ძვირფასი ლითონები გლობალური ეკონომიკური კრიზისის ფონზე საგრძნობლად ძვირდება. გასაკვირი არ არის, რომ ოქრო ამ შემთხვევეში ყველაზე მოთხოვნადია და მისი ღირებულება უკვე 2000 დოლარსაც კი მიუხლოვდა. ამ ნიშნულის სიახლოვეს ოქროს ფასი ბოლო 2011 წლის ზაფხულში იყო, მას შემდეგ კი ფასი მუდმივად იკლებდა ან სტაბილურობას ინარჩუნებდა.
29 ივლისის მდგომარეობით, ერთი უნცია ოქროს ფასმა 1930 დოლარს გადააჭარბა. ეს ნიშნავს, რომ ბოლო 1 თვის განმავლობაში ოქრო 8.5%-ით გაძვირდა. საერთაშორისო ანალიტიკოსების შეფასებით, ძვირფასი ლითონის გაძვირება გლობალურად გაზრდილი გაურკვევლობის ფონზე, ინვესტორთა მხრიდან გაზრდილ მოთხოვნას უკავშირდება. „ბლუმბერგის“ ინფორმაციით, 2020 წლის სექტემბრისთვის 1 უნცია (31.1 გრამი) ოქროს ფასმა შესაძლოა, 2000 დოლარსაც კი გადააჭარბოს.
ამ ფონზე, მკვეთრად გაიზარდა მათი აქტივები, ვინც საკუთარი ქონების ნაწილს ოქროს სახით ინახავს. მათ შორის არიან სახელმწიფოებიც, რომელთა ცენტრალური ბანკების საერთაშორისო რეზერვების გარკვეული ნაწილიც ოქროს სახით არის ნომინირებული. საქართველოს საერთაშორისო რეზერვებში ოქრო საერთოდ არ შედის, თუმცა 60-მდე სახელმწიფოს ცენტრალურ ბანკში მნიშვნელოვანი მოცულობის რეზერვებია.
მსოფლიოში უდიდესი ოქროს რეზერვი ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს, რომლის ფედერალური სისტემის უცხოური რეზერვების ღირებულების 74.9% ოქროს სახით არის დაცული. 1000 ტონაზე მეტი ოქროს რეზერვი მხოლოდ 7 სახელმწიფოს აქვს.
საერთაშორისო კვლევებისა და პროგნოზირების ცენტრის ვიცე-პრეზიდენტი ნიკა შენგელია ამბობს, რომ ბაზარზე ოქროს ფასის ზრდა განპირობებულია გაურკვევლობით, რომელსაც კორონავირუსის პანდემია ქმნის. ამ დროს ადამიანები ცდილობენ კაპიტალის ყველაზე ლიკვიდურ აქტივში დაბანდონ.
„ასეთი მნიშვნელოვანი მატება გამოიწვია იმ გაუგებრობამ, რომელსაც ქმნის ახალი კორონავირუსის პანდემია. რა შეიძლება მოხდეს წლის ბოლომდე, ადამიანებმა არ იციან და ამიტომ ბევრი ცდილობს, თანხა ყველაზე ლიკვიდურ აქტივში დააბანდოს. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ფასის მატება მომავალი წლის მაისამდე გაგრძელდება. ეს ის პერიოდია, როცა 2021 წლის მაისში ვაქცინა უკვე იქნება და ამას მოჰყვება უძრავი ქონების ბაზარზე ფასის დაცემა, მინიმუმ, 50%-ით. ჯერჯერობით გაძვირების დიდი ტალღა არ გვაქვს საქართველოში“, - განაცხადა შენგელიამ.
მაინც რატომ ძვირდება ოქრო? პირველ რიგში ამას ხელს აშშ-ს და ჩინეთს შორის ურთიერთობების გაუარესება, დოლარის დასუსტება და ეკონომიკური ზრდის სრულიად გაურკვეველი პერსპექტივები უწყობს. არც ერთ საკითხში ვითარება არ უმჯობესდება, ამიტომაც მომგებიან მდგომარეობაში ისინი იქნებიან, ვინც ოქროს გაძვირებაზე თამაშობს.
ამ ეტაპზე ყველაზე მოთხვონადი ძვირფასი საერთაშორისო ფასი რეკორდს უახლოვდება, სავარაუდოდ, დიდი მოგების მიღების მიზნით, დაიწყება მისი მასობრივი გაყიდვაც, ამან კი შესაძლოა ბაზარზე ჭარბი მიწოდება წარმოქმნას, რაც ბუნებრივად ფასების ვარდნით დასრულდება.
ასევე დიდი მნიშვნელობა ექნება აშშ-ს ფედერალური რეზერვის გადაწყვეტილებას რეფინანსირების განაკვეთის პროცენტის თაობაზე - ოქროს ღირებულება დიდწილად დოლარზეა დამოკიდებული.
როგორც წესი, დაბალი პროცენტი ინვესტორებს აფრთხობს და ისინი სხვა უფრო მომგებიანი აქტივების ძებნას იწყებენ და პირიქით მაღალი საპროცენტი განაკვეთი მაღალ მოგებას ნიშნავს, შესაბამისად, სხვა აქტივების ძიება ნაკლებად აქტუალური ხდება.
თუ ფედერალური რეზერვი პირველი გზით წავა, ოქრო შესაძლოა 2000 დოლარამდეც კი გაძვირდეს.