ელექტროენერგიის შემცირებული ტარიფი თუ ათასლარიანი ვაუჩერი?

ელექტროენერგიის შემცირებული ტარიფი თუ ათასლარიანი ვაუჩერი?

 

საქართველოში უპრეცედენტო ფაქტი დაფიქსირდა და ელექტროენერგია გაიაფდა. ქვეყნის მოსახლეობა, საშუალოდ, 20-25%-იან შეღავათს იგრძნობს და ეს არ არის ბოლო ზღვარი. 3 თვის შემდეგ, შესაძლოა, დენის ტარიფის მორიგ შემცირებაზე დაიწყოს საუბარი.

ჯერჯერობით კი, ის მომხმარებელი, რომელიც 101 კვტ/სთ-მდე ელექტროენერგიას ხარჯავს, 1 კვტ-ში 13,48 თეთრის ნაცვლად, 9,94 თეთრს გადაიხდის, ხოლო ვინც 101-დან 301 კვტ/სთ-მდე ელექტროენერგიას მოიხმარს, 1 კვტ-ში 16 თეთრის ნაცვლად - 12,46 თეთრს. 301 კვტ/სთ-ს ზემოთ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური არ შემცირდება და 17,7 თეთრი რჩება.

კომპანია „ენერგოპროს“ აბონენტებისათვის, რომლებიც 0-დან 101 კილოვატამდე ელექტროენერგიას მოიხმარენ, 1 კვტ/სთ ელექტროენერგიის საფასური 12,98 თეთრის ნაცვლად, 9,44 თეთრით განისაზღვრა. მათთვის კი, ვინც 101-დან 301 კტვ-მდე დენს ხარჯავს, 1 კვტ/სთ ელექტროენერგიის საფასური 16,52 თეთრის ნაცვლად, 12,98 თეთრი იქნება.

რაც შეეხება „კახეთის ენერგოსადისტრიბუციო კომპანიას“, იგი ამჟამად გაკოტრების რეჟიმშია, ამიტომ მთავრობა კახელებისთვის სატარიფო ტვირთის შესამცირებლად სუბსიდირების მეთოდს გამოიყენებს. ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, მთავრობის უახლოეს სხდომაზე იგეგმება შესაბამისი დადგენილების მომზადება, რომლიც კახეთში ტარიფების სუბსიდირებას განსაზღვრავს, ანუ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებას.

ენერგეტიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ ელექტროენერგიის ტარიფი მინიმუმ 4 წელი არ გაძვირდება, თუმცა „ინტერ რაოსთან“ მემორანდუმი, ჯერჯერობით, მხოლოდ 3 თვით არის გაფორმებული. თუმცა, ამ ვადის გასვლის შემდეგ ელექტროენერგიის ტარიფმა, შესაძლოა, კიდევ უფრო დაიკლოს.

კახა კალაძე სწორედ ამაზე მიანიშნებს.

„მემორანდუმი გაფორმებულია 3 თვით - 1-ელი იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით და ამ დროის განმავლობაში მოხდება დეტალების შესწავლა. არ გამოვრიცხავთ, რომ შესაძლებელი გახდეს ტარიფის უფრო მეტად შემცირება. ზუსტად ამის გამო, ჩვენი მოთხოვნით, კომპანიები „თელასი“ და „ენერგოპრო” წამოვიდნენ ჩვენს შეთავაზებაზე, რომ 3 თვით მომხდარიყო მემორანდუმის გაფორმება“, - განაცხადა კალაძემ.

მინისტრის განმარტებით,100 კილოვატ საათზე ტარიფები 27%-ით, 300 კილოვატზე კი, 21,5%-ით შემცირდება, რაც საერთო ჯამში, გამოიწვევს ელექტროენერგიის ტარიფის 3,5 თეთრით კლებას.

„ეს აისახება ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის 90%-ზე“,- განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, ტარიფის კლება მოხდება მხოლოდ და მხოლოდ კომპანიების ხარჯზე. როგორც კახი კალაძემ განაცხადა, მან მოისმინა განცხადება, თითქოს, ტარიფის კლება მოხდებოდა კომპანიების მიერ, სახელმწიფოს მიმართ არსებული ვალდებულებების ხარჯზე. მინისტრი განმარტავს, ეს არის სიცრუე. რაც შეეხება გაზის ტარიფს, როგორც კალაძემ განაცხადა, ამაზე მიმდინარეობს მუშაობა და ამ ეტაპზე მან ციფრების დასახელებისგან თავი შეიკავა.

განცხადება, რომელზეც კალაძე საუბრობს, „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურ მდივანს, ვანო მერაბიშვილს ეკუთვნის. მერაბიშვილი საქართველოს მთავრობას ტარიფებთან დაკავშირებით ხალხის მოტყუებაში ადანაშაულებს.

როგორც მერაბიშვილმა სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ქართველ ხალხს ტარიფებთან დაკავშირებით უკეთესი მოლოდინი ჰქონდა, ვიდრე მთავრობა სთავაზობს.

„ორთვიანი გათვლების შემდეგ საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ ის აპირებს დენის ტარიფის შემცირებას პირველი და მეორე კატეგორიის მომხმარებლებისთვის 3.54 თეთრით. მე ელემენტარული გათვლები გავაკეთე, საქართველოს მოსახლეობის თითქმის 40% ანუ 500 000 ოჯახი დღეს არის პირველ კატეგორიაში, ანუ 100 კილოვატამდე ელექტროენერგიას ხარჯავს და იხდის შესაბამის ანაზღაურებას. თვეში ასეთი ოჯახისთვის ახალი მთავრობის რეფორმით გაკეთდება ეკონომია 3 ლარი და 54 თეთრით. ეს არის ქართველი ამომრჩევლის მოტყუება. დარწმუნებული ვარ, ქართველ ხალხს არ ჰქონდა ასეთი მოლოდინი მთავრობის გეგმებთან დაკავშირებით. ცნობისთვის, ჯერ კიდევ არჩევნებამდე ჩვენმა მთავრობამ შეიტანა პარლამენტში კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებდა სხვა შეღავათებთან ერთად სოფლის პროგრამას, საყოველთაო დაზღვევის პროგრამას, თითოეული ოჯახისთვის 1000-ლარიანი ვაუჩერების გადაცემას. პრაქტიკულად, დეკემბერში 1000 ლარიანი ვაუჩერი ყველა ოჯახს ექნებოდა. თუ ამ ვაუჩერს გადავთვლიდით თითო თვეზე, თითო ოჯახი მიიღებდა 23 ლარიან შეღავათს. მე მინდა ყველამ შეადაროს 23 ლარი 3,54 თეთრთან“, - განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.

მისივე თქმით, შემცირებული თანხა არ არის გათვალისწინებული ბიუჯეტში და არც ბიძინა ივანიშვილი აპირებს ამ თანხის საკუთარი ჯიბიდან გადახდას. მერაბიშვილი ამ შეღავათს მოჩვენებითს უწოდებს და ამბობს, რომ იგი საქართველოს ენერგეტიკის და ჩვენი მომავლის ხარჯზე ხორციელდება.

ამასთანავე, ვანო მერაბიშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ ახალი ინიციატივა გაახმოვანა. ისინი ითხოვენ, იანვრის ბოლოს ჩატარდეს დიდი კონფერენცია ენერგეტიკულ საკითხებზე, რომელზეც მთავრობის წევრებსაც იწვევენ.

„ჩვენ მოვიწვევთ საქართველოში არსებულ ენერგეტიკის ყველა სპეციალისტს. მოვიწვევთ მთავრობის წევრებსაც, რათა დაესწრონ ამ კონფერენციას და ყველა მხარემ, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ყველა დაინტერესებულმა პირმა ერთად ვიმსჯელოთ ენერგეტიკის მომავალზე. საქართველოს ენერგეტიკა და ეკონომიკა არ არის მხოლოდ ერთი და ორი პარტიის გადასაწყვეტი, ეს სრულიად საქართველოს გადასაწყვეტია. ამიტომ, ჩვენ აუცილებლად ვიმსჯელებთ ამ საკითხებზე ქართველ და უცხოელ ენერგეტიკოსებთან ერთად. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ საქართველოს ენერგეტიკას ჰქონდეს მომავალი და მოსახლეობამ ამისგან რეალური სარგებელი მიიღოს“, - განაცხადა მერაბიშვილმა.

რეალურად არის თუ არა ელექტროენერგიის ტარიფის ამ დოზით კლება მოსახლეობისთვის შეღავათი და შესაძლოა თუ არა მისი შედარება 1000 ლარიან ვაუჩერთან, რომელსაც წინასაარჩევნოდ ქართულ საზოგადოებას „ქართული ოცნება“ პირდებოდა, ამ თემაზე for.ge ეკონომიკის ექსპერტებს ესაუბრა.

ეკონომიკის ექსპერტი დემურ გიორხელიძისთვის გაუგებარია, როგორ არის ცუდი პრემიერ-მინისტრის მიერ გაცხადებული ტარიფების შემცირება, ან რაშია მოსახლეობის მოტყუება, როდესაც საქმე ტარიფების შემცირებას ეხება?

„1000 ლარიანი ვაუჩერი, რომელიც 4 წლის განმავლობაში მიეცემოდა მოქალაქეს, როგორ უნდა იყოს უკეთესი იმაზე, რაზეც დღეს პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა? ეს ხომ ელემენტარული არითმეტიკაა და არ შეიძლება აქ სუბიექტური მოსაზრებები მუშაობდეს. ერთი მხრივ, არის დაკლებული ტარიფი, ხოლო მეორე მხარეს არის წლიური 250 ლარი, რომელშიც ყველაფერი უნდა შესულიყო. როგორ შეიძლება ამ ორი მოცემულობის შედარება, ჩემთვის გაუგებარია“, - აღნიშნავს ექსპერტი.

მისი თქმით, 1000 ლარიანი ვაუჩერი ოთხ წელიწადზე იყო გაწერილი და „ნაციონალური მოძრაობა“ არ აკონკრეტებდა, ვის როდის მიეცემოდა ეს ვაუჩერი. მიუხედავად ყველაფრისა, გიორხელიძე ამბობს, რომ ვაუჩერის სახით გაცემული ერთჯერადი დახმარების ელექტროენერგიაზე ტარიფის შემცირებასთან შედარება შეუძლებელია. მისივე განმარტებით, სახელმწიფო ბიუჯეტი შეძლებდა 1000 ლარიანი ვაუჩერის ატანას, მაგრამ ამის ეფექტი ნულოვანი იქნებოდა. ექსპერტი მიიჩნევს, რომ ამგვარი ვაუჩერის გაცემას, სჯობს, სახელმწიფო შეჭირვებულ მოსახლეობას დაეხმაროს.

„რად უნდა მილიონერს 1000 ლარიანი ვაუჩერი ოთხი წლის განმავლობაში, მისთვის ხომ ეს ფული არ არის? ამას სჯობს, შეჭირვებულ მოსახლეობას მიზანმიმართულად, ადრესირებულად დაეხმარო. მეც ბევრი რამ არ მომწონს ამ ტარიფში. იგი არ უნდა იყოს ბიჯური, არ უნდა იყოს ასე დიფერენცირებული, ტარიფმა ყველასთვის ერთნაირად უნდა დაიკლოს. ამასთანავე, რა თქმა უნდა, უმჯობესია ტარიფი ყველასათვის ერთნაირი (მაგალითად 12 თეთრი) იყოს, ხოლო მატერიალურად შეჭირვებულ მოქალაქეებს ისე დავეხმაროთ, როგორც ეს ცივილიზებულ სამყაროშია მიღებული“, - ამბობს დემურ გიორხელიძე.

ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში ლევან კალანდაძე აცხადებს, რომ ტარიფის ნებისმიერი ოდენობით კლება მოსახლეობისთვის შეღავათია. მისი თქმით, ცალკე მსჯელობის საგანია, რამდენად მეტის ან ნაკლების გაკეთება შეიძლებოდა, თუმცა, დენის ტარიფის კლება მოსახლეობის საოჯახო ბიუჯეტებზე ცალსახად დადებითად აისახება, განსაკუთრებით ეს ეხება სოციალურად დაუცველ ფენას და ამ ფაქტს კალანდაძე პოზიტიურად მიიჩნევს.

„არის კიდევ ერთი საკითხი, რაც „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნოდ გაცემული დაპირებების შესრულებას შეეხება. მოგეხსენებათ, დაპირების თანახმად, ტარიფი უნდა განახევრებულიყო, რაც ვერ ხერხდება, მაგრამ მოდით ამ შემთხვევაში რაღაც ჩასაფრებულის პოზიციიდან ნუ გავაკეთებთ შეფასებებს“, - აღნიშნავს კალანდაძე.

მისი თქმით, ზოგადად ტარიფების შემცირება ძალიან რთული საქმეა, ამას გარკვეული დრო სჭირდება და ამიტომ ამაზე ჩაკირკიტება და ფეხის წამოდების პოლიტიკა არასწორი იქნება. რაც შეეხება იმას, თუ რამდენად შესადარია ერთმანეთთან სოციალური დაცვის „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შემოთავაზებული სქემა და ის, რის რეალიზებასაც ახლა „ქართული ოცნება“ ეწევა, ლევან კალანდაძისთვის გასაკვირია, როდესაც მოსახლეობის მოტყუებაზე ვანო მერაბიშვილი საუბრობს.

„რაში გამოიხატება მოსახლეობის მოტყუება? მე მგონი უფრო ლეგიტიმური იქნება კითხვა ასე დავსვათ - „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰქონდა ტარიფის შემცირების შესაძლებლობა და ეს არ გააკეთა? - დიახ, მას ამის საშუალება ჰქონდა, მაგრამ ეს არ გააკეთა. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აირჩია უფრო მარტივი გზა, რაც არის ვაუჩერების დარიგება. აქვე გასათვალისწინებელია, რომ ვაუჩერების დარიგება ერთჯერადი დახმარებაა და შესაძლოა, ერთ თვეზე გათვლით მოსახლეობას მართლაც 3.5 თეთრზე მეტი შეღავათი მიეღო, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს მხოლოდ მოკლევადიან პერიოდზე გათვლილი შეღავათი იქნებოდა“, - აცხადებს ექსპერტი.

მისი თქმით, ვაუჩერი ყოველწლიურად ვერ დარიგდებოდა. ამიტომ, ლევან კალანდაძე ამბობს, რომ იმასთან შედარებით, რასაც მოსახლეობას „ნაციონალური მოძრაობა“ ჰპირდებოდა, „ქართული ოცნების“ მიერ შემოთავაზებული შეღავათი უფრო რაციონალური და გრძელვადიანია.

ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე ამბობს, რომ ვანო მერაბიშვილს არითეტიკაში შეცდომები მოსდის.

„მოგეხსენებათ, ვაუჩერი ოთხ წელიწადზე იყო გათვლილი. თუ თქვენ ელექტროენერგიაში 100 ლარს იხდით, ეს ვაუჩერი მხოლოდ ელექტროენერგიის ტარიფის დაფარვას მოემსახურებოდა, ხოლო თუ თქვენ ელექტროენერგიაში 200 ლარს იხდით (ანუ ამით თბებით), ამასთანავე, არა მხოლოდ თბილისში გაქვთ სახლი, არამედ აგარაკიც გაქვთ, მაშინ ელემენტარული არითმეტიკა გვაჩვენებს, რომ ეს თანხა ორმაგდება. ამიტომ, მე მეჩვენება, რომ ვინაიდან საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს სოფელში აქვს სახლი, მხოლოდ ელექტროენერგიის ტარიფის ამ შემცირებით ოთხ წელიწადში ისინი 1800-1900 ლარის შეღავათს მიიღებენ, თუმცა აქვე ტარიფის მომდევნო შემცირებაც არ არის გამორიცხული“, - ამბობს სანდრო თვალჭრელიძე.

მისი თქმით, ვაუჩერი არის ყველაზე უფრო ცუდი რამ, რაც შეიძლება საზოგადოებას ხელისუფლებამ შესთავაზოს, რადგან ეს ნიშნავს იმას, რომ მთელი მოსახლეობა არის მათხოვარი, ხელგაწვდილი დადის ქუჩაში, ხოლო „ნაციონალური მოძრაობა“ ასე ამპარტავნად ჩუქნის მას ფულს. თვალჭრელიძე მიიჩნევს, რომ გაცილებით უფრო კარგია მოსახლეობას საგადამხდელო შეღავათები მისცე, ვიდრე ფული აჩუქო. მისი თქმით, საქართველოში არსებული შემწეობების გაცემის პრაქტიკად ყველაზე ცუდი რამ არის და ოთხ წელიწადში, როდესაც ეს ვაუჩერები გაუქმდებოდა, ისევ რთული სოციალური ძვრები მოხდებოდა. სანდრო თვალჭრელიძე ამბობს, რომ ეს ვაუჩერები ოთხ წელიწადზე სწორედ იმიტომ იყო გათვლილი, რომ ოთხ წელიწადში საარჩევნო ციკლი სრულდებოდა და მომავალი არჩევნების წინ „ნაციონალური მოძრაობა“ მოსახლეობას კიდევ ახალ ვაუჩერებს დაპირდებოდა.

„ეს იყო ამომრჩევლის მოსყიდვა, რადგან თუკი ხელისუფლებას 1000 ლარიანი ვაუჩერების დარიგების შესაძლებლობა ჰქონდა, რატომ ეს 3 ან 4 წლის წინ არ გააკეთა?“, - სვამს კითხვას ექსპერტი.