ბრაზილიის საფეხბურთო ჩემპიონატი 8 აგვისტოს დაიწყება, - ამის შესახებ ინფორმაციას News Track English-ი ავრცელებს.
ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებმა, კლუბების წარმომადგენლებთან ჩატარებული ვიდეოკონფერენციის შემდეგ, მთლიანი სეზონის კალენდარი დაამტკიცეს.
წლევანდელი პირველობა გასაგები მიზეზების გამო შემჭიდროებულ გრაფიკში გაიმართება და კვირაში ორი ტური შედგება.
პირველი ტურის მატჩები 8-9 აგვისტოსაა დაგეგმილი, ბოლო ტური კი 2021 წლის 24 თებერვალს გაიმართება.
ბრაზილიის წლევანდელი ჩემპიონატი 3 მაისს უნდა დაწყებულიყო, თუმცა კორონავირუსის გამო სტარტმა სამი თვით გადაიწია.
ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი „ფლამენგოა“, რეკორდსმენი კი „პალმეირასი“, რომელმაც ოქროს მედლები 10-ჯერ მოიპოვა.