წლევანდელი რთველი რომ პრობლემური იქნება, ამას არც მთავრობაში მალავენ და მეღვინეებიც დაუფარავად საუბრობენ. ყურძნის ჩასაბარებელი ფასი წინა წლების მსგავსი არ იქნება. არა მარტო საქართველოში, ღვინის წარმოების კუთხით, რთული სიტუაცია იქნება მთელ მსოფლიოში. პანდემიამ მოთხოვნა მინიმუმზე დაიყვანა.
გარემოს დაცვის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, რთველთან დაკავშირებით გამოწვევის წინაშეა არა მხოლოდ საქართველო, არამედ ბევრი სხვა ქვეყანა, სადაც ყურძნის რეალიზება შეფერხებულია. წარმოების კუთხით ლიდერ ქვეყნებში, როგორებიც არის ესპანეთი, საფრანგეთი, იტალია, რადიკალური გადაწყვეტილებების მიღება უწევთ.
„ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის არც ერთ წელს არ დარჩენილან ფერმერები მარტო გამოწვევის წინაშე. სახელმწიფო ყოველთვის აკეთებს მაქსიმუმს იმისათვის, რომ რეალიზებული იყოს ბოლო კილოგრამამდე ყურძენი და ფერმერებს ჩაბარების პრობლემა არ შეექმნათ. ამავე დროს, ფერმერებმა ყურძნის ჩაბარება უნდა შეძლონ ისეთ ფასში, რომ მათი შრომა დაფასდეს. ეს არის საკითხის როგორც ეკონომიკური ნაწილი, ასევე ძალიან დიდია სოციალური ფაქტორი, რომელსაც ვითვალისწინებთ.
რთველის ხელშეწყობის ღონისძიებების შესახებ მთავრობის დადგენილება გამოვა სულ მოკლე ხანში, რაზეც პრემიერ-მინისტრი ისაუბრებს. ჩვენ, დამატებით, დეტალურ ინფორმაციას მოგაწვდით“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
ამასობაში მეღვინეები ფინანსურ პრობლემებზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ სახელმწიფოს მხარდაჭერის გარეშე, ყურძნის შარშანდელ ფასად შესყიდვა გაუჭირდებათ. მსხვილი კომპანიები: „ბადაგონი“, „მილდიანი“, „კახური ღვინის მარანი“ ვარაუდობენ, რომ ღვინის გაყიდვებისა და მოხმარების შემცირების გათვალისწინებით, წელს ყურძენს შარშანდელის ფასად ვერ ჩაიბარებენ.
„წელს ღვინის მოხმარების სპეციფიკა განსხვავებულია. ღვინის გაყიდვა მჭიდროდ არის დაკავშირებული ჰორეკას სეგმენტთან - სასტუმრო, რესტორანი, კაფე არის გაყიდვის ძალიან მნიშვნელოვანი არხი. ტურიზმის სექტორში პანდემიის გამო შექმნილმა ვითარებამ, ჰორეკას სეგმენტში ღვინის გაყიდვები დაახლოებით, 10-15%-ით შეამცირა.
კორონავირუსის პანდემიამ ღვინის სექტორში სრულიად ახალი რეალობა შექმნა. აღნიშნულის გამო, ღვინის კომპანიები ფინანსური პრობლემების წინაშე დავდექით. გაგვიჭირდება წელს ყურძნის შესყიდვა შარშანდელ ფასად. ამ ეტაპზე დარგს სჭირდება სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა, რათა ღვინის კომპანიებმა შევძლოთ მევენახეებისგან ყურძნის შესყიდვა და გადამუშავება“, - აცხადებენ მეღვინეები.
მთავრობამ უკვე დაიწყო კიდეც ცვლილებები. ახალი კორონავირუსის გავრცელებით შექმნილი ვითარებით გამოწვეული ეკონომიკური ზიანის შესამცირებლად, ცვლილება განხორციელდა პროექტებში, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებს.
2020 წლის რთველის სეზონზე, ყურძნის ჩამბარებელ კომპანიებს შესაძლებლობა ეძლევათ ისარგებლონ შეღავათიანი აგროკრედიტით. პროექტში განხორციელებული ცვლილებების შედეგად ამოქმედდება ქვეკომპონენტები: „ყურძნის გადამამუშავებელი საწარმოები“ და „ყურძნის გადამმუშავებელი საწარმოები, რომლებიც ყურძნის შეძენას მოახდენენ სპირტის წარმოების მიზნით“.
გარდა ამისა, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიაც პირობას იძლევა, რომ წელს გლეხებს უყურადღებოდ არავინ დატოვებს. კონკრეტულ დეტალებს კი მთავრობა მალე გაახმოვანებს.
„ჩვენ განვიხილავთ ცვლილებებს სოფლის მეურნეობის პროგრამებში. ამ ცვლილების ძირითადი მიზანი გახლავთ, რომ ადგილობრივი წარმოების მხარდასაჭერად, სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბიზნესის მხარდამჭერ პროგრამებს აფართოებს და შეჰყავს ახალი დარგები მაგ. თხილის გადამუშავება, ჩაის წარმოება, სასურსათო წარმოება და ასევე ყურძნის გადამუშავება. მოგეხსენებათ, რთველის პერიოდი მოდის. ამაზე ჩვენ მთავრობაზე ვიმსჯელებთ და გვექნება საკმაოდ ეფექტური მხარდაჭერის პაკეტი ჩვენი მევენახეებისთვის“, - განაცხადა პრემიერმა.