ტურისტულ სექტორს უკვე საფუძვლიანი ეჭვი გაუჩნდა, რომ საზღვრები არც აგვისტოში გაიხსნება. მსოფლიოში ვირუსის მეორე ტალღის დაწყების ნიშნები ამის შანსს სპობს. საქართველოს მთავრობის წევრებიც კონკრეტულ ვერაფერს ამბობენ ქვეყნებს შორის მიმოსვლის აღდგენის თაობაზე, რადგან თითქმის ყველგან მდგომარეობა არასახარბიელოა. ამიტომ საზღვრების გახსნამ, შესაძლოა, უფრო მეტი ზარალი მოიტანოს, ვიდრე სარგებელი.
„ჰელისკი ჯორჯიას“ დამფუძნებელი ვატო ასათაშვილი ადასტურებს, რომ ახლა ტურიზმის სექტორი არის მძიმე კრიზისის პირობებში და ყველაზე მნიშვნელოვანი შექმნილ ვითარებაში არის კარგად დაგეგმილი სტრატეგია.
„ჯერ კიდევ მაისის დასაწყისში ითქვა, რომ 1-ელი ივლისისთვის საზღვრები უნდა გახსნილიყო, საქართველო იქნებოდა პირველი ქვეყანა, რომელიც ტურისტებს გაუხსნიდა საზღვრებს, ვინაიდან ჩვენ ინფექციის კუთხით კარგი ვითარება გვქონდა. მალევე გამოჩნდა, რომ ეს იყო ერთგვარი პოპულისტური და არარეალისტური ნაბიჯები და ბაქი-ბუქი მთავრობის მხრიდან. სარეკლამო კამპანიაც კი დაიწყეს და კარგად ვიცით, რომ საერთაშორისო მედიაში ფასიანი რეკლამებიც კი დაიდო, რომ ქვეყანა თითქოს იქნებოდა 1-ლი ივლისიდან ღია.
მივადექით ივლისს და საზღვრები არ გაიხსნა. შეიქმნა მცდარი მოლოდინი, რაზეც ადრეც ვლაპარაკობდი და ძალიან ბევრი ბიზნესი, ისედაც ზარალის ფონზე, კიდევ უფრო დიდი გასაჭირის წინაშე აღმოჩნდა. მერე ითქვა, რომ თურმე 1-ელ აგვისტოს უნდა გაიხსნას. მე გეტყვით, რომ ეს არის არარეალური. აგვისტოც მოვა და შემდეგ უკვე 15 აგვისტოს დაასახელებენ, მერე 1-ელ სექტემბერს და ა.შ.“, – განაცხადა ვატო ასათაშვილმა.
ამიტომ უნდა შევეგუოთ ფაქტს, რომ წლევანდელი 2020-ის ტურისტული სეზონი არის ჩავარდნილი. ასევე უნდა შევეგუოთ იმასაც, რომ ძალიან ბევრი კომპანია, იქნება ეს დიდი, საშუალო თუ მცირე ზომის კომპანიები, დიდი ფინანსური კრიზისის წინაშე აღმოჩნდება.
„მთავრობას აქცენტი უნდა გაკეთებინა 2021 წელზე. ეს ცალსახად უნდა ყოფილიყო გაცხადებული ყოველგვარი მცდარი მოლოდინის მიუხედავად. საჭიროა ეტაპობრივი გახსნა საზღვრების იმ ქვეყნებთან, სადაც მდგომარეობა არის უკეთესი. დღესაც არ არის გვიან, რომ სახელმწიფომ გააკეთოს მკაფიო განცხადება და თქვას რომ ტურიზმის ინდუსტრიას ვერაფრით გეხმარებით და ეს სეზონი არის ბოლომდე ჩავარდნილი. ჩვენგან ნურაფერს ელოდებით იმიტომ, რომ სახელმწიფო არის ღარიბი, არ შეუძლია არანაირი პაკეტის შეთავაზება და რომც გახსნას საზღვრები, საფრთხე უფრო დიდია, ვიდრე იქიდან შემოსული შემოსავლები“, – განუცხადა „ბიზნეს მედიას“ ასათაშვილმა.
ტურისტულ სექტორში გაჩენილ ეჭვს ირიბად ადასტურებენ მთავრობის წევრებიც. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველოში დღიურად კორონავირუსის ერთეული შემთხვევები მათ შორის საზღვარზე ძალიან აქტიური კონტროლის შედეგია. ამიოტმ მიმოსვლის აღდგენა იმ ქვეყნებთან, რომლებიც ეპიდემიურად ისევ წითელ ზონაში არიან, რა თქმა უნდა, რისკის შემცველია. ხელისუფლება გადაწყვეტილების მიღებისას, თუ როგორი ინტენსივობით გააქტიურდება მოგზაურობა, ქვეყნების ეპიდემიურ მდგომარეობას გაითვალისწინებს.
„ბოლო პერიოდში დიდი ყურადღება ეთმობა საზღვრების გახსნის თემას. ჩვენ შემთხვევაში, ჩვენი ეპიდემიური სურათი, ის, რომ დღეში ერთეული შემთხვევა გვაქვს დაფიქსირებული, უკავშირდება იმას, რომ საზღვარზე ძალიან აქტიური კონტროლი ხდება. პრაქტიკულდ, ჩვენთან იმპორტირებული შემთხვევები ყველა იდენტიფიცირებულია. მიმოსვლის გახსნა იმ ქვეყნებთან, რომლებიც ეპიდემიურად ისევ წითელ ზონაში ან მაღალი რისკის მატარებლები არიან, რა თქმა უნდა, რისკის შემცველია.
რა თქმა უნდა, კარანტინის მექანიზმი კიდევ დიდხანს გაგრძელდება. უნივერსალურად საზღვრის გახსნა ვერ მოხერხდება ვერც 15 ივლისს და ვერც 15 აგვისტოს. ამიტომ დღეს ძალიან რთულია ამაზე საუბარი. უნდა შევხედოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. მთავარი არის, რომ ჩვენ შევაფასოთ ეპიდემიური რისკი“, - განაცხადა გაბუნიამ.
პრაქტიკულად იგივეს ამბობს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანიც, რომელიც მიუთითებს, რომ მთავრობა სიფრთხილით მიიღებს გადაწყვეტილებას იმასთან დაკავშირებით, თუ რომელ ქვეყანასთან აღდგეს საჰაერო მიმოსვლა.
„მინდა ყველა ქართველ მეწარმეს ვუთხრა, თუ ვინმეს ჰგონია, რომ გახსნის შემთხვევაში მას მოემატება შემოსავლები, ცდებიან იმიტომ, რომ გახსნის შემთხვევაში, იქნება ძალიან მცირედი ნაკადი ტურისტებისა. ეს საკმარისი იქნება ვირუსის გასავრცელებლად, მაგრამ არასაკმარისი ეკონომიკისთვის, რამე მატერიალური სიკეთე რომ მოიტანოს.
საზღვრების გახსნის შემთხვევაში, წლის ბოლომდე დაახლოებით 50 000 ტურისტი შეიძლება შემოვიდეს, რაც 0,5% იქნება წინა წლებში შემოსული ტურისტების რაოდენობისა და არ იკმარებს ეკონომიკის გაძლიერებისთვის“, - განაცხადა მინისტრმა და საზღვრების გახსნის კონკრეტული თარიღის დასახელებისგან თავი შეიკავა.