„ცუდი შემნახველი ქურდზე უარესია“ - ნავთობისა და გაზის სააგენტოსა და „ფრონტერას“ შორის ვითარება ისევ გამწვავდა

„ცუდი შემნახველი ქურდზე უარესია“ - ნავთობისა და გაზის სააგენტოსა და „ფრონტერას“ შორის ვითარება ისევ გამწვავდა

„ფრონტერასა“ და საქართველოს ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს შორის ვითარება კიდევ ერთხელ დაიძაბა. სააგენტომ არბიტრაჟის გადაწყვეტილების გაასაჯაროების მოთხოვნით მიმართა. იმ შემთხვევაში, თუ კომპანია თავად არ გაასაჯაროებს არბიტრაჟის გადაწყვეტილებას, სააგენტო იტოვებს უფლებას, თავად გამოაქვეყნოს გადაწყვეტილება. სააგენტომ ასევე მოუწოდა „ფრონტერას“, აღასრულოს არბიტრაჟის გადაწყვეტილება და გაისტუმროს ყველა ფინანსური ვალდებულება.

ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს ცნობით, კომპანია „ფრონტერას“ ხელმძღვანელობამ საჯაროდ, ერთ-ერთი ტელეეთერის საშუალებით გამოთქვა მზადყოფნა, გასაჯაროვდეს საერთაშორისო არბიტრაჟის გადაწყვეტილება და ახლა ელოდება საბოლოო ნაბიჯის გადადგმას.

„ჩვენი არაერთი შეთავაზების შემდეგ, კომპანიამ საბოლოოდ მიიღო ეს გადაწყვეტილება და ოფიციალურად იწვევს შეხვედრაზე მის ხელმძღვანელობას, რათა უახლოეს დღეებში, საქმიან ვითარებაში განვიხილოთ როგორც გადაწყვეტილების ერთობლივად გასაჯაროების პირობები და ვადები, ასევე, მათ მიერ არბიტრაჟის გადაწყვეტილების ნებაყოფლობითი აღსრულების ფარგლებში დაბრუნებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული ქონებრივი და სხვა პროცედურული საკითხები.

საქართველოს მთავრობის მიერ 23 ივლისს მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, კომპანია „ფრონტერას“ შესაძლებლობა აქვს, მოქმედი ხელშეკრულების ვადებში და არსებული ლიცენზიის პირობებით, შეუფერხებლად განაგრძოს მუშაობა ათვისების ფართობზე, რომელიც მოიცავს მირზაანის (17,2 კვ/კმ) ტარიბანის (17,66 კვ/კმ) პატარა შირაქის (1,96 კვ/კმ) ბაიდას (3,71 კვ/კმ), ნაზარლების (0,49 კვ/კმ) და მწარე ხევის (1,59 კვ/კმ) საბადოებს“, - განმარტავენ სააგენტოში.

თავის მხრივ, ამერიკული ნავთობმომპოვებელი კომპანია „ფრონტერა“ საქართველოს მთავრობას „მცდარი, ზიანის მომტანი და არაგულწრფელი პროპაგანდის“ შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

„გასულ კვირას, 23 ივლისს, საქართველოს მთავრობამ მედიას მოულოდნელად განუცხადა, რომ მიიღეს გადაწყვეტილება, ჩვენთან კონტრაქტი 27 ივლისს არ შეჩერებულიყო, როგორც ამას აპრილიდან იმუქრებიან. მიმდინარე კვირაში იგივე შეტყობინება გაავრცელა შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩომ, რათა გარკვეულწილად შექმნლიყო შთაბეჭდილება, რომ დიდსულოვანი გადაწყვეტილება ქონების უკანონოდ ჩამორთმევის შეჩერების შესახებ აშშ-საქართველოს პოზიტიური ურთიერთობების სახელით მიიღეს.

საქართველოს მთავრობამ მედიასა და აშშ-ს ოფიციალურ პირებს სრული ისტორიის შესახებ ინფორმაცია არ მიაწოდა. პრემიერ-მინისტრის მიერ განცხადების გაკეთებიდან მეორე დღეს, 24 ივლისს, გამოგვიგზავნეს იურიდიული შეტყობინება, სადაც მითითებული იყო, რომ იგი კვლავ შეეცდება ჩვენი ხელშეკრულების გაუქმებას და მხოლოდ „დროებით შეაჩერებს“ ამ მიზნის განხორციელების მცდელობებს.

ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ პრემიერ-მინისტრს და მის მთავრობას, რომ შეაჩერონ ეს გამიზნულად მცდარი, ზიანის მომტანი და არაგულწრფელი პროპაგანდა. გვინდა კიდევ ერთხელ განვმარტოთ, რომ ჩვენი ხელშეკრულების 27 ივლისს ან სხვა დღეს ცალმხრივად გაუქმების არანაირი საფუძველი არასდროს არსებულა. მიმდინარე წლის აპრილიდან საქართველოს მთავრობასთან შეხვედრა არაერთხელ გვითხოვია და ამ თხოვნაზე ან უარი მიგვიღია, ან უგულებელყოფა.

სპექტაკლი, რომელიც დასრულდა ცილისმწამებლური მედიაკამპანიით, რომელიც ემსახურებოდა ჩვენი კომპანიის დაცინვას და ჩვენს საქმიანობასთან დაკავშირებით ყალბი განცხადებების გავრცელებას. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, დაიცვას საარბიტრაჟო სასამართლოს ბოლოდროინდელი განჩინება, პატივი სცეს ჩვენი ხელშეკრულების პირობებს, გამართოს ჩვენთან კონსტრუქციული შეხვედრა და მოგვცეს გარანტია, რომ მუშაობის გაგრძელებას საფრთხეების, დაშინებისა და ახალი პირობების გარეშე შევძლებთ“, - აღნიშნულია განცხადებაში.

მდგომარეობას აფასებენ ქართველი ექსპერტები. ეკონომიკის დოქტორის სოსო არჩვაძის აზრით, „ცუდი შემნახველი ქურდზე უარესია“.

„ქართული მხარის მაღალი საინვესტიციო რეპუტაცია, ეკონომიკური გარემო დასტურდება იმითაც, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი მოწინავე, ამერიკული კვლევითი ორგანიზაციის „ჰერითეიჯ ფაუნდეიშენის“ „ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის“ 2020 წლის კვლევით საქართველოში ეკონომიკური თავისუფლება გაუმჯობესდა და 180 ქვეყანას შორის მე-12 ადგილს ვიკავებთ. სპორტული ტერმინოლოგია რომ გამოვიყენოთ, „ბურთი მთლიანად „ფროტერას“ მხარეზეა“, - აღნიშნა ექსპერტმა.

მისი შეფასებით, საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს საჯაროდ, არაორაზროვნად, ამასთან, მკაფიოდ აფიქსირებს პოზიციას, რომ ამერიკული და ნებისმიერი უცხოური ინვესტიცია საქართველოში სრულად დაცულია.

„ამ რამდენიმე თვის წინ საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ ქართული მხარის გამარჯვებას ამერიკულ კომპანია „ფრონტერასთან“ საფუძვლად სწორედ აღნიშნული გარემოება დაედო ის, რომ კომპანიამ ვერ დაამტკიცა, რომ იმაზე მეტი ნავთობისა და გაზის მოპოვება იყო შესაძლებელი, ვიდრე იყო მოპოვებული საბჭოთა დროინდელ ნავთობის საბადოებში. როგორც ქართული ანდაზა ამბობს, „ცუდი შემნახველი ქურდზე უარესია“. თუ მის პერეფრაზირებას მოვახდენთ, „ცუდი ინვესტორი - კონკურენტზე უარესია“.

როდესაც წლების მანძილზე კომპანია სარგებლობს სახელმწიფოებრივი პრეფერენციებით, შედეგი კი არ ჩანს საქართველოში მოპოვებული ნავთობი, მოხმარების მასშტაბებიდან გამომდინარე, ახალი წლის დადგომიდან 10 იანვრამდე თუ ეყოფა ქვეყანას, ხოლო გაზისა კიდევ უფრო ნაკლებად, რა უნდა ვიფიქროთ? ბიზნესი ორიენტირებულია მოგებაზე, მისთვის „ეკონომიკური მაზოხიზმი“ მიუღებელია... და თუ ასეთი ბიზნესი მაინც ჯიუტად, „სიზიფეს შრომას“ ეწევა, თანაც ლობისტებზე საკმაოდ სოლიდურ თანხებს ხარჯავს (ლობისტურ კომპანიაში 2019-20 წლებში „ფრონტერას“ მიერ უკვე დახარჯულია 244 ათასი აშშ დოლარი) ძალაუნებურად გიჩნდება აზრი, ხომ არ არის ეს იმ გარე ძალების სტრატეგიული ინტერესის საგანი, რომლებსაც საქართველოში „დიდი ნავთობის“ (და გაზის) მოპოვება არ აწყობთ?!

მიუხედავად იმისა, რომ ასეთ პირობებში საქართველოს ხელისუფლება კიდევ ერთხელ აძლევს შანსს „ფრონტერას“, ინარჩუნებს კონტრაქტს მასთან საქმიანობის გასაგრძელებლად საკონტრაქტო ტერიტორიის იმ ნაწილში, სადაც ნავთობის მოპოვება ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან მიმდინარეობდა. საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს საჯაროდ, არაორაზროვნად, ამასთან, მკაფიოდ აფიქსირებს პოზიციას, რომ, ჯერ ერთი, ამერიკული და ნებისმიერი უცხოური ინვესტიცია საქართველოში სრულად დაცულია და მეორეც, იგი მოქმედებს პრინციპით, რომლიდანაც შეიძლება პარალელი იქნას გავლებული ძველ რომაულ ხატოვან გამონათქვამთან: „კეისრის ცოლი ეჭვზე მაღლა უნდა იდგეს“, - აღნიშნა სოსო არჩვაძემ.

თუთაშხა გაასაჯაროვეთ საერთაშორისო საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, და თუ საჭიროა ხელშეკრულების პირობებიც. დაასრულეთ ამ ვიგინდარა კომპანიების თარეში! ან გააკეთოს საქმე ან გადაინაცვლოს სხვა ადგილას შესაბამისი სამართლიანი პირობებით, გასტუმრებით...
4 წლის უკან