„არსებობს ნიშნები და ინფორმაციაც, რომ აპრილში პარლამენტის დასათხოვად ემზადება“

„არსებობს ნიშნები და ინფორმაციაც, რომ აპრილში პარლამენტის დასათხოვად ემზადება“

"ნაციონალური მოძრაობის“ პოსტარჩევნებისეული დაპირება, ანუ ხელისუფლებაში დაბრუნება, როგორც ჩანს, ძალას იკრებს. ბოლო რამდენიმე დღეა, ქვეყნის პრეზიდენტი განსაკუთრებული აგრესიულობით გამოირჩევა, მის გამოსვლებში არც სიძულვილის ენაა უცხო. ასე სააკაშვილი მხოლოდ წინასაარჩევო პერიოდში აქტიურდება-ხოლმე. ისიც ითქვა, რომ ასე მტკივნეულად თანაგუნდელებს დაკავებაზე რეგირებს. პირველი ეტაპი - თავდაცვის, შემდეგ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას დაკავება ყოფილი ხელისუფლების წყალობით ახალ მთავრობას საკმაოდ ძვირად დაუჯდა. დასავლეთისგან კრიტიკა, შენიშვნები და მოწოდებები კოჰაბიტაციაზე, საკმაოდ აქტუალური თემა გახდა საქართველოშიც და მის ფარგლებს გარეთაც. დაკავებების ახალმა ეტაპმა „ნაციონალური მოძრაობის“ აღშფოთების ახალი ტალღა ააგორა. ექსპერტები და თავად „ქართული ოცნების“ წევრებიც კი თვლიან, რომ კარგი იქნებოდა, ზოგიერთი ყოფილი ჩინოვნიკი გამოძიების დასრულებამდე არც დაეპატიმრებინათ.

ექსპერტი გოგი ხუციშვილი მიიჩნევს, რომ როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, ნიკა გვარამიას დაკავება თავისუფალი მედიის წარმომადგენლის დაკავებად წარმოაჩინოს, შეიძლებოდა, მთავრობას აღმკვეთ ღონისძიებად უფრო მსუბუქი ფორმებიც შეერჩია, თუმცა სამართლებრივად, თუკი პოლიტიკურ ნაწილს ჩამოვაცილებთ, ყველაფერი გამართულია, სამინისტროებმა და სამართალდამცავმა უწყებებმა თავიანთი საქმე უნდა აკეთონ. რის მიღწევას ცდილობს ასეთი რიტორიკით ქვეყნის პრეზიდენტი და აქვს თუ არა „ნაციონალურ მოძრაობას“, როგორც თავად აანონსებს, მეორედ მოსვლის შანსი, ამ თემაზე ექსპერტი გოგი ხუციშვილი გვესაუბრება.  

„ნაციონალური მოძრაობის“ კონფერენციაზე სააკაშვილი კვლავ თავისი ჩვეული რიტორიკით მოგვევლინა, რას ნიშნავს, როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი ასეთი აგრესიულია?

- ასეთი რიტორიკა არ შეეფერება სახელმწიფო მეთაურს, გარდა ამისა, ის კოჰაბიტაცია, რომელიც თვითონ გამოაცხადა,  გამოდის რომ ანაცვალა ნიკა გვარამიასა და სხვათა პრესტიჟს - როგორ გაბედა ამ ხელისუფლებამ და შეეხო მათ. და მეორე, როგორ გაბედა ხალხმა, რომ რეაგირება მოახდინა, ქუჩაში გავიდა და რაღაცეები უძახეს.

სააკაშვილს თუ ჰგონია, ქუთაისში ხალხი რომ გამოვიდა, ისინი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები არიან და სხვა ამას არ გააკეთებდა, ასე არ არის. ჯერ ერთი, დადასტურებული არ არის, რომ „ქართული ოცნების“ აქტივისტები იყვნენ, მაგრამ ასეც რომ იყოს, ისინი შენი მოქალაქეები არ არიან, ბანდოლოგებს რომ უწოდებ?

არ შეიძლება, როდესაც „ქართული ოცნება“ ამაზე შესაბამისად არ რეაგირებს, ვიღაცამ მაინც, თუნდაც პარლამენტმა, მისი გამოსვლები უნდა შეაფასოს, როგორც ანტისახელმწიფოებრივი ქმედება. დიდ პატივს ვცემ დავით უსუფაშვილს, ძალიან კარგი პარლამენტის თავმჯდომარეა, მაგრამ იმისათვის, რომ მიხეილ სააკაშვილის და „ნაციონალური მოძრაობის“ ქმედებები შესაბამისად შეფასდეს, არაფერს აკეთებენ.

სააკაშვილის გამონათქვამებიც უნდა შეფასდეს და ის მანიპულაციებიც, რომელიც გარე მოხმარებისთვის, სათავისოდ გამოსაყენებლად არის გამიზნული. ამის გარდა, უნდა არსებობდეს ქვეყანაში საინფორმაციო პოლიტიკა, რომელიც გამიზნული იქნება როგორც ხალხის ინფორმირებულობისთვის, ასევე გარე სამყაროსათვის. ამას საგარეო საქმეთა სამინისტრო, ასევე სხვა უწყებები უნდა აკეთებდეს, ამ ეტაპზე ვერ ვხედავ, რომ ეს ყველაფერი კეთდება.

ძალიან აგრესიული იყო და დამცინავი სააკაშვილი როდესაც განაცხადა, რომ ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ არიან ადამიანები, რომლებსაც მისი სიმაღლე აღიზიანებთ, რას ნიშნავს როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი თავს უფლებას აძლევას ასე ილაპარაკოს?

- დიდ ყურადღებას ასეთ გამონათქვამებს არ დავუთმობდი, მთავარია, ხალხის განწყობას ის როგორ აფასებს, საკუთარ ხალხზე რას ამბობს.

რისი იმედი აქვს მიხეილ სააკაშვილს, რომ გაღიზიანდება ივანიშვილი, „ქართული ოცნება“, მასთან პოლემიკაში ჩაერთვება და ატყდება ხელჩართული ბრძოლა?

- სააკაშვილი ცდილობს, ქვეყნის გარეთ დაფიქსირდეს, საქართველოში არეული, ქაოტური მდგომარეობა - მისი ქმედებებით ასე გამოდის. ძალიან ხშირად ვამბობთ, რომ ამითი დაინტერესებულია მიხეილ სააკაშვილი, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ მიხეილ სააკაშვილი. ეს არის ნაცმოძრაობის გუნდური ტაქტიკა და სააკაშვილი ამ გუნდის სპიკერია. ყველა ერთად იზიარებს გასული პერიოდის პასუხისმგებლობას და ამიტომ ცდილობენ ერთმანეთის მხარდაჭერას და ყველა ერთ ხმაში ლაპარაკობს.

მგონია, რომ როგორც პოლიტიოკური ძალის, „ნაციონალური მოძრაობის“ არენაზე გადარჩენის ერთადერთი შანსი იყო, ერთ ხმაში აღარ ელაპარაკათ და შიდა ოპონირება დაეშვათ, ეჩვენებინათ, რომ იქაც რაღაცა აზრი ტრიალებს და ხალხს გაუჩნდებოდა განცდა, რომ ზოგიერთი მათგანი მაინც პოლიტიკაში დასატოვებელია. ერთ ხმაში რომ ლაპარაკობენ, პოლიტიკური არენიდან ასე ერთიანად გაუშვებს მათ ქართველი ხალხი.

არსებობს მოსაზრება, რომ სააკაშვილს იმედი აქვს, პარლამენტის დათხოვნის უფლებას გამოიყენებს. ხალხის განწყობას თუ გავითვალისწინებთ, „ნაციონალურ მოძრაობას“ რიგგარეშე არჩევნების შემთხვევაში პოლიტიკაში დარჩენის შანსები კიდევ უფრო უნდა შეუმცირდეს, როგორ ფიქრობთ წავა სააკაშვილი ამაზე?

- აქ თამაშია, მოსინჯვა ხდება, თუ გარე სამყაროში აგორდება, რომ საქართველოში არეულობაა, ეს გადაწონის თუ - ვერა. ვიცი, როგორი გაცხარებული მუშაობა მიმდინარეობს ვაშინგტონში. პრომიშისტული ძალები თავიდან უფრო ბრიუსელში შეიმჩნეოდა. ამერიკაში იყო პოზიცია, რომ მოდით, მოვიცადოთ და ვნახოთ, რა მოხდება. შემდეგ, ეს დაპატიმრებების პროცესი ნაციონალებმა ისე ოსტატურად გამოიყენეს, რომ ვაშინგტონიდან ახალი ხელისუფლების მიმართ უკვე წამოვიდა გაფრთხილებები. ახლა ცდილობენ, რომ კიდევ უფრო გააღვივონ ანტისახელისუფლებო განწყობა, უნდათ წარმოაჩინონ, რომ საქართველოსთვის ეს არის სასურველი ხელისუფლება. ცდილობენ, რომ ჯერ უკრაინის, ხოლო შემდეგ ბელორუსის კატეგორიაში გადაგვიყვანონ. მერე უფრო ადვილი გახდება მანიპულირება. იტყვიან, რომ ჩვენ, ოპოზიციას იმიტომ გვჩაგრავენ, რომ ეს არის ბელორუსის ტიპის რეჟიმი. ეს გეგმა ჯერჯერობით არ გამოსდით, მაგრამ თუ ასე გაგრძელდა, შესაძლოა, გამოუვიდეთ კიდეც.

ვაშინგტონისთვის ხელმიუწვდომელია ინფორმაცია, რაც რეალურად საქართველოში ხდება?

- არა. იქ არის ძალიან დიდი ზეწოლა იმ ძალებისა, რომლებმაც პოლიტიკური ინვესტიცია ჩადეს სააკაშვილში, როგორც პოსტსაბჭოთა სივრცეში მათთვის საჭირო ძალაში.

ნეოკონსეტვატორებს გულისხმობთ?

- უპირველეს ყოვლისა მათ, ევროპაში კი ეს არის „სახალხო პარტია“ და მისი თანამოაზრე პარტიები, რომლებიც „ნაციონალურ მოძრაობას“ თავიან შემადგენელ ძალად თვლიან და არა პარტნიორ ან მეგობრულ პოლიტიკურ ძალად.

სააკაშვილს მხოლოდ პარლამენტის კი არა მთავრობის დათხოვნის უფლებაც აქვს, თუმცა მან თქვა, რომ ამ უფლების გამოყენებას არ აპირებს...

- შეუძლია მას ახალი მთავრობა წარადგინოს, პარლამენტმა შეიძლება მხარი არ დაუჭიროს ახალ მთავრობას და ძველის დათხოვნა არ დაამტკიცოს, მეორედ და მესამედაც თუ იგივე პროცედურა ჩატარდება და პარლამენტი არ დაამტკიცებს ახალ მთავრობას, პრეზიდენტს შეუძლია დაშალოს პარლამენტი, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები გამოაცხადოს, მანამდე კი მთავრობის ის შემადგენლობა დანიშნოს, რომელიც წარადგინა. გამოდის, რომ ახალ საპარლამენტო არჩევნებს უკვე პრეზიდენტის მიერ დანიშნული ახალი მთავრობა ჩაატარებს.

სააკაშვილმა კი თქვა, რომ არ აპირებს მთავრობის დათხოვნას, მაგრამ არის ნიშნები და ინფორმაციაც, რომ ამ სცენარის განხორციელებას სააკაშვილი აპრილისთვის გეგმავს. თუმცა, ამის განხორციელებას ძალზე სერიოზული მიზეზი სჭირდება, რომ ლეგიტიმურად გამოჩნდეს ეს პროცესი. ლეგიტიმურად კი მაშინ შეიძლება გამოჩნდეს, თუ სერიოზულად აირევა ქვეყანაში სიტუაცია ან სერიოზულად ჩავარდება პარლამენტის მუშაობა.

სააკაშვილის რიტორიკაც ამიტომ გამწვავდა და შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ის უკვე წინასაარჩევნო რეჟიმშია?

- ამჯერად, მისი ამოცანაა, წარმოაჩინოს, რომ ახალი მთავრობა ვერ უძღვება თავის საქმეებს, ვერ მართავს ქვეყანას.

თუ არჩევნები ჩატარდება, არის შანსი, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბარიერიც ვერ გადალახოს, იმისი ალბათობაც დიდია, რომ გაყალბებას ვერ მოახერხებენ. თუ დავუშვებთ, რომ ასეთ პირობებში სააკაშვილი მაინც წავა ვა-ბანკზე, უნდა ვივარაუდოთ რომ მხოლოდ დასავლეთის იმედად? გვახსოვს წინა საპრეზიდენტო არჩევნები, როცა ბუშმა ისე მიულოცა სააკაშვილს გამარჯვება, ხმებიც არ იყო დათვლილი...

- არ მგონია, საქმე აქამდე მივიდეს, რადგან ვფიქრობ, ხალხი თავის რეაქციას ქუჩაში გამოხატავს. ამის გარდა, რაც მაშინ ბუშმა გააკეთა, წამსვლელ ხელისუფლებას მსგავს საჩუქარს არავინ გაუკეთებს დასავლეთიდან. მაინც მგონია, რომ თუ სააკაშვილი რაიმე მსგავსი სცენარის განხორციელებას დაიწყებს, მხოლოდ 100 ათასი კი არა, იმდენი ხალხი გავა ქუჩაში, რომ ვერავინ ვერ თქვას, „ქართული ოცნების“ აქტივისტები გამოვიდნენ და ისინი აპროტესტებენო. ვიცი, რომ საბოლოოდ ამას მიიღებს ნაციონალური მოძრაობა.

ბიძინა ივანიშვილი აპირებს ქართული ოცნების თავმჯდომარეობა გადაიბაროს, თვლით, რომ დროული ნაბიჯია?

- დადებითად ვაფასებს, არა იმიტომ, რომ მანანა კობახიძის მიმართ რაიმე უარყოფითი განწყობის გამოხარტვა მსურს, მაგრამ ვთვლი, რომ პარტია უფრო ძლიერი იქნება, თუ თვითონ ბიძინა ივანიშვილი ჩაუდგება სათავეში. პარტია მოითხოვს შენებას, ჩამოყალიბებას. ჩვენ ჯერ არ გვყოლია ქვეყანაში ისეთი ჩამოყალიბებული პარტიები, როგორიც დასავლეთის წამყვან ქვეყნებს ჰყავთ. ის, რასაც პარტია გულისხმობს, ჩვენს ქვეყანაში არასდროს არ ყოფილა და ოდესმე ხომ უნდა დაიწყოს ის პროცესი, რომ პარტია პარტიას დაემსგავსოს.

პარტია ჩვენთან გაპიროვნებული, ანუ ერთ კაცთან ასოცირებულია. პარტიას შეიძლება ჰყავდეს ერთი, მეორე ან მესამე ლიდერი, მაგრამ მას აუცილებლად უნდა გააჩნდეს იდეოლოგია და პლატფორმა, იყოს კოლექტიური ორგანო. ეს ჩვენთან ყოველთვის მოშლილი იყო.

„ნაციონალურ მოძრაობას“ პოლიტიკაში დარჩენის მეტი შანსი ექნებოდა თუ რეალურად ითანამშრომლებდა ახალ ხელისუფლებასთან. სააკაშვილმა აშკარად სხვა გზა აირჩია, როგორ ფიქრობთ რა შანსი აქვს ამ პოლიტიკურ ბრძოლაში?

- სხვათა შორის, თავიდან საკმაოდ გამოკვეთილი იყო ივანიშვილის მხრიდან სააკაშვილის პიროვნული მიუღებლობა, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ ერთი რამ - ხალხმა „ქართულ ოცნებას“ იმისათვის კი არ მისცა ხმა, რომ ივანიშვილი მდიდარი კაცია. „ნაციონალურ მოძრაობას“ ისე სურს წარმოაჩინოს, რომ ხალხმა სოციალურ პროგრამებს დაუჭირა მხარი და იმაზე აპელირებს, აბა სად არის ეს სოციალური პროგრამებიო - არა, ხალხმა ხმა მისცა „ნაციონალური მოძრაობის“ და სააკაშვილის გუნდის ქმედებების შეჩერებას. ამისთვის, როგორც ინსტრუმენტი, ხალხმა გამოიყენა ივანიშვილის გუნდი, იმიტომ, რომ სხვა ინსტრუმენტი არ იყო. ხალხმა ქვეყანაში დიქტატურის ჩამოყალიბებას, უსამართლობას, დაუსჯელობას, ძალოვანი სტრუქტურების სრული განუკითხაობას ბიზნესთან, მოსახლეობასთან მიმართებაში - ამ ყველაფრის შესაჩერებლად მისცა ხმა და შემდეგ იყო უკვე სოციალური პროგრამები.

თუმცა, ეს ყველაფერი არც ერთხელ არ უხსენებია და მითუმეტეს არც უღიარებია არც სააკაშვილს და არც მის გუნდს იმიტომ, რომ ეს მოითხოვს მათ პასუხისმგებლობას. ამიტომ იქცევიან ისე, თითქოს, შეცდომები საერთოდ არ დაუშვიათ. გამოჰყავთ ისე, თითქოს, მოვიდა ივანიშვილი და ვიღაცას ერჩის, იჭერს და ა.შ.

იჭერენ იმიტომ, რომ დაგროვდა დაუსჯელი დანაშაულები. გარე სამყაროში შესაძლოა, ეს რამენაირად იყიდება, მაგრამ, რა ქნას ივანიშვილმა, აპატიოს ეს ყველაფერი? თუ ივანიშვილი აპატიებს, მერე ქართველი ხალხი აპატიებს ბიძინა ივანიშვილს, ამათ რომ აპატია? ეს მომენტი დასავლეთისთვის გაუგებარია, მაგრამ ნაციონალებმა ხომ კარგად იციან?! ამიტომ, მოსახლეობასთან რაიმე ნდობის შენება, რაც შეიძლებოდა, დაწყებულიყო, არ შედგა. ველოდებოდი კიდეც, რომ არჩევნების შემდეგ მოხდებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ გარკვეული გარდაქმნა, იტყოდნენ, ხალხო გვაპატიეთ დავაშავეთ, მაგრამ ახლა გარდავიქმნებითო, თუმცა ეს არ მოხდა და არ ვიცი, ახლა რისი იმედი აქვთ.

ქართული ოცნების შანსი როგორია ამ ბრძოლაში - „ნაციონალურმა მოძრაობამ“კბილებიუკვე გამოაჩინა...

- პირველად ისტორიაში მოხდა პრეცედენტი და ხალხმა დაინახა, რომ მასზე რაღაც არის დამოკიდებული. ეს გამოვლინდა არჩევნებზე და მოხდა ისეთი რამ, რაც ძალიან ბევრს შეუძლებელი ეგონა. ახლაც, ხალხი იტყვის საბოლოო სიტყვას და ვერ მოხდება უსასრულოდ მანიპულირება.

რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, მათ ერთადერთი შანსი აქვთ - არა იმ ლიდერებმა, რომლებიც ჩანან, მათი გუნდიდან სხვა ფიგურებმა სრულიად ახლებური პოლიტიკური ძალა უნდა ჩამოაყალიბონ, ვიდრე ამისი შანსი შერჩენიათ. სააკაშვილი გვეუბნება, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ იგივე სახით იქნება წარმოდგენილი და იგივე ხალხი დაბრუნდება ხელისუფლებაში. ამას ქართველი ხალხი არ დაუშვებს.

აპრილამდე, ალბათ, საკმაოდ რთული პერიოდი გველოდება...

- საკმაოდ რთული პერიოდი იქნება, თუმცა ვთვლი, რომ კატასტროფა მაინც არ მოხდება და ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდება.