კელი დეგნანი: კენ ვოლკერის სახელობის კლინიკის გახსნა საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია

კელი დეგნანი: კენ ვოლკერის სახელობის კლინიკის გახსნა საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია

„ძალიან მნიშვნელოვანია ის მეგობრობა და თანამშრომლობა, რომელიც შეერთებულ შტატებსა და საქართველოს აკავშირებთ“, - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის ელჩმა კენ ვოლკერის სახელობის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკის გახსნაზე განაცხადა.

კელი დეგნანის თქმით, კლინიკის გახსნა არის საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითი.

„ძალიან ვამაყობ, რომ დღეს თქვენს წინაშე ვიმყოფები და ვხსნით ამ ძალიან მნიშვნელოვან ობიექტს. როგორც წინა გამომსვლელებმა, ბატონებმა გიორგი გახარიამ და არჩილ თალაკვაძემ აღვნიშნე, ძალიან მნიშვნელოვანია ის მეგობრობა და თანამშრომლობა, რომელიც შეერთებულ შტატებსა და საქართველოს აკავშირებთ.

ჩვენ საერთო პრიორიტეტები გვაქვს - ძალიან ვამაყობ, რომ ბევრი ინიციატივა, რომელიც USAID-ის სახელით ხორციელდება, ასეთ მნიშვნელოვან პრიორიტეტებს ემსახურება.

საქართველომ ძალიან მნიშვნელოვანი წინსვლა განიცადა განსაკუთრებით შშმ პირების დაცვის კუთხით და ვულოცავ პარლამენტს შშმ პირების შესახებ მნიშვნელოვანი კანონის დამტკიცებას, რომელიც გზას უხსნის ამ პირებს, რომლებიც ადრე ასე კარგად არ იყვნენ წარმოდგენილი საზოგადოებაში, სრულად ვერ მონაწილეობდნენ საზოგადოების განვითარებაში.

შშმ პირები თანაბარ მონაწილეობას მიიღებენ საზოგადოების განვითარებაში, რაც არის პირველი ნაბიჯი პირველი ნაბიჯი ინკლუზიურობისკენ და ბევრია კვლავ გასაკეთებელი, თუმცა შეერთებული შტატები, USAID-ის საშუალებით საქართველოს მხარდაჭერას განაგრძობს. ვისაც სჭირდება რეაბილიტაცია, ყველას უნდა ჰქონდეს საშუალება, აქ გაიაროს რეაბილიტაცია. ძალიან კარგია, რომ მთავრობამ აღიარა ეს პრიორიტეტი და იმედი მაქვს, რომ ეს კატეგორია ამ მომსახურებით სრულად ისარგებლებს“, - აღნიშნა კელი დეგნანმა.

თბილისში კენ ვოლკერის სახელობის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკა გაიხსნა. გახსნის ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, მთავრობის წევრები, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი დაესწრნენ.

კენ ვოლკერის კლინიკა პირველია ამიერკავკასიაში, რომელიც აღჭურვილია ამერიკული და ევროპული მაღალტექნოლოგიური სარეაბილიტაციო მოწყობილობებით და საჭიროების მქონე პირებს სთავაზობს სრულ კომპლექსურ მულტიდისციპლინურ (გუნდურ მიდგომაზე დაფუძნებული) სარეაბილიტაციო მომსახურებას.

პროფესორ კენ ვოლკერის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკა 2020 წლის პირველი ივლისიდან თბილისში უკვე აწვდის სარეაბილიტაციო მომსახურებას ბავშვებსა და მოზარდებს. ცენტრში დასაქმებულნი არიან USAID-ისა და EMORY-ის „ფიზიკური რეაბილიტაციის პროექტის“ სასწავლო პროგრამის ფარგლებში გადამზადებული ადგილობრივი სპეციალისტები. მათთან ერთად სარეაბილიტაციო მკურნალობაში ჩართულნი არიან ემორის უნივერსიტეტის რეაბილიტოლოგები.

კენეტ ვოლკერი ემორის უნივერსიტეტის პროფესორი გახლდათ. ის საქართველოს საპატიო მოქალაქე იყო.