გარკვეული პოზიტიური ნიშნები ეკონომიკაში უკვე გამოჩნდა და ტურისტული სექტორის მიღმა აქტივობები აშკარად გაზრდილია. ფინანსურ სექტორშიც მაჩვენებლები საკმაოდ პოზიტიურია, საგადასახადო შემოსავლების თვალსაზრისით და მიმდინარე ანგარიშის ბალანსის თვალსაზრისით. ეს ყველაფერი არის მხოლოდ იმის შედეგი, რომ სახელმწიფომ და მოქალაქეებმა მოახერხეს და დღესაც ახერხებენ ვირუსის ეფექტურ მართვას, - ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.
„ვირუსის გავრცელების რისკების ეფექტური მართვა ერთადერთი შესაძლებლობაა იმისთვის, რომ მოვახერხოთ ეკონომიკის სტაბილიზაცია მისი შემდგომი აღდგენის მიზნით. დღეს აშკარაა, რომ ჩვენ ამ სტაბილიზაციისთვის უნდა მოვემზადოთ. გარკვეული პოზიტიური ნიშნები ეკონომიკაში უკვე გამოჩნდა და ტურისტული სექტორის მიღმა აქტივობები აშკარად გაზრდილია. ფინანსურ სექტორშიც მაჩვენებლები საკმაოდ პოზიტიურია, საგადასახადო შემოსავლების თვალსაზრისით და მიმდინარე ანგარიშის ბალანსის თვალსაზრისით. ეს ყველაფერი არის მხოლოდ იმის შედეგი, რომ სახელმწიფომ და მოქალაქეებმა მოახერხეს და დღესაც ახერხებენ ვირუსის ეფექტურ მართვას. ეს არის ეკონომიკის სწრაფი აღდგენის გასაღები. ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და ვირუსის გავრცელების რისკების ეფექტური მართვა არის ერთადერთი და უპირველესი პირობა იმისთვის, რომ შემდეგ ეკონომიკის სწრაფ აღდგენაზე ვისაუბროთ. რამდენიმე დარგში, განსაკუთრებით მთავრობის მხარდაჭერის პროგრამის გამოცხადების შემდეგ აშკარად გაიზარდა აქტივობები. მაგალითად, მშენებლობების მიმართულებით - უძრავი ქონების გაყიდვები ბოლო თვის განმავლობაში რადიკალურად გაიზარდა, ისევე როგორც სამშენებლო მასალების თვალსაზრისით. ექსპორტში, მიუხედავად ჩვენი პესიმისტური საპროგნოზო ციფრებისა, თუ არ ჩავთვლით რეექსპორტს, ექსპორტის კლება არის დაახლოებით 6-7%. ჩვენი გათვლები უფრო პესიმისტური იყო. დინამიურად ვითარდება სოფლის მეურნეობის მიმართულება. სახელმწიფოს მხარდაჭერის პროგრამებით 70 000-მა ფერმერმა ისარგებლა. გვიახლოვდება რთველი და თხილის სეზონი და განსაკუთრებით ყურადღებით უნდა ვიყოთ. გუშინ დაისეტყვა თელავისა და ყვარლის რამდენიმე სოფელი და აქაც ფერმერებს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ“, - განაცხადა გახარიამ.