ფოთი-გრიგოლეთი-ურეკის ტერიტორიაზე ზღვაში ბანაობა წყალმცენარეებთან ერთად მოგიწევთ. დამსვენებელთა შეშფოთებას იწვევს ის გარემოება, რომ წყლიდან ამოსვლისას მათ სხეულზე მიწებებულია ბლანტი მცენარეები. განსაკუთრებით, წყალმცენარეების შემოხვევა აფრთხობთ ბავშვებს.
შესაბამისი უწყების წარმომადგენლები პრობლემას აღიარებენ. შავი ზღვის სანაპირო ზოლში გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები უჩვეულოდ ჭარბი რაოდენობის წყალმცენარეების წარმოქმნის მიზეზებს იკვლევენ. საამისოდ აღებულ იქნა წყალმცენარეების ხარისხობრივი და რაოდენობრივი მაჩვენებლების, ასევე, წყლის ქიმიური და ბიოლოგიური კვლევის მიზნით სინჯები, რომელთა შესახებ პასუხი უახლოეს დღეებში იქნება ცნობილი.
გარემოსდაცვითი საკითხების ექსპერტი, ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეები - დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარე ნინო ჩხობაძე ჩვენთან საუბრისას განმარტავს, რომ ფოთი-გრიგოლეთი-ურეკის ტერიტორიაზე წყალმცენარეების მომრავლება იმ დაბინძურებით აიხსნება, რომელიც მდინარეებიდან ჩაედინება. კანალიზაციის სისტემების არარსებობის გამო წყალმცენარეები უფრო კარგად ბინადრობენ წყალში. შესაბამისად, ეს იწვევს წყალმცენარეების გაზრდას, რაც ნიშნავს, რომ დაჭაობება იწყება ნაპირთან მიმართებით და შესამჩნევი სუნიც იქნება.
აქვე სპეციალისტი იმ ადამიანებსაც პასუხობს, რომელთაც შავ ზღვაში გოგირდის ამოფრქვევის საშიშროება აფიქრებთ. ნინო ჩხობაძე ამბობს, რომ მოსალოდნელი არ არის, გინდა თუ არა, შავ ზღვაში გოგირდი ამოიფრქვეს, მაგრამ პრობლემურია ის, რომ სანაპირო ზოლის დაცვა ჩვენთან არ ხორციელდება. ძალიან ბევრი სახლი აშენდა ზედ ნაპირთან, რაც აბსოლუტურად მიუღებელია, გამწმენდი ნაგებობი არ გვაქვს და, საბოლოო ჯამში, ჩვენ გვემუქრება ის, რომ არ იქნება ვარგისიანი პლაჟი.
ფონდ „კავკასიის ეკოლოგიის“ ხელმძღვანელი მანანა დევიძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ წყალმცენარეების მომრავლების მიზეზების შესწავლას შავი ზღვის კონკრეტულ მონაკვეთში სინჯების აღება სჭირდება. ზოგადად კი, ამის მიზეზი, პირველ რიგში, მაღალი ტემპერატურაა. მაღალ ტემპერატურაზე წყალმცენარეები უფრო ინტენსიურად მრავლდებიან. ამას ემატება წყალმცენარეების ჭარბი გამრავლება დროის გარკვეულ შუალედში. არის ისეთი წყალმცენარეები, რომლებიც საერთოდ ტოქსიკურია და ასეთ წყალში ბანაობა არ შეიძლება.
„მე არ ვიცი, შავი ზღვის სანაპიროზე რომელი სახეობის წყალმცენარეები აღმოჩნდა, მაგრამ ამას სხვანაირად ეწოდება წყლის „ყვავილობა“, ანუ წყლის „აყვავილება“, როდესაც დიდი რაოდენობით მწვანე წყალმცენარეები მრავლდება. წყალი ბლანტი ხდება და ამღვრეული, ხელით რომ ავიღოთ, გამჭვირვალე აღარ არის. ურეკის ტერიტორიაზე წყალმცენარეები ნამდვილად იქნება, რადგან ურეკის ტერიტორია თხელწყლიანია, მუხლამდე გვწვდება წყალი, წყლის ცირკულაცია ვერ ხერხდება და წყალმცენარეები მანდ უფრო გამოვლინდება, ვიდრე სარფთან ახლოს, სადაც წყალი უცებ ღრმავდება. ასევე, ფოთის სანაპირო ზოლშიც იქნება წყალმცენარეები, ფოთში დაბინძურების ხარისხი ისედაც მაღალია, არ ვიცი, მანდ ახლა კანალიზაციის წყლების გაწმენდა ხდება თუ არა, მაგრამ ნავსადგურია და დაბინძურება ისედაც დიდი აქვს ფოთის სანაპიროს, თანაც, ეს სანაპიროც თხელწყლიანია. სხვათა შორის, მე ხშირად გამომითქვამს უკმაყოფილება, რომ სანაპირო წყლების შემოწმება ჩვენთან არ ხდება“, - აღნიშნა მანანა დევიძემ.
მანვე განმარტა, რომ ტოქსიკური მცენარეები ჩვენს ტბებშიც იყო, მაგალითად, ერთი პერიოდი, პალიასტომშიც მოიპოვებოდა და ფარავანზეც. ტოქსიკურმა წყალმცენარეებმა გამოიწვიეს თევზების მასობრივი განადგურება. მართალია, საქონელი არ დალევს ჭუჭყიან წყალს, მაგრამ რომელიმე ცხოველი თუ მაინც დალევს ასეთ წყალს, ის მოიწამლება. ადამიანიც შეიძლება მოიწამლოს ასეთი წყლით.
მანანა დევიძე აცხადებს, რომ მოლუსკებით კვების ტრადიცია საქართველოს არ აქვს, მაგრამ სამხრეთ ამერიკის წყლებში, სადაც ხდება ხოლმე ასეთი „აყვავილება“, მოლუსკებს მოიპოვებენ, მერე ყიდიან და აბარებენ მარკეტებში. მოლუსკები საერთოდ წყალმცენარეებით იკვებებიან და, თუ ტოქსიკური წყალმცენარით იკვებება მოლუსკი, თვითონ მას არაფერი მოსდის, ის შეგუებულია ამ ტოქსინს, სამაგიეროდ, ამ ტოქსინებს აგროვებს თავის ორგანიზმში და, თუ ადამიანმა ასეთი ლოკოკინები და მოლუსკები მიიღო, იგი მოიწამლება. ამის გამო ორი მეთევზე გარდაცვლილი იპოვეს სანაპიროზე, რომლებიც რეწავდნენ მოლუსკებს და იქვე მოხარშეს მოლუსკები, მაგრამ არავინ იყო იმ წუთში მათი დამხმარე.
„უფრო ხშირად „აყვავილების“ დროს წყალმცენარეები ტოქსიკურია. არასასიამოვნოა, სხეულზე რომ გვხვდება წყალმცენარე, ამან კანის გაღიზიანება შეიძლება გამოიწვიოს. ამ პრობლემის მოგვარება ძალიან რთულია. ფეკალური და საკანალიზაციო წყლები ეს არის, როგორც სასუქი ნიადაგში, ისე წყლისთვის. ამ „სასუქის“ პირობებში წყალმცენარეები უფრო ინტენსიურად მრავლდებიან“, - განმარტავს სპეციალისტი და შავ ზღვაში გოგირდის შესაძლო ამოფრქვევის საკითხსაც ეხება.
მისი თქმით, რატომ უნდა ამოიფრქვეს გოგირდი, როცა ამდენი საუკუნე ამოფრქვევა არ ყოფილა. 200 მეტრის ქვემოთ წყლის ზედაპირიდან ისედაც გოგირდწყალბადია შავ ზღვაში და იქ სიცოცხლე არც არის. თუ დაიწყეს გოგირდწყალბადისა და გაზის ამოღება, მაშინ შეიძლება მოხდეს წყლის ფენების გადაადგილება და გოგირდმა და სხვა გაზებმა ამოიწიოს. ზოგადად, გოგირდის მოპოვება სანაპირო ზოლში არ მოხდება, ალბათ, უფრო სიღრმეებიდან აწარმოებენ, მაგრამ ეს გამოიწვევს ისეთი გაზების გამოყოფას, რომელიც კლიმატის ცვლილებას შეუწყობს ხელს.