თორნიკე შენგელიას ცსკა-ში ტრანსფერს არაერთი გამოხმაურება მოჰყვა. მთ შორის ძალიან ბევრი კრიტიკა. იყო მხარდასაჭერი მიმართვებიც როგორც საქართველოს ნაკრების კალათბურთელებისგან, ასევე ვეტერანი კალათბურთელებისგან და სხვადასხვა სპორტში მოღვაწე სპორტსმენებისგან.
აღნიშნულ თემას საეთერო დრო დაუთმო რუსეთის „პირველი არხის“ პოპულარულ პოლიტიკურმა გადაცემამ, „დრო გვიჩვენებს“, - სადაც შენგელიას ირგვლივ ბოლო დროს განვითარებული მოვლენები განიხილეს და რუსმა ჟურნალისტებმა სოციალურ ქსელებში ქართველი კალათბურთელის მიმართ უარყოფითი გამოხმაურება გააკრიტიკეს:
„სპორტი და პოლიტიკა ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს, რით დაიმსახურა შენგელიამ ის კომენტარები, რომლებშიც ქართველი ხალხი მას ტრავმის მიღებას უსურვებს და ქვეყნის მოღალატედ მოიხსენიებს, კარგი თამაშით? როდესაც ის „ბრუკლინ ნეთსში“ თამაშობდა, არავინ წერდა, რომ მას ამერიკა საქართველოზე მეტად უყვარს.“
განსაკუთრებით კრიტიკულად განიხილეს საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ფეისბუქ პოსტი და აღნიშნეს, რომ "უცნაურია, თუ რატომ გადაწყვიტა პრეზიდენტმა კომენტარი გაეკეთებინა საკითხზე, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს არც საქართველოს უსაფრთხოებასთან და არც ეკონომიკასთან.
„როდესაც საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ასე აშკარად ერთ-ერთ რადიკალურ მოსაზრებას ემხრობა აღნიშნულთან დაკავშირებით, ის არ ფიქრობს იმ ქართველებზე, რომლებიც რუსი ტურისტების ჩამოსვლაზე არიან დამოკიდებულნი, რომლებსაც სჭირდებათ ღვინის, საჭმლის და ტურისტული მომსახურეობის გაყიდვა. ასეთი დამოკიდებულების საჯაროდ გამოქვეყნება შესაძლოა მცირე ნაბიჯი გახდეს იმ მოვლენებისკენ, რომლებსაც 12 წლის წინ ჰქონდათ ადგილი და ვიმედოვნებთ, რომ ასეთი რამ აღარასოდეს განმეორდება“ - თქვა რუსმა ჟურნალისტმა.
შეგახსენებთ, რომ თორნიკე შენგელია მოსკოვის ცსკა-ში რამდენიმე დღის წინ ოფიციალურად გადავიდა, მანამდე კი ‘ბასკონიას’ რიგებში გამოდიოდა, რომლის კაპიტანიც იყო და რამდენიმე დღის წინ ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა.