ქვეყნის მთავარსარდალი ძალოვან სტრუქტურებს სახელმწიფო გადატრიალებისკენ მოუწოდებს

ქვეყნის მთავარსარდალი ძალოვან სტრუქტურებს სახელმწიფო გადატრიალებისკენ მოუწოდებს

„ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ლიდერი, მიხეილ სააკაშვილი აქამდე იმის ილუზიას ქმნიდა, რომ ქვეყნის ახალ ხელისუფლებასთან თანაარსებობისთვის მზად იყო, თუმცა სააკაშვილის რამდენიმე დღისწინანდელმა გამოსვლამ, როდესაც მან საკუთარ ოპონენტებს „დაუბანელი“ და „გაუპარსავები“ უწოდა, ხოლო ქვეყნის ძალოვან სტრუქტურებს ხელისუფლებისადმი დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებდა, ცხადჰყო, რომ არანაირი თანამშრომლობა არ გამოვა. სააკაშვილის აგრესიული რიტორიკით გაჟღენთილი გამოსვლის საპასუხოდ, პრემიერმა ივანიშვილმა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაზე თანხმობა შეუთვალა. სადამდე შეიძლება ამ პოლიტიკურ ურთაბრძოლაში მიყვნენ ერთმანეთს ორი პოლიტიკური ძალის ლიდერები და რას უქადის ეს პროცესი ჩვენს ქვეყანას, ამ თემაზე for.ge-ს პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე ესაუბრება.

ხათუნა ლაგაზიძე: „როგორც ჩანს, სააკაშვილმა ჩათვალა, რომ  მარყუჟი ვიწროვდება მის გარშემო და მისი გაღიზიანების მიზეზიც სწორედ ეს იყო. ამან იგი იმ შედარებითი ემოციური შტილიდან გამოიყვანა, რომელშიც სააკაშვილი პირველი ოქტომბრიდან დღემდე იმყოფებოდა. ვფიქრობ, ეს იყო ძირითადი მიზეზი და აქვე აღვნიშნავ, რომ მის გამოსვლაში რამდენიმე საინტერესო პასაჟი იყო. საინტერესო ის იყო, რომ პირველ ოქტომბერს მან გადადგა სახელმწიფოებრივად მომწიფებული ნაბიჯი, როდესაც გამარჯვებულ ძალას უსისხლოდ და კონსტიტუციურად გადააბარა ხელისუფლება. მთელი მსოფლიოსთვის ეს აღქმული იქნა, როგორც ჭეშმარიტი დემოკრატიის გაბრწყინება საქართველოში. ამ გამოსვლამ კი კიდევ ერთხელ დაადასტურა ის, რაც ჩვენ ვიცოდით: რომ პირველი ოქტომბერი იყო გამონაკლისი სააკაშვილის მართვის სტილში და ზოგადად, სააკაშვილის ბიოგრაფიაში. მისი ჩვეული სტილი კი არის ის, რასაც ის აკეთებდა პირველ ოქტომბრამდე და რაც ამ გამოსვლით გააგრძელა: სააკაშვილმა პირველი ოქტომბრის მარცხით ვერაფერი ისწავლა. ამიტომ, ის, რაც მან პირველ ოქტომბერს გააკეთა, მისი ჩვეული სტილიდან ამოვარდნა იყო.

სააკაშვილმა ვერ გაანალიზა, რატომ გამოუტანა ქართულმა საზოგადოებამ განაჩენი „ნაციონალურ მოძრაობას“. როგორც მოგახსენეთ, მის გამოსვლაში რამდენიმე საინტერესო პასაჟი იყო, რამაც ამ ორთვიანი პაუზის შემდეგ სააკაშვილის რეალური სახე წარმოაჩინა. მან საკუთარ საზოგადოებას ისევ უწოდა ბრბო და ამით კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საკუთარი მოსახლეობის მხრიდან ასეთმა მძიმე განაჩენმაც კი, იგი ვერ აიძულა საკუთარი მართვის სტილისთვის რევიზია გაეკეთებინა, ანუ ხვალ რომ მას ხელისუფლებაში დაბრუნების საშუალება მიეცეს, ის თავის ხალხს ისევ მოეპყრობა როგორც ბრბოს და არა როგორც იმ საზოგადოებას, რომელიც პატივისცემას იმსახურებს.

კიდევ ძალიან მნიშვნელოვანი ამ გამოსვლაში იყო ის, რომ სააკაშვილმა ნათლად გამოკვეთა, როგორი თავგასული იყო ის, როგორც ხელისუფალი. თავგასული იმ თვალსაზრისით, რომ არანაირი კანონიერი ბარიერი მის ქმედებებს არ ჰქონდა. ეს ორ პასაჟში გამოიკვეთა. პირველი იყო ის, როდესაც მან განაცხადა: ბანკის გაკოტრება რომ მდომებოდა, ჩემი ერთი სიტყვა იყო საკმარისიო. ამით ნათლად აჩვენა, როგორი განუსაზღვრელი იყო მისი ძალაუფლება, თუნდაც ქვეყნის ფინანსურ სისტემასთან დამოკიდებულებაში და როგორ იდგა ყველანაირ კანონზე მაღლა, გნებავთ იგივე კერძო საკუთრებასთან მიმართებაში. მეორე ძალიან საინტერესო იყო ის, თუ როგორ მიმართა მან ქვეყნის ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლებს და ფაქტობრივად დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდა.

ეს ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო მომენტი იყო პრეზიდენტის გამოსვლაში, რადგან თავდაცვის სამინისტრომ ამასთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გაავრცელა და პრეზიდენტის ამ გამოთქვას სახიფათო უწოდა. რას ნიშნავს ქვეყნის პრეზიდენტის მოწოდება დაუმორჩილებლობისკენ ძალოვანი სტრუქტურების მიმართ?

- აქ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ქვეყნის პირველი პირი ამავდროულად არის ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი და როდესაც ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი შეიარაღებულ ძალებს დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებს, ეს ფაქტობრივად სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ტოლფასია. როდესაც დასავლეთი საქართველოს მიუთითებს, რომ მას აქვს ისტორიული შანსი (რომელიც უნდა გამოიყენოს), ორი პოლიტიკური ძალის თანაარსებობით ახალი პოლიტიკური რეალობა, ახალი მართვის სტილი შექმნას, ამას დასავლეთი უპირატესად „ქართულ ოცნებას“ უთითებს. თუ დასავლეთი ობიექტური იქნება, ეს „ნაციონალური მოძრაობისთვის“ კიდევ ერთი განაჩენია დასავლეთის თვალში, რადგან საქართველოს მოსახლეობამ „ნაცმოძრაობას“ ისეთი მწარე განაჩენი გამოუტანა, რომ რეინკარნაციის შანსი მოუსპო. ამ შემთხვევაში დასავლეთი ისეთივე ობიექტური უნდა იყოს, როგორიც პირველ ოქტომბერს იყო, როდესაც საქართველოს მოსახლეობის არჩევანის გარდუვალობა გაითვალისწინა და არჩევნების შედეგებს ასევ ვთქვათ, საერთაშორისო თანხმობა მისცა.

ახლაც, სააკაშვილის ეს გამოსვლა დასავლეთმა ძალიან საშიშ სიგნალად უნდა მიიღოს, რადგან საქართველოს პრეზიდენტი შეიარაღებულ ძალებს ლამის სახელმწიფო გადატრიალებისკენ, ანუ საპარლამენტო არჩევნების შედეგად არჩეული ძალისადმი დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებს. უბრალოდ, „ქართული ოცნება“ სიტუაციას არ ამწვავებს, თორემ სამართლებრივ ენაზე ეს სწორედ სახელმწიფო გადატრიალებისკენ მოწოდებაა. ეს მიუთითებს იმაზე, რომ სააკაშვილისთვის სახელმწიფო და საკუთარი მოსახლეობა, დღესაც, ისევე, როგორც განვლილი ცხრა წლის მანძილზე, ნულოვანი ღირებულებაა. მისი, როგორც პოლიტიკოსის ერთადერთი აზრი და მიზანი ყოველთვის მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური კარიერის შექმნა და შემდეგ გადარჩენა იყო. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორი შეწუხებული და განრისხებულიც არ უნდა იყოს ქვეყნის პრეზიდენტი, იგი საკუთარ ქვეყანას ასეთი განსაცდელის წინაშე არ დააყენებს, რასაც საკუთარი განცხადებებით აკეთებს.

სააკაშვილს რომ ქვეყანაში ოდნავ მეტი რეიტინგი ჰქონდეს და ძალოვანი სტრუქტურები ქვეყნის მთავარსარდლის ამ მოწოდებას შესაბამისად გამოეხმაურონ, აცნობიერებს კი ეს კაცი (რომელმაც ქართულ პოლიტიკაში ქვების სროლა დაამკვიდრა, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით) რა შედეგამდე მიიყვანს საკუთარ ქვეყანას? ასეთ შემთხვევაში უნდა დადგეს თუ არა ამ პერსონის საკუთარ თანამდებობასთან შესაბამისობის საკითხი და ასე უნდა დაინახოს თუ არა ეს საკითხი დასავლეთმა? მე ვფიქრობ, რომ თუ დასავლეთი ამ პროცესებს ობიექტურად აღიქვამს, ამას სწორი, ანუ ამგვარი შეფასება მიეცემა.

კიდევ ერთი, რაზეც პრეზიდენტმა თავი ვერ შეიკავა და სააშკარაოზე გამოიტანა, იყო შემდეგი: მისი მართვის და კომუნიკაციის ჩვეული ფორმა ხომ სიცრუე იყო, ოღონდ არა უწყინარი, არამედ ცინიზმში გადასული სირცუე. სწორედ ასეთი ცინიკური სიცრუის მარგალიტები გადმოაფრქვია ამჯერადაც. მაგალითად ის, რომ თურმე, დღეს საქართველოში იმდენი პატიმარია, რამდენიც ყველაზე რთულ სიტუაციებშიც არ ყოფილაო და ამას ამბობს კაცი, რომელმაც ქვეყანაში ნულოვანი ტოლერანტობა დაამკვიდრა. ასე რომ, მე ვფიქრობ, ეს სააკაშვილის მართლაც საეტაპო გამოსვლა იყო, რითაც მან ერთი ხელის მოსმით დაანგრია საკუთარი იმიჯი, რომლის შექმნასაც იგი პირველი ოქტომბრის შემდეგ ცდილობდა.

კოჰაბიტაციაში მონაწილე პრეზიდენტის იმიჯი?

- არა, იმ ადამიანის იმიჯი, რომელმაც ქვეყნის ინტერესი საკუთარ ამბიციებზე მაღლა დააყენა, დემოკრატიულ პრინციპებს დაემორჩილა, მართვის სადავეები მშვიდობიანად გადასცა და ა.შ.

ძალიან საინტერესო იყო სააკაშვილის ამ გამოსვლაზე ბიძინა ივანიშვილის გამოხმაურება. პრემიერ-მინისტრმა პრეზიდენტს პრაქტიკულად ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება შესთავაზა, თუკი მას ამის სურვილი ექნება. როგორ შეაფასებდით მის ამ ინიციატივას?

- იმიტომ, რომ საკუთარი უპირატესობა დაამტკიცო, ამისათვის განმეორებით არჩევნებზე წასვლის არანაირი აუცილებლობა არ არსებობს. ის, რომ „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ რეიტინგი ცა და დედამიწასავით განსხვავდება ერთმანეთისგან და ხვალ რომ არჩევნები ჩატარდეს, „ნაციონალები“ იმის მეოთხედსაც ვერ მიიღებენ, რაც ოქტომბრის არჩევნებში გაუფორმეს (არა მიიღეს, არამედ გაუფორმეს), ეს ყველასთვის ნათელია, მათ შორის თავად „ნაციონალებისთვისაც“. კომუნიკაციის და დეკლარირების დონეზე, რატომაც არა, შეიძლება თქვა, - მე იმდენად ძლიერი პოზიციები მაქვს, რომ ამაზე წასვლისაც კი არ მეშინია, მაგრამ ზოგადად, არჩევნების თემასთან, ისევე, როგორც კონსტიტუციასთან, ცოტა უფრო ფრთხილი მოპყრობაა საჭირო.

მეორე საკითხია, ასეთი სიტუაცია რეალურად რომ წარმოვიდგინოთ - სააკაშვილმა დაითხოვა მთავრობა, მის მიერ შეთავაზებული მთავრობა პარლამენტმა სამჯერ ზედიზედ არ დაუმტკიცა, ასეთ შემთხვევაში, დაითხოვა პარლამენტიც და ერთპიროვნულად დანიშნა მთავრობა. ამდენად, სააკაშვილი ერთპიროვნულად აკონტროლებს როგორც ეკონომიკურ, ასევე,  ძალოვან ბლოკს (რაც ასეთ შემთხვევაში ყველაზე მნიშვნელოვანია) და ასეთ პირობებში საპარლამენტო არჩევნები დანიშნა. არჩევნებამდე დარჩენილ დროში დაიწყო მასობრივი ტერორი, ყველა ანგარიშგასაწევი პერსონა ციხეში ჩასვეს, და თუ ჩვენ ამაზე დასავლეთისგან არ მივიღეთ რეაგირება (ისევე, როგორც არ ვიღებდით რეაგირებას ცხრა წლის განმავლობაში), მაშინ რას ვშვებით?

ასეთ შემთხვევაში უარეს ჩიხში შევდივართ.

- ასეთ შემთხვევაში სისხლისმღვრელ სამოქალაქო დაპირისპირებამდე მივდივართ. ამიტომ ვამბობ, რომ არჩევნების თემა ძალიან საფრთხილო თემაა და ამ თემასთან უფრო მოზომილი დამოკიდებულება არის საჭირო.

ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ყარსი - ახალქალაქის რკინიგზის მშენებლობა გარკვეულ კითხვებს აჩენს და აზერბაიჯანში მომავალი ვიზიტის დროს იგი გარკვეულ კითხვებს დასვამს. ამის საპასუხოდ, პრეზიდენტმა შეშფოთება გამოხატა და აღნიშნა, რომ ყარსი - ახალქალაქის რკინიგზის პროექტი პირდაპირ ევროპასთან გვაკავშირებს, ხოლო რუსეთთან მიმდინარეობს მოლაპარაკება, რომ რაღაცის სანაცვლოდ, საქართველო მთლიანად რუსულ ელექტროკომპანიებზე გახდეს დამოკიდებული, ეს კი გვაშორებს ევროპასთან და რუსეთთან კაბალურ ურთიერთობებში გვითრევს. რას ფიქრობთ ამ საკითხზე?

- ეს პროექტი ვერანაირად ვერ შეჩერდება. შესაძლოა, საჭირო იყოს გარკვეულ ნაწილში ამ პროექტის კორექტირება და ეს გარკვეული ნაწილი საქართველოსთვის უფრო მეტი ეკონომიკური ეფექტის მოტანაა, თორემ ეს პროექტი ერთ-ერთი იმ იშვიათ პროექტთაგანია, რომელზეც ორი ფაქტორის გამო პირდაპირ არის მიბმული ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება. პირველი არის ის, რომ ამ პროექტის უახლოესი მონაწილეები ჩვენს გარდა არიან აზერბაიჯანი და თურქეთი. გარდა იმისა, რომ ისინი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები არიან, ასევე ჩვენი მეზობლები არიან და თუნდაც, აქედან გამომდინარე, ამ პროექტის ჩაშლაზე საუბარი უბრალოდ გამორიცხულია.

მეორე მხრივ, როდესაც ვამბობ, რომ ამ პროექტზე დიდწილად არის მიბმული ჩვენი უსაფრთხოება, ამას იმიტომ ვამბობ, რომ ამ ტიპის პროექტებით საქართველო იძენს ფუნქციას. ეს არის ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი საკომუნიკაციო, სატრანზიტო, ლოჯისტიკური რგოლის და ა.შ. ფუნქცია. სწორედ ამ ფუნქციის გამო ძალიან ბევრი ქვეყანა ჩვენი უსაფრთხოებით დაინტერესებული ხდება. ამიტომ, ამ პროექტის ჩავარდნაზე საუბარი არარეალურია, ეს პროექტი უკვე შემდგარია და განხორციელდება.

ამ პროექტის მიზანი ძალიან გლობალურია. გარდა საქართველოს ინტერესისა, გასათვალისწინებელია, რომ ეს პროექტი ირანიდან მომავალი საკომუნიკაციო, სატრანზიტო გზების ალტერნატივად განიხილება, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ ისევე, როგორც ბევრი სხვა ხელშეკრულების დადებისას, ჩვენმა წინა ხელისუფლებამ ამ შემთხვევაშიც, საქართველოს ეკონომიკური ინტერესები ნაკლებად გაითვალისწინა. კერძოდ, რკინიგზის დეპარტამენტის საიტზე პირდაპირ წერია, რომ ამ რკინიგზის ამოქმედების შემდეგ საზღვაო გადაზიდვები და საზღვაო პორტები თავის ფუნქციას დაკარგავენ. ვინც ამას წერდა და ვინც ამ ხელშეკრულებას ხელს აწერდა, თუკი ამ ადამიანებმა იცოდნენ, რომ საზღვაო პორტები ფუნქციას დაკარგავდნენ, საინტერესოა, რას უპირებენ საქართველოს საზღვაო პორტებს, ფოთსა და ბათუმს? არსებობს იმის საშიშროება, რომ საქართველოს საზღვაო პორტებმა თავისი ფუნქცია დაკარგონ და დაკარგონ საზღვარო გადაზიდვების დაახლოებით 70%, რაც ეკონომიკურ მოგებას კატასტროფულად შეგვიმცირებს.

მეორე მხრივ, ამ რკინიგზის საქართველოს მონაკვეთს 700 მლნ დოლარით აზერბაიჯანი აფინანსებს. იმ ფაქტორების გამო, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ, ეს რკინიგზა საქართველოს ინტერესში შედის, მაგრამ მისი არსებობა უფრო მეტად თურქეთისა და აზერბაიჯანის ინტერესშია და რადგან ეს ქვეყნები საქართველოსთან შედარებით ეკონომიკურად გაცილებით ძლიერები არიან, რატომ არ შეიძლებოდა საქართველოს ხელისუფლებას აზერბაიჯანისთვის ეთხოვა, რომ ეს ყოფილიყო გრანტი? სინამდვილეში ეს არის სესხი, რომელიც საქართველომ მთელი მომდევნო წლების განმავლობაში უნდა იხადოს. ამდენად, ის ეკონომიკური მოგება, რაც საქართველომ ამ პროექტით უნდა ნახოს, მთლიანად აზერბაიჯანის ვალის გასტუმრებაში წავა. ამასთანავე, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ჩვენი პორტები დაკარგავენ იმ მოგებას, რაც დღეს აქვთ. სწორედ ამაზეა საუბარი, როდესაც ამ პროექტთან დაკავშირებით არსებულ კითხვებზე საუბრობენ. ბუნებრივია, ხელისუფლება, რომელიც საკუთარი ქვეყნის ეკონომიკურ პოტენციალზე ფიქრობს, ამ კითხვებს უნდა სვამდეს. ამიტომ, თუკი არსებობს იმის შანსი, რომ აზერბაიჯანულ მხარესთან ეს საკითხები განხილული იყოს, ეს შანსი უნდა გამოვიყენოთ.

ამდენად, პროექტის შეწყვეტაზე საუბარი, რა თქმა უნდა, არ არის, მაგრამ წმინდა ეკონომიკური თვალსაზრისით პროექტის კორექტირება შესაძლებელია. გამომდინარე იქიდან, რომ ეს საერთო ინტერესია, ვინაიდან სამივე ქვეყნის უსაფრთხოებას, გეოპოლიტიკურ ფუნქციას წაადგება, რატომ არ შეიძლება ჩვენს კეთილმეზობლურად ვთხოვოთ მათ, რომ როგორმე გამოვასწოროთ ის, რაც წინა ხელისუფლებამ დააშავა, ანუ გადაიხედოს ამ პროექტის პირობები და საქართველოსთვის უფრო მომგებიანი პირობები ჩაიდოს. ის ინსინუაციები, რომ თითქოს, ამ პროექტის ჩაშლა რუსეთს აწყობს და ა.შ. ეს ყველაფერი ისევ და ისევ წინა ხელისუფლების ფანტაზიების ნაყოფია. ცალსადაც ვამბობ, რომ ამ პროექტის ჩაშლა ისევე წარმოუდგენელია, როგორც გეოგრაფიული რუკიდან საქართველოს გაქრობა.

და ბოლოს, მინდა ცნობილ დაკავებებთან დაკავშირებით დაგისვათ კითხვა. მოგეხსენებათ, თენგიზ გუნავას დაკავებასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ, გენერალური ინსპექციის მოკვლევის საფუძველზე, სამინისტროს ხუთი თანამშრომელი გაათავისუფლა. რა თქმა უნდა, „ნაციონალებმაეს ფაქტი ხელზე დაიხვიეს და იმის დასტურად მოჰყავთ, რომ ეს მართლაც პოლიტიკური დაპატიმრებებია და სურთ, ეს ფაქტი განაზოგადონ. როგორ შეაფასებდით ამ ამბავს?

- ამ შემთხვევაში, ახალი მინისტრი უბრალოდ იყო იმ სისტემის მსხვერპლი, რომელიც მან ჩაიბარა. ეს საქმე დაგეგმეს და შეასრულეს იმ ადამიანებმა, რომლებიც, ასე ვთქვათ, მზითევში მოჰყვა შინაგან საქმეთა სამინისტროს. ეს იყო ნელი მოქმედების ნაღმი, რომელიც ამ ხელისუფლების პირობებში აფეთქდა და შესაძლოა, მსგავსი რამ ხვალ და ზეგაც გამოხტეს. ვანოს პოლიცია რასაც იყო შეჩვეული, იგივე გააკეთა ირაკლის მინისტრობის პირობებშიც და ეგონა, რომ ეს ამ ხელისუფლების პირობებშიც წახალისებული იქნებოდა.

სტრუქტურა რომ გამოდის და თავის შეცდომას აღიარებს, ეს ძალიან კარგია, რადგან მიანიშნებს იმაზე, რომ ხვალ ეს სტრუქტურა იგივეს აღარ გაიმეორებს და ეს ხელწერა მათთვის მიუღებელია. მაგრამ „ნაციონალებისგან“ ეს ნაკლებად მოსალოდნელია. უსინდისობა რა საზღვრებს გასწვდება, ამის წარმოდგენა უბრალოდ შეუძლებელია.

ნაციონალებიამ ფაქტს იყენებენ იმისთვის, რომ თქვან, თითქოს, ყველა დანარჩენი დაკავებული მაღალჩინოსანიც ამ მეთოდებით არის დაჭერილი. გამოდის, რომ ეს ფაქტი მათ წისქვილზე ასხამს წყალს?

- არანაირად არ ასხამს წყალს მათ წისქვილზე. ამ ქვეყანაში სადღაც ორ თვეში დადგება დრო, როდესაც „ნაციონალები“ როგორც თემა, საერთოდ აღარ იარსებებს. ისინი იმ დოზის ყურადღებასაც არ იმსახურებენ, რასაც დღეს ჩვენ მათ ვუთმობთ. ამიტომ, საზოგადოებრივი განწყობიდან ამოშლის თვალსაზრისით, ისინი ძალიან მალე მიიღებენ იმას, რასაც იმსახურებენ.