ეკონომიკაში გაჯანსაღების პირველი ნიშნები გამოჩნდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2020 წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) კლებამ 7.7 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2020 წლის პირველი ექვსი თვის საშუალო მაჩვენებელი -5.8 პროცენტია.
ამასთან, საქსტატის ცნობით, 2020 წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, კლების ტენდენცია გამოვლინდა თითქმის ყველა სექტორში, სამთომოპოვებითი მრეწველობის, ასევე წყალმომარაგების, კანალიზაციის და ნარჩენების მართვის საქმიანობების გარდა, სადაც ზრდის ტენდენცია დაფიქსირდა.
ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა პოზიტიურად არის განწყობილი, მისი აზრით, ყველა სირთულის მიუხედავად, ივნისის თვის სტატისტიკა აჩვენებს, რომ ჩვენი ეკონომიკა თანდათან ჯანსაღდება და ამის პირველი ნიშნები სახეზეა. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ეკონომიკის დარგობრივ სტრუქტურაზე.
„წინა წლის ივნისთან შედარებით სამთო-მომპოვებელი სექტორი გაზრდილია. ესეც მთავრობის სწორი პოლიტიკის შედეგია, რადგან ჩვენ, პანდემიის მიუხედავად, არ შეგვიზღუდავს ეს მნიშვნელოვანი სექტორი და ამიტომაც ჩვენ პოზიტიური მაჩვენებლები მივიღეთ. აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლო თვეების განმავლობაში პირველად გაიზარდა საწარმოთა რეგისტრაციის მაჩვენებელი: 2020 წლის ივნისში ქვეყანაში დარეგისტრირდა 4309 საწარმო, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 10.7%-ით აღემატება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის შეფასებით, აღნიშნული რიცხვი კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ მთავრობის ანტიკრიზისულმა პოლიტიკამ თავისი შედეგი უკვე გამოიღო და ეკონომიკა თანდათან გადალახავს იმ უარყოფით გარემოს, რაც პანდემიით შეიქმნა“ - აღნიშნა მინისტრმა.
დადებით ტენდენციებზე საუბრობენ ექსპერტებიც. ფინანსისტ გიორგი ცუცქირიძის თქმით, ივნისში ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორში, წინა თვესთან შედარებით, მკვეთრად არის შემცირებული ვარდნის ტემპი და შესაბამისად, ნაკლებია უარყოფითი წვლილი ეკონომიკურ ზრდაში.
როგორც ცუცქირიძე აღნიშნავს, კიდევ ერთხელ გაქარწყლდა ოპოზიციის პესიმისტური პროგნოზები, ეკონომიკის იძულებითი ჩაკეტვის გამო, ეკონომიკის მოსალოდნელ კოლაფსზე და ანტიკრიზისული სამთავრობო სტრატეგიის არაეფექტურ და მცდარ სტრატეგიაზე.
„საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2020 წლის ივნისში ეკონომიკა 7.7 პროცენტით შემცირდა, ხოლო იანვარ-ივნისის კლების მაჩვენებელი 5.8 პროცენტია და წლიური ვარდნის საპროგნოზო მაჩვენებელს მიუახლოვდა. მაისს-ივნისთან შედარებით, როდესაც ვარდნა 13.5 და 16,6 პროცენტს შეადგენდა, ეკონომიკური კლების ტემპის ტენდენცია გადატეხილია, რაც ასევე აჩვენებს, რომ ტურიზმის სექტორში მძიმე მდგომარეობის მიუხედავად, ეკონომიკაში საერთო ჯამში გაჯანსაღების ტენდენცია შეინიშნება.
აღსანიშნავია, რომ ივნისში ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორში, წინა თვესთან შედარებით მკვეთრად არის შემცირებული კლების ტემპი და შესაბამისად, ნაკლებია უარყოფითი წვლილი ეკონომიკურ ზრდაში. მოხმარების და შესაბამისად ეკონომიკური აქტივობის ზრდას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი, მთავრობის ანტიკრიზისულმა პროგრამამ, რაც ეკონომიკის სხვადასხვა სექტორის მხარდაჭერით მიმდინარეობს.
კიდევ ერთხელ გაქარწყლდა ოპოზიციის პესიმისტური პროგნოზები, ეკონომიკის იძულებითი ჩაკეტვის გამო, ეკონომიკის მოსალოდნელ კოლაფსზე და ანტიკრიზისული სამთავრობო სტრატეგიის არაეფექტურ და მცდარ სტრატეგიაზე“, - აღნიშნავს ცუცქირიძე.
2020 წლის მეორე ნახევარში პოზიტიური ძვრები ეკონომიკაში კიდევ უფრო გამოიკვეთება და განმტკიცდება მიუხედავად იმისა, რომ კვლავ რთული დრო უდგას საქართველოს ეკონომიკას, მასში პოზიტივი სულ უფრო თვალსაჩინო ხდება“, - ასეთია სტატისტიკოს სოსო არჩვაძის შეფასება. იგი განახლებულ ეკონომიკურ მაჩვენებლებს ვრცელ ანალიზს უძღვნის.
„2020 წლის ივნისში, როგორც მოსალოდნელი იყო, ეკონომიკური ვარდნის მასშტაბი ჩამოსცდა ორნიშნა ნიშნულს და მხოლოდ -7.7 პროცენტი შეადგინა. მსოფლიოს მრავალი ქვეყნის ფონზე საქართველოს მდგომარეობა არც ისე მძიმედ გამოიყურება. მაგალითად, აშშ-ში 2020 წლის მეორე კვარტალში ეკონომიკა წინა წლის მეორე კვარტალთან შედარებით დაეცა 32.9 პროცენტით, რაც საქართველოს მაჩვენებელს 3.8-ჯერ აღემატება. მთლიანად, წლის პირველ ნახევარში საქართველოს მშპ შემცირდა 5.8%-ით, ხოლო აშშ-სა - 18.0%-ით.
სამამულო ექსპორტის მოცულობა 2020 წლის პირველ ნახევარში ფაქტობრივად ორჯერ უფრო ნაკლებად შემცირდა ეროვნული პროდუქტის (მშპ-ის) შემცირებასთან შედარებით. ეს იმასაც ნიშნავს, რომ გლობალური პანდემიის პირობებში, როდესაც სახელმწიფოთა უმრავლესობამ მკვეთრად შეამცირა საგარეო ეკონომიკური აქტიურობა, ექსპორტ-იმპორტის მოცულობა, საქართველოს ადგილობრივი წარმოების პროდუქცია საერთაშორისო ბაზარზე ინარჩუნებს მოთხოვნას და კონკურენტუნარიანობას.
შედეგად, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში სამამულო ნაწარმის ექსპორტის თანაფარდობამ ქვეყნის მშპ-სთან 3.1 პროცენტული პუნქტით მოიმატა და, წინასწარი შეფასებით, 16.6 პროცენტი შეადგინა (2019 წლის პირველ ნახევარში - 13.5%). რაც შეეხება მთლიანი ექსპორტის (რომელიც მოიცავს სამამულო ნაწარმსაც და რეექსპორტსაც) შემცირებას 15.9 პროცენტით, ეს ძირითადად გამოწვეულია რეექსპოტის მასშტაბების შემცირებით (252.9 მლნ აშშ დოლარით, ანუ 37.3%-ით). მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ექსპორტის მოცულობის მთლიანი შემცირების 88.4 პროცენტი მოდიოდა რეექსპორტის შემცირებაზე და მხოლოდ 11.6 პროცენტი - სამამულო პროდუქციის ექსპორტის შემცირებაზე.
ქვეყნის ეკონომიკაში ნეგატიური ტენდენციების შემცირებაზე ასევე მიუთითებს დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის ტემპის წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შემცირება ივნისში 6.2 პროცენტით (მაისში აღნიშნული მაჩვენებელის ვარდნა შეადგენდა 22.2%-ს, აპრილში კი - 32.8%-ს).
მიუხედავად იმისა, რომ კვლავ რთული დრო უდგას საქართველოს ეკონომიკას, მასში პოზიტივი სულ უფრო თვალსაჩინო ხდება. მართალია, „ჯერაც წვიმს, თუმცა ისე აღარ, როგორც ქუხს“. დარწმუნებული ვარ, 2020 წლის მეორე ნახევარში პოზიტიური ძვრები ეკონომიკაში კიდევ უფრო გამოიკვეთება და განმტკიცდება“, - აღნიშნა სოსო არჩვაძემ.