„სააკაშვილი 200 მილიონ ლარს ხარჯავს ყოველწლიურად თავისი  მე-5 კოლონის შენახვაზე“

„სააკაშვილი 200 მილიონ ლარს ხარჯავს ყოველწლიურად თავისი  მე-5 კოლონის შენახვაზე“

„სააკაშვილი კერძო პირია და საქართველოსთან დაკავშირებით თავის კომენტარებში უკრაინის პოზიციას არ გამოხატავს“, – აცხადებს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება. ამ „კერძო პირის“ განცხადებების გამო კი უკრაინის სახელმწიფოს პასუხის გაცემა საქართველოს ხელისუფლებისთვის უწევს:

„სააკაშვილის თითოეული განცხადება იმით მთავრდება, რომ უკრაინის ელჩს საქართველოს საგარეო უწყებაში იწვევენ და უკმაყოფილობას უფიქსირებენ სააკაშვილის განცხადებების გამო. ამ სიტუაციის დისბალანსი ის არის, რომ კერძო პირი გამოდის, ხოლო სახელმწიფოს კი პასუხის გაცემა უწევს. უკრაინას ესმის საქართველოში არჩევნების წინ შექმნილი მგრძნობიარე სიტუაცია და ძალიან აფასებს მეგობრობას ქართველ პარტნიორებთან.

„ღრმად დარწმუნებული ვარ, რომ კერძო პირის განცხადებები ვერ დაანგრევენ ურთიერთობებს ჩვენს ხალხსა და სახელმწიფოებს შორის. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოზიცია მკაფიოა: სააკაშვილი კერძო პირია და საქართველოსთან დაკავშირებით თავის კომენტარებში უკრაინის პოზიციას არ გამოხატავს“, – აღნიშნა დმიტრო კულებამ.

ექს–პრეზიდენტი, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი კი თავისას არ იშლის და აცხადებს, რომ „საქართველოდან პრორუსული ხელისუფლების მოშორება უკრაინის ინტერესებშია“. მისი თქმით, ვერავინ აუკრძალავს ქართველს, იყოს ქართველი, იმ შემთხვევაშიც, თუ მას უკრაინის პასპორტი აქვს და უკრაინელი პატრიოტია.

„დარწმუნებული ვარ, რომ არა მხოლოდ მე ვარ დაბადებული გამარჯვებისთვის, არამედ უკრაინა და საქართველოც, ჩემი მომხრეები და ახლობლები დაბადებული არიან გამარჯვებისთვის! ეს ჩემი გზაა. შემომიერთდით!... ამ შემოდგომით საქართველოში გადამწყვეტი ნახტომისთვის ვემზადები. დავასრულებთ ჩემი სამშობლოს დამცირებასა და ჩემი ერის განადგურებას რუსეთის მიერ დანიშნული ოლიგარქი ივანიშვილის მიერ და დავაბრუნებთ საქართველოს სახელმწიფოს განვითარების სწრაფ რელსებზე, მაშინაც კი, თუ მე პირადად მომიწევს ამისთვის ყველაზე მაღალი საფასურის გადახდა. მე არ ვიბრძვის მაღალი თანამდებობებისთვის არც ერთ ქვეყანაში, თუმცა ვიცი, რომ მე ვარ რეგიონალური ლიდერი, რომელსაც ადამიანები იმედის თვალით უყურებენ. შევდივარ სპორტულ ფორმაში, ვემზადები გადამწყვეტი ნახტომისთვის“, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოში უმძიმეს სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებული სააკაშვილი, რომელმაც საქართველოს მოქალაქეობაზე უარი თქვა, აცხადებს, რომ აპირებს უზენაეს სასამართლოში ჩამოიყვანოს უცხოელი მოსამართლეებიც. ამ „უცხოელ მოსამართლეებს მიეცემათ საშუალება, რამდენიმე წელი მაინც აღასრულონ მართლმსაჯულება, რომ არ იყოს სათქმელი, იმის ნათესავი, ამის ნათესავი, ახლობელი და რაღაც“.

„ახალი საქართველოს“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, საქართველო და უკრაინა არიან სტრატეგიული პარტნიორები, მისწრაფება ევროკავშირსა და ნატო-ში არის საერთო, ორივე ქვეყანა ევროკავშირის ასოცირებული წევრია, შესაბამისად, ორი ქვეყნის საგარეო ვექტორიც გადაჯაჭვულია.

„უკრაინაში იმხელა ცნობადობა არ მაქვს, როგორც საქართველოში, მაგრამ არც ძალიან დაბალი. ასე რომ, ეს გადაჯაჭვულია. სააკაშვილი რას გულისხმობდა და როგორ გულისხმობდა, რაც თქვა, იმას გულისხმობდა, აქ არაფერი სხვა არ არის. ჩემთვის, როგორც საქართველოს მოქალაქისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ განვითარდება და რა მიმართულებით განვითარდება უკრაინა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უკრაინაში არასდროს იყოს პრორუსული ძალა.

როდესაც იქ ვიღებდი არჩევნებში მონაწილეობას, სწორედ პირველი, რასაც ვებრძოდი, ეს იყო პრორუსული ძალები, პუტინთან შესახვედრად ჩასული ადამიანები, რომლებიც ცდილობდნენ ხელისუფლების ისევ უკან დაბრუნებას, მაგრამ ეს არ გამოუვიდათ. ამაში ჩემი წვლილი მაქვს მიღებული. საქართველოს ინტერესია, რომ უკრაინის ხელისუფლებაში არასდროს მოვიდეს პრორუსული ძალა. მე, როგორც საქართველოს პოლიტიკოსი, ვამბობ, რომ საქართველოს სასიცოცხლო ინტერესშია, უკრაინაში პრორუსული ძალა არასდროს მოვიდეს ხელისუფლებაში“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე ფიქრობს, რომ მიხეილ სააკაშვილი უკვე გაორებულია და კონცენტრაცია უჭირს.

„მგონი, ეს ადამიანი უკვე გაორებულია და კონცენტრაცია უჭირს, უკრაინაში იმყოფება, უკრაინის მოქალაქეა და განცხადებებს აკეთებს საქართველოს პოლიტიკასთან მიმართებაში. მესმის, რომ შეიძლება, თავის თავში ხედავდეს იმის ძალას, როგორც აცხადებს, რომ საქართველოში აუცილებლად ჩამოვა და ა.შ. მაგრამ ჩემთვის ის არის სამწუხაროდ, პოლიტიკური წარსულის წარმომადგენელი.

ამდენად, არ მგონია, რომ მისი განცხადებები პოლიტიკურ ველში აქტუალური იყოს, მით უმეტეს, წინასაარჩევნოდ. მე მგონი, ის მალე მიაღწევს იმას, რომ უკრაინასაც მნიშვნელოვანი პრობლემები შეექმნება საქართველოსთან ურთიერთობაშიც და საერთაშორისო არენაზეც. ვფიქრობ, რომ უკრაინელები ამას გაცილებით მალე მიხვდებიან, ვიდრე საქართველოში მიხვდნენ“, – აღნიშნა ლევან კობერიძემ.

სააკაშვილის სკანდალურ განცხადებაზე კომენტარს არ აკეთებენ „ნაციონალურ მოძრაობაში“. უმრავლესობის წევრს, დავით მათიკაშვილს აინტერესებს, იციან თუ არა „ნაციონალური მოძრაობის“ ლობისტებმა, რა ფულით აფინანსებს საქართველოს დისკრედიტაციის კამპანიას მიხეილ სააკაშვილი. დეპუტატის განცხადებით, უკრაინის მოქალაქეს არანაირი უფლება არ აქვს, ჩაერიოს საქართველოს საშინაო საქმეებში, მით უმეტეს, როცა ის საქართველოში არაერთი დანაშაულისთვისაა გასამართლებული და რეალურად, კრიმინალს წარმოადგენს.

„მჯერა, რომ სააკაშვილის განცხადებები საქართველო-უკრაინას შორის ურთიერთობაზე არ აისახება, მაგრამ ძალიან საინტერესოა, იციან თუ არა „ნაციონალური მოძრაობის“ ლობისტებმა, რა ფულით აფინანსებს საქართველოს დისკრედიტაციის კამპანიას მიხეილ სააკაშვილი. სწორედ ეს ძალა, „ნაციონალური მოძრაობა“ 2008 წლის შემდეგ გახდა ის ძალა, რომელმაც რუსეთს მიჰყიდა არაერთი სტრატეგიული დანიშნულების ობიექტი.

რეალურად, მათ პრორუსული საქმე გააკეთეს ყველა მიმართულებით და დღესაც პუტინის დაკვეთას ასრულებენ. ჩვენ გვჯერა, რომ მსგავსი განცხადებების მიუხედავად, ამ ორ ქვეყანას შორის, სტრატეგიულ, ერთგულ პარტნიორს შორის არ გაფუჭდება ურთიერთობა და, ადრე თუ გვიან, უკრაინის ხელისუფლება კარგად შეაფასებს და აღიქვამს მიხეილ სააკაშვილის ნეგატიურ როლს, არა მხოლოდ საქართველოსთან მიმართებაში, არამედ უშუალოდ უკრაინის პოლიტიკურ ცხოვრებაში“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

უკრაინის პირველი დიპლომატის განცხადება ადასტურებს, რომ სააკაშვილი უკრაინას თავისი განცხადებებით და მოქმედებებით სერიოზულ უხერხულობას უქმნის. პოლიტოლოგ ირაკლი გოგავას განცხადებით, სააკაშვილი არის პრეზიდენტის მიერ დანიშნული, პრეზიდენტთან არსებული რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე. უკრაინის საჯარო სამსახურის შესახებ კანონში მსგავსი სამსახური მოხსენიებული არ არის, ვინაიდან, ეს არის პოროშენკოს მიერ შექმნილი შტატი, რომელიც კანონით არ არის განსაზღვრული, როგორც საჯარო სამსახურის სტრუქტურა.

„თუმცა, თუ პრეზიდენტი ნიშნავს, ეს ავტომატურად საჯარო მოსამსახურედ ხდის პირს. არ ვიცი, რატომ ამბობენ უკრაინელები, რომ სააკაშვილი არ არის საჯარო პირი, აშკარად უკრაინის ხელისუფლებაში არის. მართალია პირველხარისხოვანი არ არის, მაგრამ ის უკრაინის საჯარო მოხელეა. ცხადია, სააკაშვილი თავისი ქმედებით ჩრდილს აყენებს უკრაინა-საქართველოს ქმედებებს, თუმცა არა მგონია, რომ ეს გრძელვადიან პრესპექტივაში პრობლემა იყოს“, – აცხადებს ირაკლი გოგავა.

როგორც გოგავა for.geსთან საუბრისას აცხადებს, ქართველი და უკრაინელი ხალხის მეგობრობა განსაკუთრებულად მყარია და დიდი ტრადიაცია აქვს. მსგავსი პოლიტიკოსები და პოლიტიკანები მიდიან და მოდიან, ქვეყნებს შორის, სახელმწიფოებს შორის და ხალხებს შორის ურთიერთობა კი, უფრო მარადიული კონსტანტაა. მისი თქმით, ცხადია, რომ სააკაშვილი ჩრდილს აყენებს ამ ურთიერთობებს, რაც არ არის სასურველი.

„საერთოდ, ცხოვრებაში ვიცნობ ორ ქოსატყულას, ბავშვობაში ეს იყო – ბარონი მიუნ ჰაუზენი და ზრდასულ ასაკში მთავარი ქოსარტყუილა ვინც საერთოდ გამიცვნია, არის სააკაშვილი. მსგავი რიტორიკა მისთვის დამახასიათებელია, თუმცა ის უკვე წარსულის სიმბლოა, ისეთი წარსულის, რომლის მობრუნება ქართველ ხალხს აღარ სურს. საქართველოში მოსახლეობის 90% პირდაპირ ამბობს კვლევებში, რომ არ სურს სააკაშვილი მობრუნდეს ხელისუფლებაში, ვინაიდან პირდაპირ რომ ვთქვათ, ის იყო დიქტატორი, მან დაღვარა ქართველი ხალხის სისხლი, აწამა ხალხი, გაძარცვა ქართველი მოსახლეობა და ამიტომ, განათლებულ და ჯანსაღი აზროვნების მქონე ადამიანს არ შეიძლება მოსწონდეს სააკაშვილი.

მას ჰყავს თავისი მომხრეები და ეს ძირითადად ის ხალხია, რომლებიც მის დროს კარგად იყვნენ. ქონდათ მაღალი ხელფასები, პრემიები, მივლინებები, მანქანები და ა.შ. რა თქმა უნდა, ეს ხალხი მისტირის სააკაშვილის დროს და მისი მომხრე იქნება. ჩემი ანალიზით ასეთი, დაახლოებით, მთლიანი მოსახლეობის 6-7%-ია, რაც გავლენას ახდენს საინფორმაციო ველზე, ხელოვნურად ძაბავს ვითარებას თავისი ტელევიზიის მეშვეობით და, რომლის შენახვა სააკაშვილს მილიონობით დოლარი უჯდება. სააკაშვილი ქართველი ხალხისგან წართმეული ფულით წლებია ინახავს საქართველოში არსებულ საკმაოდ სერიოზულ და დიდ ქსელს.

ტელევიზიის შენახვა 40 მილიონი ჯება წელიწადში. საერთო ჯამში, ყოველწლიურად, სააკაშვილი 200 მილიონ ლარს ხარჯავს თავსი ქსელის, მე-5 კოლონის შენახვაზე, მაგრამ შედეგი არ აქვს. ფული კი იმდენი აქვს, რომ შეუძლია თავს უფლება მისცეს მსგავსი ხარჯები გასწიოს. მაგრამ, მთავარი ხალხის პოზიციაა. ხალხს არ სურს მისი დაბრუნება და როგორც ცნობილი ადამიანი იტყოდა - კედელს ურტყამენ თავს“, – აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ირაკლი გოგავამ.