„ოპოზიციაში შიგნით მიდის ბრძოლა, რათა დანარჩენი ოპოზიციური პარტიები ჩაძირონ“

„ოპოზიციაში შიგნით მიდის ბრძოლა, რათა დანარჩენი ოპოზიციური პარტიები ჩაძირონ“

არჩევნებამდე სამი თვე დარჩა, თუმცა კვალვ უცნობია, მოხდება თუ რა ოპოზიციის გაერთიანება და როგორი იქნება მათი საბოლოო გადაწყვეტილება, იბრძოლებენ თუ არა „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ერთიანი ძალებით. თუმცა ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების ფონზე ნათლად ჩანს, რომ ოპოზიციის შიგნით დაძაბულობა და კონკურენციის განცდა არჩევნების მოახლოვებასთან ერთად უფრო მძლავდება. „ევროპულმა საქართველომ“ რეგიონის მასშტაბით 14 მაჟორიტარულ ოლქში კანდიდატები უკვე წარადგინა. ასევე ცნობილია, რომ „ნაციოანლური მოძრაობა“ „ძალა ერთობაშია“-სთან ერთად რეგიონებში საკუთარ კანდიდატებს წარადგენს.

რეგიონებში ღიად მხოლოდ 8 ოლქია დარჩენილი: ახალციხე, ადიგენი, ასპინძა, ბორჯომი, ბოლნისი, დმანისი, თეთრიწყარო, წალკა, გორი, კასპი, ბათუმი, ქობულეთი.

ამ ეტაპისთვის ოპოზიციას თბილისთან დაკავშირებით პოზიცია არ შეუცვლია . „ევროპულ საქართველოს“ დედაქალაქის 8 ოლქიდან კანდიდატები მხოლოდ ორ ოლქში ჰყავს დასახელებული - ვაკესა და მთაწმინდა-კრწანისში.

რეგიონებისგან განსხვავებით, თბილისის ოლქების კანდიდატები ოპოზიციური ერთობის ფორმატის ფარგლებში შეთანხმდა. „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში შეხვედრებისას, ოპოზიციამ 8-დან სულ 6 კანდიდატის შეთანხმება მოახერხა. თუმცა for.ge-სთან ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ სიტუაცია თუ ასე გაგრძელდა და ოპოზიციის რიგებში მდგომარეობა კიდევ უფრო გამწვავდა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თბილისთან დაკავშირებით სიტყვა გატეხოს და 8-ვე ოლქში საკუთარი კანდიდატები დაასახელოს.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე for.ge-სთან ამბობს, რომ იმ ფონზე რაც ახლა ოპოზიციაში ხდება, გაერთიანებაზე საუბარი უკვე აღარ შეიძლება, მით უმეტეს გაერთიანების შესახებ მიხეილ სააკაშვილის გარდა არც არავის უსაუბრია. ანალიტიკოსი ამბობს, რომ ოპოზიცია საერთო მაჟორიტარებზე მხოლოდ თბილისში შეთანხმდა, თუმცა თუკი სიტუაცია ასე განვითარდა და შიდა დაპირისპირება გაღრმავდა, არ არის გამორიცხული, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საერთოდ გადაიფიქროს.

„თუ პროცესი ასე გაგრძელდება და შიდა დაპირისპირება კიდევ უფრო გაღრმავდება, არ გამოვრიცხავ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კანდიდატები თბილისში რვავე ოქლში დააყენოს და თავისი სიტყვა უკან წაიღოს. შიგნით საკამოდ ხისტი დაპირისპირებაა. თანაც „ნაციონალები“ მუდმივად აკეთებენ განცხადებას, რომ თუ საბურთალოზე და დიდიუბის ოლქებში შეთანხმება ვერ მოხდა, მაშინ ისინი თავის პოზიციას გადახედავენ. ცხადია, რომ რეგიონებში ეს შეთანხმება აღარც გამოვა.

ამიტომაც არ მგონია იმაზე საუბარი რელევანტური იყოს, ერთიანი ოპოზიცია რა შედეგს მიაღწევს. ახლა „ნაციონალური მოძრაობა“, ევროპელები „გირჩი“, ვაშაძე, ანუ ძველი ნაციონალები ყველა ერთად რომ შეკრებილიყვნენ, მაშინ რაღაცა შედეგზე საუბარი კიდევ შეიძლებოდა. ახლა „ძალა ერთობაშია“ ცალკე რომ არაფერ ძალას არ წარმოადგენს, ეს არა ერთი არჩევნების შედეგიდან ვიცით“, - ამბობს ძაბირაძე for.ge-სთან.

მისივე თქმით, თავად ოპოზიციაში ბრძოლა ორ ფრონტზე მიდის. როგორც ჩანს, ყველა შეგუებულია, რომ პირველ ადგილზე „ქართული ოცნება“ გავა და, შესაძლოა, უმრავლესობაც კი მოიპოვოს. ამიტომ ძაბირაძე ამბობს, რომ შიგნით ოპოზიციაში მიდის ბრძოლა, რათა დანარჩენი ოპოზიციური პარტიები ჩაძირონ. რადგან პოლიტიკური გაერთიანება ოპოზიციაში ვერ მოხდა, მაშინ მომავლისთვის ელექტორალური გაერთიანება მოხდეს.

„სიტყვაზე ვამბობ, თუ „გირჩის“ ან გიორგი ვაშაძის საარჩევნო კამპანია წარუმატებელი იქნება, „ნაციონალებს“ შანსს უტოვებს, რომ შემდგომ არჩევნებში მათი ელექტორატი თავისკენ წაიყვანოს. თან „ოცნებას“ ებრძვიან და თან ერთმანეთს იმისთვის, რომ ელექტორატზე გავლენა მოახდინონ. ეს ყველაფერი კი, რა თქმა უნდა, მმართველ გუნდს ხელს აძლევს და საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შანსს კიდევ უფრო უზრდის“, - ამბობს ძაბირაძე for.ge-სთან.

ანალიტიკოსი ნიკა ჩიტიძე for.ge-სთან ამბობს, რომ ვინაიდან „ევროპულმა საქართველომ“ 14 რეგიონალურ ოლქში მაჟორიტარები უკვე დაასახელა, დიდი ალბათობით „ძალა ერთობაშია“ 22-ივე მაჟორიტარულ ოლქში საკუთარ კანდიდატურას წარადგენს. შესაძლოა, ადგილი სხვა ტიპის შეთანხმებას ჰქონდეს.

„ფაქტია, ახლა ოპოზიციის საერთო გაერთიანებაზე ლაპარაკი უკვე შეუძლებელი იქნება. „ევროპულმა საქართველომ“ რეგიონალური მასშტაბით მაჟორიტარულ ოლქებში კანდიდატები უკვე წარადგინა. შესაბამისად „ძალა ერთობაშია“ 22-ივე ოლქში კანდიდატებს დააყენებს. მე მაინც მგონია, მეორე ტური იქნება და ოპოზიცია იმაზე მაინც შეთანხმდება, რომ თუკი მეორე ტურში სახელისუფლო და ოპოზიციის კანდიდატი გავლენ, მაშინ ყველა მათ გარშემო გაერთიანდება. საკუთარ ამომრჩეველს მოუწოდებენ, რომ ოპოზიციური კანდიდატის გარშემო გაერთიანდნენ.

2016 წლის არჩევნებისთვის ვიცით, რომ 40-ზე მეტ მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტურები ჩატარდა. დიდი ალბათობით მეორე ტურები ახლა უფრო მეტ ოლქში გვექნება. ამიტომაც მგონია, რომ საბოლოოდ არჩევნების შედეგი იქნება მიზეზი, რის გამოც ოპოზიციას გაერთიანება მაინც მოუწევს. რაც შეეხება მათ შედეგს არჩევნებზე ეს მათსავე ქმედებებზე და საარჩევნო კამპანიაზე იქნება დამოკიდებული. ასევე იმაზე „ოცნება“ რა სახის საარჩევნო კამპანიას განახორციელებს. ოპოზიციაში დაპირისპირება არის-თქო ამას ვერ ვიტყვი, მაგრამ გარკვეული უთანხმოება არსებობს“,-ამბობს ჩიტიძე for.ge-სთან.

მისივე განცხადებით, რა თქმა უნდა, ოპოზიციის მაჟორიტარულ ოლქებში ცალ-ცალკე წარმოდგენა მათსავე საწინააღმდეგოდ მოქმედებს, რადგანაც ერთმანეთს ხმებს წაართმევენ და ამით კი „ოცნება“ იხეირებს და შეძლებს არათუ კოალიციური მთავრობა შექმნას, არამედ სრული უმრავლესობა აიღოს და ხელისუფლებაც თავად ჩამოაყალიბოს. ამიტომ, ჩიტიძე ფიქრობს, რომ ოპოზიციის გაერთიანების შემთხვევაში კოალიციური მთავრობის შექმნის შანსი უფრო იზრდებოდა.