დავით აღმაშენებლის ძეგლს დიღომში გადაიტანენ

დავით აღმაშენებლის ძეგლს დიღომში გადაიტანენ

თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელის, კობა სუბელიანის განცხადებით, პოლიტიკური ოპოზიციური ძალების წინააღმდეგობის მიუხედავად, დავით აღმაშენებლის ძეგლის დემონტაჟი დაწყებულია და მას რესპუბლიკის მოედნიდან თბილისის შემოსასვლელში დაახლოებით ოც დღეში გადაიტანენ.

საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველსაყოფად და ქაოსის თავიდან ასაცილებლად დავით აღმაშენებლის ძეგლთან გამუდმებით მორიგეობენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები.

“ჩვენი გზა დავით აღმაშენებლის გზაა, დავდგეთ მეფესთან!” - უკვე რამდენიმე დღეა ამ ლოზუნგით რესპუბლიკის მოედანზე ძეგლის ქალაქის გარეუბანში გადატანის წინააღმდეგ სამოქალაქო მოძრაობა “წინ საქართველოს” წარმომადგენლები აქციებს მართავენ.

ძეგლის გადატანასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსირა საქართველოს საპატრიარქომ.

იმის გამო, რომ მართლმადიდებლური ეკლესიისთვის მიუღებელია მრგვალი ფორმის ქანდაკება, საპატრიარქოსთვის დავით აღმაშენებლის ძეგლის სიწმინდესთან გაიგივება მიუღებელია.

საპატრიარქო თავისუფლების მოედანზე ცნობილი მოქანდაკის ზურაბ წერეთლის მიერ წმინდა გიორგის ძეგლის მომავალში დადგმასთან დაკავშირებით კი აცხადებს, რომ თუ გვინდა ჭეშმარიტად პატივი მივაგოთ საქართველოს მფარველად მიჩნეულ წმინდანს, უმჯობესია თავისუფლების მოედანზე დაიდგას სტელა ან ბარელიეფი, რომელზეც ამოკვეთილი იქნება წმინდანის ცხოვრების ამსახველი ეპიზოდები.