„დარჩით სახლში“ იყო ყველაზე დიდი ექსპერიმენტი კაცობრიობის ისტორიაში“

„დარჩით სახლში“ იყო ყველაზე დიდი ექსპერიმენტი კაცობრიობის ისტორიაში“

როგორ უნდა აინაზღაურონ ბავშვებმა კარანტინის დროს სახლში გამოკეტვის პერიოდი, ამის შესახებ for.ge-ს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე ესაუბრა.

თქვენი რეკომენდაციაა, ბავშვებმა ზაფხულის თვეები აქტიური ცხოვრებისთვის გამოიყენონ. თქვენი დაკვირვებით, კორონავირუსის პერიოდში პასიური ცხოვრების გამო ქრონიკული დაავადებების რისკი მოიმატებს ბავშვებში?

- სამთვიანი კარანტინისა და იზოლაციის პერიოდში ბავშვებში გაიზარდა ისეთი ქრონიკული დაავადების რისკი, როგორიცაა სიმსუქნე და ჭარბწონიანობა. სწორედ ამ რისკის შემცირებისა და სამთვიანი ჰიპოდინამიის პერიოდის ნეგატიური შედეგების მაქსიმალურად მინიმალიზებისთვის რეკომენდებულია, ბავშვებმა ზაფხულის თვეები გამოიყენონ აქტიური დასვენებისთვის. აქ იგულისხმება სხვადასხვა სპორტული თამაშები - ცურვა, ველოსიპედი, ასევე, სპორტის ჯგუფური სახეობები, მათ შორის, ფეხბურთი, კალათბურთი. აქტიური სპორტით დაკავებაა ჩვენი რეკომენდაცია.

რამდენად რთული იყო კორონაპერიოდის გადატანა ბავშვებისთვის? პრობლემა იყო ისიც, თუ როგორ უნდა აეხსნათ მშობლებს პატარებისთვის, რა იყო ეს ვირუსი და რა საშიშროებას წარმოადგენდა.

- ეს მნიშვნელოვანი საკითხია. სამთვიანი იზოლირების პერიოდი, როდესაც ჩვენ რჩევას ვაძლევდით, „დარჩით სახლში“, რაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ შეასრულა, ნიშნავს იმას, რომ ბავშვებს ჰქონდათ ძალიან სერიოზული ფსიქოლოგიური გამოცდა. კორონავირუსის დროს მთელ მსოფლიოში გამოცხადებული „დარჩით სახლში“ და ასეთი იზოლირება, იყო ყველაზე დიდი ექსპერიმენტი, რაც კი ჩატარებულა კაცობრიობის ისტორიაში. ამ ზემოქმედების ნეგატიური ზეგავლენა, რა თქმა უნდა, სერიოზულია, ამან შეიძლება გამოიწვიოს გარკვეული ფსიქოლოგიური პრობლემები, ასევე, გამოიწვიოს ბავშვებში ქცევის დარღვევები. ყველა ასაკის ბავშვი იყო მკაცრად იზოლირებული ძალიან ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, ამან არ შეიძლება უკვალოდ ჩაიაროს. აქ საუბარია, როგორც ფიზიკური მაჩვენებლების ცვლილებაზე, ისე ემოციურ სფეროზე, ფსიქოლოგიურ ზეგავლენაზე. ეს პერიოდი სერიოზული გამოცდა იყო ბავშვებისთვის და არა მხოლოდ ბავშვებისთვის, მშობლებისთვისაც იყო ძალიან სერიოზული გამოცდა, რადგან მშობლებს როგორმე უნდა შეევსოთ დღის პერიოდი სხვადასხვა აქტიურობებით, მოქმედებებით, ვინაიდან არ შეიძლება ბავშვი იყოს ბაღისა და სკოლის გარეშე ჩაკეტილი სახლში და არაფერს აკეთებდეს. ამ სირთულიდან გამომდინარე, ზაფხულის თვეები, სკოლის პერიოდის დაწყებამდე, სექტემბრის შუა რიცხვებამდე მაქსიმალურად უნდა გამოიყენონ ოჯახებმა გარკვეული კომპენსაციისთვის, როგორც ფიზიკური, ისე ფსიქოლოგიური თვალსაზრისით. რეკომენდაციაა, ეს პერიოდი ოჯახური დასვენებისათვის იყოს გამოყენებული, დაისვენეთ ბავშვებთან ერთად. კვების რეჟიმის ცვლილებაა ასევე პრობლემური. როდესაც ბავშვი სახლშია და არაფერს აკეთებს, ძირითადად მიჯაჭვულია კომპიუტერის მონიტორს, ან ტელევიზორის წინ უმოძრაო მდგომარეობაშია, ძალაუნებურად იღებს ადვილად ასათვისებელ, ნახშირწყლებით მდიდარ საკვებს, რომელიც წონის მატების ხელშემწყობია. პლუს, ამას აქვს მხედველობაზე ზეგავლენა, როდესაც დიდი დროის განმავლობაში არიან ბავშვები ეკრანთან, ეს ნეგატიურად მოქმედებს მხედველობაზე. დაგროვდა ბევრი ფაქტორი, რომელსაც შეეძლო ნეგატიური გავლენა მოეხდინა ბავშვზე.

კომპიუტერთან მიჯაჭვულობა ახსენეთ, ასევე, ბავშვები ტელესკოლის გადაცემებს უყურებდნენ ტელევიზორით, რაც სწავლების ცოცხალ პროცესს გამორიცხავდა მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის. იმის გამო, რომ ბავშვებმა დაკარგეს თანატოლებთან და მოზრდილებთან ურთიერთობის უნარი, ფსიქოლოგიურ პრობლემებთან ერთად ეს გონებრივ ჩამორჩენილობასაც ხომ არ გამოიწვევს?

- კონტაქტის არარსებობა გონებრივ ჩამორჩენილობასა და განვითარებაზე არ აისახება, თუმცა ემოციური კონტაქტის არარსებობა, ანუ პირდაპირი კონტაქტის არარსებობა აუცილებლად იმოქმედებს სწავლის ხარისხზე. ანალოგიურად, ჩვენთანაც, სამედიცინო უნივერსიტეტშიც, სტუდენტებთან სწავლება, სალექციო სამუშაო და პრაქტიკული სამუშაო მიმდინარეობდა დისტანციური რეჟიმით, სხვა გამოსავალი არ იყო და ჩვენ ვეცადეთ, სწავლის პროცესი ჩაგვენაცვლებინა კლინიკური შემთხვევების განხილვითა და ანალიზით, მაგრამ ამის უსასრულოდ გაგრძელება, რა თქმა უნდა, არ შეიძლება. პირდაპირი კონტაქტი, როგორც მხედველობითი, ისე სხვა სახის კომუნიკაციის გამოყენება აუცილებლად მნიშვნელოვანია სწავლის ხარისხის ამაღლებისთვის.

აბსტრაქციული მოლოდინი ყველას აქვს კორონავირუსის მეორე ტალღის, რადგან არ ვიცით, იქნება თუ არა მეორე ტალღა შემოდგომაზე. თუკი კორონავირუსის მეორე ეტაპი დაიწყება, რამდენად დამძიმდება ერთხელ უკვე სახლში გამოკეტილი ბავშვების მდგომარეობა?

- ძნელი საპროგნოზოა მეორე ტალღის არსებობა, თუმცა მოსალოდნელია. ჩვენ ვფიქრობთ, მეორე ტალღა იმ რაოდენობით არ იქნება, ყოველ შემთხვევაში, საქართველოში იმ მასშტაბით არ ველით. ვიმედოვნებთ, არ იქნება ისეთი ძლიერი, რომ ამან გამოიწვიოს აქტიურობის ისეთივე შეზღუდვა და მკაცრი რეკომენდაციები, როგორიც ეს იყო თებერვალი-მარტი-აპრილი-მაისის პერიოდში. სხვაგვარად თუ მოხდა და სექტემბრიდან ასეთი შეზღუდვები დავიწყეთ, უკვე აღარ იქნება ორ თვეზე ლაპარაკი და უფრო ხანგრძლივ პერიოდს მოიცავს, რადგან რესპირაციული ვირუსული ინფექციების ზამთრის სეზონური მატება მარტის თვემდე გრძელდება საქართველოში. თუ კორონავირუსის აქტიურობაც ასეთივე აღმოჩნდა, მაშინ ეს უკვე 5-6-7-თვიანი პერიოდია, რაც პრაქტიკულად წარმოუდგენელია. ამის ზეგავლენას ვერავინ ვერ გათვლის, მაგრამ ეს იქნება მკაფიოდ ნეგატიური ყველა სფეროსთვის.

კორონავირუსის პირველი ტალღის გასვლის შემდეგ თქვენთან თუ მოჰყავთ ბავშვები იმის გამო, რომ მათ აქვთ გარკვეული ჩივილები სახლში გამოკეტვის მიზეზით?

- დიახ, მოჰყავთ, ჩვენი ენდოკრინოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი პირდაპირ აღნიშნავს, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში პაციენტების მიმართვიანობა წონის მატებითა და სიმსუქნით გაცილებით გაიზარდა წინა პერიოდთან შედარებით. ეს არის ქრონიკული დაავადებები, მხედველობასა და წონაზე უკვე გესაუბრეთ. კიდევ ერთი გვერდითი, მაგრამ პოზიტიური ზეგავლენა იყო, რომ იმ რეკომენდაციებმა, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ და ჩვენმა ოჯახებმა კარგად შეასრულეს, მკვეთრად შეამცირა სხვა ტიპის რესპირაციული ვირუსების მქონე ბავშვების რაოდენობა, ანუ შემცირდა ე.წ. გრიპის მაგვარი დაავადებები. ბავშვები იყვნენ იზოლირებულნი, დაკეტილი იყო ბაღები, სკოლები, რეკომენდაციები დისტანციის დაცვასთან დაკავშირებით შესანიშნავად მოქმედებდა გრიპისა და გრიპის მაგვარ დაავადებებებზე. ხელის დაბანა, ნიღაბი ასევე პოზიტიური იყო, ასე რომ, მკვეთრად იყო შემცირებული მწვავე რესპირაციული ვირუსული დაავადებებით ავადობა.

დაბოლოს, როგორია თქვენი რეკომენდაცია, სად უმჯობესია, დაისვენონ ბავშვებმა - მთაში, თუ ზღვაზე და როგორი კვებითი რეჟიმი უნდა ჰქონდეთ მათ?

- საქართველო უნიკალური ქვეყანაა მსოფლიოში, რომელსაც ზღვასა და მთაში დასვენების არჩევანი გააჩნია. გარდა ამისა, გვაქვს დიდი შესაძლებლობა, გამოვიყენოთ ჩვენი სოფლის სახლები, მამაპაპისეული ადგილები იმისთვის, რომ უფრო მეტად ვისუნთქოთ სუფთა ჰაერი. ფიზიკური აქტიურობა და ინტენსიური ფიზიკური დატვირთვა შესაძლებელია ზღვაზეც, მთაშიც და სოფელშიც. იყო რეკომენდაციები, შვილებს წელს ნუ წაიყვანთ ზღვაზე და წაიყვანეთ მთაში. ასეთი კატეგორიული მტკიცება არასწორია. შესაძლოა, სამივე მხრივ გააკეთონ არჩევანი - სოფელი, ზღვა და მთა. უბრალოდ, კარგად განსაზღვრეთ ხანგრძლივობა, ნუ გააკეთებთ ისე, რომ ერთი კვირა ერთ ადგილას იყოთ, ათი დღე-მეორე ადგილას. თუ გინდათ სრულფასოვანი ზემოქმედება მთის ჰაერის (და მთის ჰაერის ზემოქმედება მართლაც სერიოზულია), წაიყვანეთ ბავშვები მთაში. ასევე, სრულფასოვანია ზღვის ჰაერისა და ზღვის წყლის ზემოქმედება, ორივე მოქმედებს ძალიან კარგად, მაგრამ, მინიმუმ, უნდა იყოს ორკვირიანი დასვენების პერიოდი. ორი კვირა მინიმალურია ყველანაირი ადაპტაციის, აკლიმატიზაციის გათვალისწინებით ბავშვისთვის. ყველაზე კარგია, თუ ზღვისა და მთის ჰავის კომბინირებას მოახერხებთ. სადაც არ უნდა იყოთ, აუცილებელია იმ რეკომენდაციების შესრულება, რაც ამ პერიოდშია დადგენილი - დისტანცირება, ხელების ხშირად დაბანა. უნდა გავითვალისწინოთ, ზაფხული ზრდის საკვებისმიერი ინტოქსიკაციის რისკს, ამიტომ ხილის, ბოსტნეულის, მწვანილის ძალიან კარგი გარეცხვა აუცილებელია. რეკომენდებულია თერმული რეჟიმის დაცვა, როგორც მაცივარში შესანახი პროდუქტების, ისე საკვების მომზადების დროს. კიდევ ერთი რისკი არის მზის ზეგავლენა გადახურებისა და მზის დარტყმის თვალსაზრისით და ასევე, გაუწყლოვნება. ამ მხრივ ძალიან მკაცრი რეკომენდაციები გვაქვს, უნდა მივიღოთ თუ არა დამატებით წყალი. არა მარტო უნდა მივიღოთ, არამედ ასაკობრივად გვაქვს განსაზღვრული, 3-დან 8 წლამდე ასაკისთვის ეს შეიძლება იყოს რვა ჭიქა, 200 მილილიტრ ჭიქაზეა საუბარი. უფრო მოზრდილ ასაკში-2-დან 3 ლიტრამდე უნდა მიიღონ წყალი დღის განმავლობაში. თუ ფიზიკური აქტივობაა, ბავშვი ფეხბურთის ან კალათბურთის სათამაშოდ მიდის, მაშინ რეკომენდებულია, ამ აქტივობის დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე დალიოს წყალი. აქტიური ფიზიკური დატვირთვის დროს წყლის დალევა ყოველ ნახევარ საათში ერთხელ მნიშვნელოვანია. გაუწყლოების რისკი ზაფხულის პერიოდში მატულობს, ეს რისკი უფრო მეტია ზღვის კურორტებზე, ამიტომ წყლის დამატებითი მიღება, მზის სხივებისგან კანის დამცავი საშუალებების გამოყენება, ქუდი და მზის სათვალე აუცილებელია. არ გაიყვანოთ ბავშვი პლაჟზე მზის გულზე, 11-დან 16 საათამდე, რადგან მცირე დროის მონაკვეთში შეიძლება კანზე დამწვრობა განვითარდეს, რაც მოგვიანებით სერიოზული გართულებების წყარო შეიძლება გახდეს. რაც შეეხება კვებას, ეცადეთ, ბავშვმა მიიღოს ის პროდუქტი, რომელიც დიდი რაოდენობით წყალს შეიცავს. ასეთი პროდუქტია ხილი, ბოსტნეული (ნესვი, საზამთრო, კიტრი, პომიდორი). მათ გააჩნიათ გარკვეული რაოდენობის ვიტამინები და მინერალები, რომლებიც საკვები პროდუქტების რანგში გადის და წყლის დამატებით შემცველობასაც უზრუნველყოფს. ზაფხულის პერიოდში აქცენტი უნდა გაკეთდეს წყლის დამატებით მიწოდებაზე, შეამცირეთ ხორცის პროდუქტების მიღება, სავალდებულო არ არის ყოველდღიურად მათი მიღება. განსაკუთრებით ერიდეთ ფარშს, რადგან ხორცის ფარში ხშირად ხდება ინფექციის წყარო. ნახევარფაბრიკატების მიღებაც ზაფხულში რეკომენდებული არაა, ეს არის ძეხვეული, სოსისი. რძის პროდუქტები, სადაც არ არის ბოლომდე დაცული თერმული შენახვისა და დამუშავების პირობები, რისკის შემცველია.