შეუთანხმებლობა

შეუთანხმებლობა "იუვეს" ბანაკში: "უფრო მეტი ამბიცია უნდა ჰქონდეს, ვიდრე სკუდეტოა"

„იუვენტუსი“ ჩემპიონთა ლიგაზე ისევ ხელმოცარული დარჩა და ისევ იტალიის ჩემპიონობით მოუწია გულის ჯერება. როგორც ჩანს, ამ შედეგმა თვითონ ფეხბურთელებში არაერთგვაროვნება გამოიწვია.

მაგალითად, ლეონარდო ბონუჩი კმაყოფილი დარჩა სეზონით და მთავარი მიზანი შევასრულეთო, ხოლო მირალემ პიანიჩმა აწ უკვე ყოფილი თანაგუნდელი (ბოსნიელმა „იუვეში“ ბოლო თამაში ჩაატარა) გააკრიტიკა, ამ გუნდს მეტის ამბიცია უნდა ჰქონდესო.

„რა თქმა უნდა, იმედგაცრუებას ვგრძნობთ. ანომალური სეზონი იყო განსაკუთრებით იმის გამო, რაც ამ მთელ მსოფლიოში მოხდა. ჩვენი მთავარი მიზანი სკუდეტოს მოგება იყო და ეს მოვახერხეთ. ვიცოდით, რომ ჩემპიონთა ლიგაზეც ახალი ფორმატით რაღაც შეიძლებოდა, მაგრამ ეს სეზონი ბევრს გვასწავლის, მთავარ მიზანს კი მივაღწიეთ“, - თქვა ნამატჩევს ტურინელთა ვიცე-კაპიტანმა.

ბონუჩის განცხადებას პიანიჩი გამოეხმაურა, რომლის ტურინული კარიერა 178 თამაშით და 22 გოლით დასრულდა. ის კარიერას „ბარსელონაში“ გააგრძელებს.

„მოვისმინე ლეოს განცხადება, არ მინდა ეს უარვყო, მაგრამ ამ გუნდმა უფრო მეტი უნდა დაისახოს მიზანს, ვიდრე სკუდეტოს მოპოვებაა. წლების წინ უკეთ ვაკეთებდით ყველაფერს. არ მინდა დავაკნინო ის, რაც გავაკეთეთ, რადგან გამარჯვება ადვილი არასდროსაა, მაგრამ „იუვენტუსს“ ევროპაში უფრო მეტი ამბიცია უნდა ჰქონდეს, გამარჯვების ამბიცია. არ ვიცი რა მოხდა ბოლო თვეებში, მინდოდა უფრო მეტი მეთამაშა, თუმცა მწვრთნელის გადაწყვეტილება მივიღე. მე ვრჩები ამ გუნდის გულშემატკივრად და მომავალში აუცილებლად დავბრუნდები, როგორც ქომაგი“, - განაცხადა ბოსნიელმა.

შეგახსენებთ, „იუვენტუსი“ ჩემპიონთა ლიგას „ლიონთან“ (0:1, 2:1) გამოეთიშა და 2019-2020 წლების სეზონში იტალიის ჩემპიონატის მოგება იკმარა.