდ, ყველას უნდა. არ შეიძლება ეს პარტიები შეიყარონ და ერთად გადაწყვიტონ ვინ არის მათ შორის ყველაზე დახვეწილი პოლიტიკოსი? ადრე ვარდების რევოლუციის ლიდერთა შორის ყველაზე ჭკვიანი ზურაბ ჟვანია იყო, მაგრამ... ოპოზიციას ხელისუფლებაში მოსასვლელად დიდი ბრძოლა დასჭირდება, ამიტომ მთელი რიგი ტაქტიკური მოქმედებები და შეთანხმებები არის საჭირო. ხანდახან უკან გადგომასაც თავისი შნო უნდა. ხომ ნახეთ, ბოკერიამ სანამ რუსთაველზე შეკრებილ ამდენ ხალხს დაინახავდა, ფაქტობრივად დაიმუქრა, - ხმას თუ ამოიღებთ, დედას გიტირებთო. ეს არის ხელისუფლება, რომელსაც სისხლის დაღვრა შეუძლია. ერთი რაღაცა მაინც “მომწონს” მაგათი. ეს არის ღიმილი. ხედავთ, როგორი ერთნაირი ირონიული ღიმილი აქვს სუყველას, ქალსაც და კაცსაც? ისინი ხალხს აშკარად დასცინიან და იმედი აქვთ, რომ მთელი ცხოვრება ამ ქვეყნის ბატონ-პატრონები თვითონ იქნებიან. ეს არის საშინელება. უბედურებაა, კაცო! მე მათ ვურჩევდი, ილაპარაკონ სერიოზულად, რა ეღიმილებათ, ქვეყანა თავზე გვექცევა!

მიტინგზე გაჟღერებული ლოზუნგებიდან ყველაზე მეტად რომელი მოგეწონათ?

- “საქართველო პრეზიდენტის გარეშე!” ერთი კაცის ხელში რომ აღარ იქნება ძალაუფლება, ხალხი იმ ერთს აღარ მოსთხოვს, ეს მინდა და ის მინდაო. იქნებ საქართველო გადარჩეს იმით, რომ მოვიდეს ძლიერი პერსონა, რომელსაც პრეზიდენტობის შანსი ექნება, მაგრამ თავად იტყვის პრეზიდენტობაზე უარს.