საწვავის ფასი თავს ძლივს იმაგრებს

საწვავის ფასი თავს ძლივს იმაგრებს

საქართველოში საწვავი მორიგი გაძვირების ზღვარზეა. სანავთობო ბირჟებზე წამოწყებულმა სპეკულაციებმა, ევროპაში ნაადრევად დაწყებულმა მკაცრმა ზამთარმა და დოლარის შესუსტებამ „შავი ოქრო“ ბოლო 26-თვიანი რეკორდის მაჩვენებელზე გაიყვანა. ჯერჯერობით, უცვლელია საქართველოში საწვავის საცალო ღირებულება.  ამის ერთადერთი გარანტი ლარის კურსის ბოლოდროინდელი გამყარებაა.  ამასთან ნავთობიმპორტიორები დარწმუნებულნი არიან, რომ უახლოესი დღეებში ფასები დაბლა დაეშვება.

 

2-3 კვირაა, რაც ნავთობის ფასები სტაბილურად იზრდება. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილის განცხადებით, ნავთობის ფასების მატება სხვადასხვა ფაქტორითა განპირობებული.

 

„მათ შორის, დოლარის დაცემა ევროსთან მიმართებაში; მსოფლიოში ეკონომიკური ზრდის ტემპების დაჩქარების შესახებ პროგნოზები (ძირითადად ამერიკაში, ჩინეთსა და აზიურ ქვეყნებში); უპრეცედენტოდ ცივი ზამთარი ევროპაში, რომელმაც ნავთობის მოხმარების ზრდა გამოიწვია“, - აცხადებს მთვრალაშვილი.

 

ბოლო საბირჟო გარიგების შედეგად ნავთობი ცოტათი გაიაფდა, მაგრამ 1 ბარელის ღირებულება მაინც 90 დოლარს აჭარბებს, რაც ბოლო 26 თვის განმავლობაში რეკორდულად ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. თუკი ევროპაში მკაცრი ზამთარი კიდევ უფრო გამკაცრდა ან არსებული მდგომარეობა დიდხანს გაგრძელდა, გამორიცხული არ არის, „შავი ოქრო“ კიდევ გაძვირდეს და სამციფრიან ნიშნულსაც მიუკაკუნოს.

 

საერთაშორისო ფასებთან თანხვედრაშია საქართველოში იმპორტირებული ნავთობპროდუქტების ფასებიც. „პლატცის“ მიხედვით, რომლითაც ხორციელდება საქართველოში საწვავის იმპორტი, ბოლო დღეების ბენზინსა და დიზელის საბითუმო ფასები მნიშვნელოვანადაა მომატებული. კერძოდ, 2010 წლის 7 დეკემბრის მდგომარეობით, 1 ტონა ბენზინის ფასი 842 დოლარს უწია, ხოლო იგივე რაოდენობის დიზელის ფასმა 760 დოლარს. ბოლო ერთი თვის განმავლობაში 1 ტონა საწავავის ფასი 80-90 დოლარითაა მომატებული.

 

უცხოელი ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ ევროპაში თავიდან გაღრმავებული კრიზისის ფონზე ნავთობის გაძვირება სპეკულაციებით იყოს გამოწვეული. აღსანიშნავია, ისიც, რომ მენავთობეები მასზე მაღალი ფასის დიდი ხნით შერარჩუნებას ვერ ახერხებდნენ. 

 

ნავთობპროდუქტების კავშირის ხელმძღვანელის ვანო მთვრალაშვილის განცხადებით, ნავთობის ფასი ერთ ნიშნულზე არ ჩერდება, გაძვირებული ნავთობი ისევ იაფდება და ეს პროცესი გარკვეულწილად შექმნილ ვითარებას აკომპენსირებს.

 

„ჯერჯერობით, პროგნოზის გაკეთება ძნელია. არ არის გამორიცხული, რომ საწვავმა ისევ გაიაფება დაიწყოს“, - ამბობს მთვრალაშვილი.

 

სხვათა შორის, მომავალი წლიდან ნავთობზე ფასი დაწევას ოპეკშიც არ გამორიცხავენ. ოპეკის პრეზიდენტი, ეკვადორის ნავთობის მინისტრი ვილსონ პასტორი პროგნოზირებს, რომ 2011 წელს ბარელი ნავთობის ფასი 75-85 დოლარი იქნება.

 

„ოპეკი ვარაუდობს, რომ მომავალ წელს ნავთობის ფასს 75-85 დოლარის დიაპაზონში იმერყევებს, რაც მისაღებია, როგორც მწარმოებლებისათვის, ასევე ნავთობის მომხმარებლებისათვის“, - განაცხადა პასტორმა.