ოპოზიციის „ოლიგარქიული“ ვნებები

ოპოზიციის „ოლიგარქიული“ ვნებები

ახლახანს ინგლისის დედოფალმა ელიზაბეტ II პერის სამუდამო წოდება მიანიჭა მედია მაგნატს და ოპონენტების მიერ „ოლიგარქად“ შერაცხულ ევგენი ლებედევს. მისი მამა, ასევე ოლიგარქად ცნობილი ალექსანდრე ლებედევი, ბრიტანული The Independent და რუსული ლიბერალური ორიენტაციის „Novaya Gazeta“ თანამფლობელია.

ამ გადაწყვეტილებამ ამერიკელ „ნეოკონებში“ ისტერია გამოიწვია, რადგანაც მათთვის „რუსი ოლიგარქი“ უკვე იგივე გახდა რაც ხარისთვის წითელი ნაჭერი. 2016 წლიდან მოყოლებული რაც ამერიკულ პოლიტისტებლიშმენტში გამყარდა აზრი, რომ რუსეთი აშშ-ს არჩევნებში ჩაერია და გადაწყვიტა კიდეც მისი ბედი, სანქციების ქვეშ მოექცნენ ოლიგარქებად შერაცხული რუსეთის მდიდარი ადამიანები, რომლებსაც დასავლეთში პუტინის რეჟიმის მოკავშირეებად მიიჩნევენ.

არაერთი ცნობილი პოლიტტექნოლოგი თვლის, რომ „ოლიგარქის“ მითი 1990-იან წლებში რუსული მედიის ერთი ნაწილის მიერ შეიქმნა, რომელიც ამ იარლიყის კულტივირებით პოლიტიკური მიზნების მიღწევას ცდილობდა. ტურბულენტურ 1990-იან წლებში მინი-მასშტაბის ოლიგარქები საქართველოშიც გამოჩნდნენ და თავიანთი ფინანსური შესაძლებლობებით საკმაო გავლენას ახდენდნენ ქვეყნის პოლიტიკაზე. სახელისუფლებო სტრუქტურებში მათი გავლენის ინსტრუმენტების მეშვეობით ისინი იოლად ეპატრონებოდნენ მომგებიან სფეროებს. მაგალითად, შეძლებდა კი გავლენიანი სახელისუფლებო წრეებიდან პროტექციონიზმის გარეშე „ბორჯომის ჯგუფის“ დაპატრონებას მამუკა ხაზარაძე?!

დღეს ცნება „ოლიგარქი“ უკვე გასცდა მის ენციკლოპედიურ განმარტებას და არსებული კონიუნქტურიდან გამომდინარე, უფრო ნეგატიური კონოტაციით განიხილება. ოლიგარქად მიიჩნევა ადამიანი, რომელსაც აქვს გავლენა და ძალაუფლება მისი ფულის მეშვეობით. თუმცა აქვე უნდა დავძინოთ, რომ სწორედ ამაშია „ოლიგარქად“ შერაცხული პირის პრინციპული განსხვავება იმ ხალხისგან, რომლებმაც დიდძალი ფული სწორედ ხელისუფლებაში ყოფნის წყალობით იშოვეს. მკითხველმა განსაჯოს ამ ორიდან რომელი უფრო დესტრუქციული ფენომენია.

პრინსტონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა 1981-2002 წლების აშშ-ს სახელმწიფო პროგრამების ანალიზის საფუძველზე დაასკვნეს, რომ ბოლო ათწლეულების მანძილზე აშშ-ს პოლიტიკური სისტემა დემოკრატიულიდან ოლიგარქიულად ტრანსფორმირდა. პრინსტონის მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ აშშ-ს პოლიტიკური სტრატეგიების უმრავლესობა სპეციალურად სწორედ ფინანსური ელიტების ინტერესებს იყო მორგებული.

მას შემდეგ ქართულ ოპოზიციაში საბოლოოდ მიხვდნენ, რომ ქვეყნის შიდა-პოლიტიკურ ველზე ბიძინა ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ვერაფერს გახდებოდნენ, მათ „ოლიგარქიულ“ კონიუნქტურაზე ააწყვეს თავიანთი პოლიტიკური თამაში. როგორც ჩანს, ჩათვალეს, რომ წარმატებას მიაღწევდნენ, თუკი დასავლურ წრეებში ივანიშვილს რუსეთთან დაკავშირებული ოლიგარქის იმიჯს შეუქმნიდნენ.

როდესაც ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში მოვიდა, მისი ბიოგრაფია ყველამ შესანიშნავად იცოდა, მათ შორის აშშ-ს და ევროპის შესაბამის წრეებშიც და, თუ ივანიშვილს პუტინის მოკავშირე ოლიგარქად მიიჩნევდნენ, ეს, ალბათ, ადრე უნდა განეცხადებინათ, თუმცა აქამდე მსგავსი განცხადებები იქიდან არ ისმოდა.

ივანიშვილის რუს ოლიგარქად და პუტინის მოკავშირედ მოხსენიება დასავლელ პოლიტიკოსთა ერთი ჯგუფის მიერ საქართველოდან ჩაწოდებული და ლობირებული ინფორმაციის საფუძველზე სწორედ საპარლამენტო არჩევნების წინ გახშირდა, როდესაც ოპოზიციამ სრულად გააცნობიერა, რომ საკუთარ ქვეყანაში ელექტორალური მხარდაჭერის რესურსი შაგრენის ტყავივით ეკუმშება და ერთდაერთ იმედად გარე მხარდაჭერაღა დარჩათ, იმ მოკავშირეებისგან, რომელთა შენარჩუნებაზეც უამრავ რესურს ხარჯავენ. დასავლეთში კი ბოლო წლებში მომხდარი მოვლენების ფონზე „რუსული ფაქტორით“ მანიპულირება კარგად მუშაობს და ფართო გასავალი აქვს სხვადასხვა გავლენიან წრეებში.