შიდა ტურიზმის იმედად დარჩენილმა სასტუმრო ბიზნესმა დამსვენებლებისთვის ტარიფებს მკვეთრად შეამცირა, მაგრამ ეს საქმეს ვერ შველის. კიდევ უფრო დიდი პრობლემის წინაშე არაინ რესტორნები, რომლებიც საკუკეთესო შემთხვევაში მხოლოდ ნახევარი დატვირთვით მუშაობენ.
როგორც დეველოპერული ბიზნესის წარმომადგენლები აცხადებენ, თუკი სეზონზე დასვენების ღირებულება დღიურად 100 დოლარიდან იწყებოდა, ახლა საწყისი ფასი 60 ლარია და მოთხოვნა მაინც მცირეა. ერთ-ერთი მსხვილი სამშენებლო კომპანიის წარმომადგენელი მალხაზ კუნელაური ამბობს, რომ მოთხოვნა და ფასიც როგორც საზღვაო, ასევე მთიან კურორტებზეც შემცირებულია.
„პრემიუმ კლასის სასტუმროებში გაქირავების მხრივ საკმაოდ რთული ვითარებაა. პანდემიის გამო უცხოელი ტურისტები საქართველოში ვერ ჩამოდიან, ამიტომ ადგილობრივი ტურიზმი რასაც ახერხებს, ამის იმედად ვართ. შესაბამისად, საკმაოდ დიდი კლებაა. მოთხოვნა შემცირდა თითქმის ყველა ტიპის გასაქირავებელ ობიექტებზე. ზაფხულის პერიოდი ბოლო დრომდე ყოველთვის მაქსიმალურად დატვირთული იყო. ახლა ეპიდემიის გამო ხალხი ქვეყნის გარეთ ვერ გადის, ვერც სხვა ქვეყნებიდან შემოდიან, ამიტომ მთლიანად შიდა ტურიზმის იმედად დავრჩით. საჰაერო მიმოსვლა აღარ არის და საქართველოში მცხოვრები ყველა პირი, უცხოელია თუ საქართველოს მოქალაქე, ყველა პოტენციურ კლიენტებად განიხილებიან. ველოდებით, რომ აგვისტოს შუა რიცხვებიდან მეტი მოთხოვნა გაჩნდება. რაც შეეხება ფასს, ბაკურიანში დღიური დასვენების ღირებულება 60-80 ლარიდან იწყება. გუდაურში, ეს მაჩვენებელი 100 ლარის ფარგლებშია. ცხადია, საკმაოდ დაბალი ფასია, მაგრამ ეპიდემიის ფონზე მოთხოვნა ჯერჯერობით მაინც დაბალ დონეზეა“, - განუცხადა „რეპორტს“ კუნელაურმა.
სასტუმროები რომ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეების იმედად დარჩნენ, ადასტურებს სასტუმრო „წესის“ დირექტორი, ნუკრი მეტრეველიც. სასტუმრო სტუმრების სიმცირეს არ უჩივის, თუმცა შემოსავლების არარსებობის გამო თანამშრომლების ნაწილის სამსახურიდან გაშვება მოუწიათ. ამის მიზეზია ის, რომ უცხოეთიდან ჯავშნები მთლიანად გაუქმდა.
„ზაფხულში ჩვენ ველოდით სტუმრებს უცხოეთიდან, მათ შორის უკრაინიდან, ისრაელიდან, ჩეხეთიდა და რუსეთიდან. გვქონდა ჯავშნები, ტურისტები თავიდან ფიქრობდნენ, რომ ჩამოვიდოდნენ, თუმცა საერთაშორისო რესიების დაწყების გადაწევამ გამოიწვია ჯავშნების გაუქმება, ბოდიშიც მოიხადეს, რადგან აპირებდნენ ამოსვლას, თუმცა იმის გამო, რომ ფრენების აღდგენა გადაიდო, ჯავშნები გაუქმდა.
რაც შეეხება ადგილობრივ სტუმრებს, ჩვენ 16 ივლისს გავიხსენით და მოლოდინი არ გვქონდა დატვირთვის, თუმცა ხალხი სულ გვყავდა. შარშანდელიდან გამომდინარე შემიძლია ვთქვა, რომ სეზონზე ხალხი გვყავს“, - განაცხადა მეტრეველმა.
დიდი პრობლემის წინაშე არიან რესტორნებიც, რომლებიც საკურორტო ზონებში მთლიანად ტურისტებზე იყვნენ დამოკიდებულნი. შესაბამისად, რესტორნები დიდი ნაწილი დახურულია, დანარჩენი ნახევარი დატვირთვით მუშაობს.
კორონავირუსის პანდემიის გამო სარესტორნო ბიზნესი თითქმის 3 თვე გაჩერებული იყო. ღია ტიპის რესტორნები და კაფეები 1-ლი ივნისიდან გაიხსნა, ოდნავ მოგვიანებით კი ყველა სხვა დაწესებულება.
როგორც საქართველოს რესტორატორთა ასოციაციის პრეზიდენტი კოტე გაბრიჩიძე აცხადებს, ამ დროისთვის კვების ობიექტების ნაწილი კვლავ დაკეტილია, ნაწილი კი ნახევარი დატვირთვით მუშაობს.
„სარესტორნო ბიზნესისთვის ძალიან რთული მდგომარებაა. არ გვყავს უცხოელი ტურისტები, მოსახლეობის მსყიდველობითუნარიანობა შემცირებულია, რაც საბოლოოდ ნეგატიურად მოქმედებს ჩვენს ბიზნესზე. ტურისტულ ადგილებში კაფე-რესტორნების დიდი ნაწილი დახურულია, ქართველ მომხმარებელზე გათვლილი დაწესებულებები კი ნახევარი დატვირთვით მუშაობენ. ხალხი ვირუსის მეორე ტალღის მოლოდინშია და ცდილობს, ფული დაზოგოს.
ასეთ ვითარებაში, მუშაობა ძალიან ჭირს. უკვე დავიწყეთ დღგ-ს გადახდა, მალე საშემოსავლოს გადახდაც მოგვიწევს, ამ დროს კი შემოსავალი არ არის, არ ვიცი, რა იქნება. ერთადერთი, მნიშვნელოვანი შეღავათი იყო ბანკების მიერ სესხების გადავადება, რომელიც ჩვენს სექტორს 6 თვე შეეხო“, - განაცხადა „ბიპიენთან“ გაბრიჩიძემ.