ერთ დროს „რკინის კაცად“ წოდებული საქართველოს შს მინისტრი კახა თარგამაძეც დღეს რუსეთის მოქალაქეა, თუმცა უშიშროების ყოფილი მინისტრისგან, ვალერი ხაბურძანიასგან განსხვავებით, არც საქართველოში დაბრუნებას გეგმავს და არც პოლიტიკურ პროცესებში ჩაბმას. რა გეგმები აქვს სამომავლოდ კახა თარგამაძეს და როგორ მოსწონს საქართველოში არსებული როგორც კრიმინოგენური, ისე პოლიტიკური ვითარება, ამ კითხვებზე პასუხს უშუალოდ მისგან მოვისმენთ.
როგორ მოგწონთ ქვეყანაში არჩევნების შემდეგ შექმნილი ვითარება?
– მოვაბერზე თავი ხალხს ამ ჩემი რადიკალიზმით და ახალ ხელისუფლებასთანაც კი კონფლიქტში შევედი „ნაციონალური მოძრაობის“ გამო, რადგან მხოლოდ მათ კი არ ვაკრიტიკებ, არამედ, მათაც, ვისაც არ აქვს ძალა, ისინი მოთოკონ და თავიანთ ადგილზე დასვან.
თავის დროზე თქვენ აღმოგაჩნდათ ძალა, რომ მოგეთოკათ „ნაციონალები“? იქნებ მაშინ რომ მოგეთოკათ, ახლა მოსათოკიც არაფერი ყოფილიყო?
– განსხვავება ისაა, რომ მე შინაგან საქმეთა მინისტრი ვიყავი, თუმცა არ ვმალავ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრზე მეტი ძალა მქონდა, იმიტომ რომ შევარდნაძე ისეთი საკითხების გადაწყვეტას მავალებდა, რაც ჩემს კომპეტენციაში არ შემოდიოდა, მათ შორის, საგარეო საკითხების გადაწყვეტას, იმიტომ რომ ვახერხებდი. ეს ეხებოდა, ძირითადად, აფხაზეთისა და „ოსეთის“ საკითხს და ამ თემებზე ვმუშაობდი რუსეთთან. ამის შემდეგ დამარქვეს პრორუსული პოლიტიკოსი. პრორუსული რატომ ვარ? ერთი სტრატეგიული ობიექტი დამისახელეთ, რომელიც ჩემს დროს მივყიდეთ რუსეთს?! ასეთი რამ არ ყოფილა. პირიქით, ჩემი მინისტრობის დროს გავიყვანეთ რუსეთის ჯარი საქართველოს ტერიტორიიდან. ბარამიძეს უთქვამს, ჩვენ, „მოქალაქეთა კავშირი“, ვიყავით ამ პროცესში ჩართულიო, მაგრამ ბარამიძე ისე იყო ჩართული რუსეთის ჯარის გაყვანის საქმეში, როგორც ჩინეთის იმპერატორი, არც ჟვანია ყოფილა ჩართული ამ საქმეში. ამ საქმეში ჩართული იყვნენ შევარდნაძე და კახა თარგამაძე.
თუმცა ედუარდ შევარდნაძე მთელი „მოქალაქეთა კავშირი“ არ იყო?
– ამას რად უნდა ლაპარაკი, მაგრამ შევარდნაძემ იცოდა, რომ მათ არ ჰქონდათ რესურსი, ემუშავათ რუსეთთან. ერთხელ რუსეთის ერთ-ერთმა მინისტრმა უთხრა რუსეთის ძალიან მაღალი თანამდებობის პირს ჩემზე, ძალიან გვიჭირს მასთან მუშაობა, ორმაგი სკოლა აქვს გავლილი, ჩვენი სკოლაც კარგად იცის და ამერიკულიცო. რუსეთთან მუშაობის რესურსი რომ გქონდეს, მათივე სკოლა უნდა გქონდეს გავლილი. ეს არც ძველ ხელისუფლებას ესმოდა და ახალს არ ვიცი, ესმის თუ არა.
მეკითხებით, ვერ მოთოკეთო, მაგრამ მე როგორ უნდა მომეთოკა?! ბიუჯეტი არ სრულდებოდა და ვინ იყო დამნაშავე? თარგამაძე, არადა, რა შუაში ვიყავი შინაგან საქმეთა მინისტრი?! მთელი ეკონომიკური გუნდი ჟვანია-სააკაშვილის გუნდის წევრებით იყო დაკომპლექტებული და ქვეყანას უწყობდნენ ობსტრუქციას, რომ ბიუჯეტი არ შესრულებულიყო. ტყუილია ის ციფრები, რომელსაც აქვეყნებენ, რომ თითქოს ქვეყანაში გაუმჯობესდა კრიმინოგენური ვითარება: 2001 წელს, ჩემი მინისტრობის ბოლო წელს, მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, ამას ხაზს ვუსვამ, რადგან მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაული არის მკვლელობები, მძიმე ყაჩაღობები, გატაცებები, გაუპატიურებები და ისინი არ იმალება სტატისტიკაში, იყო 8 601, აქედან გახსნილი იყო 7 013. მათი ბოლო სტატისტიკა 2006 წლის მაქვს და მძიმე დანაშაულის რაოდენობა იყო 29 249.
იქნებ თქვენ დროს კარგად არ აღირიცხებოდა სტატისტიკური მონაცემი?
– მიჭირს თქვენთან ლაპარაკი, არ გეწყინოთ.
არ მწყინს. სტატისტიკა იქნებ არასრულყოფილი იყო-მეთქი.
– რეალურად, დანაშაულის რაოდენობა გაიზარდა, თქვენ კი გგონიათ, რომ შემცირდა.
თუმცა ისიც ფაქტია, რომ მანქანის სარკეებისა და საბურავების, მანქანების გატაცება აღარ ხდებოდა.
– გიხსნით, რომ იცოდეთ. ყველაზე დიდი პრობლემა იყო ცხინვალის რეგიონი, თუ დავაყენებთ საზღვარს ცხინვალის რეგიონთან, ეს პრობლემა მოიხსნება, ახლა უნდა გავაკეთოთ არჩევანი: საბურავის დაკარგვა გადავტეხოთ თუ ცხინვალი დავკარგოთ?! ცხინვალის რეგიონიდან 265 გადასასვლელი გზა იყო. ახლა გეკითხებით: ჩემს დროს პოლიციელთა რაოდენობა იყო 24 000, ეს მათ დროს გახდა 47 000. არის სხვაობა?! ყველაზე დიდი ბიუჯეტი ჩემი მინისტრობის 7 წლის განმავლობაში იყო 55 მილიონი ლარი, აქედან ფიზიკურად მხოლოდ 42 მილიონი ლარი მივიღე. დღეს ნახევარი მილიონი ლარია ბიუჯეტი. მე არ მეხმარებოდა არც დასავლეთი და არც ამერიკა, იმიტომ რომ მათი მოყვანა უნდოდათ ხელისუფლებაში, ამიტომ მე უნდა დავენგრიე. გეკითხებით: მკვლელობაა უფრო მეტი დანაშაული თუ სარკის დაკარგვა?! მე მოგიტანეთ მძიმე დანაშაულის სტატისტიკა და ამაში არ შედის სარკეები და საბურავები. მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი გვქონდა 81,5 პროცენტი. შევადაროთ მათ რამდენი პროცენტი ჰქონდათ მძიმე დანაშაულის გახსნა 2006 წელს, 29 249-დან გაიხსნა 8 128, ანუ გახსნის მაჩვენებელი 27,8 პროცენტი იყო. ამ სტატისტიკის მქონე შინაგან საქმეთა მინისტრმა იარაღი უნდა აიღოს და თავი მოიკლას.
ვანო მერაბიშვილს ურჩევთ ამას?
– ბოდიშს ვიხდი და „ადურაკებდნენ“ მთელ ქვეყანას. მეორე კითხვას დაგისვამთ: ჩემს დროს პატიმრების მაქსიმალური რაოდენობა იყო 6 300 ადამიანი, მაგათ დროს, მინიმუმ, 42 000 კაცი. არ არის სხვაობა ამ ორ ციფრს შორის?! კი ბატონო, მეტყვიან, რომ მაგათ დროს უკანონოდ იჭერდნენ ხალხს, ნახევარი, ვთქვათ, უკანონოდ იყო დაჭერილი, მაგრამ ნახევარი ხომ დამნაშავე იყო, ყველა უდანაშაულო ხომ არ იჯდა ციხეში?! არ ვტრაბახობ, მაგრამ საქართველოს არ ჰყოლია შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელსაც ყველა საფეხური ჰქონდა გავლილი: ერთი იყო გვენცაძე, ისიც ცოტა ხანს და იყო თარგამაძე. მე ყველაზე დიდხანს ვიყავი მინისტრი საქართველოს ისტორიაში.
სხვა თემაა, რომ სისტემა, თუ მოინდომებდა, სველ ადგილსაც არ დატოვებდა ნებისმიერი მოქალაქისგან, თუმცა ისიც ფაქტია, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს უშუალოდ კრიმინალების არ ეშინოდა და თავს კრიმინალებისგან უსაფრთხოდ გრძნობდა?
– იმიტომ გქონდათ ეს განცდა, რომ ასულელებდნენ მოსახლეობას. ჩემს დროს წელიწადში 103-დან 120 მკვლელობამდე ხდებოდა, მაგათ დროს 800 მკვლელობა იყო ყოველწლიურად. არ არის სხვაობა?! აბა, ამიხსენით, როგორ შეიძლება, უსაფრთხოების განცდა ჰქონოდა ხალხს?! თქვენ არ გესმით, რა ძალას ებრძოდით და რა ძალის ხელში იყო საქართველო ჩავარდნილი, ეს ვერ გაიგეთ ქართველებმა! ეს იყო ფაშისტური რეჟიმი. მათ მესამე რეიხის ისტორია გადმოიღეს – აიღეს და გადმოიღეს, უბრალოდ პატარა მასშტაბი ჰქონდათ, მაგრამ ხომ იცით, ვისი შექმნილი იყო მესამე რეიხი?
ვისი შექმნილი იყო?
– ამერიკელების. მე არ ვადარებ ფაშისტებს, მაგდენი პატივი არ მინდა, მივანიჭო, მაგრამ ადრეც ვთქვი, სამმა კაცმა დაუწყო ომი რუსეთს: ნაპოლეონმა, ჰიტლერმა და სააკაშვილმა. სააკაშვილის შემთხვევაში ლაპარაკი იყო გენოფონდის ამოწყვეტაზე, ჰყავდათ დასავლელი კონსულტანტები, რომლებიც უგეგმავდნენ, მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროში 65 თანამდებობის პირი ჰყავდათ ჩამოყვანილი დასავლეთიდან. ერთხელ უნდა ჩავატარო ლექცია, მაგრამ არავინ მისმენს.
თქვენ დაგეგმეთ ლექცია და იქნებ მსმენელებიც გამოჩნდნენ?
– არ მისმენენ. ებრაული წყევლა ხომ იცით?! 700-ჯერ დავწერე, ვიხვეწები, მომისმინეთ-მეთქი. ვინც საქართველოს ფლობს, ფლობს თუ არა მთელ აღმოსავლეთ აუზს! საქართველოს ტერიტორია რომ არა, აზერბაიჯანი სად წაიღებს თავის რესურსს?!
გასაგებია, რომ ვერსად.
– ესე იგი, აზერბაიჯანი ბლოკადაში მოექცევა, ჯერ ერთი, აზერბაიჯანზე ისედაც უამრავი ნავთობსადენი და გაზსადენი გადის, მაგრამ, რაც მთავარია, თურქმენეთისა და ყაზახეთის გაზი და ნავთობი, რომელიც ახლა რუსეთიდან გადის, სულ, რაღაც, 85-კილომეტრიანი მილის აგების შემთხვევაში აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით გავა დასავლეთში. ეს არის დიდი თეორიული შანსი იმისა, რომ შუააზიური ენერგომატარებლები მიიმართოს დასავლეთისკენ.
მეორეა ჩვენი ტერიტორიის სამხედრო დანიშნულება: ირანის მიმართულებით თუ რამე დაიწყო, საქართველო ყველაზე სტრატეგიული პუნქტი ხდება, გარშემო მყოფი მუსლიმანური ქვეყნები არ ჩაერევიან ამ კონფლიქტში. სომხეთის ტერიტორიის გამოყენება გამორიცხულია. რა რჩება? საქართველო! ქუთასის აეროპორტს რა დანიშნულება აქვს, დასავლეთ საქართველოდან მგზავრების ევროპასა და ამერიკაში გადაყვანა?!
რა საჭიროა ამისთვის გენოფონდის ამოწყვეტა? ვითანამშრომლოთ და კარგი პირობები მოვითხოვოთ საჩვენოდ.
– მაგრამ ჩვენთვის ხელსაყრელია, რომ საზარბაზნე ხორცად გამოგვიყენონ? რომ გგლიჯავს ირანიდან და, თან, რომ მოგვწვდება?!
ალტერნატივა რა არის? რუსული ბაზების განლაგება?
– ბალანსის პოლიტიკა. არავის ჰქონია იმდენი დავა შევარდნაძესთან, რამდენიც მე. ბევრს ჰგონია, რომ ოპერატიული სამსახური და აზროვნება მხოლოდ კრიმინალის დასაჭერად უნდა გამოიყენო, მაშინ, როდესაც ყველა ქვეყნის პოლიტიკური და სამხედრო ხელისუფლება ოპერატიული ინფორმაციის ანალიზზე დგას.
თქვენ რატომ არ გააკეთეთ?
– ფული არ მქონდა, რესურსი არ მქონდა, მაგრამ მაინც დავიწყე ამაზე მუშაობა, თუმცა ეს არ აძლევდა ხელს ჟვანია-სააკაშვილის ჯგუფს და არაფრით არ გამაკეთებინეს რეფორმა შინაგან საქმეთა სამინისტროში.
დაბალანსება ახსენეთ, მაგრამ ჩვენ ვნახეთ, რითაც დამთავრდა შევარდნაძის დაბალანსების პოლიტიკა.
– შევარდნაძეს აქედან ამერიკა აწვებოდა და ინარჩუნებდა სააკაშვილისა და ჟვანიას ჯგუფს, მე კი ვიყავი დამოუკიდებელი ფიგურა, მარტო კაცი, გუნდიც არ მყავდა და ყველა ხმალამოღებული მებრძოდა. იცი, რატომ მებრძოდნენ? რატომ გავხდი ჟვანიასა და სააკაშვილისთვის საშიში ფიგურა? დაინახეს, რომ ვიღაცამ ტვინი გააქანა. თუ პრორუსული ვიყავი, გეკითხებით: რუსეთის მიერ დაგეგმილი ყველა ტერაქტი თარგამაძემ არ გახსნა?! ტერაქტები ხაბეიშვილზე, ჭანტურიაზე, შევარდნაძეზე და ამის შემდეგ დავინიშნე შინაგან საქმეთა მინისტრად. ვმუშაობდი უფულოდ, მხოლოდ ავტომატით და ჭკუით.
თქვენ, ყოფილი შს მინისტრი, ვალერი ხაბურძანია, ყოფილი უშიშროების მინისტრი, რუსეთში ცხოვრობთ, არ ქმნის ერთგვარ უხერხულობას?
– რატომ ქმნის უხერხულობას? მომეკლა თავი?!
როგორ გეკადრებათ, ეს არ მიგულისხმია.
– მე რუსეთში იმიტომ ვარ, რომ ადვილად ვამყარებ კომუნიკაციას. იცით, რომ პირადი საქმე დღესაც არ მაქვს წამოღებული?! პენსიაც კი არ დამინიშნეს საქართველოში.
კვირაია იღებდა, გახოკიძე, თქვენ რატომ დაგჩაგრეს?
– ახლა ვეღარ დამინიშნავენ, 2005 წელს რუსეთის მოქალაქე გავხდი, მაგრამ ვერც აქ ვინიშნავ პენსიას, რადგან მაშინ პირადი საქმე უნდა გამოეთხოვათ თბილისიდან. ჯერ ერთი, ან მისცემდა სააკაშვილი, ან არა და, რაც მთავარია, ერთ ამბავს ატეხდნენ, პირადი საქმე იმიტომ უნდა, რუსეთის სპეცსამსახურებში იწყებს მუშაობასო. ამიტომ ახლა არც რუსეთში ვიღებ პენსიას და არც საქართველოში. კაცი 1977 წლიდან 2002 წლამდე შსს-ში ვმუშაობდი, 5 წელი ინსტიტუტში სწავლაც მეთვლება და 30 წლის სტაჟის მქონეს, ლეიტენანტიდან დაწყებული ყველა საფეხური მაქვს გავლილი, პენსია არ დამინიშნეს. ჩემი გადადგომიდან ორ წელს იყო ნარჩემაშვილი მინისტრი, მაგრამ შევარდნაძემ არ მომიწერა ხელი. მეუბნებოდა, ჯერჯერობით არ შეიძლება, იყო პენსიონერიო.
თქვენ რამე ცვლილებას ხედავთ მოსკოვიდან რუსულ-ქართულ ურთიერთობებში?
– რიტორიკა შეწყდა მხოლოდ, თუმცა დანარჩენს ვერ ვგრძნობ. ძალიან კარგი დამოკიდებულება აქვს უკვე საქართველოსადმი რუსეთის ინტელიგენციას. რუსეთში ძალიან ცოტა ქართველი ბიზნესმენი დარჩა. სომხებმა და აზერბაიჯანელებმა წაიღეს ყველა ჩვენი ბიზნესი. ის ქართველები, რომლებიც რუსეთში არიან აქ ნაშოვნი ფულის 30 პროცენტს ხომ საქართველოში აგზავნიან?!
ოფიციალური მონაცემებით, ყველაზე მეტი ფულადი გადმორიცხვები რუსეთიდანაა.
– გარდა გადმორიცხვებისა, ისე რამდენ ფულს ატანენ?! ნათესავების სია მაქვს.
თქვენც აგზავნით ფულს?
– რა თქმა უნდა. აქ არიან სერიოზული ბიზნესმენები, რომლებიც უზარმაზარი თანხებით ინახავენ უამრავ ოჯახს საქართველოში.
თქვენ აპირებთ დაბრუნებას?
– ორჯერ ვიყავი უკვე საქართველოში.
ვგულისხმობ პოლიტიკურ პროცესებში დაბრუნებას.
– არა, როგორ გეკადრებათ?! საცხოვრებლად ჩამოსვლას არ ვაპირებ.
რატომ, რას გვერჩით?
– პატარა ბიჭი კი არ ვარ, აქეთ-იქით ვირბინო. ვამბობდი, რომ ერთი ჯიხურიც არ მაქვს-მეთქი საქართველოში, ხომ არ გჯეროდათ?
არ მახსოვს, მაშინ რას ვფიქრობდი, მაგრამ, ალბათ არ მჯეროდა.
– მქონია? ერთი ჯიხურიც კი რომ მქონოდა, ესენი ხომ დედას მომიკითხავდნენ?! სულ ხაზს ვუსვამდი, არ მაქვს-მეთქი და ხომ შეიძლება, ვინმეს ეკითხა, სხვაგან თუ გაქვსო?! თუმცა ჩემს სახელზე სხვაგან მაშინაც არ მქონდა. მე არ ვამბობ, რომ არ მქონდა ბიზნესები, მაგრამ საქართველოში არსებულ ბიზნესთან არ მქონია ურთიერთობა. ახლა ჩამოვიდე ცარიელ ადგილას საქართველოში და რა უნდა გავაკეთო?!
რუსეთში მუშაობით კმაყოფილი ხართ?
– შეიძლება, რამეთი კმაყოფილი იყოს ადამიანი?! რთულია, მაგრამ, ასეა თუ ისე, რაღაცას ვწვალობ და ვშრომობ. რაღაცას ვახერხებთ.