შავ ზღვაში რუსული პორტის - ტამანის მშენებლობა დასრულდა და ოპოზიციის ბრალდებებმაც არ დააყოვნა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მწვანე შუქი აუნთო რუსეთს ანაკლიის პორტის მშენებლობაში.
„ლელოს“ წარმომადგენლის ბადრი ჯაფარიძის თქმით, იმ დროს, როცა ანაკლიის განვითარების კონსორციუმს სხვადასხვა მეთოდით ებრძოდა საქართველოს მთავრობა, რუსეთის ხელისუფლება აფინანსებდა საკუთარ ღრმაწყლოვან პორტს. ამ კონკურენტული პორტის აშენებით კი საქართველომ უზარმაზარი ინვესტიცია დაკარგა.
ტამანის ღრმაწყლოვანი პორტი 220 ათას ტონამდე სატვირთო გემების მიღებას უკვე შეძლებს. როგორც ცნობილია, ტამანის ახალი პორტი ქერჩის სრუტეში აშენდა. ტამანში წლიურად 60 მილიონი ტონა ტვირთის ტრანსპორტირება იქნება შესაძლებელი. ბაზარზე მოთხოვნის გაზრდისა და რუსეთის სარკინიგზო შესაძლებლობების გაზრდის შემთხვევაში, 18 თვეში შესაძლებელია ტერმინალის მოცულობა 100 მლნ ტონამდე გაიზარდოს. ტამანის ნავსადგურზე ერთდროულად 6 ხომალდის დატვირთვა შეიძლება.
ტამანის პორტის მშენებლობამ დაგვაკარგინა თუ არა დიდი ინვესტიცია?
ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია ადასტურებს, რომ ამ ეტაპზე ინვესტიცია მართლაც დავკარგეთ, რადგან ტამანის ღრმაწყლოვანი პორტის აშენება სერიოზული კონკურენციაა ქართული პორტებისთვის, თანაც, ტამანში ოთხი მისადგომია გამზადებული და ამ ეტაპზე ჩვენ რომ ჩამოვრჩით და არ მოხდა ამ პროექტის განხორციელება, ეს გარკვეულ გავლენას იქონიებს ჩვენი სატრანზიტო პოტენციალის განვითარებაზე.
თუმცა, ვახტანგ მაისაიას მოსაზრებით, სულ სხვა საკითხია, რატომ აკეთებენ „ლელოს“ წარმომადგენლები მკვეთრ განცხადებებს, აქ ბევრი ნიუანსია, მათ შორის, ისიც, „ლელოს“ უკან ვინ დგას, შეიძლება ვიღაცის ინტერესებს გამოხატავდეს ხაზარაძის მოძრაობა. რეალობა ისაა, რომ გამოცხადებულია ტენდერი, გამოცხადებულია კონკურსი და ეძებენ ინვესტორს, ეს პროცესი გრძელდება, არავის დაუხურავს და ჩაუკლავს ანაკლიის პროექტი. უბრალოდ, შეიცვალა ამ პროექტის აქტორები.
„ჩვენდა სამწუხაროდ, ეს არ არის მაინცდამაინც კარგი ნაბიჯი, რომ მოგვიწია ცხენების გამოცვლა უშუალოდ ხიდზე. აგერ, ჩვენ დაგვასწრო ჩვენმა მტერმა და თავისი ლუკრეტიული ადგილი დაიმკვიდრა შავი ზღვის აკვატორიაში. გარდა ამისა, ჩვენს სამეზობლოში კიდევ არის აქტაუს პორტი, კოსტანცას პორტი… ანაკლიას კარგი კლიმატური და გეოგრაფიული პრიორიტეტი ჰქონდა, რომელიც ტამანის შესაძლებლობებს ბევრად აღემატება. ტამანი სამი თვის განმავლობაში იქნება ბლოკირებული, არ ვიცი, როგორ ტექნოლოგიებს დანერგავენ ამ სირთულის დასაძლევად, მაგრამ ტამანს კლიმატური თვალსაზრისით პრობლემა ჰქონდა. ჩვენთან ეს პრობლემა არ იყო“, - აღნიშნა ვახტანგ მაისაიამ for.ge-სთან საუბრისას.
ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი მიიჩნევს, რომ ესეც ერთ- ერთი პროპაგანდისტული ტრიუკია, თითქოს „ქართულმა ოცნებამ“ რუსეთს მწვანე შუქი აუნთო და ვითომც „ოცნებას“ არ უნდოდეს ანაკლიის პორტის აშენება. სინამდვილეში, ასე არ არის, უბრალოდ, პოლიტიკა შესაძლებლის ხელოვნებაა და, რაც შეუძლებელია, იმას ვერ გააკეთებ. ასე რომ, თუ რუსეთმა მოინდომა, კრიჭაში ჩაგვიდგეს ამ პორტის გამო, რამდენიც არ უნდა ვიხტუნაოთ, ვერ განვახორციელებთ ამ პროექტს. მაშინ ამას სჭირდება ძალიან დიდი მობილიზება როგორც საერთაშორისო, ისე შიდა რესურსის.
„კომპრომისი უნდა ვიპოვოთ. საკითხი თუ დავაყენეთ ასე, ჩვენ ამ პორტს ვაშენებთ, რადგან რუსეთს ვებრძვით, ის პორტი არასდროს აშენდება. უბრალოდ, რუსები არ აგაშენებინებენ. ეს იგივეა, ხაზარაძემ რომ თქვა, ესენი გზას იმიტომ აკეთებენ, რომ რუსის ტანკმა ზედ იაროსო. ეს ხომ აბსურდია, სად პორტი და სად რუსეთთან გეოპოლიტიკური დაპირისპირება? ანაკლიის აშენება ეკონომიკური პროექტია, თვითონ ვერ შეასრულეს თავიანთი ვალდებულებები. რასაკვირველია, გეოპოლიტიკური განზომილება აქვს ამ პროექტს, მაგრამ ჩვენთვის წამგებიანია გეოპოლიტიკურ განზომილებაზე მოვახდინოთ აქცენტირება და რუსეთთან დაპირისპირება გავამწვავოთ. ჩვენ პატარა სახელმწიფო ვართ, რუსთაველი როდის ამბობდა, „ვინ მოყვარესა არ ეძებს, იგი თავისა მტერია“. ჩვენი მიზანია, მტერი მეგობრად თუ ვერ ვაქციეთ, გავანეიტრალოთ მაინც. რუსეთს ჩიჩხინი დავუწყოთ, მე პორტს ვაშენებ და შენს ქერჩის პორტს დავძირავ ამით, დედას გიტირებს.
კონსტანტინე გამსახურდიას აქვს ფელუკასა და გემის დაპირისპირება, დიდ გემს პატარა ფელუკა ებრძვის, გაუვლის, გამოუვლის, დაუპიპინებს, დაეჯახება, ერთხელაც ის გემი გადაუვლის. ამიტომ ჯერ რუკაზე შეხედონ რუსეთს და მერე საქართველოს“,- აღნიშნა დავით ზარდიაშვილმა ჩვენთან საუბრისას.