ზურაბ ადეიშვილზე შესაძლოა ინტერპოლით ძებნა გამოცხადდეს

ზურაბ ადეიშვილზე შესაძლოა ინტერპოლით ძებნა გამოცხადდეს

იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციულმა სააგენტომ დილის 10:00 საათზე მოწმის სახით დაკითხვაზე დაიბარა. შს სამინისტროს ინფორმაციით, შესაბამისი უწყება ყვარლის რაიონის სოფელ მთისძირში უკვე ჩაბარდა ზურაბ ადეიშვილის ოჯახის წევრ შალვა ადეიშვილს. 

როგორც შსს-ში აცხადებენ, დაკითხვაზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში ამოქმედდება კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები. ამ შესაბამის ღონისძიებებში კი, რა თქმა უნდა, ზურაბ ადეიშვილზე, რომელმაც ქვეყანა 1-ელი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დატოვა, ძებნა გამოცხადდება.

უკვე ცნობილია, რომ ზურაბ ადეიშვილი დაკითხვაზე „ბანკ ქართუს“ საქმესთან დაკავშირებით არის დაბარებული.

ადეიშვილის დაკითხვასთან დაკავშირებით For.ge ესაუბრა „ქართუ ჯგუფის“ იურიდიული განყოფილების უფროსს ალა კახნიაურს.

შსს- ინფორმაციით, 2011 წლის ნოემბრის დასაწყისში, იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა, ზურაბ ადეიშვილმა საკუთარ კაბინეტში დაიბარა შემოსავლების სამსახურის ყოფილი უფროსი ჯაბა ებანოიძე, გააცნო ბანკი ქართუს გაკოტრების სქემა და დაავალა მისი განხორციელება.

- თუ საგამოძიებო სამსახურების მიერ ზურაბ ადეიშვილის ბრალეულობა დადგინდება, მაშინ მისთვის დაუსწრებლად მოხდება ბრალის წაყენება, საქმეს განიხილავს სასამართლო და შესაბამისად, შეეფარდება სასჯელი. შესაძლოა, ინტერპოლის მეშვეობითაც გამოცხადდეს ზურაბ ადეიშვილზე ძებნა. სწორედ მის მიერ შემუშავდა „ბანკ ქართუს“ გაკოტრების სქემა. ვფიქრობ, მას ვიღაცამ უბრძანა და ამიტომაც შეიმუშავა ეს სქემა, მაგრამ ბიზნესმენების მიერ ნათქვამია, რომ ისინი დაიბარეს საგადასახადო სამსახურებში, მათი საწარმოების მიმართ ხელოვნურად წარმოიშვა დავალიანება, რაც სინამდვილეში არ ყოფილა. თორემ, მოგეხსენებათ, როცა ბანკი ასეთი ოდენობის კრედიტს გასცემს, აუცილებლად შეისწავლის ხოლმე ამა თუ იმ საწარმოს ფინანსურ ვითარებას და ამის შემდეგ იღებს გადაწყვეტილებას. როგორ ფიქრობთ, „ბანკ ქართუს“ მიერ გაიცემოდა კრედიტი, ამ ბიზნესმენებს დავალიანება რომ ჰქონოდათ და უცებ მილიონებს მიიღებდნენ? ეს ხომ აბსურდია. ადრეც ვიცოდით, რომ ეს ყველაფერი ხელოვნურად ხდებოდა. ამ სქემაში მონაწილეობა მიიღეს იმ რეჟიმთან დაახლოებულმა ბიზნესმენებმა. სხვებსაც სთხოვეს ამ სქემაში მონაწილეობა, მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანი ვიცი, ვინც უარი თქვა სქემაში მონაწილეობაზე და პატიოსნად ფარავდა მიღებულ თანხებს. შესაბამისად, ამ ბიზნესმენების ნაწილმა აღიარა ეს აქტი, ისინი ადრევე გვთხოვდნენ ამ ქონების დაბრუნებას, ამბობდნენ, რომ მის დასაბრუნებლად მზად იყვნენ, ოღონდ ერთი პირობით, რომ მათ მიმართ არ უნდა აღძრულიყო სისხლის სამართლის საქმე. თუმცა, ჩვენ არ შეგვიძლია, ვინმეს ხელი დავაფაროთ, თუკი მათ დანაშაული აქვთ ჩადენილი. შესაბამისად, ეს არჩევნების ჩატარებამდეც გავასაჩივრეთ სამართლდამცავ ორგანოებში. ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო ამ საქმის გამოძიება, მაგრამ, ბუნებრივია, გამოძიება ისე ინტენსიურად არ მიმდინარეობდა, რადგამ ამის ნება არ ყოფილა.

დადგება თუ არა ნიკოლოზ მელიას პასუხისმგებლობის საკითხი, რომელიც იმჟამად აღსრულების ბიუროს ხელმძღვანელობდა და შს სამინისტროს ინფორმაციით, უშუალოდ ახორციელებდა აუქციონის ჩაშლას, რის შემდეგაც  აღსრულების ეროვნული ბიურო ბანკ ქართუს ქონებას ეკონომიკის სამინისტროს გადასცემდა.

- ბუნებრივია, აუცილებლად უნდა დადგეს ნიკოლოზ მელიას პასუხისმგებლობის საკითხი. ურთიერთობა მაქვს აღმასრულებლებთან, რადგან ჩვენს საქმეებთან დაკავშირებით აღსრულება არ არის დასრულებული და მათგანაც ვიცი, რომ სააღსრულებო სამსახურში მომხდარი უკანონობა ნიკოლოზ მელიას ბრძანებით ხდებოდა. თუ იგი ყოფილი ხელისუფლების მეგობარი და ახლობელი არ იყო, ამ სამსახურში ვინმე უცნობს არ დანიშნავდნენ. ამიტომ, ისიც ჩართული იყო ამ უკანონო სქემაში და თავისი კუთხით ხელმძღვანელობდა უკანონობებს, რაც ამ ხნის განმავლობაში განხორციელდა ჩვენი კომპანიების მიმართ.

ზურაბ ადეიშვილისა და ნიკოლოზ მელიას გარდა, ამ საქმეში ჩართულნი იყვნენ მთელი რიგი თანამდებობის პირები. კიდევ ვისი პასუხისმგებლობის საკითხი შეიძლება დაისვას?

- მე ვფიქრობ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის სოსო წიქარიშვილის პასუხისმგებლობა უნდა დადგეს, რადგან არცერთი ჩვენი განცხადება არ კმაყოფილდებოდა. თუ 200 ლარიანი ქვითრით შევიტანდით განაცხადს და მოვითხოვდით სასწრაფო რეგისტრაციას, იგი საერთოდ არ ატარებდა ამ ქონებას რეგისტრაციაში. აჩერებდა ჩვენს ნებისმიერ მოთხოვნას, გარიგების დამოწმებას. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ საჯარო რეესტრის ხელმძღვანელსაც ჰქონდა ბრძანება მიღებული, რომ არავითარი გადაწყვეტილება არ უნდა მიეღო. ეს ხდებოდა როგორც თბილისის საჯარო რეესტრში, ასევე, რესპუბლიკის მასშტაბით. ცენტრალური საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ადრე იყო ებანოიძე, შემდეგ ებანოიძე გადავიდა შემოსავლების სამსახურში.

კოდუების დედის, ბიზნესმენ ლაურა ღაჭავას შესახებ მინდა გკითხოთ. იგი ამბობს, რომ ბანკქართუსთანერთად მისი საწარმოებიც დაზარალდა. ყოველ შემთხვევაში, თავს იმართლებს და აცხადებს, რომ ყველაფერი ზემოდან იყო დაგეგმილი, ხოლო ვინ იყო დამკვეთი და რა მოხდა, გამოძიებამ ყველაზე უკეთ იცის.

- არ მესმის, რატომ არის დაზარალებული ლაურა ღაჭავა? მისი შვილები ზოგი რა კომპანიას მართავდა და ზოგი კი ხელს აფარებდა ამ საქმიანობას. შესაბამისად, ლაურა ღაჭავამ გაიტანა ქონება, შეწყვიტა ვალის დაფარვა და ის ქონება ისევ უკან დაიბრუნა. სად ჩანს მისი დაზარალება?

ახლახანს მან აღნიშნა, რომ ბანკქართუს მიმართ არსებული 397 302, 85 ლარის ვალდებულების დაფარვისთვის მზადაა.

- მეტი გზა არ აქვს და უნდა დააბრუნოს, მაგრამ მან ხომ მიიღო მონაწილეობა ამ საქმეში? როგორ ფიქრობთ, არჩევნები რომ სხვა შედეგით დასრულებულიყო, ლაურა ღაჭავა რამეს დააბრუნებდა?! ეს გამორიცხულია. მასზე მეტი აღარ მათქმევინოთ.     

 აქ საუბარია ორგანიზებულ დანაშაულებრივ სქემაზე, ბანკის გაკოტრებაზე. თუკი ბრალი დაუმტკიცდება ადეიშვილს, რა ემუქრება?

- მე ვიცი, რომ ძალიან მძიმე დანაშაული აქვს ადეიშვილს ჩადენილი. მას საერთოდ, ძალიან ბევრის მიმართ მიუძღვის დანაშაული. სახელმწიფოს წინაშეც მას დიდი დანაშაული ჩაუდენია, რადგან ამდენი ხალხის უკანონოდ დაპატიმრება, გაკოტრება, ძალადობა, - ყველაფერი ეს მოდიოდა ადეიშვილისგან. ჩვენ განცხადება შევიტანეთ და აღვწერეთ ფაქტები, თუ რა ფაქტებიც მოხდა ჩვენი საწარმოების მიმართ. ამ ფაქტების შესწავლის საფუძველზე გამოძიება კიდევ ვის დაკითხავს, არ ვიცი.

ანუ ბანკქართუსგაკოტრების სქემის გამო დაკავებების სერიებს არ გამორიცხავთ?

- არ გამოვრიცხავ და სხვათა შორის, მხარს ვუჭერ კიდეც ამ დაპატიმრებებს, რადგან უნდა დასრულდეს ის დრო, როდესაც საჯარო სამსახურის პოლიტიზირება ხდებოდა რომელიმე პარტიის მიერ. საჯარო სამსახური საბოლოოდ უნდა გათავისუფლდეს ამ სენისგან.

თუ გავითვალისწინებთ, რომ ადეიშვილზეა საუბარი, დაკითხვაზე  გამოუცხადებლობის შემთხვევაში, ინტერპოლით მისი მოძიება როგორ მოხდება?

- მან კარგად იცის კანონები და, შესაბამისად, შესაძლოა, შეეცადოს, ისეთ ქვეყანას შეაფაროს თავი, რომელიც მოგვიანებით მის გადმოცემაზე უარს იტყვის. თუმცა, როცა შესაბამისი მტკიცებულებებით სიმართლე დადგინდება, ნორმალურმა ქვეყანამ,  წესით, უარი უნდა თქვას მისი გადმოცემისგან თავშეკავებაზე. ხოლო, თუ კუბაში ან სადმე ასეთ ქვეყანაში წავიდა, ვერ გეტყვით, რა მოხდება. ყოველ შემთხვევაში, შეიძლება, ადეიშვილი საქართველოს ხელისუფლებას დაემალოს, მაგრამ მას იმდენი მძიმე დანაშაული აქვს ჩადენილი, რომ ვიღაც მაინც მოძებნის.    

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოიძია და გაშიფრა ორგანიზებულ-დანაშაულებრივი სქემა, რომელშიც ადეიშვილის ხელმძღვანელობით, მონაწილეობდნენ სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირები, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები. გეგმა მიზნად ისახავდა, ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მიმართ ანგარიშსწორების მიზნით, სააქციო საზოგადოება „ბანკი ქართუს“ გაკოტრებას.