„სააკაშვილმა დიდი ხნის შემდეგ აღიარა მედვედევისადმი გაგზავნილი წერილის შესახებ, რომელშიც თურმე ნატოზეც უარს ამბობდა“

„სააკაშვილმა დიდი ხნის შემდეგ აღიარა მედვედევისადმი გაგზავნილი წერილის შესახებ, რომელშიც თურმე ნატოზეც უარს ამბობდა“

კონდოლიზა რაისი კრემლის ბინადართა აგრესიულობასთან დაკავშირებით ამბობს, რომ შესაძლოა, ხელისუფლებიდან პუტინის წასვლას დაველოდოთ, პუტინი უნდა შეკავდეს. საბჭოთა კავშირს ამერიკელი ჯარისკაცები აკავებდნენ, რომლებიც საფრთხის წინაშე იდგნენ გერმანიაში. კონდოლიზა რაისის თქმით, მათ მეტის გაკეთება შეუძლიათ ნატოში შეკავებისთვის და იმ ქვეყნების დასახმარებლად, რომლებიც რუსეთის საფრთხის წინაშე არიან. რას ნიშნავს კონდოლიზა რაისის ეს სიტყვები აგვისტოს ომის მე-12 წლისთავთან დაკავშირებით, ამის შესახებ for.ge- ს ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე ესაუბრა.

მართლაც შეუძლია თუ არა დასავლეთს პუტინის შეკავება, თუ უნდა დაელოდნენ ხელისუფლებიდან მის წასვლას?

- არარაციონალურად მიმაჩნია მსგავს მოლოდინზე სტრატეგიის აწყობა, მესმის, რომ ეს პოსტსაბჭოთა სივრცისთვის კარგი მოსასმენია, მაგრამ სტრატეგიები უნდა ავაგოთ ყველაზე უარესი სცენარებისთვის და არა ჩვენთვის მისაღები გარემოებებიდან გამომდინარე. დღევანდელი რეალობიდან უნდა დავგეგმოთ ხვალინდელი ნაბიჯები. იგივე უნდა გააკეთოს დასავლეთმაც. რას ნიშნავს დაველოდოთ პუტინის წასვლას? ასე დიდხანს შეიძლება მოგვიწიოს ლოდინი. შეიძლება ხვალვე ისეთნაირად განვითარდეს რუსეთში ვითარება, რომ პუტინს ხელისუფლებიდან წასვლა მოუწიოს, ან სიკვდილამდე იყოს ხელისუფლებაში.

ალბათ, კონდოლიზა რაისის ნათქვამი გულუბრყვილოა, რადგან „პუტინი 1“ თუ წავა, „პუტინი 2“ მოვა, რუსეთში უყვართ ასეთი ხისტი ლიდერები.

- შეიძლება ისეთი მოვიდეს, მთლად დაანგრიოს რუსეთი. 1998 წელს არავინ ფიქრობდა, რომ 2020 წელსაც ისევ პუტინი იქნებოდა სათავეში. „პუტინი 2“ კი არა, შეიძლება უარესი პუტინი მოვიდეს და გაცილებით უარესი სურათი ვიხილოთ რუსეთში. ყოველთვის უარეს სცენარებზე უნდა ვიყოთ ორიენტირებულნი და ამ სცენარებზე ავაგოთ სტრატეგიები. განსაკუთრებით, სამხედროებს გვესმის ეს საკითხი კარგად. წარმოიდგინეთ, სამხედრო ოპერაცია დაგეგმო შენთვის საუკეთესო ვარიანტებიდან გამომდინარე და არა იქიდან, მოწინააღმდეგე როგორ იმოქმედებს შენს წინააღმდეგ. ამ დროს მოწინააღმდეგეც ხომ აზროვნებს, რომ მისთვის ხელსაყრელი სცენარით განავითაროს მოქმედებები? ამიტომ მოწინააღმდეგის მაგივრად უნდა ვიფიქროთ იმისთვის, რომ სწორად დავგეგმოთ სტრატეგია, თანაც, არა ერთი, არამედ ორი - სამი შესაძლო უარესი სცენარის სამოქმედო გეგმები უნდა გაგვაჩნდეს. პუტინს სიკვდილის ბუზი როდის დააჯდება, ამაზე გათვლების გაკეთება არარაციონალურია.

სააკაშვილის შემთხვევაში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის ედრებოდა დავით აღმაშენებელს და საკუთარი გადასახედიდან დაგეგმა ცხინვალის მოვლენები ისე, რომ მოწინააღმდეგის უარესი სცენარი შეგნებულად გამოტოვა?

- მე ვერ ვიტყვი, რომ რაიმე დაგეგმა მაშინდელმა ჩვენმა ხელისუფლებამ, დაგეგმილი უფრო ჩანდა რუსეთის მხრიდან. მოგვწონს თუ არა, რუსეთს ახასიათებს ეს, რომ ყველა ინსტანციაში, ეს იქნება პრეზიდენტის ადმინისტრაცია, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი, სხვა ძალოვანი უწყებები, თუ მთლიანად მთავრობა, სტრატეგიულ დონეზე ყველაფერი იგეგმება ხოლმე და, საერთოდ, ყველა სცენარისთვის აქვთ გამზადებული სამოქმედო გეგმები. რუსეთში ეს ტრადიციულად მომდინარეობს. რა თქმა უნდა, ბოლო ორი წლის განმავლობაში განსაკუთრებით იძაბებოდა ურთიერთობები რუსეთ-საქართველოს შორის, გვახსოვს ჩვენი საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტები, გვახსოვს ლავროვის განცხადება „სუ- 24“ ტიპის თვითმფრინავი როცა შემოფრინდა, რომ ეს იყო გამაფრთხილებელი სიგნალი თბილისის ცხელი თავებისთვის, ეს უკვე ნიშნავდა წინასაომარ რიტორიკას, რადგან საერთაშორისო პრაქტიკაში მიღებული არ არის საჰაერო სივრცის დარღვევის აღიარება. თუ სხვა სახელმწიფოს საჰაერო სივრცის დარღვევა მოხდა, როგორც წესი, აბრალებენ ტექნიკურ ან სხვა მიზეზებს, ანუ ამბობენ, რომ ეს იყო ობიექტური მიზეზებიდან გამომდინარე, ან ორიენტირება აერია პილოტს ტექნიკური გაუმართაობის გამო, ან რაღაც სხვა მიზეზით. მე ვერ ვიხსენებ პრაქტიკაში მსგავს რამეს, როცა მოხდა საჰაერო სივრცის დარღვევა და დამრღვევმა მხარემ ეს ღიად აღიარა. არ აქვს მნიშვნელობა, საზღვარს სად დაარღვევ, სამხედრო საფრენი აპარატი შემოფრინდება საჰაერო სივრცეში, ჯარისკაცი გადმოდგამს ნაბიჯს შენს საზღვარზე, თუ ტანკი გადმოვა ათი მეტრით, ყველა შემთხვევაში, ეს საზღვრის დარღვევაა. თუ ეს შემთხვევით მოხდა, ყველაფერი დიპლომატიურად გვარდება, მაგრამ, როცა ცხადდება, რომ ეს განზრახ ხდება, ეს უკვე არის აგრესიის ფაქტი. ანუ ლავროვმა ამ გაფრთხილებით 2007 წელს, ფაქტობრივად, აგრესიის ფაქტი აღიარა და მეტიც, სიტყვიერი მუქარა განახორციელა საქართველოს ხელისუფლების მიმართ. სხვათა შორის, ეს მოჰყვა 2004 წლის მოვლენებს, როცა რუსეთმა ორივე რეგიონის, როგორც აფხაზეთის, ისე სამაჩაბლოს აქტიური მილიტარიზაცია დაიწყო.

ბოლო წლებში გვახსოვს ძალისმიერი პასპორტიზაციის პროცესი. იყო განცხადებები კოსოვოსთან დაკავშირებითაც, ანუ პუტინის ცნობილი განცხადება, რომ ჩვენ მომზადებული გვაქვს „საშინაო დავალებები“, ეს უკვე მეტყველებდა, რომ რუსეთი ომისთვის ემზადებოდა. ამ დროს რა გააკეთა ჩვენმა მხარემ? რთული სათქმელია, გარდა იმ ერთი წერილისა, რომლის შესახებაც ადრე ჭორების დონეზე ვიცოდით საექსპერტო, თუ საქმეში ჩახედულ სხვა წრეებში. ვგულისხმობ სააკაშვილის წერილს მედვედევისადმი 2008 წლის ივნისში, სააკაშვილმა საკმაოდ დიდი ხნის შემდეგ აღიარა ამ წერილის შესახებ, რომ ბევრი რამ შესთავაზა მედვედევს. სხვათა შორის, სააკაშვილი თავის სასარგებლოდ იყენებს ამ წერილს, ნატოზეც კი უარი ვთქვი და ომი მაინც ვერ ავიცილე თავიდანო. ჯერ ერთი, ნატოზე უარის თქმის უფლება მას ერთპიროვნულად არ ჰქონდა, პოლიტიკა არ არის ომობანას, სახლობანას, ექიმობანას თამაში. თუ ჩვენ ჩავატარეთ მოსახლეობის გამოკითხვა და მოსახლეობის 2/3 ნატოში გაწევრიანებაზე თქვა თანხმობა, რა უფლება აქვს პრეზიდენტს, ერთპიროვნულად უარი თქვას ნატოზე?! იქ იყო შეთავაზებები ბაზებთან დაკავშირებითაც. საინტერესოა, რომ საპასუხო წერილიც მიიღო სააკაშვილმა და ეს ორი წერილი, გაგზავნილიც და მიღებულიც, ფართოდ გავრცელებული არ ყოფილა, მაგრამ ჭორების დონეზე ეს ვიცოდით. სააკაშვილმა მოგვიანებით რატომღაც არ თქვა, რომ მედვედევისგანაც მიიღო პასუხი, მედვედევი პოზიტიურად განეწყო ამ წერილის მიმართ და საპასუხო ვიზიტის განხორციელებაც შესთავაზა საქართველოში, ანუ მედვედევი უნდა ჩამოსულიყო, ამას 100%-ით ვერ დავადასტურებ, მაგრამ, თუ ის წერილი, რომელიც სააკაშვილმა გაგზავნა, რეალურია, იმავე ალბათობით, პასუხიც იქნებოდა რუსეთიდან.

როგორც ჩანს, სააკაშვილის ამ ჩანაფიქრს ამერიკელებმა შეუშალეს ხელი.

- არა მგონია, 2- 3 წლის წინ იყო კონდოლიზა რაისის ინტერვიუ. თუ იმ ინტერვიუსაც გავაანალიზებთ, სააკაშვილისთვის ხელი არავის შეუშლია, მე მგონი, პირიქით, უფრო აფრთხილებდნენ და მოუწოდებდნენ, ანკესზე არ წამოგებულიყო. ამერიკულ მხარეს ჰქონდა ინფორმაცია, რომ რუსეთი ემზადებოდა სხვადასხვა სცენარისთვის, რათა დაპირისპირების პროვოცირება მოეხდინა. ვერ ვიტყვი, შეეძლო თუ არა სააკაშვილს აგვისტოს ომის თავიდან აცილება, ამისთვის სპეციალური ჯგუფი უნდა შეიქმნას, რადგან საკუთარ კარმიდამოს არ ეხება ეს საკითხი, ეს ეხება სახელმწიფოს, მის ტერიტორიულ მთლიანობას. საერთოდ, გადასაფასებელი გვაქვს ყველაფერი, რა გზაც გავიარეთ 2008 წლამდე, 2008 წლიდან დღემდე, რა სამართლებრივ რეჟიმში ვიმყოფები, რა შეცდომები დავუშვით და როგორ უნდა ვიმოქმედოთ, რათა აღვადგინოთ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა. შესამუშავებელი გვაქვს ეს სტრატეგია.

სარკოზის მემუარებს როგორ შეაფასებთ?

- სარკოზის მემუარებს რაც შეეხება, ჟურნალისტი წერს, რომ სარკოზი პრორუსულ ნარატივს ავითარებს და ბალანსის დაცვისთვის შემდეგ ნომერში შემოგთავაზებთ კონდოლიზა რაისის ინტერვიუსო. კარგი იქნება, თუკი 2018 წლის ინტერვიუს ამოიღებს და შეადარებს ერთმანეთს სარკოზისა და რაისის მოსაზრებებს საქართველოს ქმედებებთან დაკავშირებით. გასაგებია, რუსეთი ვინც არის, ორი საუკუნეა, ძალიან კარგად ვიცნობთ რუსეთს, არასდროს არ უნდა გვქონდეს რაიმე კარგის მოლოდინი ამ სახელმწიფოსგან, ყოველთვის უნდა ვახერხებდეთ, ცუდი სცენარი ამ ქვეყანასთან ავიცილოთ. ბედმა გვარგუნა ასეთი მეზობელი, იმხელა ტერიტორია აქვს, სადმე რომ გადავსახლდეთ ჩვენ თვითონ, მაინც სადღაც რუსეთის მეზობლად აღმოვჩნდებით. რა თქმა უნდა, ომის აცილება იოლი არ იქნებოდა, მაგრამ სარკოზის მთლად არ დავესესხები, რადგან ის პირდაპირ გვადანაშაულებს ვითარების დაძაბვაში. საქართველოში ამას აღიქვამენ შიდა პოლიტიკურ საკითხად, სააკაშვილზე თუ ცუდად თქვი რამე, მისი პარტია ბრაზდება, თუ კარგად თქვი, სამაგიეროდ, სხვები ბრაზდებიან. სინამდვილეში, ეს საკითხი პარტიას არ ეხება. როცა სარკოზი ლაპარაკობს მიხეილ სააკაშვილზე, ის ლაპარაკობს საქართველოს პრეზიდენტზე, ანუ საქართველოს სახელმწიფოზე და ჩვენ გვაბრალებს ვითარების დაძაბვას. ეს არის ცუდი. სარკოზის მონათხრობში რაც აწყობთ, ის მოსწონთ და, რაც არ აწყობთ, არ მოსწონთ. პუტინი რომ პირჯვარს იწერდა სააკაშვილის ხსენებაზე, რატომღაც არავინ გააპროტესტა. რატომ იწერდა პირჯვარს, გაურკვეველია, ალბათ, ეშინია სააკაშვილის და პირჯვრის შემდეგ, ალბათ, ფუი ეშმაკსო, ამბობდა.

სხვათა შორის, სარკოზის მემუარებში იყო თვითაღიარებებიც, რომ პუტინთან დადებითი დამოკიდებულება ჩამოუყალიბდა აგვისტოს ომის პერიოდში. ეს ის სარკოზია, სააკაშვილი მოგვიანებით რომ ამბობდა, კლოუნივით დარბოდა, არაკომპეტენტური იყო, ცეცხლის შეწყვეტის გეგმა „მისტრალებზე“ გაყიდა და ამერიკელები გვერდზე გასწიაო.

- ეს ახლა, თორემ ჩვენ თუ გავიხსენებთ 2008 წელს, მაშინ როგორც მხსნელს, ისე უყურებდნენ სარკოზის. რაზეა საუბარი, როცა დღეს ამაზრზენ განცხადებებს ვისმენდი, რომ 7-ში რატომ არ ადიხართ მუხათგვერდში და რატომ ადიხართ 8-ში, სად არის 7 აგვისტოს საქართველოს ხელისუფლებაო? ვიდეოც გამოვაქვეყნე, როცა 2012 წელს პატრიარქთან ერთად 8 აგვისტოს არიან ასულები და წინა წლებშიც იგივენაირად 8-ში აღინიშნებოდა ეს მძიმე დღე. ამაზეც კი კინკლაობენ, გინდა 7-ში აღნიშნე ეს თარიღი, გინდა 8-ში. კარგად მახსოვს, მუხათგვერდში პირველად 7 აგვისტოს ავიდნენ, როცა ხელისუფლება შეიცვალა, რომ „ქართულ ოცნებასთან“ ერთად არ წასულიყვნენ და ერთი დღით დაასწრეს. ახლა დაავიწყდათ ეს ყველაფერი.

დღემდე დავობენ, რუსეთისთვის ხომ არ იყო სასარგებლო სარკოზის ხელშეკრულება? თუ იმ თვითაღიარებიდან ამოვალთ, რომ სარკოზის აგვისტოს დღეებში პუტინის მიმართ ნდობა ჩამოუყალიბდა, მაშინ შეიძლება კითხვები გაჩნდეს.

- რა თქმა უნდა, როცა ასეთი კრიზისის დროს შუამავლობას სწევს რომელიმე პოლიტიკოსი, საათობით უწევს პუტინთან საუბარი და აღწევს იმ შედეგს, რაც უნდოდა, ამ დროს ხდება დაახლოება. რუსეთს რაც უნდოდა, ის მიიღო. ახლა შეიძლება, სარკოზიმაც იტრაბახოს, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცოდით, რომ რუსეთს ოკუპაცია უნდოდა მთლიანად. მერე რატომღაც ისე წავიდა საუბარი, რომ თბილისში სხვა პრეზიდენტები რომ იყვნენ, იმათ გადაგვარჩინეს, სინამდვილეში, მარტო იმათ არ გადაგვარჩინეს. თუ გადარჩენაზე იყო საქმე, სარკოზიმ ირბინა აქტიურად. ჩვენი ინტერესი მაშინ იყო ცეცხლის შეწყვეტა. რომ არ გვდომოდა სარკოზის დახმარება, მაშინ სააკაშვილი ეტყოდა, არ გვჭირდება თქვენი შუამავლობაო. თუ რუსეთის საქმეს აკეთებდა სარკოზი და არაკომპეტენტური იყო, მაშინვე უნდა დაენახა სააკაშვილს და მოეთხოვა სხვა შუამავალი. ან მეექვსე პუნქტი რომ ამოაღებინა და ძალიან გაუხარდა მედვედევს ამ პუნქტის ამოღება, რას გვიშლიდა ხელს ეს მუხლი, რომ საერთაშორისო ფორმატში გადაწყვეტილიყო ცხინვალისა და აფხაზეთის სტატუსი? ჩვენ ისედაც ვიყავით საერთაშორისო მოლაპარაკებებში, აბა, საიდან იდგნენ სამშვიდობო ძალები ცხინვალსა და აფხაზეთში? გავიყვანდით, როგორც მინიმუმ, ჩვენი კონტროლირებადი ტერიტორიიდან ამ ძალებს და შემდეგ გაგრძელდებოდა საერთაშორისო ფორმატში ამ რეგიონების სტატუსის გადაწყვეტა. თუ ამდენი წელია, არ ცნობს მთელი მსოფლიო დე ფაქტო რეგიონების დამოუკიდებლობას, იგივე მოხდებოდა ახლაც, უბრალოდ, მეტი ჩართულობა იქნებოდა, რაღაც ფორმატს შევქმნიდით. რუსეთს ვერ გაამართლებს ვერაფერი. რაც არ უნდა მომხდარიყო, 100%-ით ჩვენ რომ დაგვეწყო ომი, რუსეთს მაინც არ ჰქონდა იმის უფლება, რაც გააკეთა.

მე სულ არ მაინტერესებს ექსპრეზიდენტის შეცდომები, მისი შეცდომები მაინტერესებს იმისთვის, რომ გავაანალიზო მისი ქმედებები და ახალ სტრატეგიაზე ფიქრი დავიწყოთ. თუმცა მომხდარს პოლიტიკური შეფასებები უნდა მიეცეს, რომ დამთავრდეს კინკლაობა ყოველ აგვისტოში, მით უმეტეს, ყოველი არჩევნების წინ ჩვენთან შიდაპოლიტიკური კინკლაობის თემად იქცევა ხოლმე აგვისტოს ომი.

 

 

 

 

DDDzia "რუსეთს ვერ გაამართლებს ვერაფერი. რაც არ უნდა მომხდარიყო, 100%-ით ჩვენ რომ დაგვეწყო ომი, რუსეთს მაინც არ ჰქონდა იმის უფლება, რაც გააკეთა" - ეგ ჩვენთვის ვერ გაამართლებს, თორე საერთაშორისო საკითხები წყდება საერთაშორისო ნორმების და სარეკომენდაციო პრაქტიკის გათვალისწინებით.
ნატოს და აშუშუ-ს თუ გაამართლებს რამე და ვინმე იმაში, რომ იუგოსლავია დაშალეს, სერბეთი სამხედრო ძალით გაანადგურეს და მას ისტორიული ნაწილი - კოსოვო ჩამოაჭრეს, მერე ამ კოსოვოს დამოუკიდებლობა მიანიჭეს?
ეს იყო იმის პრეცედენტი, რაც აქ მოხდა.
თუ რუსებს აქ დასაყრდენი აქვთ თუნდაც იმით, რომ "გვახსოვს ძალისმიერი პასპორტიზაციის პროცესი" (ისე, საკითხავია, რამდენად ძალისმიერი იყო პასპორტიზაციის პროცესი? დღეს რომ გამოცხადოს რუსეთმა საქართველოში პასპორტიზაცია, ქვეყნის უმრავლესობა იმათ რასპორტებს აიღებს და რამდენად იქნება ეს ეს ძალისმიერი?), ამერიკელებს და ნატოელებს ასეთი არც დასაყრდენი ქონდათ და არც საფუძველი. ეგ კი არა და გაერომ არ მისცა ამაზე სანქცია.
და კიდევ - "ჩვენ ჩავატარეთ მოსახლეობის გამოკითხვა და მოსახლეობის 2/3 ნატოში გაწევრიანებაზე თქვა თანხმობა". ახლაც რომ ჩაგვეტარებინა ასეთივე გამოკითხვა, რათა კიდევ ერთხელ დაგვედასტურებინა მაშინ, ადრე, ძველ დროში ჩატარებული გამოკითხვის შედეგები, ვერა?
მოდი ჩავატაროთ და რა შედეგსაც მივიღებთ, ისე ვიმოქმედოთ.
აგერაა ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნები და დაემატოს კიდევ ერთი ბიულეტენი ასეთი შეკითხვით.
3 წლის უკან