2004 წელს, სვანეთში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად მოკლული მამა-შვილი, ომეხი და ევგენი აფრასიძეების ოჯახი, პროკურატურამ დაზარალებულად სცნო. თუმცა, საქმეს ბრალდებული არ ყავს. ყოფილი შს მინისტრი, გიორგი ბარამიძე, რომელიც ამ სპეცოპერაციის მთავარი ფიგურანტი იყო, ბრალი არ აქვს წაყენებული. მეტიც, გამოძიებას ბარამიძე ამ დრომდე დაკითხული არ ყავს, მიუხედავად იმისა, რომ გამოძიება 2012 წელს დაიწყო. ბარამიძე კი აცხადებს, რომ ამ საქმეს ხელისუფლება წინასაარჩევნოდ იყენებს.
დოდო აფრასიძე, რომელიც ამ სპეცოპერაციის უშუალო თვითმხილველია, ყოფილი პრეზიდენტის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას ითხოვს, რომელმაც აღიარა, რომ უშუალოდ მან გასცა სპეცოპერაციის ჩატარების ბრძანება. დოდო აფრაძიძე ასევე ითხოვს გიორგი ბარამიძის, რომელიც ამ საქმეს ხელმძღვანელობდა, ვანო მერაბიშვილის, ზურაბ ადეიშვილის და ირაკლი ოქრუაშვილის დაკავებას, რომლებიც ასევე მონაწილეობდნენ ამ სპეცოპერაციაში. როგორც დოდო აფრასიძე აცხადებს, სპეცოპერაციის ადგილზე იყო მაშინდელი საზღვრის დაცვის უფროსი, ბადრი ბიწაძე.
შეგახსენებთ, რომ 2004 წლის 24 მარტს, 07:00 საათზე, სვანეთის სოფელ ეცერში, შსს-სა და უშიშროების ასეულობით თანამშრომლის მონაწილეობით, ფართომასშტაბიანი სპეცოპერაცია ჩატარდა. მაშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოპერაცია განსაკუთრებით საშიში დამნაშავეების დაკავებას უკავშირდებოდა. სპეცოპერაციის დროს ევგენი აფრასიძე და მისი ვაჟი ომეხ აფრასიძე მოკლეს. გოჩა და შმაგი აფრასიძეები კი დააკავეს, მათ 19 და 17 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. ძმებმა საპყრობილე 2013 წელს, ამნისტიის საფუძველზე დატოვეს.
ამ გახმაურებული საქმის ადვოკატი, ირმა ჭკადუა იხსენებს, როგორ ემუქრებოდა გიორგი ბარამიძე აფრასიძეების ოჯახის ადვოკატებს. მისი თქმით, მაშინდელი შს მინისტრი ღიად ამბობდა, რომ ადვოკატებს მოგვხვდებოდა კბილებში და ამის მტკიცებულებებიც არსებობს. ჭკადუას განცხადებით, სვანეთში სპეცოპერაცია ნამდვილად იყო საზოგადოების დაშინების დასაწყისი საქართველოში, ამიტომ ეს იყო საჩვენებელი სპეცოპერაცია, რომელიც მსხვერპლით დაასრულეს.
„ამ ე.წ. სპეცოპერაციის დროს 2000-ზე მეტი ადამიანი და 12 ვერტმფრენი იღებდა მონაწილეობას. ეს იყო სახელმწიფოს გამოცხადებული ომი ერთი ოჯახის წინააღმდეგ, ეს იყო ჩადენილი სისასტიკე არასრულწლოვანი ბავშვების, მოხუცების წინააღმდეგ. გარდა ამისა, სისხლის სამართლის მასალებში არ არის აფრასიძეების ოჯახიდან ამოღებული სროლისთვის ვარგისი არც ერთი იარაღი, აქედან გამომდინარე, ბარამიძე ბევრს საუბრობს, მაგრამ საუბრობს ზეპირად და მტკიცებულებების გარეშე“, - აღნიშნა ირმა ჭკადუამ.
ადვოკატს პრეტენზიები აქვს გამოძიებასთან, რატომ არ ხდება ამ საქმის დაჩქარებული გამოძიება, გარდა ამისა, სახელმწიფოსგან ითხოვენ იმ ზიანის ანაზღაურებას, რა ქონებრივი ზიანიც მიადგა ოჯახს. მისივე თქმით, აუცილებელია, დაზარალებულებმა იცოდნენ, რა ეტაპზეა მისული გამოძიება, არსებობენ თუ არა ბრალდებული პირები და თუ არსებობენ, რატომ არ არიან დაკავებულნი.
„ყველამ ვიცით, რა შედეგით დასრულდა ე.წ. სპეცოპერაცია. მათ მოკლეს ორი ადამიანი, საფრთხე შეუქმნეს არასრულწლოვან ბავშვებს და მოხუცებს. სრულიად გაანადგურეს ორი საცხოვრებელი სახლი, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოხვდა ამ ოჯახის ერთ-ერთი წევრი, რომელიც დღესაც ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მკურნალობს.
საკმაოდ შრომატევადი იყო ამ საქმეზე გამოძიების ჩატარება, რადგან ბუნებრივია, წინა ხელისუფლების დროს არაფერი გაკეთებულა, პირიქით, ბევრი რამე გაფუჭდა. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ჩატარდა სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის ექსპერტიზები. აფრასიძეების ოჯახი ცნობილია დაზარალებულად, თუმცა, მეორე მხრივ, არ გვყავს ბრალდებული პირი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ოჯახი ითხოვს კითხვებზე პასუხის გაცემას“, - განაცხადა ირმა ჭკადუამ.
შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ 2015 წელს პროკურატურაში ორი დღე მოწმის სახით დაკითხვაზე იმყოფება გულუას სახელობის სპეცრაზმის ყოფილი ხელმძღვანელი ზურაბ ქაჯაია. აღსანიშნავია ისიც, რომ აფრასიძეების განადგურების ბრძანების გაცემა დაადასტურა ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა და აქვე აღნიშნა, რომ ერთი წამით არ ნანობს ამ გადაწყევტილებას.
„მე გავეცი ბრძანება მესტიის დაპატრონებული ბანდიტების განადგურების, ერთი წამით არ ვნანობ, ეს იყო აფრასიძეების ბანდა, რომელიც აკონტროლებდა მთელ სვანეთს და რომელიც ჯერ კიდევ საბჭოთა დროიდან გამაგრებული იყო მაღალ კოშკში. ჩემი ბრძანებით, ჩვენი ვეტმფრენებიდან გახსნილი იქნა ცეცხლი, მათ შორის რაკეტებით“, - ეს განცხადება მიხეილ სააკაშვილმა 2015 წელს გააკეთა.
მიუხედავად სააკაშვილის ამ აღიარებისა, პროკურატურა არ ჩქარობს, ყოფილი პრეზიდენტისთვის ბრალის წარდგენას, ისევე როგორც ამ საქმის მთავარი ფიგურანტის, ყოფილი შს მინისტრის გიორგი ბარამიძის დაკითხვას და ბრალის წაყენებას. მეტიც, 2015 წელს, ირაკლი შოთაძემ, რომელიც მაშინ მთავარი პროკურორის მოადგილე იყო, აღნიშნა, რომ აფრასიძეების საქმეზე ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეოს, ხოლო რაც შეეხება გიორგი ბარამიძეს, შოთაძე ამბობდა, რომ აფრასიძეების საქმესთან დაკავშირებითი ბარამიძის დაკითხვის საჭიროება, ამ ეტაპზე, არ არსებობდა.
თავად გიორგი ბარამიძე აცხადებს, რომ აფრასიძეების საქმეს ხელისუფლება წინასაარჩევნოდ პოლიტიკური ინტერესებისთვის იყენებს, სხვა შემთხვევაში, საქმეს დახურავდა. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი აცხადებს, სპეცოპერაცია სერიოზული ყაჩაღური დაჯგუფების აყვანის მიზნით ჩატარდა, ორი პირის ლიკვიდაცია კი, მას შემდეგ მოხდა, რაც აფრასიძეებმა პოლიციას ცეცხლი გაუხსნეს.
„ყველამ ვიცით, რომ ეს ადამიანები იყვნენ ძალიან სასტიკი მკვლელები, რომლებსაც აკლებული ჰყავდათ სვანეთი და სვანეთის გარშემო რეგიონები. მნიშვნელოვანი იყო, მათი დაკავება ერთად მომხდარიყო და არა ცალ-ცალკე, ერთი რომ ცალკე აგვეყვანა, შემდეგ სხვები გახდებოდნენ პრობლემა. ჩატარდა სპეცოპერაცია კანონის სრული დაცვით. ყველა პოლიციელმა იმოქმედა კანონით მინიჭებული უფლებით, იმ პირობებში, როდესაც მათ გაუწიეს შეიარაღებული წინააღმდეგობა ავტომატებით და ტყვიამფრქვევებით, ცხადია პოლიციამაც გამოიყენა შესაბამისი ძალა.
2012 წლიდან ამ თემით სპეკულირება რომ ხდება, ვითხოვ, თუ რამე აინტერესებს პროკურატურას, თუ რეალურად უნდა, რომ ეს თემა ან ასე დაამთავროს ან - ისე, მე როგორც მინისტრი, რომელსაც შემიძლია, მივცე ძალიან ბევრი დამაზუსტებელი ინფორმაცია, დამიბარონ და დამკითხონ“, - აცხადებს გიორგი ბარამიძე.
გამოძიებისგან შედეგს ელოდება შმაგი აფრასიძეს შვილი, ლედი აფრასიძე, რომლის განცხადებით, თავდაპირველად ძალიან აქტიურად მიმდინარეობდა საგამოძიებო პროცესები, ოჯახს ჰქონდა იმედი იმისა, რომ საქმე მალე გაიხსენებოდა, მით უმეტეს, რომ ძალიან ბევრი საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა დასაწყისშივე, თუმცა ასე არ მოხდა. for.ge-სთან საუბრისას ლედი აფრასიძე აცხადებს, რომ დღეს უკვე პროკურატურას საკმარისზე მეტი მტკიცებულება აქვს იმისთვის, რომ შესაბამის პირებს ბრალი წაუყენოს.
„შესაბამისად, ველოდებით როდის წაუყენებენ ბრალს ამ პირებს, ვგულისხმობ ბარამიძეს და იმ ადამიანებს, რომლებიც მონაწილეობდნენ სპეცოპერაციაში, მათ შორის სააკაშვილი, რომლის უშუალო ბრძანებითაც განხორციელდა ეს სპეცოპერაცია. ვითხოვდით, რომ დაჩქარებულიყო გამოძიება და დასრულებულიყო. ბოლო წლების განმავლობაში მრავალჯერ მოვითხოვეთ მთავარ პროკურორთან შეხვედრა და ამ შემთხვევაში, დაინიშნა შეხვედრა და დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ შეხვედრის შემდეგ უფრო მიაქცევენ ყურადღებას და დაიწყება შესაბამისი პროცესები. რაც შეეხება ბარამიძის განცხადებას, რომ ამ საქმეში მისი დანაშაული არ არის, ეს არის ძალიან დიდი სიცრუე.
ყველამ კარგად იცის, რომ უშუალოდ ბარამიძე ხელმძღვანელობდა ამ სპეცოპერაციას, ის გასცემდა უკანონო ბრძანებას, სწორედ მისი ბრძანებით დახვრიტეს ხელბორკილ დადებული ბიძაჩემი - ომეხი აფრასიძე და მისი ბრძანებით დაწვეს სახლი, რომელშიც ცოცხლად დაიწვა ბაბუა. ჩვენც პატარები და მთელი ოჯახი სახლში ვიყავით, სიკვდილს სრულად შემთხვევით გადავურჩით. რა თქმა უნდა, ეს იყო ბარამიძის უშაუალო ხელმძღვანელობით ჩატარებული სპეცოპერაცია და სწორედ, მისი დანაშაული იკვეთება ამ საქმეში“, - აცხადებს ლედი აფრასიძე.
მისი თქმით, ბარამიძის გარდა, ამ საქმეზე ბრალი უნდა წაუყენონ სააკაშვილს, რომელმაც თავად აღაიარა, რომ მან გასცა აფრასიძეების ოჯახის განადგურების ბრძანება.
„აღიარა, რომ მისი ბრძანებით ისროდნენ ჩვენი სახლის მიმართულებით. აბსოლურტურად არაპროპორციული ძალა იქნა გამოყენებული. ჩვენი ოჯახიდან წინააღმდეგობა არავის არ გაუწევია. პირიქით, სპეცოპერაციის დაწყებისთანავე ბაბუა ხელებაწეული გამოვიდა და ითხოვდა, რომ სროლა შეეწყვიტათ, რადგან სახლში ბავშვები ვიყავით. არავის ჩვენი ოჯახიდან წინააღმდეგობა არ გაუწევია, სროლა დაიწყო ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე“, - ამბობს ლედი აფრასიძე.
რაც შეეხება ბარამიძის განცხადებას, რომ აფრასიძეების საქმე ხელისუფლებისთვის პოლიტიკური იარაღია ყოველი არჩევნების წინ, ამ პოზიციას არ იზიარებს ლედი აფრასიძე.
„დასრულდეს ეს გამოძიება და მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილება, რომ შემდეგ ბარამიძემ ვეღარ შეძლოს პოლიტიკური სპეკულაცია, რასაც ახლა აკეთებს და სხვას აბრალებს ყველაფერს. ეს საქმე რომ პოლიტიკური სპეკულაციის საგანი ყოფილიყო, დღემდე ძალიან ბევრმა არჩვენებმა ჩაიარა და შესაბამისად გამოიყენებდნენ.
თუმცა მგონია, რომ ამ შემთხვევაში სხვა მიზეზი არის და მაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ვიღაცა განზრახ აჭიანურებს ამ საქმეს, რადგან დღესაც თანამდებობაზე არიან ის ადამიანები, რომლებიც მაშინ უშუალოდ იყვნენ ჩართულები ამ სპეცოპერაციაში და „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ჩადენილ დანაშაულებში. მიუხედავად ყველაფრისა, იმედი გვაქვს, რომ გამოძიება ჩვენს სასიკეთოდ დასრულდება და დაისჯებიან დამნაშავეები“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ლედი აფრასიძემ.
გასაგებია მხოლოდ ის, რომ ქვეყანას პატრონი არ ჰყავს!
ყველა სფეროში ხომ უვიცები მოაგროვეს...აი, ეს პროკურატურა ასე სამარცხვინო დღეში როდემდე უნდა იყოს?! კაცი, პატრონი არ გამოჩნდა, საქმესაც რომ აკეთებდეს და ლაივში სისულელებს არ ამბობდეს?!
სააკაშვილმა აღიარა ტელევიზიით, რომ მისის ბძანებით ხელისუფლება თავს დაესხა მოქალაქეებს!!!
კი ბატონო, თუ მოქალაქე ბოროტმოქმედი იყო, მისი დაკავების და პასუხისმგებლობაში მიცემის სამართლებრივი გზები სად იყო???
რომ კითხოთ ამ ტვინგამორეცხილ ნაცებს, მიშა დემოკრატიას აშენებდა... მისი ქმედება, სულ სხვას ამტკიცებს! ფაქტი ჯიუტია.
ხალხს უნდა დაენახა და დაემახსოვრებია!!!! ეს იყო მიზანი…. აქ, არასწორი შედარებაა მაგრამ, გურამ შარაძის მკვლელობის მიზანიც, ეს იყო... იმდენი საათი რომ ქუჩაში მიცვალებული ასფალტზე ჰყავდათ და არავინ არ უნდა შეხებოდა... თუ გამოძიებისთვის იყო ეს საჭირო, სად გამოიძიეს? ან ნაცებმა, ან ქოცებმა რით ვერ შეძლეს ამ საქმის გამოძიება?
ქოცებო, ბარამიძე კიდევ ტელევიზიებიდან რომ საუბრობს... ახალაია და მერაბიშვილი ციხეში გაუშვით...ეს და ბოკერია რაზე შეითანხმეთ? ესეც ჯიუტი ფაქტია!
მოკლედ, არც აქ წერაში-კითხვაში ვხედავ აზრს... ერთის გარდა… ხალხი რომ ბრმა არ გეგეონოთ... ჯერ, ტვინგამორეცხილ ნაცებს და მერე, მაგათზე ნამყენ ქოცებს. ამათ სინთეზით ქოციონალები კი მივიღეთ მაგრამ საქმეს მაინც არაფერი ეშველა.
სააკაშვილის დროს ხელისუფლების ლიკვიდირებულ ხალხს ვითვლიდით, ხოლო ახლა, გამოუძიებელ მკვლელობებს ვითვლით. ვითომ ხელისუფლების ქმედებები გაკეთილშობილდა?
აბა, გარდაცვლილი ახალგაზრდების მშობლების გულში და ტვინში ჩაიხედეთ...
-რამე შეიცვალა?
-კი, როგორ არა. ...ადრე კომუნისტების დროს, ბელადის ქება მცოდნე კაცს შველოდა წინ წაწევაში... ახლა, ბელადის ქებაც საკმარისია!
!
უნდა იყო ნამდვილი ნაცი , რომ ასეთი ტყული დაახეთქო!
უბრალოდ, ფანტაზია არ ეყო, თორემ ისეთ უნამუსო ადამიანს, როგორიც ამ სიტყვების ავტორია, თავისუფლად შეეძლო ეთქვა, რომ ჯერ აფრასიძეების ავიგამანადგურებლები დაესხნენ თავს ჩვენს ესკადრილიას, გაგვიხსნეს ცეცხლი ჰაერში და მხოლოდ მერეღა დავაყარეთ საპასუხო რაკეტები მათ მძინარე, ქალებიან-ბავშვებიან ოჯახს სოფელ ეცერშიო!
...ბათუ საღინაძე მოლაპარაკებული იყო უკვე და შეთანხმებული იყვნენ, რომ ევგენ აფრასიძე საკუთარი ნებით ცხადდებოდა პოლიციაში და ბარდებოდა!
არ აწყობდათ ამათ, - დაასწრეს, სამხედრო ოპერაცია ჩაატარეს სააკაშვილის ბრძანებით და აივანზე გამოსული, ხელებაწეული კაცი მიაცხრილეს!
მერე მისი შვილი ომეხი, ხელბორკილიანი, გაიყვანეს, დახვრიტეს და, როგორც თვითმხილველები ყვებიან, მკვდარი გაძარცვეს: ვერცხლის ძეწკვი მოაგლიჯეს და რომ ბეჭედი ვერ წააძვრეს თითიდან , თითი მოაჭრეს!
საფლავებიდან მიცვალებულთა ძვლები ამოუყარეს და სახლ-კარი გადაუწვეს!..
და...პროკურატურა დამნაშავეს ვერ პოულობს, თურმე!
არავინ იცის, ვის უნდა წაუყენონ ბრალი!
ვიდეო, რომელშიც სააკაშვილი აცხადებს, მე გავეცი აფრასიძეების ოჯახის განადგურების (sic!) ბრძანებაო - არაფერს ნიშნავს.
ამ იდიოტური ბრძანების იდიოტურად შემსრულებელი გიორგი ბარამიძე რომ იხვეწება, დამკითხეთო - არაფერს ნიშნავს.
ვერ პოულობენ დამნაშავეს და რა ქნან!..
*
გადააგორებენ ამ არჩევნებსაც და ისევ შემოდებენ თაროზე აფრასიძეების საქმეს... მიივიწყებენ მომდევნო არჩევნებამდე.
(ღმერთმა ქნას, ამ ერთხელ მაინც ვცდებოდე!..).