თორნიკე შენგელიამ „ბასკონიადან“ წასვლის წინ, ვიტორიაში ბოლო პრეს-კონფერენცია გამართა.
28 წლის ქართველ კალათბურთელთან ერთად ჟურნალისტებს კლუბის სპორტული დირექტორი ფელიქს ფერნანდესი შეხვდა და მან შენგელიას „ბასკონიას“ სიმბოლო და მათი წარმატებების მთავარი სულისჩამდგმელი უწოდა.
ფერნანდესმა თორნიკეს კლუბის 318-ნომრიანი მაისური გადასცა, რაც ქართველი სპორტსმენის მიერ ამ გუნდში ჩატარებული ოფიციალური მატჩების რაოდენობას აღნიშნავს. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა განაცხადა, რომ „ბასკონია“ მისი მეორე სახლია და აქ გატარებული პერიოდი არასოდეს დაავიწყდება.
თორნიკე შენგელია აგვისტოს შუა რიცხვებში მოსკოვში ჩავა და ევროლიგის მოქმედ ჩემპიონთან, „ცსკა“-სთან 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.