„მიუხედავად „ოცნების“ დაბალი რეიტინგისა, ვეჭვობ, ბოკერიამ ან უგულავამ შეძლონ მეგრელების გულის მოგება“

„მიუხედავად „ოცნების“ დაბალი რეიტინგისა, ვეჭვობ, ბოკერიამ ან უგულავამ შეძლონ მეგრელების გულის მოგება“

„ევროპულმა საქართველომ“ ფოთი-ხობი-სენაკის მაჟორიტარად გიგა ბოკერია წარადგინა, ზუგდიდში კი გიგი უგულავაზე დადო ფსონი. მას შემდეგ, რაც გიგა ბოკერიას პოლიტიკური სარბიელი ფოთი-ხობი-სენაკში განისაზღვრა, მისმა მეუღლემ, თამარ ჩერგოლეიშვილმა დროებით დატოვა „ტაბულა“ და საცხოვრებლად ფოთში გადასვლა გადაწყვიტა.

For.ge დაინტერესდა, ისევ მუშაობს თუ არა სამეგრელოში ფორმულა, რომ „სამეგრელო და, კონკრეტულად, ზუგდიდი ნაციონალებისაა“ და რა შანსი აქვს „ოცნებას“ ამ რეგიონში?!

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე მიიჩნევს, რომ გიგა ბოკერიას დაკავშირება ამ რეგიონთან ხელოვნურია. ამდენად, საინტერესოა, როდის იყო ბოკერია ფოთში, ხობში ან სენაკში? რამე აკავშირებს მას ამ რეგიონებთან?

„კი ბატონო, გადავიდეს მეუღლესთან ერთად ფოთში საცხოვრებლად, ასეთი წინასაარჩევნო პიარტრიუკები ჩვენ გვინახავს, იგივე გიგი უგულავა ხონში რომ იყრიდა კენჭს, ხონში გადასახლდა კიდეც გარკვეული პერიოდი, მაგრამ დაეხმარა ეს მას არჩევნებში? მოიგო არჩევნები? პირიქით, როგორც იტყვიან, გამანადგურებელი დამარცხება ნახა. სხვათა შორის, ზუგდიდელებს ძალიან ცუდად ახსოვთ უგულავას გუბერნატორობა, როდესაც ის სამეგრელოს გუბერნატორი იყო, ადამიანებს რა რეპრესიებსაც უწყობდა. ასე რომ, ნუ ვიჩქარებთ „ქართული ოცნების“ კანდიდატებისთვის ვერდიქტის გამოტანას“,- აცხადებს ზაალ ანჯაფარიძე ჩვენთან საუბრისას.

მისივე განმარტებით, სამეგრელო ის რეგიონია, სადაც ნაციონალებს ტრადიციულად უფრო მეტი მხარდამჭერი ჰყავთ სხვა რეგიონებთან შედარებით, მაგრამ ყველაფერი შედარებითია. თუკი ოპოზიცია ერთმანეთს დაუპირისპირებს კანდიდატებს, ხმები გაიყოფა, რაც „ქართულ ოცნებას“ არჩევნების მოგებას გაუადვილებს. ხოლო, თუკი მეორე ტური დაინიშნება, მაშინ ოპოზიციამ შეიძლება ხმები ისევ შეკრას და ერთიანი ფრონტით გამოვიდეს „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, მაგრამ პირველ ტურში კანდიდატების მრავალფეროვნება ოპოზიციის საზიანოდ მუშაობს.

„დაიცავი საქართველოს ყოფილი ლიდერი კახა მიქაია for.ge- სთან საუბრისას აცხადებს, რომ სამეგრელოში არაფერი უკვე აღარ არის დამოკიდებული იმაზე, როგორი კანდიდატურები წარადგინა „ქართულმა ოცნებამ“ ამ რეგიონში, ძლიერები თუ სუსტები, აქ ყველაფერს გადაწყვეტს თავად ბიძინა ივანიშვილი.

„არა მგონია, მაჟორიტარები წყვეტდნენ ადგილებზე, ვინ გაიმარჯვებს არჩევნებში, აქ ყველაფერი დამოკიდებულია ივანიშვილზე, ყველა მაჟორიტარი არის ბიძინა ივანიშვილი. არა მგონია, რომელიმე მაჟორიტარს ბიძინა ივანიშვილის დახმარების გარეშე და, საერთოდ, „ქართულ ოცნებას“ არსებობა შეეძლოს ივანიშვილის გარეშე. ამიტომ სამეგრელოში ბრძოლა გაიმართება ბიძინა ივანიშვილთან და არა რომელიმე მაჟორიტართან“,- აცხადებს კახა მიქაია.

ამასთან, ადასტურებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ რჩება ყველაზე ძლიერ ოპოზიციურ პარტიად როგორც საქართველოში, ისე კონკრეტულად სამეგრელოში, მაგრამ საეჭვოა, მომდევნო არჩევნებში, მიუხედავად „ოცნების“ დაბალი რეიტინგის და ხალხის ნეგატიური დამოკიდებულებისა, ბოკერიას, უგულავას ან ვინმეს შეეძლოს მეგრელების გულის მოგება ისე, რომ მათ გაიმარჯვონ ამ არჩევნებში.

„ამას გამოვრიცხავ და ვერ ვიტყვი, ბოკერია- უგულავას კანდიდატურები წამგებიანია თუ არა ოპოზიციისთვის, მაგრამ „ოცნება“ უკვე იმდენად არ მოსწონს ხალხს, რომ ალბათ ნაცებმა იფიქრეს, რომ ახლა დადგა მათი დრო. მე ასე არ ვთვლი, მიუხედავად „ოცნების“ დაბალი რეიტინგისა, სამეგრელოში ნაცებს და ევრონაცებს ძალიან გაუჭირდებათ გამარჯვება“.

ანალიტიკოსი სოსო მანჯავიძე შენიშნავს, რომ ენერგიულ და ახალ სახეებზე იყო საუბარი „ევროპული საქართველოს“ მხრიდან და, როგორც ჩანს, ეს „ახალი და ენერგიული სახეები“ არიან ბოკერია, უგულავა და გოგორიშვილი... სოსო მანჯავიძის აზრით, ეს ადამიანები თავიან ელექტორალურ პოტენციალს მალე დაინახავენ სამეგრელოში.

Lolo47 ვინმე მიქაია: „მიუხედავად „ოცნების“ დაბალი რეიტინგის და ხალხის ნეგატიური დამოკიდებულებისა“. ნეტავი გამაგებინა სად და როგორ ითვლიან ეს კრეტინები „„ოცნების“ დაბალ რეიტინგსა და ხალხის ნეგატიურ დამოკიდებულებას“? საკუთარ სურვილებს რომ გადმოაფრქვევენ ხოლმე. უკვე კრეტინი ხარ, როცა ხალხი გგონია კრეტინი!!!
3 წლის უკან