ექსპერტიზის დასკვნა, რომელმაც ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზი უნდა დაადგინოს, სავარაუდოდ, დღეს გახდება ცნობილი. სანამ დასკვნას არ მიიღებს, მირიან ნიკოლაძეს უჭირს წინასწარ იმის თქმა, რა გამოიკვეთება. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ ექსპერტიზით დადგინდა გიორგი შაქარაშვილის მიმართ განხორციელებული ძალადობა და განზრახ მკვლელობა, ნიკოლაძის განცხადებით, დამნაშავეების დანდობა აღარ იქნება.
გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით, შსს-ს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული კომპიუტერულ-ტექნიკური ექსპერტიზის შედეგად, ერთ-ერთი ფიგურანტი პირის მობილურ ტელეფონში შენახული აღმოჩნდა პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაცია. როგორც უწყებაში განმარტავენ, ცალკე წარმოებად გამოიყო სისხლის სამართლის საქმე, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის შესაძლო უკანონო მოპოვებისა და შენახვის ფაქტზე.
„საქმე, იმავე დღეს, გამოსაძიებლად გადაეცა თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს. საქმეზე ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, რათა გაირკვეს პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის, როგორც მოპოვების, ასევე შენახვის კანონიერების საკითხი. გამოძიება ასევე შეისწავლის შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებლის მიერ, დაცვის მხარესთან მტკიცებულებების გაცვლისას, ზემოხსენებული პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გადაცემის გარემოებებს“, - აცხადებენ საქართველოს პროკურატურაში.
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატი ვასილ მამულაშვილი აცხადებს, რომ 7 ივლისს მას მტკიცებულების სახით გადმოეცა ერთ-ერთი დაკავებულის მეგობრის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები. ადვოკატის განცხადებით, ეს შესაძლოა, იყოს შემთხვევითობა, თუმცა მცხეთის პოლიციის სამმართველოში ის გუშინ საღამოს დაიბარეს. საგამოძიებო უწყების წარმომადგენლები ადვოკატს სთავაზობდნენ ხელი მოეწერა ხელშეკრულებისთვის, რომლის მიხედვითაც, მას აეკრძალებოდა ამ მტკიცებულებების გასაჯაროვება. ადვოკატი ამბობს, რომ ამ ხელშეკრულებას მან ხელი არ მოაწერა.
„ჩვენ ვიზუალურად გარკვეული ეჭვი შეგვექმნა, რომ რაღაც გარკვეული პირადი ხასიათის, საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია იყო და კომუნიკაცია გვქონდა საგამოძიებო ორგანოსთან. მათ დაადასტურეს, რომ გარკვეული შეცდომა მოუვიდათ, ეს ინფორმაცია არ უნდა გადმოეცათ და გუშინ ჩვენ 11 საათზე როდესაც ჩავედით, იქ იყო საუბარი, რომ მათ სურდათ ჩვენ გავეფრთხილებინეთ შესაძლო სისხლის სამართლის პასუსიხმგებლოსათან დაკავშირებით, მაშინ, როდესაც მათ თვითონვე ჩაწერეს ჩვენ მიერ მიტანილ კომპიუტერში ფოტო და ვიდეო მასალა. ჩვენ გაგვაფრთხილეს შენახვისთვის, გავრცელებისთვის და ასე შემდეგ. ჩვენ, ცხადია, ამაზე უარი განვუცხადეთ და წარვადგინეთ წერილობითი მოთხოვნა, რითაც ვითხოვდით, რომ დაუყოვნებლივ მომხდარიყო ამ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების განადგურება. ეს იყო ერთგვარი პორნოგრაფიული ხასიათის ფოტო და ვიდეო მასალა, რომელშიც ფიგურირებდა ახალგაზრდა გოგო, რომელიც იყო ერთ-ერთი მონაწილე პირის მეგობარი“, - აცხადებს ვასილ მამულაშვილი.
დოკუმენტი, რომელიც 7 ივლისით თარიღდება, ხელს აწერს მცხეთის სამმართველოს გამომძიებელი ეკა თხელიძე. ამ დროისთვის უცნობია, ეკა თხელიძის ოქმში იყო თუ არა ჩამონათვალში ფაილი, რომელიც ადვოკატებს რამდენიმე დღის წინ გადაეცათ. ადვოკატების ამ განცხადებიდან, რომ შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტის მობილურ ტელეფონში პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეომასალის აღმოაჩინეს, რამდენიმე საათში ადვოკატები ვასილ მამულაშვილი და ალექსანდრე კობაიძე ქალაქის პროკურატურაში დაკითხეს.
ალექსანდრე კობაიძის განცხადებით, შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის ერთ-ერთი ფიგურანტის მობილურ ტელეფონში არსებული პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეო და აუდიო მასალებს არანაირი კავშირი არ აქვს შაქარაშვილის საქმესთან. როგორც კობაიძე აცხადებს, უწყებას მიმართეს, რომ მასალა განადგურდეს.
„ჩვენ გადმოგვეცა გარკვეული მტკიცებულებები. ამ მტკიცებულებების დათვალიერების შემდეგ, ერთ-ერთი ფაილი როდესაც შევისწავლეთ, აღმოჩნდა, რომ აბსოლუტურად სხვა პირის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო და აუდიო მასალები იყო ამ ფაილში. ამ მასალებს არანაირი კავშირი არ აქვს შაქარაშვილის საქმესთან. აქედან გამომდინარე, საგამოძიებო უწყებას მივმართეთ, რომ ეს მასალა არაა ავთენტური და ამიტომ ვთხოვეთ, განადგურებულიყო აღნიშნული მასალები. როგორც ჩანს, ჩვენი მოთხოვნა დაკმაყოფილდა და აპირებენ, რომ ეს მასალები განადგურდეს“, - აღნიშნა ალექსანდრე კობაიძემ.
რატომ იყო კომპიუტერში პირადი ცხოვრების ამსახველი მასალა, საერთო მასალაში არეული, ადვოკატის ვასილ მამულაშვილის განცხადებით, პროკურატურაში ამ კუთხით არაერთი შეკითხვა დაისვა.
„გამოძიება დაწყებულია 157-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომელიც გულისხმობს პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის შენახვა-გავრცელებას. ამ კუთხით გამოვიკითხეთ ჩვენ, ანუ პირები, რომლებმაც მივიღეთ ეს ინფორმაცია, როგორც მტკიცებულებები და როდესაც გავიგეთ, რომ ეს არის პირადი საიდუმლოების შემცველი მასალა, წარვადგინეთ განცხადება და განადგურება მოვითხოვეთ. შესაბამისად, ამ კუთხით დაიწყო გამოძიება, მოპოვებაა ერთ-ერთი მიმართულება, ანუ რატომ იყო კომპიუტერში ეს მასალა, საერთო მასალაში არეული. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ჯერჯერობით მასალის განადგურება არ მომხდარა. როდესაც ექსპერტიზამ ეს მასალები გადმოაგზავნა, უნდა ყოფილიყო განცალკევებულად. მით უფრო მაშინ, როცა ეს არარელევანტური ინფორმაციაა და საქმეს არ ეხება. შსს-ს ეს მასალები უნდა ჰქონოდა, ვინაიდან საექსპერტო დაწესებულებამ გადმოუგზავნა, მაგრამ ეს მასალები ჩვენთვის არ უნდა გადმოეცათ. შეცდომაა, გაუგებრობაა თუ რა არის, ამას გამოძიება დაადგენს. არ ვიცი, ეს მასალები სხვა ადვოკატებსაც გადაეცათ თუ არა“, - აღნიშნა ვასილ მამულაშვილმა.
19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეში ახალი დეტალები იკვეთება. ირკვევა, რომ მცხეთის გზატკეცილიდან ფიზიკური დაპირისპირებისას გამოქცეული და თბილისში სამართალდამცავების მიერ ჩამოყვანილი იაკობ ბრეგვაძე ჯერ ლისზე, შემდეგ კი თემქაზე ანი გაბეჩავას ნათესავის ბინაში მიდის, სადაც წვეულება გაგრძელდა.
ფოტოგრაფი ადგილზე გაბეჩავასთან და კიდევ რამდენიმე პირთან ერთად დილამდე იმყოფება, ამას ფოტოაპარატიდან ამოღებული ფოტოები ადასტურებს. ანა გაბეჩავას ნათესავის, მარიამ ადეიშვილის ჩვენებით ირკვევა, რომ ფოტოგრაფმა მომხდარი დაპირისპირების შესახებ მეგობრებს შეხვედრისთანავე უამბო. როგორც ადეიშვილი ჩვენებაში ამბობს, მეგობრები უკვე თემქაზე მისვლის შემდეგ ნერვიულობდნენ, რომ გიორგი შაქარაშვილი არ ჩანდა, რაც სავარაუდოდ, იმის მანიშნებელია, რომ იაკობ ბრეგვაძემ შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ ახალგაზრდებს მოუყვა.
თუმცა, რა იცის იაკობ ბრეგვაძემ გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარებასთან დაკავშირებით უცნობია, რადგან საკუთარ ჩვენებაში ის შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ არ საუბრობს. ამ საქმეში საინტერესოა ის დეტალიც, რომ ამავე წვეულებაზე იმყოფებოდა გაბეჩავას მეგობარი ლიზი, რომლისგანაც მეგობრებმა შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ შეიტყვეს, თავად ლიზი კი ჩვენებაში ამბობს, რომ არ ახსოვს ვინ უთხრა შაქარაშვილის გაუჩინარების ამბავი. სავარაუდოდ, ინფორმაცია იაკობ ბრეგვაძისგან ჰქონდა.