მთავრობისთვის შეზღუდვების გაგრძელების უფლების მინიჭება ბიზნესს მუდმივ წნეხში ამყოფებს

მთავრობისთვის შეზღუდვების გაგრძელების უფლების მინიჭება ბიზნესს მუდმივ წნეხში ამყოფებს

მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, შემზღუდავი ღონისძიების გამოყენების უფლება 2020 წლის ბოლომდე გაუხანგრძლივდა. მართალია, ეს პირდაპირ გავლენას ეკონომიკაზე ვერ ახდენს, მაგრამ ნებისმიერ მომენტში, შეიძლება უარყოფითი გადაცემის ჯაჭვი ბიზნესზეც გავრცელდეს.

პარლამენტმა „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი 79 ხმით დაამტკიცა. აღნიშნული ცვლილებებით, მთავრობას საკარანტინო ღონისძიებების გატარების უფლება, რაც დაკავშირებულია გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, საკუთრების, თავშეყრის, შრომის და სხვა უფლებების შეზღუდვასთან, 15 ივლისის ნაცვლად, 2021 წლის 1-ელ იანვრამდე შეეძლება.

აღსანიშნავია, რომ საკარანტინო ღონისძიებებში, მოიაზრება ღონისძიებები, რომლებიც დროებით გამოიყენება პანდემიის ან/და საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით საშიში ეპიდემიის დროს მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის მიზნით და შეიძლება გულისხმობდეს შესაბამისი შეზღუდვების დროებით დაწესებას, საჯარო დაწესებულებების, აღმასრულებელ ხელისუფლებაში შემავალი სხვა დაწესებულებების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, სხვა იურიდიული პირების საქმიანობასთან/ადმინისტრირებასთან, საჯარო სერვისების მიწოდებასთან, პირთა მიმოსვლასთან, საკუთრებასთან, შრომასთან, პროფესიულ ან ეკონომიკურ საქმიანობასთან, უკანონო მიგრაციასთან/საერთაშორისო დაცვასთან ან/და სოციალური ღონისძიებების ჩატარების მიზნით პირთა თავშეყრასთან დაკავშირებით. მთავრობას ზემოაღნიშნული ღონისძიებების გატარება ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეუძლია. შესაბამისად, მათ ასამოქმედებლად მთავრობას არ სჭირდება პარლამენტის მხარდაჭერა.

ეკონომიკის ექსპერტის ზვიად ხორგუაშვილის აზრით, ახალი კანონპროექტი დღეს არსებულ ძალიან მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობას კიდევ უფრო მეტად გააუარესებს.

„რაც უფრო მეტი აღმასრულებელი ძალაუფლება აქვს ხელისუფლებას, მით უფრო მეტად არის მოლოდინი, რომ ის ამას შეზღუდვებისთვის, მათ შორის ბიზნესის საწინააღმდეგოდ გამოიყენებს. როდესაც ირკვევა, მთავრობას აქვს იმის უფლება, რომ ბიზნესს ნებისმიერ დროს სხვადასხვა მიზეზების გამო საქმიანობა შეწყვიტოს, რა თქმა უნდა, ეს რისკს ზრდის. აქედან გამომდინარე, რისკი ბიზნესისთვის დანახარჯს ნიშნავს. შესაბამისად, თუ რისკი იზრდება დანახარჯიც იმატებს.

როგორც კი მთავრობა ძალაუფლებას გამოიყენებს, რისკები და შესაბამისად, ბიზნესს დანახარჯი ეზრდება. თუ ხელისუფლება შემზღუდავ ღონისძიებებს აამოქმედებს, მაშინ დღეს უკვე არსებული კატასტროფული ეკონომიკური მდგომარეობა, არათუ შენელდება, არამედ უკან-უკან წავა. არსებული სიტუაცია არა მხოლოდ ქართულ ბიზნესებს დააზიანებს, არამედ ინვესტიციებსაც შეუშლის ხელს“, - განუცხადა „კომერსანტს“ ზვიად ხორგუაშვილმა.

დღევანდელი მდგომარეობით, ეკონომიკის გამოცოცხლებაზე ნეგატიური გავლენა უფრო მეტად არის გაზრდილი, რაც ქმნის იმის მოლოდინს, რომ ეკონომიკა ბევრად უფრო მეტად შემცირდება, ვიდრე აქამდე არსებული 4%-იანი ვარაუდი. ამის მიზეზი კი ეკონომიკურ საქმიანობაზე არსებული შეზღუდვები და მთავრობის მიერ დაპირების შეუსრულებლობაა. იგულისხმება საერთაშორისო ფრენების აღდგენა და ტურისტული ნაკადების მიღება, რასაც ეკონომიკაზე საკმაოდ დიდი გავლენა გააჩნია.

საერთაშორისო ფრენების აღდგენა მიმდინარე თვის დასაწყისში იყო დაგეგმილი, მაგრამ გახსნიდან ერთი კვირით ადრე მთავრობის გადაწყვეტილება შეიცვალა და ფრენების აღდგენის თარიღად აგვისტოს დასაწყისი დასახელდა. მოგვიანებით, 8 ივლისს კი ევროპის ხუთ ქვეყანასთან მიმოსვლის აღდგენაზე განცხადება გაკეთდა. როგორც ჩანს, აგვისტოშიც კი საერთაშორისო ფრენების სრულად აღდგენა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. მის საფუძველზე ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები და უკვე დამტკიცებული კანონპროექტი იძლევა, რაც მთავრობისთვის შეზღუდვების დაწესების უფლებამოსილების გახანგრძლივებას გულისხმობს.

ზემოთ ხსენებულმა გარემოებამ არსებული განუსაზღვრელობის მასშტაბები კიდევ უფრო გააღრმავა, რაც არა მხოლოდ ტურიზმს, არამედ ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორს მოიცავს. ამან კი, ერთი მხრივ, სხვა სექტორებში მოქმედი ეკონომიკურ აგენტების და პოტენციური ინვესტორების უარყოფითი მოლოდინები გაზარდა, რაც მათ მიერ ბაზრის დატოვებაში, ან წილის შემცირებაში, ან დაგეგმილ ინვესტიციაზე უარის თქმაში შეიძლება გამოვლინდეს.

მთავრობის მიერ დაწესებულ შეზღუდვებს პირდაპირი გავლენა ექნება სარესტორნო და სასტუმრო მომსახურების, სატრანსპორტო (განსაკუთრებით საჰაერო), ვაჭრობის, დასვენების და გართობის სექტორებზე. ამ სექტორებში ეკონომიკური აქტივობის შემცირებას კი ეკონომიკის სხვა დარგებზეც უარყოფით გავლენა გააჩნია. მაგალითად, სოფლის მეურნეობასა და დამამუშავებელ მრეწველობაში.