მთავრობის წევრები ტურიზმის პრიორიტეტულობაზე და გადარჩენაზე დღენიადაგ საუბრობენ, მაგრამ საკუთრივ ინდუსტრიაში არაადეკვატურ ნაბიჯებს დგამენ. მაგალითად, გაირკვა, რომ უმძიმესი კრიზისის ფონზე სასტუმროებმა, რომლებიც წელს საქართველოს მოსახლეობის იმედად არიან დარჩენილნი, მომსახურება გააძვირეს. ვინ უნდა დაინტერესდეს ასეთ პირობებში მათი მომსახურებით?
ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან, მარიამ ქვრივიშვილთან ერთად ტურისტული ინდუსტრიის წარმომადგენლებს შეხვდა და კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული პრობლემები და მათი დარეგულირების საკითხები განიხილა.
„ჩვენ ვაგრძელებთ კერძო სექტორთან შეხვედრებს, რომელიც უკვე ტრადიციად ჩამოყალიბდა. შეხვედრა, რომელიც ორმხრივ დიალოგზე იყო დაფუძნებული, საკმაოდ ნაყოფიერი და პროდუქტიული გამოდგა. ძალიან ბევრ კითხვას გაეცა პასუხი, მათ შორის როგორ მოხდება უცხო ქვეყნის მოგზაურების საქართველოში შემოსვლა, როგორ მუშაობს პროტოკოლები, ასევე როგორ მოქმედებს კერძო სექტორი, მას შემდეგ რაც ევროკავშირის ხუთი ქვეყნის: გერმანიის, საფრანგეთის, ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის მოქალაქეებსა და რეზიდენტებს საქართველოში უპირობოდ მოგზაურობის უფლება მიეცათ. შეხვედრაზე საკმაოდ ბევრი ვისაუბრეთ შიდა ტურიზმის სტიმულირების შესახებ.
მოხარულები ვართ, რომ სასტუმროების, მცირე ბიზნესის მხრიდან გვაქვს პოზიტიური უკუკავშირი, ეს განსაკუთრებით ეხება რეგიონებს, რადგან კერძო სექტორის წარმომადგენლები უკვე ხედავენ შიდა ტურიზმის ნაკადების გაზრდის ღირებულებას მათი ბიზნესის კუთხით.
ვისაუბრეთ იმ ახალი პროექტების შესახებ, რომელთა დაკავშირებითაც საქართველოს მთავრობა მუშაობს და შევთანხმდით, რომ ვაგრძელებთ ერთობლივ, პროდუქტიულ და ნაყოფიერ თანამშრომლობას, რომ ტურიზმის ინდუსტრია ეტაპობრივად დაუბრუნდეს იმ ჩვეულ ნორმას, რაც ძლიერ კერძო სექტორს გულისხმობს“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
ის, რომ ტურიზმი მთავრობისთვის მნიშვნელოვანია, ადასტურებს ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილიც. თუმცა ხაზს უსვამს შიდა ტურიზმის მნიშვნელობას, რომელიც მინისტრის თქმით, აღმოჩნდა, რომ აუცილებელი და პრიორიტეტული.
„ჩვენ ყველამ დავინახეთ, რომ თურმე შიდა ტურიზმი აუცილებელი ყოფილა. აუცილებელია, რა თქმა უნდა, უცხოელი ტურისტების რაოდენობის ზრდა, მაგრამ არ შეიძლება, ქვეყანა იყოს დამოკიდებული მხოლოდ უცხოელ ტურისტებზე“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
მთავრობის წევრები ტურიზმით მოსახლეობის დაინტერესებაზე საუბრობენ და ამ დროს სასტუმროები მძიმე კრიზისის პირობებში ფასებს ზრდიან. ასეთ ვითარებაში ვინ დაინეტერსდება მათი მომსახურებით, ძენლი სათქმელია.
PMCG კვლევითი ცენტრის მიერ მომზადებული კვლევის მიხედვით ირკვევა, რომ, 2020 წლის მაისთან შედარებით, ივნისის თვეში 5-ვარსკვლავიანი, 4-ვარსკვლავიანი და 3-ვარსკვლავიანი ტიპის სასტუმროების ფასი 2,4%-ით გაიზარდა, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასმა 9.9%-ით იმატა.
2020 წლის მაისში 3-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა 126 ლარი შეადგინა, 4-ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასმა -214 ლარი, საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასმა - 71 ლარი, ხოლო 5-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასი მაისში 362 ლარი იყო.
თბილისში, 5-ვარსკვლავიან სასტუმროებში, სტანდარტული 2-ადგილიანი ნომრის საშუალო ფასმა 534 ლარი შეადგინა, კახეთში -325 ლარი. ყველაზე ძვირად ღირებული 4-ვარსკვლავიანი სასტუმროების მაჩვენებელი შიდა ქართლში ფიქსირდება, რომლის საშუალო ფასი 330 ლარამდეა.
რაც შეეხება ივნისის თვეს, ზაფხულის დასაწყისში, 3-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა 135 ლარი შეადგინა, 4-ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასმა - 223 ლარი. საოჯახო ტიპის სასტუმროების საშუალო ფასმა 73 ლარს მიაღწია, ხოლო 5-ვარსკვლავიან სასტუმროთა საშუალო ფასმა 322 ლარი შეადგინა.
თბილისში 5-ვარსკვლავიან სასტუმროებში, სტანდარტული 2-ადგილიანი ნომრის საშუალო ფასმა 471 ლარი შეადგინა, კახეთში -327 ლარი, სამცხე-ჯავახეთში - 279 ლარი, ხოლო აჭარაში - 273 ლარი. აღსანიშნავია, რომ შიდა ქართლში ივნისის თვეში 5-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასი 280 ლარამდე შემცირდა, მაისთან შედარებით.