„ზურაბ ადეიშვილის ბრალდების შესახებ დადგენილება მომზადებულია“

„ზურაბ ადეიშვილის ბრალდების შესახებ დადგენილება მომზადებულია“

"თუ რომელიმე საკითხთან დაკავშირებით, გიგა ბოკერიას ინფორმირებულობა გამოიკვეთება, იგი დაიკითხება“, -აცხადებს მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი For.ge-ს საპასუხოდ, როცა ჩვენ დავინტერესდით, დაიწყება თუ არა გამოძიება უშიშროების საბჭოს მიერ ბიუჯეტიდან ლობისტებისთვის 50 მილიონის ხარჯვის თაობაზე და დაიკითხება თუ არა გიგა ბოკერია.  

„ამა თუ იმ ადამიანის დაკითხვა გამოძიების მიმდინარეობიდან გამომდინარე ხორციელდება. იმ შემთხვევაში, თუკი გამოძიების დროს ასეთი საჭიროება ჩვენს წინაშე დადგება, ბუნებრივია, აქ არანაირი დაბრკოლება არ იარსებებს და ყველა ადამიანი, მათ შორის, უშიშროების საბჭოს მდივანი, თუ კი ამა თუ იმ საკითხზე მისი ინფორმირებულობა გამოიკვეთება, დაკითხული იქნება“, - აღნიშნა არჩილ კბილაშვილმა.

ამასთან, ჟურნალისტებისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე მთავარი პროკურორი რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს შეეხო.

ერთ-ერთი აქტუალური თემა იყო პროკურატურის მიერ დაკავებული პირების თავისუფლებაზე გაშვება კუბლაშვილის დაქვემდებარებაში მყოფი მოსამართლეების მიერ. აღნიშნულმა ქმედებებმა საზოგადოებაში მართლაც გაღიზიანება გამოიწვია, რადგან ისინი ხედავენ, რომ, თუ წინა წლებში მოსამართლეები თავს არ იკლავდნენ თუნდაც მართალი ადამიანების გამოშვებით, დღეს ისევ იგივე მოსამართლეები ათავისუფლებენ უკვე დანაშაულში მხილებულ ადამიანებს.

თავად არჩილ კბილაშვილს ადამიანურად ახარებს კიდეც, რომ ცალკეული პირები თავისუფლებაში არიან და მისი თვითმიზანი არ არის, ვიღაცის გისოსებს მიღმა დანახვა, მაგრამ კითხვები მასაც უჩნდება. მით უფრო, რომ გასულ წლებში 200-მდე პოლიტპატიმარი და ათეულობით პოლიტდევნილი ჰყავდა ქვეყანას, რაც იმის მანიშნებელი იყო, რომ თავის დროზე მოსამართლემ არ შეასრულა დაკისრებული მოვალეობა და გადაწყვეტილება მტკიცებულებებს მიღმა გამოიტანა. ეს კი, ცხადია, ყოფილი ხელისუფლებისა და პროკურატურის მოთხოვნით ხდებოდა და სასამართლო მათ დაკვეთებს ასრულებდა. ახლა შეიცვალა ვითარება და სასამართლოს წინაშე წარდგნენ სწორედ იმ ხელისუფლების წარმომადგენლები, ვის დაკვეთასაც სასამართლო ასრულებდა. შესაბამისად, დღესაც სასამართლომ კვლავ აღმოუჩინა დახმარება მათ და ისინი თავისუფლებაში არიან. ამიტომ, არჩილ კბილაშვილს ბუნებრივად უჩნდება კითხვა, ხომ არ არის ეს იმ დახმარების გაგრძელება, რომელ დახმარებასაც სასამართლო უწევდა ყოფილ ხელისუფლებას. ამის გამოსასწორებლად მთავარი პროკურორი სასამართლო რეფორმის ჩატარებაზე ამახვილებს ყურადღებას.

ამის დასტურად არჩილ კბილაშვილმა გაიხსენა ცოტა ხნის წინ ვანო მერაბიშვილის ბიძის, ლევან თუმანიშვილის პასუხისგებაში მიცემის ფაქტი, როცა ამ ადამიანის აღმკვეთი ღონისძიების საკითხზე მსჯელობისას ახალციხის სასამართლოს მოსამართლემ მიიჩნია, რომ ის იყო 67 წლის და მისთვის პატიმრობა არ იყო ადექვატური. ამიტომ იგი თავისუფლებაში დატოვა. ჰუმანური პოზიციიდან გამომდინარე, რასაკვირველია, შეიძლება ეს შესაფერის გადაწყვეტილებად მიაჩნდეს ვინმეს, რომ არა კონკრეტული ფაქტობრივი მონაცემები, როცა ერთი წლის წინ ამავე მოსამართლემ საპყრობილეში გაგზავნა 71 წლის მოხუცი ქალბატონი, თანაც ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთის ბრალდებით და მაშინ ამ ქალბატონის თავისუფლებაში დასატოვებლად საკმარისად არ მიიჩნია არც მისი ჯანმრთელობა და არც სხვა ფაქტობრივი გარემოებები. ეს მაშინ, როცა, მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარემ წარადგინა კონკრეტული მტკიცებულება, თუ როგორ ახდენდა თუმანიშვილი მოწმეზე ზეგავლენას და ეს ტელევიზიითაც გავრცელდა. მოწმე პირდაპირ აცხადებს, რომ თავისუფლებაში ყოფნის დროს ბატონი თუმანიშვილი მასზე ახდენდა ზეგავლენას.

„პატიმრობის საკითხის დროს საქმე იხილება არა დანაშაულის ქონა-არქონაზე, არამედ თავისუფლებაში ყოფნით ხომ არ შეუშლის პირი ხელს გამოძიებას?! როცა აფასებ ამ ყველაფერს და ხედავ, რომ მოსამართლემ თავისუფლებაში დატოვა ადამიანი, რომელიც ზეგავლენას ახდენდა მოწმეებზე და ხელს უშლიდა გამოძიებას, ჩნდება კითხვა, ეს ბუნებრივად ამ მოსამართლის ნააზრევია?! ამიტომ, ეს უნდა გამოვიდეს სააშკარაოზე“, - მიიჩნევს არჩილ კბილაშვილი.

გარდა ამისა, იგი სხვა თემებსაც შეეხო. მისი თქმით, როდესაც დეპუტატი დაკითხვაზე არ ცხადდება, იუსტიციის მინისტრს პარლამენტის თანხმობით უფლება აქვს ამ პირის მიმართ დევნა დაიწყოს.
რაც შეეხება ცალკეულ დეპუტატთა განცხადებას იმის თაობაზე, რომ ისინი მზად არიან, კითხვებს საჯარო პასუხი გასცენ, არჩილ კბილაშვილის პირადი პოზიცია დაკითხვის ღია წესთან მიმართებით დადებითია, თუმცა ამას კანონი არ ითვალისწინებს და მოწმის დაკითხვა ხდება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, რაც მკაცრად გაწერილი აქტია.

უფრო მეტიც, არჩილ კბილაშვილის თქმით, საქართველოში არ არსებობს თანამდებობის პირი, რომელსაც უფლება აქვს, მოწმის სახით დაკითხვაზე უარი განაცხადოს. უფრო კონკრეტულად, არცერთი თანამდებობა არ არსებობს საქართველოში, არც პარლამენტის წევრის, არც მოსამართლის, არც აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლის, ან თუნდაც ქვეყნის პირველი პირის, ვისაც უფლება ჰქონდეს, მოწმის მოვალეობის შესრულებაზე უარი თქვას. ამიტომ, ყველა ვალდებულია, გამოცხადდეს პროკურატურაში და მისცეს ჩვენება. ეს მაშინ, როცა ზუგდიდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი როლანდ ახალაია დაკითხვაზე მისვლას არ აპირებს და, ასევე, დაკითხვაზე არ გამოცხადდა, საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი წევრი დავით საყვარელიძე.

უკვე ცნობილია, რომ საგადასახადო შეთანხმების მიზნით დიდი ოდენობით ქრთამის აღებისა და დოკუმენტაციის გაყალბების საკითხთან დაკავშირებით,  ყოფილი პრემიერი ვანო მერაბიშვილიც დაიკითხება, რადგან გავრცელებული აუდიოჩანაწერებიდან ირკვევა, რომ „ეს ადამიანი ინფორმირებულობას ამჟღავნებს თემასთან დაკავშირებით“.

ამასთან, არჩილ კბილაშვილის ნათქვამის მიხედვით, ირკვევა, რომ ზურაბ ადეიშვილის ბრალდების შესახებ დადგენილება პრაქტიკულად მომზადებულია, დღეს თუ არა ხვალ, სასამართლოს წარედგინება და მისი ბრალეულობა ციხის ინციდენტთან დაკავშირებით იკვეთება.

მისივე ინფორმაციით, ციხის ინციდენტის ვიდეომასალების ექსპერტიზა უკვე ჩატარებულია, მათ შორის, იქ მყოფთა იდენტიფიცირების მიზნით, ხოლო უშუალოდ ე.წ. ცოცხის კადრთან დაკავშირებით, მონტაჟის კვალი არ ჩანს.

არჩილ კბილაშვილის პრესკონფერენციიდან ისიც გაირკვა, რომ ერთ-ერთი ყოფილი მინისტრის მიმართ მის უწყებას პრეტენზიებით უცხო ქვეყნის საელჩომაც მიმართა. მართალია, მთავარი პროკურორი ამ მინისტრის ვინაობას არ ასახელებს, მაგრამ აღნიშნავს, რომ ეს ძალიან მძიმე შემთხვევაა და საქმე ეხება ამ მინისტრის  მოთხოვნით, „ტოიოტას“ მარკის 10 ავტომანქანის შეძენის იძულებას. 

უკვე გაირკვა, რომ განზრახ მკვლელობის გარდა, ნაფიცმა მსაჯულებმა, შესაძლოა, სხვა ტიპის საქმეებიც განიხილონ. მათ შორის, ისეთი საქმეებიც, რომელთა პოლიტიკურ მოტივირებულობასთან დაკავშირებით შესაძლოა, კითხვები არსებობდეს. მართალია, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის გამოყენება ძვირი სიამოვნებაა და ძნელია, რადგან 12 დამოუკიდებელი და „არავისთან დაკავშირებული“ პირის მოძიება რთულია, თუმცა ამის გამო მასზე უარის თქმა არ შეიძლება.

ცნობისთვის, 2012 წლის 26 ოქტომბრიდან, მას შემდეგ, რაც არჩილ კბილაშვილი მთავარ პროკურორად დაინიშნა, პროკურატურაში 145 ახალი კადრი მიიღეს, მათ შორის, 98 პროკურორი, 29 გამომძიებელი, 18 სხვადასხვა მუშაკი, მათ შორის, 44 ადვოკატურიდან მოსული კადრია, ხელმძღვანელობის ყველა რგოლი შეიცვალა, ნაწილი სრულიად გათავისუფლდა. კერძოდ, პროკურატურიდან 46 მუშაკი გაუშვეს.