ბიზნესს პოსტპანდემიურ პერიოდში უფრო გაუჭირდა. ამიტომ მთავრობაში კიდევ ერთხელ დაფიქრდნენ არსებულ ვითარებაზე. ეკონომიკის მინისტრი არ გამორიცხავს, რომ უახლოეს პერიოდში ახალი ინიციატივებით წარსდგეს მთავრობა ბიზნესის დახმარების კუთხით.
„სოციალური პაკეტი წარვადგინეთ, რომელიც ადამიანებზე იყო გათვლილი. რაც შეეხება ბიზნესს, ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას, მუდმივად განიცდის მოდიფიკაციას პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ და მე არ გამოვრიცხავ, რომ უახლოეს პერიოდში ახალი ინიციატივებით წარვსდგეთ მთავრობაში, თუ როგორ დავეხმაროთ ბიზნესს.
ჩვენი ცხოვრება არ იყოფა არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ. თუ დღეს დასჭირდა დახმარება ბიზნესს, რა თქმა უნდა, დავეხმარებით და ვერ ვეტყვით, ახლა დაგვაცადეთ, ვიღაცამ არ დაგვაბრალოს, რომ ძალიან ახლოს მივედით არჩევნებთან-თქო. სექტემბერში არ სჭირდება ბიზნესს დახმარება ან ოქტომბერში? ჩვენ გვაქვს ურთიერთობა ბიზნესთან, ვიცით პრობლემები და აუცილებლად დავეხმარებით მათ“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
თითქმის არ დარჩა სექტორი, რომელიც პანდემიის შემდეგ მთავრობისგან დახმარებას არ ითხოვდეს, მაგრამ მათ შორის რამდენიმე მაინც გამოსაყოფია. ერთ-ერთია ავტობიზნესი, რომელსაც 3 კვირის შემდეგ რთული პირობის შესრულება მოუწევს.
პანდემიის მომძლავრებისთანავე პირველ აპრილამდე შემოყვანილი ავტომობილების განბაჟების ვადა სექტემბრამდე გახანგრძლივდა. ეს იყო შეღავათი, რაც ამ ბაზრის მონაწილეებს ხელისუფლებამ კრიზისის დრომ შესთავაზა. ახლა, როცა გადასახადის გადახდამდე 3 კვირა რჩება, დილერები ამბობენ, რომ, რთული ვითარების გამო, დამატებითი შეღავათები დასჭირდებათ.
ავტოდილერი გიორგი ქარდავა აღნიშნავს, რომ უცნაურია რაიმე დადებით ტენდენციაზე საუბარი შექმნილ ვითარებაში, როცა რეალიზაცია, ფაქტობრივად, აღარ არის.
„შემცირება სხვა რამეა, რაც ახლა ხდება, ამას ჰქვია, რომ საერთოდ აღარ ხდება გაყიდვა. ერთადერთი, ის კომპანიები მუშაობენ, რომლებსაც ლიზინგი აქვთ. ძალიან საჭირო დროს მოხდა განბაჟების გადასახადის გადავადება, მაგრამ ეს შეღავათი კიდევ ერთხელ თუ არ გახანგრძლივდა, მართლა არ ვიცი, რა გვეშველება“, - განაცხადა დილერმა.
უკვე გასაკვირი არავისთვისაა, რომ უმძიმეს დღეშია ტურიზმი და მასთან დაკავშირებული ბიზნესი. სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებლის შალვა ალავერდაშვილის ინფორმაციით, პანდემიის შედეგად შექმნილი ვითარების გამო ტურიზმის ინდუსტრიაში 280 000-მდე ადამიანი უმუშევარი დარჩა. რაც შეეხება საზღვაო კურორტებს, 1996-97 წლების პერიოდში დაბრუნდა საზღვაო კურორტები და სულ რამოდენიმე მცირე სასტუმრო მუშაობს. ტურიზმის ინდუსტრია საბანკო სესხების გადავადებას 1 წლით ითხოვს. ამ დროს კი ისედაც ძალიან ცუდ მდგომარეობაში მყოფი ბიზნესის გამკაცრებული ფორმით დაჯარიმებამ შესაძლოა, სექტორი გაანადგუროს.
„კარგი იქნებოდა ჯანდაცვის სამინისტრო უფრო გაგებით მოეკიდოს ისედაც მძიმე სიტუაციაში აღმოჩენილ ობიექტებს. თავის მხრივ არც ბიზნესს ვამართლებ, მათაც უნდა აიღონ ვალდებულება და ყველა რეკომენდაცია უნდა შეასრულონ.
ნამდვილად არ მივესალმები ისედაც ძალიან ცუდ მდგომარეობაში მყოფი ბიზნესების ასეთი სახით დაჯარიმებას, რადგან ამ ფაქტმა სექტორი შესაძლოა, სულ გადატეხოს. არსებული 10 000 ლარი, საკმაოდ მძიმე ჯარიმაა მათთვის და ამიტომ ჯანდაცვის სამინისტროს მოვუწოდებ უფრო ლოიალურები იყვნენ და ამ საქციელით ნუ ამაყობენ. მსოფლიოში, ასეთი მაღალი ჯარიმები არავის არ აქვს. სპეციალურად მოვიძიეთ ეს ინფორმაცია და აღმოჩნდა, რომ მსოფლიოს არც ერთ ქვეყანას 10 ათას ლარიანი ჯარიმა არ აქვს, მით უმეტეს პანდემიის პირობებში“, - განაცხადა ალავერდაშვილმა.