გიორგი პაპუნაშვილით შვეიცარიული გუნდი დაინტერესდა

გიორგი პაპუნაშვილით შვეიცარიული გუნდი დაინტერესდა

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი გიორგი პაპუნაშვილი „სარაგოსას“ მიმდინარე ზაფხულს დატოვებს. ქართველმა ბოლო 6 თვე იჯარით „რასინგში“ გაატარა, მაგრამ მეტად წარუმატებლად და ცხადია, სანტანდერში არ დარჩება.

ესპანური Grada3.com-ის ცნობით, ქართველი შემტევით შვეიცარიის სუპერლიგის ბინადარი „ლუცერნი“ დაინტერესდა, სადაც პაპუნაშვილის მეგობარი, ოთარ კაკაბაძე თამაშობს.

შვეიცარიელები მზად არიან გიორგის კონტრაქტი გაუფორმონ, ოღონდ ამისთვის საჭიროა თავისუფალი აგენტი გახდეს და შესაბამისად „სარაგოსასთან“ 2022 წლამდე ძალაში არსებული ხელშეკრულება გაწყვიტოს. მოვლენების ასეთი განვითარების სცენარით თავად ჩვენებურიცაა დაინტერესებული და წესით, „სარაგოსაც“ არ უნდა იყოს წინააღმდეგი, რადგან ბიუჯეტი გამოუთავისუფლდება თუ „პაპუს“ ხელფასს არ გადაუხდის.

გიორგი „სარაგოსაში“ 2017 წელს „დინამო თბილისიდან“ გადავიდა და 58 მატჩში 13 გოლი გაიტანა. გასულ ზამთარს „რასინგში“ იჯარით გადავიდა, მაგრამ კანტაბრიელთა რიგებში მხოლოდ 4 უგოლო თამაში ჩაატარა.