დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტში ლამის ხელჩარული ბრძოლა გაიმართა. საქმე ეხება კომუნიკაციების კომისიის მიერ წარდგენილ ცვლილებების პროექტზე „ელექტრონული კომინიკაციების შესახებ“, რომელსაც სატელეკომუნიკაციო სექტორის წარმომადგენლები, ბიზნესასოციაციასთან და არსამთავრობოებთან ერთად ეწინააღმდეგებიან.
კანონპროექტით, კომუნიკაციების კომისიას შესაძლებლობა ეძლევა კომპანიებში სპეციალური მმართველი დანიშნოს და ამ ნაბიჯით საკუთარი გადაწყვეტილებების აღსრულება უზრუნველყოს. სპეციალურ მმართველს კი საკმაოდ დიდი უფლებამოსილებები ენიჭება, მათ შორის შესაძლებელი ხდება კომპანიის წილებისა და აქციების გახსვისება აუქციონის წესით.
„სილქნეტისა“ და „სილქ როუდ ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, გიორგი რამიშვილმა კომიტეტს და დამსწრე საზოგადოებას მოუწოდა, გამოთქმული შენიშვნებიდან გამომდინარე არ იქნას ისეთი გადაწყვეტილება მიღებული, რაც ინდუსტრიას დააზარალებს.
„ამ რედაქციით, ამ კანონის მიღება უბრალოდ არ იქნება სწორი და მართებული. ემოციები უნდა გავწიოთ გვერდზე და შენიშვნები, რაც ითქვა, ჩანაწერი მოგვეცით, განვიხილოთ. მე სპეციალურად დავპატიჟე ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი, რომ ჩაერიოს როგორც ბიზნესის მხრიდან და ეს ინდუსტრიაც არ გადავაყოლოთ ერთ კონკრეტულ რაღაცას“, - განაცხადა გიორგი რამიშვილმა.
კანონპროექტის განხილვის დროს წონასწორობიდან გამოვიდა „მაგთიკომის“ 46%-იანი წილის მფლობელი, ირაკლი რუხაძე. მან ბექაურის ინიციატივა „სრულ კრეტინიზმად, სისულელედ და სიგიჟედ“ შეაფასა. მან სიტყვით გამოსვლისას კახა ბექაურს მიმართა და მოსთხოვა პასუხი კითხვაზე, თუ როგორ დაიცავს ის რუხაძის, როგორც „მაგთის“ მეწილის ინტერესებს საქართველოში.
„მე ვარ „მაგთის“ მოწილე, მე და გია ჯოხთაბერიძეს ურთიერთობა გვაქვს საქართველოს ფარგლებს გარეთ. ძალიან დიდი ხელშეკრულება გვაქვს, რაც არეგულირებს ჩვენს ურთიერთობას, იმას, თუ როგორ ვარ მე მინორიტარი და ის მაჟორიტარი მფლობელი „მაგთიკომში“ საქართველოში. აი, გიამ დაარღვია კანონი, ზიანი მიაყენა საქართველოს საზოგადოებივ უსაფრთხოებას - არ ვიცი ეს რას ნიშნავს, მაგრამ შენ ჩათვალე, რომ მიაყენა. გიამ გაყიდა ეს წილი და ვერ ვარევერსებთ. ახლა რას აკეთებთ? გიას 54%-იან წილს ყიდით საქართველოში? მე არ გაგაჩერებთ არასდროს, ყველგან გიჩივლებთ.
მე მაქვს მასთან ხელშეკრულება ამერიკაში და ამ წილში სხვა ვინმეს ვერ შემომიყვანთ? ამერიკულ ხელშეკრულებას დამიდებს ვინმე? ეს არის სიგიჟე, სისულელე, კრეტინიზმი. წარმოიდგინეთ, რომ სუფთა წილია 54%, საქართველოშია და თქვენ 100% გაგაქვთ აუქციონზე.
ვთქვათ, თქვენ მაინც ყიდით წილს, დამისახელეთ ვინმე, ვინც ამ წილში 5%-ს გადაიხდის, თუ არ არის დაკავშირებული მთავრობასთან, ან არ არის ავანტიურისტი, ან არ ეშინია სასამართლოსი. არანაირი ნორმალური მყიდველი არ მიეკარება ამ წილს, რადგან სადავო აქტივია. მანახეთ სერტიფიცირებული გიჟი, რომელიც სადავო აქტივში ფულს გადაიხდის. მყიდველს ვერ იპოვით. თუ რამის გაყიდვას გადაწყვეტთ, მე პირადად გიჩივლებთ ყველგან“, - მიმართა რუხაძემ კახა ბექაურს.
კახა ბექაურმა რუხაძეს უპასუხა, რომ წილის გასხვისება უნდა მოხდეს პროცესების დაწყებიდან 3 წლის განმავლობაში, რაც „მაგთის“ მეწილის განცხადებით, არც ერთი კანონის, არც ერთ მუხლში არ წერია.
კომპანია „მაგთიკომის“ საკონტროლო პაკეტის მფლობელმა გია ჯოხთაბერიძემ კომუნიკაციების კომიისის თავმჯდომარე დაადანაშაულა იმაში, რის გამოც ორმა უდიდესმა ტრანსნაციონალურმა კომპანიამ გადაწყვიტა საქართველოს ბაზრის დატოვება.
„რაც თქვენ ბრძანდებით თავმჯდომარე ორმა, უდიდესმა ტრანსნაციონალურმა კომპანიამ მიატოვა საქართველო და წავიდა ჩვენგან. როგორც იქცევით, ამის შედეგად მივიღეთ ეს. რატომ მივიღეთ იცით ეს შედეგად? აღარ უნდა ხალხს ინვესტირების გაკეთება საქართველოში. ორი უდიდესი კომპანიიდან, ერთი („ჯეოსელი“) შეიძინა „სილქნეტმა“. მეორე კომპანიას - „ბილაინს“ უნდა გასვლა იმიტომ, რომ თქვენი მუშაობის შედეგად აღარ უნდა აქ ყოფნა, მაგრამ ვერ ყიდის, მყიდველი ვერ იპოვა“, - მიმართა ჯოხთაბერიძემ ბექაურს.
საბოლოოდ, „მაგთიკომის“ მფლობელმა კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარეს უზურპატორი უწოდა და აღნიშნა, რომ მარეგულირებლის 2019 წლის საქმიანობის ანგარიში ტყუილზეა აგებული. ბექაურმა ეს აღარ მოითმინა და ჯოხთაბერიძეს კითხვა შეუბრუნა - „როდის გავხდი უზურპატორი, 6 წელია შენისთანა მემარჯვენე თავმჯდომარე არ მინახავსო მეუბნებოდი“? ამაზე ჯოხთაბერიძემ მოკლედ უპასუხა - „მემარჯვენე ხარ შენთვის!“
კახა ბექაურს მიმართა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემაც. მან აღნიშნა, რომ სპეციალური მმართველის დანიშვნის პრაქტიკა კომერციულ ბანკებში ემსახურება დეპოზიტართა ინტერესთა დაცვას, ხოლო მისი კომუნიკაციების სექტორთან შედარება არ შეიძლება.
„ნუ შეადარებთ საბანკო სექტორს. ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკში სპეციალურ მმართველს ნიშნავს ბანკის გაკოტრების დროს, დეპოზიტართა უფლებების დასაცავად. კომუნიკაციებში კი სრულიად განსხვავებულ ინდუსტრიასთან გვაქვს საქმე“, - განაცხადა ფხაკაძემ.
„კავკასუს ონლაინის“ წარმომადგენელმა დავით კაპანაძემ „ელექტრონული კომუნიკაციის შესახებ“ კანონპროექტის განხილვისას დაუფარავად აღნიშნა, რომ „კავკასუს ონლაინი“ უკვე აკმაყოფილებს კანონპროექტით არსებულ მოცემულობას და მისი მიღების შემთხვევაში კომპანია დაიღუპება.
„კავკასუს ონლაინის“ წინააღმდეგ უკვე გამოყენებულია გაფრთხილება, 30 000 ლარის ჯარიმა, 90-ათასიანი ჯარიმა, 270 000-იანი ჯარიმა ერთხელ და მეორედაც ისეთივე ჯარიმა. ეს ხდება 2019 წლის შემოდგომიდან, აქ წინასწარი თანხმობის გარეშე რაღაც ტრანზაქციის განხორციელება კი არ არის კანონის მიზანი, კანონის მიზანია, რომ პრევენციული მოქმედება განახორციელოს ისეთი ტრანზაქციის მიმართ, რომელსაც აქვს ნეგატიური გავლენა ბაზრის კონკრეტულ სეგმენტზე.
აგვისტოს დასაწყიში და ეს კანონპროექტი, რომელიც ასე ფორსირებულად ასეთი ნეგატიური შეფასებებით არის მიღებული, იმოქმედებს, პირველ რიგში, „კავკასუს ონლაინზე“. დღეს პირველი მსხვერპლი ეს კომპანია იქნება. სიტყვას გაძლევთ დღეს თუ ხვალ ყველა ავტორიზებული პირი მიჰყვება მას“, - განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა.
ცხარე კამათის შემდეგ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ განაცხადა, რომ იმ კანონპროექტის შეცვლა იგეგმება, რომლის თანახმადაც კომუნიკაციების კომისიას ავტორიზებული-ლიცენზიის მფლობელი პირისათვის სპეციალური მმართველის დანიშვნის უფლებამოსილებას ანიჭებდა. იქიდან გამომდინარე, რომ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტმა მედიაში მღელვარება გამოიწვია, მისი წარმოდგენილი ვერსიით მიღება აღარ მოხდება.
„ცვლილებები გაწვეული იქნება იმიტომ, რომ დღეისთვის, წინასაარჩევნოდ, ასეთი მოცემულობით ამ თემის განხილვა საჭირო არ არის. აშკარად ჩანდა, რომ კომუნიკაციის ნაკლებობა იყო და დაჩქარებულ დროში, ხვალ-ზეგ შევეცდებით, მაქსიმალურად გამოვიყენოთ, რათა კომუნიკაციის დეფიციტი აღმოვფხვრათ და ყველა ის არგუმენტი, რომელიც არსებობს სექტორში, კიდევ ერთხელ იყოს გააზრებული მარეგულირებელთან ერთად.
კანონის არათუ გამკაცრება, არამედ იმ ინსტრუმენტის შემოღება ხდება, რომელმაც ძალიან მძიმე სანქციების გამოყენების აუცილებლობა არ უნდა გახადოს საჭირო. ეს უნდა გაკეთდეს ისე, რომ სექტორს არ ჰქოდნეს განცდა, რომ არსებული რეგულაციები შეიძლება ბოროტად იქნეს გამოყენებული მომავალში. აუცილებელია, დაზუსტდეს მოცემულობა და ის მიზეზები, რომლითაც განისაზღვრება დროებითი მმართველის შესვლა კონკრეტულ ოპერატორთან“, - განაცხადა კაკულიამ.
ბიზნეს სუბიექტების გარდა, არასამთავრობო სექტორში მიიჩნევენ, რომ კომუნიკაციების კომისიის მიერ მომზადებული კანონპროექტი მედიის საქმიანობაში ჩარევის მიმართულებით საფრთხეს შეიცავს.