ექსპერტიზის დასკვნით ირკვევა, რომ გიორგი შაქარაშვილს სიკვდილის წინ მკვრივი-ბლაგვი საგნით აქვს დაზიანებები მიყენებული - შუბლის, თავის, ორივე თვალბუდის, ზედა და ქვედა ტუჩის მიდამოებში, მარჯვენა იდაყვის სახსრისა და მარჯვენა წინამხრის მიდამოებში, აგრეთვე მუცლის, საზარდულის, ბოქვენის, წელისა და ორივე დუნდულოს მიდამოებში. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, აღნიშნული დაზიანებები, იზოლირებულად აღებული, ატარებენ სხეულის დაზიანებათა მსუბუქი ხარისხის ნიშნებს.
სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნისა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე კვალიფიკაციის დაზუსტების შესახებ. კერძოდ, სისხლის სამართლის საქმის უკვე არსებულ კვალიფიკაციას დაემატა დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით. სწორედ ამ მუხლით წარიმართება გამოძიება ფხებურთელის გარდაცვალების ნაწილში.
დამოუკიდებელი ექსპეტი ალექსანდრე გეჯაძე ადასტურებს, რომ 19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების მიზეზი გახდა ასფიქსია წყალში დახრჩობით. როგორც ექსპერტმა განმარტა, აღებული იქნა სისხლი ნარკოტიკულ, ფსიქოტროპულ ნივთიერებებზე და ასევე ალკოჰოლზე. მისი თქმით, გიორგი შაქარაშვილი გარდაცვალების დროს იყო ფხიზელ მგდომარეობაში.
„ალკოჰოლთან მიმართებაში აღმოჩნდა 0,85 (მეასედი) ეთილის ალკოჰოლი, რაც ნიშნავს იმას, რომ თითქმის ფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა გიორგი შაქარაშვილი გარდაცვალების დროს. ეს სისხლჩაქცევები, როგორც მცირე მენჯის წინა კედელზე, ასევე რეტროპერიტონიალურად, მუშტის დარტყმით ვერ განვითარდებოდა. ამას შედარებით მეტი ძალის გამოყენება სჭირდებოდა. ეს ბლაგვი სახის დაზიანებები სხეულის სხვადასხვა მიდამოებშია განლაგებული.
ფაქტი ერთია, რომ ადგილი ჰქონდა ბლაგვ ტრავმას, რასაც მე ადრეც არაერთ ტელესივრცეში ვსაუბრობდი. ძირითადში დაზიანებები ლოკალიზდება სახის მიდამოში და რაც ყველაზე ღირებულია და მძიმე შთაბეჭდილებას ტოვებს, მიმყენებელი ფაქტორის სიძლიერის ხასიათის გათვალისწინებით, განლაგებულია რეტროპერიტორიალური გემატომების სახით და მცირე მენჯის წინა კედელზე გემატომის სისხლჩაქცევების სახით.
დადგენა იმისა, ერთმა პიროვნებამ მიაყენა დაზიანება თუ რამდენიმემ, ეს გამოძიების დასადგენი ფაქტია. შემიძლია ვთქვა, რომ ნაკლებ სარწმუნოა, ერთი პიროვნების ზემოქმედებით მოხდეს ამ ყველა დაზიანების განვითარება“, - აცხადებს ალექსანდრე გეჯაძე.
ექსპერტიზის დასკვნამ გიორგი შაქარაშვილის ბიძას, ადვოკატ, მირიან ნიკოლაძეს გაუმყარა ეჭვი, რომ ფეხბურთელი მოკლულია, რის შემდგომაც იგი მდინარე არაგვში გადააგდეს.
„ექსპერტიზის დასკვნით, ცალსახად არის დადასტურებული, რომ გიორგი შაქარაშვილი მოკლეს. მოკლეს ჩვენი შვილი და შემდგომში ის გადააგდეს მდინარე არაგვში. ყველა დაზიანება, ეს არის დაახლოებით 12 სახის დაზიანება, ბავშვს მიყენებული აქვს სიცოცხლის პერიოდში, რაც ადასტურებს იმას, რომ ბავშვის მიმართ ადგილი ჰქონდა ფიზიკურ ძალადობას, რასაც შემდგომში მოჰყვა გიორგის მდინარეში გადაგდება. ცალსახად შეიძლება დამაჯერებლად ვთქვათ, რომ ბავშვი ჯერ კიდევ ცოცხალი, ნაცემი, გადააგდეს არაგვში და იქ მოხდა ბავშვის დახრჩობა, ან დაახრჩვეს და შემდგომში გაატანეს წყალს“, - აცხადებს მირიან ნიკოლაძე.
მისივე თქმით, ოჯახს აქვს კონკრეტული მოთხოვნაა, რომ ყველა დამნაშავე მიეცეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში. ასევე, „ტოიტა ქამრის“ მარკის ავტომობილის ექვსივე მგზავრის მიმართ უნდა იყოს გამოყენებული სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლი. მისი თქმით, ანალოგიური მოთხოვნა „მერსედესის“ მგზავრებთან ვერ ექნებათ, თუმცა თუკი გამოძიებით დადასტურდება, რომ აღნიშნულ პირებსაც შესაძლოა ჰქონდათ რაიმე სახის კონტაქტი, მათი პასუხისმგებლობის საკითხსაც დააყენებენ.
„გამორიცხულია, რომ ეს დაზიანებები, რომელიც ექსპერტიზის დასკვნაშია აღნიშნული, მიადგეს ადამიანს თუნდაც იმ ფერდობზე ჩაგორებით, თუნდაც სირბილის დროს, წაქცევის დროს, ეს არის წარმოუდგენელი. იმიტომ რომ დაზიანებები არის დაწყებული სახის არიდან, დამთავრებული ტანის არეში. შესაბამისად, ოჯახს ექნება დღეიდან კატეგორიული პოზიცია საქართველოს გენერალური პროკურატურის და შსს-ს წინაშე, რომ ყველა დამნაშავე უნდა მიეცეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში, დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის გამო.
ეს კვალიფიკაცია, რომელიც უკვე შემოგთავაზათ პროკურატურამ, ბუნებრივია, კარგია. ეს არის სისხლის სამართლის სწორი კვალიფიკაცია, თუმცა ჩვენ ვითხოვთ კონკრეტული დამნაშავეების დასჯას 109-ე მუხლით და შესაბამისად, ველოდებით, როდის იქნება წარდგენილი კონკრეტული ბრალდებები გამოძიების ფარგლებში და როდის დაისჯებიან დამნაშავეები გიორგის განზრახ მკვლელობის გამო“, - აღნიშნა მირიან ნიკოლაძემ.
არასრულწლოვანი, რომელიც „ტოიოტა ქამრის“ მარკის ავტომობილის მგზავრი იყო, ადვოკატის, გიორგი გელხაურის განცხადებით, არანაირი კავშირში და შემხებლობაში არ არის გარდაცვლილ შაქარაშვილთან. ადვოკატი არ ელოდება, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ ბრალი დამძიმდება.
„ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ გარდაცვალების მიზეზი არის ასფიქსია, კერძოდ კი წყალში დახრჩობა. რაც შეეხება იმ დაზიანებებს, რომელიც ექსპერტიზის მიხედვით, შაქარაშვილს სიცოცხლის პერიოდში აქვს მიღებული, ზუსტად აქ არის ძალიან დიდი კითხვის ნიშანი გამოძიებისთვის. გამოძიებამ უნდა დაადგინოს, როგორ და რა ვითარებაში, ვის მიერ მოხდა ზუსტად ამ დაზიანებების მიყენება შაქარაშვილისთვის და შემდგომ უკვე რა გარემოებებში განვითარდა აღნიშნული. გამოძიებამ უნდა დაადგინოს, რა ტიპის ბლაგვი საგნით მოხდა დაზიანებების მიყენება, ასევე ვის ჰქონდა ბოლოს გარდაცვლილ შაქარაშვილთან შეხება და ვინ იმყოფებოდა კონფლიქტში მასთან“, - აცხადებს გიორგი გელხაური.
დაკავებული არჩილ გაგნიძის და ვასილ მახარაძის ადვოკატის, ალექსანდრე კობაიძის განცხადებით, გაცილებით მეტი მტკიცებულებაა საჭირო იმისათვის, რომ საქმეში 109-ე მუხლი გამყარდეს.
„გიორგი შაქარაშვილს სიცოცხლისეული დაზიანებები გააჩნია და შემდგომ არის ასფიქსია, ანუ წყლით არის დამხჩვალი. აქედან გამომდინარე გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ მას სხეულზე არაერთი დაზიანება ჰქონდა მიყენებული. გაცილებით მეტი მტკიცებულება არის საჭირო იმისათვის, რომ დამაგრდეს 109-ე მუხლი ამ კვალიფიკაციით და ამ საქმეში“, - აცხადებს ალექსანდრე კობაიძე.
დაკავებული გიგა ტატიაშვილის ადვოკატი კი აცხადებს, რომ არსებული გარემოებებით მისი დაცვის ქვეშ მყოფს სამართლებრივი საფრთხე არ ემუქრება. გიორგი ყიფშიძის განცხადებით, წინ ექსპერტიზის მნიშვნელოვანი დასკვნებია, რომელმაც არაერთ კითხვას უნდა გასცეს პასუხი. მისი თქმით, ექსპერტიზის დასკვნა ნაცემ მდგომარეობაში შაქარაშვილის წყალში გადაგდებას არ გამორიცხავს.
„ფაქტია, რომ სიკვდილი ასფიქსიამ გამოიწვია, მაგრამ კითხვა ისმის, რატომ არის ამდენი დაზიანება? როგორ აღმოჩნდა ბავშვი წყალში? ალბათ, თადარიგი დაიჭირა პროკურატურამ და მოვლენებს დაასწრო და დააყენა ეს ბრალი. შუაში იმხელა წყვეტაა კონტაქტის პირველივე წუთიდან დაღუპვამდე, ამაზე მსჯელობა ცოტა რთულია. ამ დასკვნით ასეთი სურათი გვიჩნდება, ადამიანი ერთ-ერთი ვერსიით ნაცემი იყო, არ გამოვრიცხავ, რომ გონებადაკარგული იყო და შესაძლოა, ის წყალში უძლურ მდგომარეობაში გადააგდეს.
აქედან გამომდინარე, შესაძლებელია, სრული სიკვდილი ასფიქსიით დადგა. ეს დასკვნა წყალში გადაგდებას არ გამორიცხავს კი არა, ამ დასკვნას ზოგადად აქით მივყავართ, თუკი, მტკიცებულებები არ დაემატა და მიმართულება არ შეიცვალა. ეს დასკვნა მთლიან სურათს არ გვაძლევს. უამრავი ბიოლგიური მასალაა გაგზავნილი, განსაკუთრებულ მნიშვნელობას გენეტიკურ ექსპერტიზას ვანიჭებ. მიმაჩნია, რომ ჩანთა ამ საქმეში ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია“, - აცხადებს გიორგი ყიფშიძე.
დაკავებულების დაცვის ხმარეს არ აქვს პასუხი კითხვაზე, ვის შეიძლება ბრალი დაუმძიმდეს, რადგან საქმეში რამდენიმე მანქანა ფიგურირებს. დაკავებული მორაგბეების ადვოკატი, ვასილ მამულაშვილი მიიჩნევს, რომ ვიდრე საკმარისი მტკიცებულებები არ იქნება, „ტოიოტა ქამრის“ ავტომობილში მყოფი პირებისთვის ბრალის დამძიმება სამართლებრივად სწორი გადაწყვეტილება არ იქნება. მისი თქმით, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ადამიანებს ბრალი დაუსაბუთებლად წარედგინათ.
„ჩვენ გვაქვს შედეგი, რომ ამ ადამიანებს მანამდე წარდგენილი ბრალდებებიც დაუსაბუთებლად წარედგინათ, თუ იქნება დაუსაბუთებელი ბრალდებები, ამაზე ჩვენი მხრიდან შესაბამისი პოზიციები იქნება. ერთია ბრალდება და მეორე ის, რომ ამ ბრალდების საფუძველზე სასამართლომ განაჩენი უნდა დაადგინოს.
შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ბრალდების სწრაფად წარდგენა სამართლებრივად სწორი გადაწყვეტილება არ არის, ვინაიდან, ეს ყველაფერი შემდგომ სასამართლომ უნდა შეაფასოს და გადაწყვიტოს. უფრო უარყოფითი იქნება, როდესაც დაუსაბუთებელი ბრალდების შემდეგ, სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი დაადგინოს. იმედი მაქვს, რომ გამოძიება უფრო სრულყოფილად იმუშავებს, რომ მტკიცებულებები შეაგროვოს და მხოლოდ ბრალდების წარდგენით არ შემოიფარგლოს“, - ამბობს ვასილ მამულაშვილი.