საქართველოს მთავრობას პანდემიის პირობებში დახურული ეკონომიკის გახსნის გეგმა ბოლომდეა მისული, თუმცა დარჩენილია ეკონომიკის მე-6 ეტაპის ნაწილი - ეკონომიკური საქმიანობები, რომელთა აღდგენა ჯერ არ დაგეგმილა. შეიძლება სათამაშო ბიზნესისა თუ სპორტული მიმამრთულება აღდგენა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არ იყოს, მაგრამ სასწავლო პროცესისთვის მწვანე შუქის ანთება უმნიშვნელოვანესია. შემოდგომა მოახლოვდა, ამ მხრივ კი რაიმე კონკრეტული მითითება არ არსებობს.
მთავრობის გეგმით, ეკონომიკური საქმიანობის გახსნის მე-6 ეტაპი 6 ივლისიდან უნდა დაწყებულიყო და მასში შედიოდა: გასართობი, სპორტულ-გამაჯანსაღებელი, შემოქმედებით საქმიანობა, აზარტული და სხვა მომგებიანი სათამაშო ბიზნესი, სასტუმროები (უკვე გაიხსნა), საგანმანათლებლო დაწესებულებები, ყველა სხვა საქმიანობა.
როგორც შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ბექა ფერაძემ აღნიშნა, უახლოეს მომავალში დარჩენილი საქმიანობების გახსნის დაშვება დღის წესრიგში არ დგას.
„ჩვენ გვქონდა რამდენიმე შეხვედრა ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად და ამ ეტაპზე კვლავ კონსულტაციების და მოლაპარაკებების პროცესში ვართ. რაც შეეხება იმას, თუ როდიდან გაიხსნება დარჩენილი ეკონომიკა, უახლოეს მომავალში აქტუალურად არ დამდგარა ამის საჭიროება. დარჩენილია სათამაშო ბიზნესი, კაზინოები, ასევე შიდა დახურულ სივცრეში გასართობი ღონისძიებები, დარბაზებში ქორწილები, ქელეხები. ძირითადად ესენია დარჩენილი. გადაწყვეტილებას უწყებათშორისო საბჭო მიიღებს“, - განაცხადა ფერაძემ.
რაც ყველაზე მთავარია, ჯერ გადაწყვეტილი არ არის, ბაგა-ბაღებსა და სკოლებში სწავლის დაწყების მოდელი. ის, სავარუდოდ, მიბმული იქნება კვადრატულ მეტრზე ბავშვების რაოდენობაზე ანდა შეიძლება რამე სხვა მექანიზმი იქნეს მოფიქრებული.
ფერაძე ამტკიცებს, რომ სწავლის გადადების საკითხი არ განიხილება და მოლაპარაკებები მიდის იმაზე, რომ პრევენციის ყველასთვის მისაღები პირობები იქნას შემუშავებული.
„რამე კონკრეტულის თქმა ამ ეტაპზე არ შეგვიძლია. ჯერჯერობით მიმდინარეობს მოლაპარაკებები ბაგა-ბაღების სააგენტოსთან და საბოლოო გადაწყვეტილება იქნება შეჯერებული და საბჭოზე შემდეგ გადაწყვეტილება მიღებული. უთანხმოება არ არის, უბრალოდ, აზრთა სხვადასხვაობა არის იმაზე, თუ რამდენი უნდა იყოს ზღვარი კვადრატულობაზე. ამ და კიდევ რამდენიმე საკითხზე მიდის მოლაპარაკება.
საბოლოოდ, პრევენციის რა ზომას მივიღებთ, ეს ჯერ არ ვიცით. სანამ ყველა მხარის პოზიცია არ შეჯერდება, იქამდე გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული. ყველა მხარის პოზიცია უნდა გვქონდეს“, - განაცხადა „საქმიანი დილის“ ეთერში ფერაძემ.
სკოლებში ამბობენ, რომ ძირითად პრობლემას გაურკვევლობა ქმნის. სკოლა „მწიგნობრის“ წარმომადგენელისთვის გაუგებარია სწავლა რატომ იქცა ლამის ერთადერთ აკრძალულ მიმართულებად.
„როგორც, კერძო ბაღებს, ასევე ჩვენც შენობები იჯარით გვაქვს აღებული. საბავშვო ბაღებისგან განსხვავებით, კერძო სკოლები დისტანციურ რეჟიმზე ვიყავით და, შესაბამისად, შემოსავალიც გვქონდა, მაგრამ ეს არ ცვლის იმას, რომ ფიზიკურად სწავლის აღდგენა უმნიშვნელოვანესია. მართლა გაუგებარია, თუ ზღვაზე დასვენება, რესტორნებსა და ბარებში სიარული შეიძლება, სწავლა რატომ იქცა ერთადერთ აკრძალულ სფეროდ“, - განაცხადა კერძო სკოლის წარმომადგენელმა.
როგორც მთავრობის წარმომადგენლები აღნიშნავენ რეკომენდაციები შემუშავების პროცესშია და იგი მომავალი კვირის ბოლოს გახდება ცნობილი.