საქართველოში კონტრაბანდა უკვე იმდენად მომძლავრდა, რომ სახელმწიფოს მასთან გამკლავება აღარ შეუძლია. განსაკუთრებით საშიში ისაა, რომ არალეგალურ საქმიანობაში სულ უფრო მეტად ერთვებიან საჯარო მოხელეები და თანამდებობის პირები. სპეციალისტების აზრით, ამის მოთოკვა უკვე ძალიან გაჭირდება.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თემურ ღვინჯილია და საკრებულოს აპარატის თანამშრომელი რამდენიმე დღის წინ კონტრაბანდისთვის დააკავეს. ღვინჯილიას საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობა 2014 წლიდან ეკავა.
საქმე ეხება ჯგუფურად, მარკირებას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვის ფაქტს. პირების დაკავებაში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებთან ერთად შინაგან საქმეთა სამინისტროს აფხაზეთის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებიც მონაწილეობდნენ. ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 8 310 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის სავარაუდო ღირებულება 34 000 ლარს აღემატება. დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან რვა წლამდე ვადით.
2019 წელს თემურ ღვინჯილიასთან დაკავშირებული სავარაუდო კორუფციის შემთხვევებზე წერდა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“. არასამთავრობო ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებდა იმაზე, რომ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტენდერებს საკრებულოს თავმჯდომარის, თემურ ღვინჯილიას მოგვარისა და ბიზნესპარტნიორის, ბაგრატ ღვინჯილიას კომპანია იგებდა, თავად თემურ ღვინჯილიას კი კომპანიები, სადაც ინტერესები ჰქონდა, დეკლარაციაში არ ჰყავდა მითითებული.
ფაქტზე დაჭერილი ღვინჯილიას ადვოკატი ბაჩუკი ყურაშვილი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს. ამჟამად ჩინოვნიკი დუმილის უფლებას იყენებს.
„ამ ეტაპზე დუმილის უფლებას იყენებს, ბრალს არ აღიარებს. თვითონ ამბობს, რომ ამ საქმესთან შეხება არ აქვს. მანქანაში სიგარეტი იყო, მაგრამ მცირე დროით ათხოვა ავტომობილი სხვას. როცა მანქანა მოვიდა და ჩაჯდა, აღმოჩნდა, რომ საქონელი იყო ჩადებული. ამის შესახებ არ ვიცოდიო, ამბობს თვითონ“, - განაცხადა ადვოკატმა.
როგორც ჩანს, კონტრაბანდა ქვეყანაში საოცარ მასშტაბებზე გადის. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია ის, რომ საქართველოში ზოგიერთ პროდუქტებზე ფასი რამდენჯერმე მაღალია, ვიდრე რეგიონის ქვეყნებში. გაძვირება რომ კონტრაბანდის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, ამაზე ხმამაღლა საუბრობენ ახალგაზრდა ფინასისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციაში. ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტი პაატა ბაირახტარი ადასტურებს, რომ კონტრაბანდა ბოლო რამდენიმე წელია, მზარდია, თუმცა ახლა შავი ბაზარი უფრო გააქტიურებულია.
„მეზობელ ქვეყნებში სიგარეტის ფასი გაცილებით დაბალია, ვიდრე ჩვენთან. ამიტომ, ბუნებრივია, რომ მწეველი გამოსავლს შედარებით იაფ და კონტრაბანდული თამბაქოს შეძენაში ხედავს. გარდა მწეველთა კატეგორიისა, თამბაქოს კონტრაბანდა საცდური აღმოჩნდა ჩინოვნიკებისთვისაც, რომლებიც ამ გზით ფულის კეთებას ცდილობენ და ლეგალური ბიზნესის განვითარებას საფრთხეს უქმნიან. სავარაუდოდ, უამრავი შემთხვევაა, რომელთა გამოვლენასაც შესაბამისი სამსახურები ვერ ახერხებენ.
როგორც ჩანს, ამ ეტაპზეც კონტრაბანდის მასშტაბები გაიზარდა და მასთან გამკლავება ჭირს. ცხადია, საქმე არც ისე მარტივადაა, როცა მეზობელ ქვეყნებში ფასები საგრძნობლად დაბალია. ამ დროს ჩვენ ორი არაკონტროლირებადი ტერიტორია გვაქვს და ამ საფრთხის სრულად განეიტრალება შეუძლებელია.
ჩინოვნიკების მხრივაც კონტრაბანდაში ჩაბმის რისკი გაიზარდა და რაღაც დონეზე ამ ადამიანებს გავლენიანი მფარველიც ჰყავთ. ფაქტები ამაზე მიუითითებენ“, - განაცხადა ბაირახტარმა.
სიგარეტის გარდა, არალეგალური გზით ქვეყანაში შემოდის ძვირფასეულობა, საწვავი, სპირტიანი სასმელი და მედიკამენტებიც. ჯანდაცვის პოლიტიკისა და მართვის სპეციალისტი სერგო ჩიხლაძე ადასტურებს, რომ საქართველოში წამლის დაბალი ხარისხის და ფასის გამო კონტრაბანდას გზა გაეხსნა. ბევრი ცდილობს მედიკამენტების შეძენას იაფად და ამისთვის ყველა საშუალებას იყენებს.
არადეკლარირებული მედიკამენტები ყველაზე მეტად თურქეთიდან შემოდის, თუმცა სპეციალისტები ეჭვობენ, რომ მათი შემოდინების რისკი არაკონტროლირებადი ტერიტორიებიდან დიდია.
„წამლები იაფი ღირს მეზობელ ქვეყნებში, გადადიან და გადმოაქვთ როგორც პირადი მოხმარებისთვის, ასევე რეალიზაციის მიზნით. თურქეთთან შედარებით, საქართველოში მედიკამენტები, საშუალოდ, 60-70%-ით ძვირი ღირს, რაც გამაოგნებელი მაჩვენებელია და ასეთ ფონზე კონტრაბანდა არ უნდა გვიკვირდეს.
გარდა იმისა, რომ ძვირია საქართველოში წამალი, არის გარკვეული ტიპის წამლები, რაც ბაზარზე რეალურად არ არსებობს და მისი ყიდვა მოქალაქეებს არარეგალური გზით უწევთ. ამდენად, კონტრაბანდისთვის მრავალმხრივი მიზეზი არსებობს. ცხადია, ამით ბიუჯეტი ზარალდება, მაგრამ საფრთხეშია მომხმარებელიც. საეჭვოა არარეგალურად შემოსული წამლის ხარისხი, პრობლემა შეიძლება იყოს როგორც შეფუთვა, ასევე შიგთავსი, რადგან არ ვიცით, რა წამალია, ზოგ შემთხვევაში, გასაგებ ენაზე ანოტაციაც კი არ ახლავს.
არაკონტროლირებადი ტერიტორიებიდან წამლის კონტრაბანდასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ თურქეთიდან არალეგალურად დიდი რაოდენობის მედიკამენტები შემოდის“, - განუცხადა „რეპორტს“ ჩიხლაძემ.