ისრაელის პროკურატურა კეზერაშვილით დაინტერესდა

ისრაელის პროკურატურა კეზერაშვილით დაინტერესდა

ისრაელის პროკურატურა საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის ახლო ნათესავის, მიხაელ ბენიმინისა და მისი სამი ბიზნესპარტნიორის წინააღმდეგ ბრალის წარდგენას გეგმავს. ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს. საქმე ეხება 11.5 მილიონი დოლარის შემოსავლის შესახებ საგადასახადო სამსახურისთვის ინფორმაციის დამალვას.

გამოძიების ინფორმაციით, თანხა ბიზნესპარტნიორებმა მათ მიერვე დაარსებული კომპანია „თავდაცვითი ფარის“ საშუალებით, საქართველოსთვის სამხედრო სფეროში გაწეული კონსულტაციების, სამხედრო წვრთნებით უზრუნველყოფისა და საქართველოსთვის შეიარაღების მიყიდვასთან დაკავშირებით შუამდგომლობისთვის 2007-2009 წლებში მიიღეს.

ისრაელის პროკურატურაში ეჭვობენ, რომ ბიზნესპარტნიორებმა შექმნეს კომპანიების ქსელი და საბანკო ანგარიშები ისრაელში, საქართველოში, შვეიცარიასა და კუნძულ გერნსზე, რომელთა საშუალებითაც ისინი საქართველოს თავდაცვის სამინისტროსგან შემოსავალს იღებდნენ და გადასახადებისთვის თავის არიდებით თანხას ინაწილებდნენ.

მიხაელ ბენიმინის გარდა, საქმეში ფიგურირებენ პარტია „ლიკუდის“ წევრი გალ ჰირში; ისრაელში ცნობილი მომღერლის, ომერ ადამის მამა იანივ ადამი და კომპანია „თავდაცვითი ფარის“ დირექტორი ოდედ შახნაი.

გამოცემა „თაიმს ოფ ისრაელის“ ინფორმაციით, გალ ჰირშის წინააღმდეგ გამოძიება უკვე ოთხი წელია, მიმდინარეობს. როგორც გამოცემა ჯერ კიდევ გასულ წელს წერდა, ჰირშმა ქრთამი გადაუხადა საქართველოს იმდროინდელ თავდაცვის მინისტრ დავით კეზერაშვილს, რათა მას ამ კომპანიის ინტერესები გაეტარებინა საქართველოში.

ისრაელში მიმდინარე გამოძიებას კომპეტენციას უწუნებს სალომე სამადაშვილი და აცხადებს, რომ როგორც წესი, არჩევნების წინ ხდება სხვადასხვა საქმის წამოწევა და მტკიცებულებების გარეშე პროპაგანდისტული საუბარი. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გაცნხადებით, „ქართულ ოცნებას“ კეზერაშვილის მიმართ პრეტენზიები თუ ჰქონდა, რვა წლის განმავლობაში შეეძლო, რეაგირება მოეხდინა.

„ბატონ კეზერაშვილთან რაიმე პრეტენზია თუ ჰქონდა „ქართულ ოცნებას“, ამისთვის 8 წელი ჰქონდა, რომ შესაბამისი რეაგირება მოეხდინა. ახლა, არჩევნების წინ, მრავალი წლის წინანდელი საქმეების პროპაგანდისტული ტრიალით და განხილვით, არა მგონია ქართველი ხალხი მოატყუოს „ქართულმა ოცნებამ“, რომელიც 8 წელიწადია უკვე ატყუებს ხალხს. ხელისუფლებას რვა წელი ჰქონდა იმისთვის, რომ გამოეძია, წინა ხელისუფლების პირობებში თუ რაიმე გადაცდომას ჰქონდა ადგილი და შესაბამისი მტკიცებულებები დაედო. ამიტომ, არანაირ კომენტარს ამ საკითხზე არ გავაკეთებ“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

„ნაციონალურ მოძრაობა“ ისრაელში მიმდინარე გამოძიებას საქართველოში მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებს უკავშირებს, მმართველი გუნდი კი, კეზერაშვილის თავდაცვის მინისტრობის დროს, უწყებაში არსებულ კორუფციაზე საუბრობს. პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი ამბობს, რომ ისრაელის პროკურატურის მიერ წამოწყებული საქმე კიდევ ერთი დასტურია, რომ ფულის სავარაუდო გათეთრებაზე საუბარი კეზერაშვილის ცნობილ მეთოდებს უკავშირდება.

სესიაშვილის განცხადებით, შესაბამისი კომპეტენტური სამსახურების მიერ დადასტურებული ფაქტია, რომ თავდაცვის სამინისტროში, წლების განმავლობაში, სააკაშვილის მმართველობის დროს კორუფციის პრობლემა არსებობდა.

„თავდაცვის სამინისტროში, წლების განმავლობაში სააკაშვილის მმართველობის დროს, ადგილი ჰქონდა ძალიან მაღალ კორუფციას. დაკარგულია დაახლოებით 1.5 მილიარდი ლარი და სწორედ კეზერაშვილის დროს, რამდენიმე ასეული მილიონი დოლარი არის გაფლანგული. ისრაელის მიერ წამოწყებული საქმე, რომელიც ჯერ საბოლოო გადაწყვეტილებამდე არ მისულა, ჩემთვის კიდევ ერთი დამადასტურებელი ფაქტი და ინფორმაციაა, რომ ფული, რომლის გათეთრებაზეც არის საუბარი, სავარაუდოდ, უკავშირდება სწორედ კეზერაშვილის ცნობილ მეთოდებს, როგორ გაეტანა საქართველოდან ის ფული, რომელიც ქვეყნის თავდაცვითუნარიანობას ეკუთვნოდა და მას უნდა მოხმარებოდა. დაკარგულია დაახლოებით მილიარდ ნახევარი ლარი და სწორედ კეზერაშვილის დროს რამდენიმე ასეული მილიონი არის გაფლანგული, რაზეც შესაბამისი უწყებები მუშაობენ“, - აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.

ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, ფაქტია, რომ დავით კეზერაშვილი გამდიდრდა მას შემდეგ, რაც საქართველოს სისხლიანი ჭრილობები მიაყენეს, ხალხი დაიხოცა და ადამიანები ბრძოლის ველზე მიატოვეს. მისი თქმით, თემა, რასთან დაკავშირებითაც ისრაელის პროკურატურაში გამოძიება მიმდინარეობს, ეხება სწორედ იმ პერიოდს, როცა მზადდებოდა და მოხდა მზაკვრული თავდასხმა საქართველოზე, მისი ტერიტორიების ოკუპაცია.

„პარლამენტში ცოტა ხნის წინ მოვისმინეთ თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მოხსენება, სადაც ისაუბრა ათეულობით მილიონი დოლარის ნაძარცვზე, რომელიც საქართველოს ჯარს მიადგა. თემა, რაზედაც გამოძიება მიმდინარეობს, სწორედ იმ პერიოდს ეხება, როცა მზადდებოდა და მოხდა მზაკვრული თავდასხმა საქართველოზე, მისი ტერიტორიების ოკუპაცია. საუბარია სწორედ ამ პერიოდზე.

მეორე მხრივ, საუბარია იმაზე, რომ მას შემდეგ, რაც საქართველოს ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილი ოკუპირებული იქნა, თავდაცვის მინისტრი მოგვევლინა, როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი შეძლებული ადამიანი, რომელმაც დააფუძნა ტელევიზია და ეძებს ბიძინა ივანიშვილის ქონების წარმომავლობას.

ეს არის ფაქტი და ამასთან დაკავშირებით ჩემი შეფასება ზედმეტია, მაგრამ საზოგადოება ხედავს, რა ხდება. მიმდინარე გამოძიების შედეგებს წინასწარ ვერ გავთლით, სასამართლო მიმდინარეობს, ისრაელი დემოკრატიული სახელმწიფოა და ვნახოთ, შედეგები რა იქნება“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.