„გიორგი ვაშაძემ პრემიერად იმისთვის წამოაყენა საკუთარი კანდიდატურა, რომ ე.წ. ოპოზიციური ერთობა დაშლილიყო“

 „გიორგი ვაშაძემ პრემიერად იმისთვის წამოაყენა საკუთარი კანდიდატურა, რომ ე.წ. ოპოზიციური ერთობა დაშლილიყო“

ყოფილი თანამოაზრეები გიორგი ვაშაძეს არ ინდობენ. სააკაშვილის შემდეგ ერთ-ერთ „პირველ რეფორმატორსა“ და იუსტიციის სახლების „სულისჩამდგმელს“ ოპოზიციაში განხეთქილების შეტანა ბრალდება.

„გიორგი ვაშაძე ივანიშვილის თამაშია ოპოზიციის დასაშლელად“, რომელიც ვინ გადაათრია ბნელ მხარეს, ჩხარტიშვილმა ხომ არა, ეს სააკაშვილისთვისაც კი გამოცანაა.

ბნელ მხარეს გადასული გიორგი ვაშაძე არ ივიწყებს თავის პირვანდელ ნათქვამს, რომ, „რასაც ასხივებს, ეს სააკაშვილის დამსახურებაა“, ამიტომ მოზომილად პასუხობს უკრაინაში მყოფს, რომ ძალა ერთობაშია და არა ტალახის სროლაში.

ვინ დაქსაქსა ოპოზიცია და შეიძლება თუ არა პრემიერობის მოსურნე ამ ერთ, თუნდაც ამბიციურ კაცზე გადატეხონ ჯოხი? თუ ეკლექტური ოპოზიცია ისედაც დაქსაქსული იყო და ვაშაძე საით წავიდოდა, ამას აზრი არ ექნებოდა?

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე for.ge- სთან საუბრისას აცხადებს, რომ ვერ დააკონკრეტებს, ვის თამაშს თამაშობს გიორგი ვაშაძე, თუმცა ვაშაძის გამოკლება ოპოზიციის რიგებიდან, რა თქმა უნდა, ოპოზიციას ასუსტებს და ეს აწყობს „ქართულ ოცნებას“.

„არის თუ არა ეს ივანიშვილის ჩანაფიქრი და მის მიერ ინიცირებული პოლიტიკური კომბინაცია, ამის პირადად ნაკლებად მჯერა. უბრალოდ, არ შეიძლება, გემს ჰყავდეს ორი კაპიტანი, კაპიტნის ქონგურაზე ორი ადამიანი იდგეს და საჭეს ორივე მათგანი ოთხ ხელში ატრიალებდეს. როგორც ჩანს, ვაშაძეს ლიდერობის ამბიცია აწუხებს და საფუძველს მოკლებული არ უნდა იყოს ის ინფორმაცია, რომ მან ვერ მიიღო ერთიან სიაში ის წილი, რომელსაც ის თვლიდა, რომ უნდა მიეღო“, - აცხადებს ზაალ ანჯაფარიძე.

გარდა ამისა, ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ „ნაცმოძრაობის“ ცალკეულ ლიდერებსა და ვაშაძეს შორის არ იყო მაინცდამაინც კარგი პიროვნული ურთიერთობა, ისინი თვლიან, რომ ვაშაძემ მათ უღალატა. აქედან გამომდინარე, ამ ყველაფერმა ერთად, ობიექტურმა და სუბიექტურმა ფაქტორებმა, შეასრულეს თავისი როლი. ამ გაერთიანებიდან გამოსვლის შემდეგ, რა თქმა უნდა, ამის ბენეფიციარი „ქართული ოცნებაა“, რადგან, რაც უფრო მეტი სუბიექტი გამოაკლდება „ნაცმოძრაობის“, ანუ „ძალა ერთობაშია“-ს გაერთიანებას, ეს ამომრჩევლის თვალში დადებითად აღქმული არ იქნება.

ანალიტიკოს სოსო მანჯავიძის შეფასებით, გიორგი ვაშაძე რომ კოალიციიდან გავიდოდა, ეს თავიდანვე ნათლად ჩანდა. პრემიერად როცა წამოაყენა საკუთარი კანდიდატურა, უკვე ნათელი იყო, რომ ეს იმისთვის იყო გაკეთებული, რომ ე.წ. ოპოზიციის ერთიანობა დაშლილიყო და ეს იყო მხოლოდ საბაბი.

რაც შეეხება თაკო ჩარკვიანს, რომელიც მუდმივად ყველას ერთიანობისკენ მოუწოდებდა, თავად გავიდა ე.წ. გაერთიანებული ოპოზიციიდან, რაც საერთოდ არათანმიმდევრულია.

„შეიძლება, ისინი არც არავის თამაშს არ თამაშობენ და, უბრალოდ, თავიანთი ეგოიზმით მოქმედებენ. ისე, არც ფულად დაინტერესებას არ გამოვრიცხავ. მთლიანობაში, ვერ ვიტყვით, რომ ვაშაძე-ჩარკვიანის ტანდემმა არია ოპოზიცია. ოპოზიცია ისედაც დაქსაქსული იყო, „ევროპულ საქართველოსა“ და „ნაცმოძრაობას“ შორისაც იგივე სიტუაციაა. კერძოდ, თაკო ჩარკვიანი ადანაშაულებდა გიგა ბოკერიას იმაში, რომ ის ხელისუფლების თამაშს თამაშობდა, შლიდა ოპოზიციას, ამ დროს კი თაკო ჩარკვიანი თვითონ გავიდა გაერთიანებული ოპოზიციიდან“,- აღნიშნა სოსო მანჯავიძემ ჩვენთან საუბრისას.

 

Lolo47 სამწუხაროდ უგერგილო და საკმაოდ ბუნდოვანი შეფასებებია ამ ორი საპატივცემულო ანალიტიკოსისგან, რაც მათ წონას ნამდვილად ვერ მატებს. და მთავარი - განა ღირს ძვირფასი დროის დაკარგვა ამ ორ, ვითომ პოლიტიკოსსა და საკუთარ თავში აბსოლუტურად უსაფუძვლოდ შეყვარებულ შეყვარებულ ცარიელ ადგილებზე?!
3 წლის უკან
romani Lolo47
გეთანხმებით, მაგრამ, მეორეს მხრივ, რა ღირებული კომენტარი შეიძლება დაიწეროს ცარიელ ადგილებზე. არადა, კომენტარის გარეშეც არ გამოდის. პირი და დინგი ( მახსოვს, ერთ-ერთი მათგანი, რებრე-დინგს აპირებდა ამ ორიოიდე წლის წინ). მართლა, პანოპტიკუმია.
3 წლის უკან