იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამის პირველი შედეგები უკვე სახეზეა. ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას ინფორმაციით, სამთავრობო პროგრამამ კარგი სტარტი აიღო და მომხერებელი მისით ინტერესდება.
„იპოთეკური სესხები და ბინათმშენებლობების პროგრამის დახმარებით, დღევანდელი მონაცემებით, 82-მა ადმაიანმა ისარგებლა“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ პროგრამა მშენებლობის სექტორის გამოცოცხლებას ემსახურება, პარალელურად კი, მოქალაქეებს ეხმარება დაზოგონ თანხა კრიზისში.
პოზიტიურ სიგნალებზე საუბრობს მენაშენეთა ასოციაციის ხელმძღვანელი ირაკლი როსტომაშვილიც, რომლის აზრითაც იპოთეკური სესხის სუბსიდირების პროგრამამ ბაზარზე სასიკეთოდ იმოქმედა და დეველოპერული ბიზნესი გამოაცოცხლა. ეპიდემიის გამო რეალიზაცია პრაქტიკულად განულებული იყო, ახლა მცირე შეღავათმაც იმოქმედა, რომ ხალხს სტიმული ჰქონდეს. ირაკლი როსტომაშვილის თქმით, წინა წლის ანალოგიური პერიოდი, ეკონომიკაში სხვადასხვა მოცემულობის გამო, შედარებისთვის ვერ გამოდგება, თუმცა მდგომარეობა აშკარად უკეთესია, ვიდრე 2008 წლის ეკონომიკური კრიზისის დროს იყო.
„უძრავი ქონების ბაზარზე საკმაოდ რთული ვითარებაა, რაც ეკონომიკაში შექმნილი მდგომარეობით არის გამოწვეული. 5%-იანი კლება ეკონომიკისთვის დიდი კრიზისის ნიშანია და ასეთ პირობებში განვითარებაზე ფიქრი უშედეგოა. აქედან გამომდინარე, მონაცემი, რომ იპოთეკურის სესხის პროგრამით 82-მა ადამიანმა ისარგებლა, საკმაოდ კარგი მაჩვენებელია. ეს რაოდენობა საშუალოდ 150 000 ლარზე გადავამრავლოთ, 2,3 მილიონს უტოლდება, რაც მცირე ნამდვილად არ არის. თანხაში ეს კარგი მაჩვენებელია, მაგრამ ვისურვებდი, რომ მეტი აქტივობა იყოს.
ვიმედოვნებ, ხალხი მეტად გააქტიურდება. თუმცა, როგორ დაეწევა ჩამორჩენას ბაზარი, მთლიანად ეკონომიკის განვითარების ტემპზეა დამოკიდებული. 2008 წელს არსებულ სიტუაციასთან შედარებით, აშკარად უკეთესობაა. მართალია, 3 თვის განმავლობაში ყველაფერი გაჩერებული იყო, მაგრამ ახლა ეკონომიკა გახსნილია და შესაძლებელია მდგომარეობის გამოსწორება. რაც მთავარია, განწყობა არის, რომ ხალხმა ბინები შეიძინოს, აქამდე გაყიდვა ნულამდე იყო დასული“, - განუცხადა „რეპორტს“ როსტომაშვილმა.
„გალტ ენდ თაგარტის“ მიერ გამოქვეყნებული თბილისის უძრავი ქონების ბაზრის მეორე კვარტლის მიმოხილვის თანახმად, მთავრობის მიერ იპოთეკური სესხების 4%-იანი სუბსიდირების პროგრამა 2020 წლის მე-2 ნახევარში იპოთეკების გაცემას გაზრდის. მიმოხილვაში ნაჩვენებია დედაქალაქის უძრავი ქონების ბაზრის 2020 წლის მეორე კვარტლის დინამიკა და აღნიშნულია, რომ იპოთეკების გაცემა აპრილში მკვეთრად შემცირდა, ხოლო ივნისში აღდგენა დაიწყო.
„2020 წლის მე-2 კვარტალში იპოთეკური სესხების გაცემა მკვეთრად შემცირდა. იპოთეკური სესხების გაცემა 2020 წლის I კვარტალში მკვეთრად გაიზარდა უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთების შემცირების გამო. თუმცა, ეს ტრენდი რადიკალურად შეიცვალა კოვიდ-19-ის შედეგად რისკების გაზრდის გამო. უცხოურ ვალუტაში გაცემულ იპოთეკურ სესხებზე საშუალო შეწონილმა განაკვეთმა ივნისში 6.0% შეადგინა (+2.1 პპ 2019 წლის ბოლოსთან შედარებით), ხოლო ლარში გაცემულ იპოთეკურ სესხებზე საშუალო შეწონილმა განაკვეთმა ივნისში 12.8% შეადგინა (+1.2 პპ 2019 წლის ბოლოსთან შედარებით).
იპოთეკების გაცემა მკვეთრად შემცირდა აპრილში 19 მლნ ლარამდე, ანუ -94.9% და მაისში - 40 მლნ ლარით, ანუ -88.8% წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, მაგრამ კლების ტემპი შემცირდა ივნისში. ამ პერიოდში 164 მლნ ლარი გაიცა, რამაც კლება -45.5%-მდე შეამცირა“, - ნათქვამია მიმოხილვაში.
კვლევითი კომპანიის პროგნოზით, 2020 წლის მეორე ნახევარში იპოთეკური სესხების რაოდენობა სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამის ხარჯზე გაიზრდება.
„ჩვენი აზრით, იპოთეკების გაცემა გაიზრდება 2020 წლის მე-2 ნახევარში, ვინაიდან მთავრობის საპროცენტო განაკვეთის 4%-იანი სუბსიდიის სქემა პირველად ბაზარზე ბინებზე მოთხოვნას გაზრდის. სუბსიდიის პროგრამა გაგრძელდება წლის ბოლომდე და ამ პერიოდში გაცემულ იპოთეკურ სესხებზე, სახელმწიფოს მხრიდან მოხდება პროცენტის სუბსიდირება 5 წლის ვადით. პროგრამა გავრცელდება დეველოპერების მიერ გაყიდულ ბინებზე და შეეხება 200,000 ლარამდე გაცემულ იპოთეკურ სესხებს“, - აღნიშნავენ „გალტ ენდ თაგარტში“.