პრეზიდენტს ხელიდან დაზვერვის სამსახურიც ეცლება

პრეზიდენტს ხელიდან დაზვერვის სამსახურიც ეცლება

საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს დღითიდღე პოლიტიკურ მარწუხებში აქცევს და საქმიანობის არეალს უზღუდავს. ქვეყნის პირველი პირი კონტროლს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის გარდა,  დაზვერვის სამსახურზეც კარგავს, რომელიც მთავრობის უშუალო დაქვემდებარებაში გადადის. კერძოდ, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირინე იმერლიშვილმა კიდევ ერთი საკანონმდებლო პაკეტი მოამზადა, რომლის მიხედვითაც, დაზვერვის სამსახური პრეზიდენტის კომპეტენციიდან გადის და მთავრობის დაქვემდებარებაში გადადის.  

ამასთან, ცვლილებებით, დაზვერვის სამსახური ანგარიშვალდებული იქნება მთავრობისა და ეროვნული უშიშროების საბჭოს წინაშე, ხოლო, მის ხელმძღვანელს, რომელიც ამავდროულად, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი იქნება დაზვერვის საკითხებში, თანამდებობაზე დანიშნავს და გაათავისუფლებს მთავრობის მეთაური.

ამას გარდა, სამთავრობო კონტროლი წესდება კონტრდაზვერვის სამსახურზეც, რომელიც დღეის მდგომარეობით, პრეზიდენტს ექვემდებარება. ასევე კონტრდაზვერვის კოორდინაციაზე პასუხისმგებელი სამსახური მთავრობის მიერ განისაზღვრება და სამსახურის საქმიანობაზე სამთავრობო კონტროლიც დაწესდება.

აღსანიშნავია, რომ ცვლილებებით, სახელმწიფო საიდუმლოების ინფორმაციასთან დაკავშირებულ უფლებამოსილებათა გამიჯვნა ხდება - საქართველოს მთავრობასა და პრეზიდენტს შორის.

როგორც for.ge-ს იმერლიშვილმა განუცხადა, თუ ცვლილებები პარლამენტმა მიიღო,  სახელმწიფო დაცვის სამსახურის მსგავსად, დაზვერვის სამსახურიც პრეზიდენტის ნაცვლად, მთავრობას დაექვემდებარება.  

„ამ ცვლილებების მომზადებას იგივე მოტივაცია აქვს, რაც სახელმწიფო დაცვის სამსახურს. ეს ცვლილებები, ერთიანი უსაფრთხოების სისტემისთვის აუცილებელია“, - განმარტავს კანონმდებელი.

ვინაიდან, დაზვერვის სამსახური სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, სადაზვერვო საქმიანობას პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სამეცნიერო-ტექნიკურ, სამხედრო-სტრატეგიულ სფეროებში ახორციელებს და ქვეყნის ფარგლებს გარეთ, საგარეო კონტრდაზვერვით საქმიანობას ეწევა, საპარლამენტო უმცირესობა კონცეფციის მომზადებაზე აპელირებს და ხელისუფლების სპონტანურ გადაწყვეტილებაზე საუბრობს.

როგორც For.ge-ს უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ბეჟაშვილმა განუცხადა, უმრავლესობის მიერ ცვლილებები სპონტანურად არის მომზადებული და უსაფრთხოების სისტემა არ არის გააზრებული.

„ეს გადაწყვეტილება სპონტანურია, რადგან ზოგადად, უსაფრთხოების სისტემა გააზრებული უნდა იყოს და ჯერ კონცეფცია უნდა მომზადდეს - საერთო უსაფრთხოების სისტემაში, თუ რა ურთიერთობა ექნება პარლამენტს, მთავრობასა და პრეზიდენტის ინსტიტუტს. ინიციატივასთან დაკავშირებით, ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს და ავტორებისგან მეტი განმარტება უნდა გაკეთდეს - თუ რა უსაფრთხოების სისტემას სთავაზობენ საზოგადოებას“, - აცხადებს ბეჟაშვილი.

კანონმდებელი მიიჩნევს, რომ დაზვერვის სამსახურის პრეზიდენტის დაქვემდებარებიდან გამოსვლა, პოლიტიკური გადაწყვეტილებაა.

„ყველა ქვეყანაში უსაფრთხოების სისტემა დაბალანსებულია და ყველა შტოს თავისი როლი აქვს. ავტომატურად, სამსახური ერთ რგოლს მოხსნა და რომელიმე შტოს გადასცე, ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა“, - აღნიშნავს დეპუტატი.

მართალია, ცვლილებების მიღების შემთხვევაში, გელა ბეჟუაშვილი მაღალი თანანმდებობის გარეშე დარჩება, რადგან დაზვერვის სამსახურს სწორედ ის ხელმძღვანელობს, მაგრამ ბეჟაშვილი აცხადებს, რომ ვეტოზე საუბარი ნაადრევია.

„გადაწყვეტილება ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებიდან უნდა იქნეს მიღებული და არ ვფიქრობთ, რომ რაც არ მოგვეწონება, იმ ცვლილებას ვეტო დაედება“, - დასძინა კანონმდებელმა.

ქვეყნის პირველ პირს დაზვერვის სამსახურზე უარის თქმა, სავარაუდოდ, გაზაფხულზე მოუწევს, რადგან ცვლილებების განხილვა პარლამენტში ჯერ არც დაწყებულა, თუმცა, უახლოეს მომავალში, პრეზიდენტს ხელიდან სახელმწიფო დაცვის სამსახური გამოეცლება, ვინაიდან მიმდინარე კვირას, პარლამენტი „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით დაამტკიცებს, რომლის მიხედვითაც, ეს სამსახური  მთავრობის უშუალო დაქვემდებარებაში გადადის. დაზვერვის სამსახურის მსგავსად, აღნიშნული სამსახურის ხელმძღვანელს პოსტზე პრემიერ-მინისტრი დანიშნავს და გაათავისუფლებს. ამასთან, პროექტით, ამ სამსახურის დასაცავ პირთა და დაცვის ობიექტთა ნუსხას ასევე მთავრობა დაამტკიცებს. გარდა ამისა, ინიციატივით, აღნიშნული სამსახურისთვის კანონით გაუთვალისწინებელი ფუნქციების დაკისრება მხოლოდ მთავრობის სამართლებლივი აქტით იქნება შესაძლებელი.