ეკონომიკური პროგნოზი ყველა მიმართულებით უარესდება

ეკონომიკური პროგნოზი ყველა მიმართულებით უარესდება

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ქვეყნის 2020 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი - 5%-მდე შეამცირა. ეს ნიშნავს პროგნოზი გაუარესებულია, რადგან მთავრობა ჯერ 4%-იან ვარდნას ელოდა, შემდეგ - 4.5%-იანს. ვითარება მძიმეა ინვესტიციების დაბანდების მხრივაც.

„წლის პირველ ნახევარში საქართველოში ეკონომიკა 5.8%-ით შემცირდა, ამ ეტაპზე ჩვენ 2020 წლისათვის განახლებული პროგნოზით ვფიქრობთ, რომ ეკონომიკური ვარდნა საქართველოში 5% იქნება“, - განაცხადა სებ-ის პრეზიდენტმა და დასძინა, რომ ეკონომიკური ზრდის პროგნოზის გადახედვა განაპირობა გლობალური ეკონომიკური აქტივობისა და საგარეო მოთხოვნის უფრო დიდად შემცირებამ, ვიდრე ეს პანდემიის საწყისზე იკვეთებოდა.

„პანდემიის საწყისზე ეტაპზე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გლობალური ეკონომიკის ზრდის პროგნოზი იყო -3%, ხოლო ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა უფრო პესიმისტური განახლებული პროგნოზი და ამ პროგნოზით მიხედვით, წელს გლობალური ეკონომიკის დაცემა 4.9% იქნება. ზუსტად ეს იყო ერთ-ერთი ფაქტორი, რომელმაც განაპირობა საქართველოში ეკონომიკური ზრდის პროგნოზის გადახედვა“, - განმარტა კობა გვენეტაძემ.

სებ-ი ცდილობს შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალი იპოვოს და ამიტომ თანდათანობით რეფინანსირების განაკვეთს ამცირებს, თითქოსდა ეკონომიკის სტიმულირების კუთხით. ამ დროს ქვეყანას ინფლაცია უტევს და მონეტარული პოლიტიკის შერბილებით, შეიძლება, უარესი შედეგი დადგეს.

პროფესორ მიხეილ თოქმაზიშვილის ვარაუდით, ეროვნულმა ბანკმა ჩათვალა, რომ დღეს ეკონომიკის შველა გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე დავუშვათ, მიზნობრივ ფასებზე ორიენტაცია.

„ეროვნული ბანკი დილემის წინაშეა. ეკონომიკა დაცემისკენ წავიდა, სტიმულირება სჭირდება და ამ თვალსაზრისით რეფინანსირების განაკვეთი უნდა შეემცირებინათ. ამასთან, მაღალი ფასები მოითხოვდა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას. ამ ორი დილემიდან სებ-მა ეკონომიკის სტიმულირებაზე გააკეთა არჩევანი და მისი გადაწყვეტილებაც ამით არის განპირობებული.

ბოლო წლებია, როცა ინფლაცია უმართავი გახდა, საკმაოდ მაღალი რყევა ახასიათებს. ეკონომიკას კი პრობლემის გასამკლავებლად რესურსი აღარ ჰყოფნის. მუდმივად ერთსა და იმავე პრობლემას ვაწყდებით ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში. გამორიცხული არ არის, შენარჩუნდეს ინფლაციის არსებული დონე, მაგრამ ცხადია, რომ ეს არ არის სახარბიელო მდგომარეობა.

პოზიტიური ძვრები ეკონომიკაში ბევრადაა დამოკიდებული იმაზე, რამდენად მოხდება ექსპორტის სტიმულირება, რამდენად ამუშავდება წარმოება და გადაერთვება ეკონომიკა თავისი რესურსების მაქსიმალურ გამოყენებაზე. იმპორტმა კიდევ თუ გააგრძელა ზრდა, ცუდ დღეში აღმოვჩნდებით. აღარ ველოდებით, რომ შემოვა იმავე რაოდენობის უცხოური ინვესტიციები, რაც ეპიდემიამდე იყო ან გადმორიცხვები გაიზრდება და სხვა“, - განმარტა „რეპორტთან“ თოქმაზიშვილმა.

ინვესტიციების საქმე მართლაც სავალალოდაა. საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ინფორმაციით, მიმდინარე წლის მეორე კვარტლის ბოლოს ჩატარებული გამოკითხვის შედეგები მნიშვნელოვნად განსხვავდება 2019 წლის ბოლოს არსებულ გეგმებთან შედარებით. პირდაპირ შეიძლება ითქვას, ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ვარდნა გველის.

2019 წლის ბოლოს რესპონდენტთა 59% გეგმავდა ინვესტიციების გაზრდას 2020 წელს. კორონავირუსის გავრცელების ფონზე შექმნილი არაპროგნოზირებადი გარემო და ეკონომიკური ცვლილებები პირდაპირ აისახა საინვესტიციო გეგმებზე. შედეგად, 2020 წლის ივლისში კომპანიათა რაოდენობა, რომლებიც ინვესტიციების ზრდას გეგმავენ, 59%-დან 29%-მდე შემცირდა.

„პანდემიის თანმდევი ეკონომიკური კრიზისის ეფექტი იგრძნობა ყველა სექტორში (კვლევის მიზნებისთვის კომპანიები იყოფა ოთხ სექტორად: ვაჭრობა, მომსახურება, მრეწველობა, მშენებლობა). ვაჭრობის სექტორში გამოკითხულთა 63%-მა განაცხადა, რომ 2019 წელს, 2018 წელთან შედარებით, ინვესტიციები გაზარდა. ხოლო 2020 წელს ინვესტიციების მატებას (2019 წელთან შედარებით), ვაჭრობაში ჩართულ კომპანიათა მხოლოდ 32% გეგმავს. სამშენებლო სექტორში ანალოგიური მაჩვენებელი 71%-დან 43%-მდე შემცირდა, მომსახურების სექტორში 64%-დან 23%-მდე, ხოლო მრეწველობის სექტორში მიმდინარე წელს კაპიტალდაბანდების ზრდას გამოკითხულთა 33% გეგმავს“, - აცხადებენ საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში.