„სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი შესაძლოა, იმ დაძაბული ურთიერთობის ანარეკლი იყოს, რაც თურქეთ-რუსეთს შორის შეინიშნება“

„სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი შესაძლოა, იმ დაძაბული ურთიერთობის ანარეკლი იყოს, რაც თურქეთ-რუსეთს შორის შეინიშნება“

რამდენად საშიშია მთელი კავკასიისთვის, თუკი სომხეთ-აზერბაიჯანის დააპირისპირების სცენარში ატომურ ელექტროსადგურზე თავდასხმა ჩაერთვება? ამის შესახებ for.ge-ს ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე ესაუბრა.

ამირან სალუქვაძე: ატომურ ელექტროსადგურებზე იერიშის მიტანა, ჭუჭყიანი ბირთვული იარაღის შექმნა და, ზოგადად, ბირთვული იარაღით მუქარა, თანამედროვე მსოფლიოში კარგ ტონად არ ითვლება, მიღებული არ არის და არა მგონია, გეოპოლიტიკურად ან ავტორიტეტის თვალსაზრისით აზერბაიჯანისთვის მომგებიანი იყოს. ალბათ, ამ მუქარას საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან გარკვეული რეაქცია მოჰყვება. ეს პიარულადაა წამგებიანი აზერბაიჯანისთვის. შესაბამისად, ვეჭვობ, გარდა განცხადებისა, ამან ჰპოვოს შემდგომი განვითარება.

ყველას უნდა ესმოდეს, რომ ატომური ელექტროსადგურის დაზიანება და შემდგომი მასშტაბები, რაც ამ დაზიანებას შეიძლება მოჰყვეს, არ აისახება მხოლოდ იმ სახელმწიფოზე, იმ მოსახლეობაზე, სადაც ატომური ელექტროსადგურია განლაგებული. მსოფლიომ და, მათ შორის, საბჭოთა კავშირის ყოფილმა რესპუბლიკებმა განიცადეს საკუთარ თავზე ჩერნობილის ტრაგედია და საქართველომდეც კი მოაღწია რადიაციამ. ამიტომ გარანტია იმისა, რომ ეს არ დააზიანებს თავად აზერბაიჯანს, არ არსებობს. არავინ იცის, იმ მომენტში როგორი კლიმატური პირობები იქნება, ქარი საითკენ იმოძრავებს და ა.შ. შესაძლოა, აფეთქების მომენტში იყოს ერთი კლიმატური ვითარება, რომელიც უცბად შეიცვალოს. ამდენად, ის, რომ ყველაზე მეტად ამით სომხეთი დაზარალდება, ამის პროგნოზირება რთულია. შესაძლოა, მეზობელ სახელმწიფოებზე გაცილებით უარესად აისახოს ასეთი ტექნოგენური ტრაგედია.

მანამდეც იყო საუბარი, რომ სომხეთის ატომური ელექტროსადგური პრობლემად იქცეოდა საქართველოსთვისაც, რადგან ტერიტორიულად ჩვენ ახლო მეზობლები ვართ. დღის წესრიგში ისევ ხომ არ დადგება სომხეთის ატომური ელექტროსადგურის გაუქმების მოთხოვნა?

- დღის წესრიგში ჩვენ ვერ დავაყენებთ, თუ როგორი ენერგოსისტემა ექნება მეზობელ სახელმწიფოს. ეს სადგური აშენებულია საბჭოთა პერიოდში და ჩვენ არანაირი ბერკეტი არ გაგვაჩნია, მეზობელ სახელმწიფოს მოვთხოვოთ მისი დახურვა. ერთადერთი, შეგვიძლია შეხვედრების დროს გამოვთქვათ ჩვენი წუხილი და შიში იმასთან დაკავშირებით, რამდენად უსაფრთხოა, მიმდინარეობს თუ არა ამ სადგურის მოდერნიზაცია, სრული მოცულობით ტარდება თუ არა ტექნიკური სამუშაოები. თუმცა ყველაზე საუკეთესო პირობებშიც კი შესაძლოა მოხდეს რაიმე არასასურველი, რომელიც ან ადამიანური ფაქტორით, ან ტექნიკური პრობლემებით იქნება გამოწვეული. ჩვენ შეგვიძლია ჩვენს ტერიტორიაზე ავაშენოთ ატომური ელექტროსადგური, არც არავის შევეკითხებით ამის თაობაზე. დღეს რომ აშენებდეს სომხეთი ატომურ სადგურს, ეს სხვა საკითხია. სომხეთი მაინც პატარა სახელმწიფოა, ერთ რეგიონში ვცხოვრობთ და არ შეიძლება, არ გაითვალისწინოს მეზობლების წუხილი და შიშები, მაგრამ ეს სადგური აშენებულია საბჭოთა პერიოდში, იმ დროს არც ეკითხებოდნენ ვინმეს, სად აშენებდნენ, გადაწყვიტეს, სომხეთში და ააშენეს სომხეთში. შესაძლოა, აეშენებინათ საქართველოში, ვინ გამორიცხავდა ამას.

როგორც ამბობენ, სომხეთის მხრიდანაც ყოფილა გარკვეული მუქარა აზერბაიჯანის მიმართ, მაგრამ არც ერთი და არც მეორე მხრიდან ასეთ განცხადებებს სერიოზულად არ ვიღებ. მუქარის განხორციელება ტექნოგენური და, მით უმეტეს, ბირთვული ობიექტების წინააღმდეგ მათი ავტორიტეტისათვისაა ცუდი.

როგორ გესახებათ ამ კონფლიქტის მოგვარება, რადგან უკვე გამოჩდნენ მესამე და მეოთხე მოთამაშეები? თურქეთი თითქოს იარაღს აჟღარუნებს და აზერბაიჯანს დახმარებას აღუთქვამს, არც რუსეთია პასიურად და პუტინის ბრძანებით რუსული არმიის ბრძოლისუნარიანობის შემოწმება დაიწყო. რისთვის ემზადებიან მხარეები-კონფლიქტის მოგვარებისთვის, თუ ცეცხლის ალის უფრო მეტად გაჩაღებისთვის?

- თურქეთის მხრიდან აზერბაიჯანისთვის მხარდაჭერის გამოცხადება არ არის ახალი. მუდმივად, როცა იძაბება იქ სიტუაცია, თურქეთი ყოველთვის თავის სტრატეგიულ პარტნიორს დახმარებისთვის მზადყოფნას უცხადებს. შემდგომში, თუ გამწვავდება ვითარება, თურქეთი იმავეს გააკეთებს. 2011 წელსაც ანალოგიური განცხადებები გააკეთა თურქეთმა. რაც შეეხება რუსეთს, არა მგონია, იქ არმიის მზადყოფნის შემოწმება პირდაპირ კავშირში იყოს ამ კონფლიქტის გამწვავებასთან, რადგან მასშტაბური სწავლებები, რომელიც იწყება და გაგრძელდება რუსეთში მთელი ზაფხულის განმავლობაში, დაგეგმილი იყო წინასწარ, ჩვენ ვადევნებთ თვალს რუსეთის მზარდ მილიტარისტულ განწყობას ბოლო წლების განმავლობაში. განსაკუთრებით, ეს დაიწყო 2008 წლის ომის შემდეგ და ბოლო წლებში საკმაო დინამიკა მიიღო. 2017-18-19 წლებს თუ გადავხედავთ, ასევე, სამხედრო შესყიდვებს, რა მასშტაბის ტექნიკა მიიღო რუსეთის არმიამ, წვრთნების ინტენსივობას, ათასობით სხვადასხვა მასშტაბის სწავლება ტარდება რუსეთის არმიაში ყოველწლიურად ხან ცენტრალურ რუსეთში, ხან სამხრეთის, ხან დასავლეთის მიმართულებაზე. ეს არ კეთდება იმისთვის, რომ რუსეთმა საკუთარი არმიის მზადყოფნა შეამოწმოს, სწავლებას სხვა სახელმწიფოებიც ატარებენ, მაგრამ საინფორმაციო მხარდაჭერის გარეშე. წლის დასაწყისიდან წლის ბოლომდე ყველა ქვეყანაში მუდმივად ტარდება წვრთნები ყოველგვარი აფიშირების გარეშე. რაც შეეხება რუსეთის როლს, მე მაქვს ჩემი პოზიცია წლების განმავლობაში, ანალოგიურად დავწერე 2016 წელსაც, რომ რუსეთს არ აწყობს ამ კონფლიქტის დარეგულირება, როგორც სხვა კონფლიქტების დარეგულირება არ აწყობდა. 2016-ში გაცილებით მასშტაბური იყო შეტაკებები და მსხვერპლიც სერიოზული იყო, მაგრამ კონფლიქტების მოუგვარებლობის შემთხვევაში რუსეთი ინარჩუნებს გავლენებს, ბერკეტებს ორივე სახელმწიფოზე, როგორც აზერბაიჯანზე, ისე სომხეთზე.

ერთი მხარის მიმართ კონფლიქტის გადაჭრის შემთხვევაში რუსეთი მეორე მხარეზე კარგავს გავლენას. საკითხის გადაჭრა ჰქვია, როცა ორივე მხარისთვის მეტ-ნაკლებად მიღებულია კონფლიქტის დარეგულირების კონკრეტული ვარიანტი. ასეთი ვარიანტი ჯერჯერობით არ არსებობს, არის სხვადასხვა მიდგომა, მათ შორის, მადრიდის ფორმულა, რომლითაც დაგეგმილი იყო, თუ როგორ უნდა მომხდარიყო ნაბიჯ-ნაბიჯ ამ კონფლიქტის დარეგულირება ყარაბახის მიმდებარე რაიონების აზერბაიჯანისთვის ეტაპობრივად დაბრუნების გზით. ბოლო წლებში ამ თემებზე საუბარი არ არის და რაიმე სერიოზულ სამშვიდობო პროცესზე საუბარი ზედმეტია.

მახსენდება ლავროვის განცხადება, თუ არ ვცდები, ეს განცხადება 2016 წელს გაკეთდა იმ დაძაბულობის შემდეგ, რაც 2016-ში მოხდა, მას შეკითხვა დაუსვეს ორივე მხარესთან სამხედრო ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ, რაზეც ლავროვმა პირდაპირ განაცხადა, რომ რუსეთი ორივე მხარისათვის იარაღის მიყიდვის გზით აბალანსებს ვითარებას. ეს არის რუსეთის პოლიტიკა, ორივე დაპირისპირებულ მხარეს აძლევს იარაღს და ამით, მათი ჭკუით აბალანსებს სიტუაციას. სინამდვილეში, სადაც დიდძალი იარაღის თავმოყრა ხდება, იქ ეს იარაღი ოდესმე გაისვრის.

აფხაზეთის ომშიც ასე იყო, რუსები აფხაზებსაც აიარაღებდნენ და ქართველებსაც.

- მე აღარ გადმოვიტანე ჩვენს რეალობაზე სომხეთ-აზერბაიჯანის მაგალითი, მაგრამ აფხაზეთში ორივე მხარე იბრძოდა რუსების მიერ მიწოდებული იარაღით და ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სარდლის მოადგილე შეიარაღების საკითხებში იარაღს აწვდიდა ორივე მხარეს. ასეთი მიდგომა მიუღებელია, როცა რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ის იარაღის მიწოდებით აბალანსებს ორივე მხარეს. მასშტაბებსაც თუ მივადევნებთ თვალს, მრავალმილიარდიანი კონტრაქტები აქვს რუსეთს აზერბაიჯანთან ბოლო წლებში განხორციელებული. სომხეთსაც რომ აწვდის იარაღს, ეს, რა თქმა უნდა, ვიცით, საკმაოდ კაბალური პირობებით, ვალად ედება ეს ყველაფერი სომხეთს, კრედიტების სახით. ჩემი აზრით, რუსეთს არ აწყობს ამ კონფლიქტის განვითარება, თუ სხვა რაიმე მზაკვრული გეგმები არ აქვს ჩაფიქრებული, რაც რუსეთისგან გამორიცხული არ არის. ჯერჯერობით ამის ნიშნები არ შეიმჩნევა. ალბათ, დაძაბულობა ჯერჯერობით შენარჩუნდება, მაგრამ მაინც ველოდები, რომ სიტუაცია დათბობისკენ წავა. სამხედრო ვარ მთელი ჩემი ცხოვრება, ბოლო წლებში ვიყავი ერთ-ერთ სპეცსამსახურში, რომელიც დაკავებულია საფრთხეების შეფასებით, შემიძლია იმდენი სცენარი დავწერო, წაკითხვას ვერ მოასწრებენ, მაგრამ არის საკითხები, რომელთაც ღია სივრცეში არ ვწერ, ჩემს კოლეგებსაც მოვუწოდებ, ასეთ თემებს ნუ დაუკავშირებენ საქართველოს და ნუ დახატავენ საშინელ სცენარებს. ეს ხომ უმარტივესია, მეზობელ სახლს ცეცხლი რომ უკიდია, მშვიდად ხომ ვერ ვიქნებით? ამიტომ ასეთ სცენარებზე დახურულ სივრცეში უნდა ვიმსჯელოთ.

ვინმესგან გარანტიები რომ არ ჰქონოდათ მხარეებს, ხელახლა გაჩაღდებოდა ეს კონფლიქტი?

- გულახდილად გეუბნებით, არ ვიცი, თანაც, არ მინდა, რომელიმე მხარე დავადანაშაულო კონფლიქტის დაწყებაში, მეტ აგრესიულობაში. საქართველო მაინც დაბალანსებულ და სამშვიდობო პოზიციაზე უნდა იდგეს. მით უმეტეს, აზერბაიჯანი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, სომხეთთანაც მჭიდრო ურთიერთობა გაგვაჩნია. ჩვენ ერთ რეგიონში ვცხოვრობთ და ჩვენთვის მშვიდობა მნიშვნელოვანია. ვარაუდის დონეზე ვუშვებ იმ ვერსიას, რომ საკმაოდ დაეძაბა თურქეთ-რუსეთს ურთიერთობა როგორც სირიაში, ასევე, ლიბიაში. მე მგონი, ერთი პერიოდი, პუტინს ყველაზე ხშირი შეხვედრები ჰქონდა ერდოღანთან, მაგრამ ბოლო პერიოდის განმავლობაში თავი იჩინა იმ დაპირისპირებამ, რაც თურქეთსა და რუსეთს რეგიონში გააჩნია ახლო აღმოსავლეთთან მიმართებით. როცა მათი ურთიერთობა თითქოსდა დალაგდა, ვწერდი, რომ რუსეთმა და თურქეთმა დროებით მოახერხეს საკუთარი პრობლემების თაროზე შემოდება-თქო, თაროზე შემოდება ნიშნავს, რომ ეს პრობლემები ადრე თუ გვიან თავს იჩენდნენ და იჩინა კიდეც თავი. პირველ რიგში, ეს დაიწყო სირიაში, შემდეგ ვიხილეთ დაძაბულობის გადატანა ლიბიის ტერიტორიაზე. არ გამოვრიცხავ, ეს იყოს ამ დაძაბული ურთიერთობის ანარეკლი.

Aburjga Tasmanieli ბატონო ამირან, ჩვენ კიდევ დაზაფრვა გვინდა?! შეგნებული მცოდნე კაცი ბრძანდები და კარგად მოგეხსენებათ, რომ აზერბაიჯანს არ შესწევს იმის სამხედრო ძალა რომც მოინდომოს, მთელი თავისი სამხედრო პოტენციალიც კი ამისკენ მიმართოს, სერიოზულად დააზიანოს მეწამორის ელექტროსადგური!
3 წლის უკან