სარეკლამო ბაზარზე ყველაზე დიდი პერსპექტივა ინტერნეტ რეკლამას აქვს. სპეციალისტების განცხადებით, ბაზარზე ინტერნეტ-რეკლამის წილი მკვეთრად იზრდება. საქართველოში ამ მიმართულებით განსხვავებული პრობლემა არსებობს, პოპულარულ საიტებს რეკლამის განსათავსებლად საჭირო სივრცე არ აქვთ. კერძოდ, ამ საიტებზე რამდენიმე რეკლამის დადებაა შესაძლებელი, რომელსაც კომპანია ნახევარი ან ერთი წლით უკვეთავს.
სარეკლამო სააგენტო Zenithoptimedia-ს ინფორმაცით, 2011 წელს მსოფლიოში სარეკლამო ხარჯები 4,6%-ით გაიზრდება და 463 მილიარდ დოლარს გადააჭარბებს. სააგენტოს გათვლებით, 2012 და 2013 წლებში ეს ხარჯები 5,2%-ით გაიზრდება.
ზრდის მთავარი ფაქტორი ინტერნეტ-რეკლამაზე გაზრდილი მოთხოვნა იქნება. სააგენტოს ინფორმაციით, ინტერნეტ-რეკლამაზე გაღებული თანხები მთელ სარეკლამო ბაზარზე სწრაფად გაიზრდება. თუ 2009 წელს ამ სახის რეკლამაზე 54 მილიარდი დოლარი დაიხარჯა, მიმდინარე წელს ეს მაჩვენებელი 62 მილიარდს მიაღწევს, 2011-ში კი 70,5 მილიარდამდე მოიმატებს.
როგორც ყოველთვის ხარჯების ყველაზე დიდი ნაწილი კვლავ ტელერეკლამაზე მოვა. 2013 წელს მისი წილი 42%-ს შეადგენს (წელს ის 41 პროცენტია). რაც შეეხება გაზეთებსა და ჟურნალებში განთავსებულ რეკლამას, მათი მოცულობა 2%-ით შემცირდება.
რაც შეეხება საქართველოს ქართველი ექსპერტების განცხადებით, სექტემბრის შემდეგ სარეკლამო ბაზარი გააქტიურდა, თუმცა აქტივობა ორი წლის წინანდელ მაჩვენებელს მაინც ჩამორჩება. ექსპერტების გათვლებით, ქართველი და უცხოელი ექსპერტების განცხადებით, საქართველოში სარეკლამო ბუმი 2012 წელს იქნება. ბუნებრივია, ეს დამოკიდებულია იმაზე თუ როგორი იქნება ეკონომიკური აქტივობა საქართველოში.
სარეკლამო კომპანიების ხელმძღვანელები ბაზრის აქტიურობას კრიზისის დასრულებას მიაწერენ. მათი განცხადებით, ბიზნესს უკვე აქვს შესაძლებლობა, რომ ზუსტი დაგეგმარება აწარმოოს, ვინაიდან კრიზისი თითქმის დასრულებულია.
გარდა ამისა, შემოდგომას სარეკლამო ბიზნესი ყოველთვის აქტიურობით გამოირჩეოდა. მარკეტინგული კომპანია „ჯეპრას“ ხელმძღვანელის სოსო გალუმაშვილის შეფასებით, სარეკლამო ბაზარი ოქტომბრის დასაწყისში გააქტიურდა, რაც ერთის მხრივ სარეკლამო პერიოდის დადგომასთან არის დაკავშირებული, მეორეს მხრივ კი სამომხმარებლო აქტივობის ზრდას უკავშირდება.
სიახლეა სატელეკომუნიკაციო ბაზარზეც, სადაც კონკურენციის გამძაფრება ხელისუფლების ახალმა გადაწყვეტილებამ გამოიწვია - საუბარია ნომრის შეცვლის გარეშე ოპერატორის შეცვლის სიახლის დანერგვაზე. შედეგად, როგორც გალუმაშვილი აცხადებს, მობილურ ოპერატორებს სარეკლამო ბიუჯეტების გაზრდა მოუწევთ.
ბაზარზე კი ნიშას მსხვილი კომპანიები იკავებენ.
„შესაბამისად, გვეყოლება მსხვილი დამკვეთები - როგორც ქართული, ისე საერთაშორისო კომპანიები. მცირე დამკვეთები კი ინტერნეტ სივრცეში გადაინაცვლებენ“, - ამბობს გალუმაშვილი.
საქართველოში, როგორც წესი, ყველაზე მეტ რეკლამას ტელევიზიებში ათავსებენ. სპეციალისტების განცხადებით, სატელევიზიო რეკლამას განსაკუთრებული ეფექტი აქვს. გარდა ამისა, საქართველოში მხოლოდ ტელევიზიით გასული რეკლამის სრული მონიტორინგია შესაძლებელი და იგი ერთადერთი სფეროა, სადაც შესაძლებელია შედეგის დათვლა.
„ტრადიციულად კომპანიების დიდი ნაწილი ტელერეკლამას ანიჭებს უპირატესობას და ბოლო პერიოდის განმავლობაში ამ კუთხით ცვლილება არ ყოფილა. ბოლო ტენდენციებს თუ დავაკვირდებით, მკვეთრად მოიმატა ინტერნეტ რეკლამამ“, - აღნიშნავენ სპეციალისტები.
მთელ მსოფლიოში ინტერნეტ რეკლამის ბუმია. თანდათან რეკლამები ქართულ საიტებზეც იზრდება, თუმცა ინტერნეტრეკლამის განთავსებისას სხვა სახის პრობლემა იკვეთება. პოპულარულ საიტებს რეკლამის გასათავსებლად საჭირო სივრცე არ აქვთ. კერძოდ, ამ საიტებზე რამდენიმე რეკლამის დადებაა შესაძლებელი, რომელსაც კომპანია ნახევარი ან ერთი წლით უკვეთავს.
„იკვეთება შემდეგი სიტუაცია, რეკლამის განთავსების მსურველი არსებობს, თუმცა პოპულარულ საიტებს ამის რესურსი არ აქვს. ძალიან ცოტა სარეკლამო ადგილია. მან ეს რესურსი უნდა გაზარდოს, რათა მერე სარფიანად გაყიდოს“, - ამბობს გალუმაშვილი.
პიარისა და ტექნოლოგიების საკითხების ექსპერტის თორნიკე გურულის განცხადებით, ბოლო პერიოდში ონლაინ, ანუ ინტერნეტ რეკლამის როლი მკვეთრად გაიზარდა, ვინაიდან ადამიანების დიდი ნაწილი ინტერნეტში უფრო მეტ დროს ატარებს, ვიდრე ტელევიზორთან, რადიოსთან ან ქუჩაში. სწორედ ამიტომ გარკვეული სეგმენტისათვის ყველაზე ეფექტურად ინფორმაციის მიწოდება ინტერნეტის საშუალებით არის შესაძლებელია.
რამდენიმე წელიწადში ონლაინრეკლამა უფრო პოპულარული გახდება, ვიდრე აქამდე იყო. დღეს 35 წლამდე ასაკის ადამიანთა დიდი ნაწილი ონლაინ რეჟიმშია, პოპულარობა ემატება ონლაინ მაღაზიებსაც. ასე რომ, ცალკეული სეგმენტებისათვის ინფორმაციის მისაწოდებლად ონლაინ რეკლამა ძალიან პერსპექტიულია“, - ამბობს გურული.