თუ ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა გიორგი შაქარაშვილის მიმართ განხორციელებული ძალადობა და განზრახ მკვლელობა, გარდაცვლილი ფეხბურთელის ბიძის განცხადებით, დამნაშავეების დანდობა აღარ იქნება. მირიან ნიკოლაძე მიმართავს დაკავებული და დაზარალებული პირების იმ ნაწილს, რომელთაც გიორგი შაქარაშვილთან ბოლო შემხებლობა ჰქონდათ, გამოიყენონ ბოლო შანსი და თქვან სიმართლე.
ამ სკანდალურ საქმეზე ჩატარებულია 450-მდე საგამოძიებო და 400-მდე საპროცესო მოქმედება. მათ შორის, გამოკითხულია 93 პირი, გადაუდებელი აუცილებლობის პირობებში და მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებულია 121 ჩხრეკა-ამოღება, რის შედეგადაც ამოღებულია 105 ერთეული კომპიუტერული ტექნიკა, მობილური ტელეფონი და ფოტოაპარატი. ასევე, საექსპერტო კვლევის მიზნით, საერთო ჯამში 40 პირისგან - ბრალდებულებისგან და საქმესთან შემხებლობაში მყოფი მოქალაქეებისგან ამოღებულია ტანსაცმელი და ფეხსაცმელი. ბრალდებულებისგან და საქმესთან შემხებლობაში მყოფი, საერთო ჯამში, 41 პირისგან აღებულია დნმ-ის და დაქტილოსკოპიური ნიმუშები.
მობილური ოპერატორებიდან საქმეში გამავალ ათეულობით პირზე გამოთხოვილია ინფორმაცია მათი ლოკაციებისა და კავშირების დადგენის მიზნით. ათეულობით ობიექტიდან გამოთხოვილია ვიდეო სათვალთვალო კამერების დაახლოებით 600 საათამდე ჩანაწერი. დანიშნულია 8 სახეობის 57 ექსპერტიზა, მათ შორის, სასამართლო-სამედიცინო, ქიმიური, მიკრონაწილაკების, ბიოლოგიური, ნიადაგის, დაქტილოსკოპიური, ტრასოლოგიური და საინფორმაციო-ტექნოლოგიური ექსპერტიზები.
19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალებიდან 20 დღე გავიდა, თუმცა გამოძიებას ამ დრომდე არ ჰყავს საქმეზე გამოკვეთილი დამნაშავე. საქმეს ართულებს და კითხვის ნიშნებს აჩენს ის გარემოებაც, რომ ის ადგილი, სადაც საქმის ერთ–ერთი მთავარი მოწმე, გური ამირხანაშვილი იმალებოდა, გადამწვარია. დაკავებული არასრულწლოვანის ადვოკატს, გიორგი გელხაურს უჭირს დააკონკრეტოს ტერიტორიის გადაწვა ვინმემ მიზანმიმართულად განახორციელა, თუ - არა.
„ტერიტორია გადამწვარია, ესეც კითხვის ნიშნას აჩენს. წინასწარ პროგნოზები არ მინდა გავაკეთო, ამას რა შეიძლება მოჰყვეს. წარმოდგენა არ მაქვს, ვინმემ შეგნებულად დაწვა, თუ შემთხვევით დაიწვა. ფაქტია, რომ უამრავი მოწმე იტყუება. საპატრულო პოლიციის წარმომადგენლების ჩვენებები მივიღეთ, რომლებმაც განაცხადეს, რომ იაკობ ბრეგვაძეს მათთვის არ განუცხადებია ჩხუბი სად დაიწყო, მან ასევე მოატყუა, პოლიცია შეიყვანა შეცდომაში, უთხრა, რომ მისთვის უცნობი პირები ჩხუბობდნენ.
ჩვენ გამოძიებას აბსოლუტურად ხელს ვუწყობთ, რომ ჭეშმარიტება დადგინდეს, აბსოლუტურად საპირისპიროს ვხედავ მეორე მხარისგან. საუბარი რომ დავიწყეთ, ის პოლიციელები გამოსაკითხი არიან, ვინც ბრეგვაძე თბილისში წაიყვანესო, ამის შემდეგ მოხდა გამოკითხვა, ეს ფაქტია. ე.ი. გამოძიებაც მოატყუა ბრეგვაძემ. როცა ის პოლიციას ატყუებს და შსს-ში მისი მაღალჩინოსანი ნათესავი საუბრობს, რომ ის მხოლოდ დაზარალებულია და ერთადერთია, ვინც 112-ში დარეკა, რა გააკეთა მერე? შეგნებულად შეცდომაში შეიყვანა პოლიცია“, - აცხადებს გიორგი გელხაური.
შს მინისტრის მოადგილის, ვლადიმერ ბორცვაძის განცხადებით, გამოძიება დაწყებულია იმის დასადგენად, ადგილი, სადაც გური ამირხანაშვილი იმალებოდა, განზრახ დაწვეს თუ გაუფრთხილებლობას აქვს ადგილი. მისი თქმით, ამ მიმართულებით საგამოძიებო მოქმედებები უკვე ჩატარდა. ბორცვაძის განცხადებით, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასრულების და გარდაცვალების უშუალო მიზეზის დადგენის შემდეგ, შესაძლოა, საქმის კვალიფიკაცია შეიცვალოს და ბრალდება დამძიმდეს. მისი თქმით, საგამოძიებო ჯგუფის შემადგენლობა გაფართოვდა და ყველა შესაძლო ვერსიაზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.
რაც შეეხება საქმის ერთ–ერთ ფიგურანტს, ფოტოგრაფ იაკობ ბრეგვაძეს, რომელიც ამ საქმეში დაზარალებულად არის ცნობილი, ბორცვაძის განცხადებით, ადგილზე მისული პოლიციის ეკიპაჟის მოქმედების სამართლებრივ მხარის საკითხს შსს–ს გენერალური ინსპექცია იკვლევს და თუ გამოიკვეთება მათი მხრიდან რაიმე სახის გადაცდომა, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცემა პროკურატურას.
ამასთან ბორცვაძე არ ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ შსს–ს პრეს–სამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის ერთ-ერთი მოწმის, ფოტოგრაფ იაკობ ბრეგვაძის წამოსაყვანად მცხეთაში „შკოდას“ ავტომობილით მცხეთის სამმართველოს უფროსის მოადგილე გააგზავნა. ბორცვაძის თქმით, გავრცელებულ ვიდეოში ავტომობილი არა „შკოდას“, არამედ „ტოიოტა პრიუსის“ მარკისაა და ტაქსია, რომლის მძღოლი დაკითხულია.
„შემთხვევის დღეს, როცა ეს ტრაგედია მოხდა, არც შემდეგი რამდენიმე დღის მანძილზე, ნინო გიორგობიანს ოჯახთან და იაკობ ბრეგვაძესთან არანაირი კომუნიკაცია არ ჰქონია. იაკობ ბრეგვაძე ამ საქმეში არის დაზარალებული და მას მინიჭებული აქვს დაზარალებულის სტატუსი, ვინაიდან მის მიმართ ძალადობრვი ქმედებების განხორციელებას ჰქონდა ადგილი. ტყუილია, თითქოს, წაიშალა გარკვეული ჩანაწერები...
ვინც იურისპრუდენციაში ერკვევა, იცის გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში როგორ ჩაატაროს საგამოძიებო მოქმედება, რომ ნივთმტკიცება არ განადგურდეს. ეს არის სტანდარტული ვარაუდი, როცა საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენელი, გამომძიებელი ვარაუდობს, თუ დროულად არ ჩაატარებს საგმოძიებო მოქმედებას, შეიძლება, ის ნივთიერი მტკიცებულება განადგურდეს. ეს არის ვარაუდი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული. გამომძიებელმა ივარაუდა, რომ შესაძლებელია, ეს მომხდარიყო, შეადგინა დოკუმენტი, ამოიღო ის ნივთები, რომელიც მიაჩნდა, რომ მნიშვნელოვანი იყო საქმის ფაქტობრივი გარემოებებისთვის“, - აცხადებს ვლადიმერ ბორცვაძე.
შს სამინისტრომ ფოტოგრაფ იაკობ ბრეგვაძის მიერ 112-ში განხორციელებული ზარის ჩანაწერი გამოაქვეყნა, სადაც ოპერატორი ცდილობს ბრეგვაძის ადგილსამყოფელი დააზუსტოს. როგორც შს მინისტრის მოადგილე აცხადებს, მას შემდეგ, რაც ავტოსამრეცხაოს მიმდებარე ტერიტორიაზე გარკვეულ ფიზიკურ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი, იაკობ ბრეგვაძე ტოვებს შემთხვევის ადგილს, გაურბის საფრთხეს, მას შემდეგ, რაც მათზე თავდასხმა განხორციელდა, იმალება ერთ-ერთ შენობაში, რის შემდგომაც მისი კუთვნილი მობილური ტელეფონით აკეთებს შეტყობინებას 112-ში, უკავშირდება ოპერატორს და ეუბნება, რომ აქვს ადგილი ფიზიკურ დაპირისპირებას, ჩხუბობს დაახლოებით 10 ადამიანი და იძახებს პოლიციას.
მაგრამ ამავე შეტყობინების განხორციელებისას იაკობ ბრეგვაძე ვერ ასახელებს ზუსტ ლოკაციას, თუ სად იმყოფება. იგი ოპერატორს განუმარტავს, რომ იმყოფება მცხეთა-მთიანეთის მიმდებარე ტერიტორიაზე და ასევე უსახელებს ერთ-ერთი გაუქმებული ობიექტის სახელწოდებას. ოპერატორი ცდილობს დააზუსტოს მისი შეტყობინება და ავტომატურ რეჟიმში აგზავნის ამ შეტყობინებას საპატრულო პოლიციისა და კრიმინალური პოლიციის სამორიგეოში. ამავდროულად, პოლიციის ეკიპაჟები ცდილობენ იაკობ ბრეგვაძის ადგილსამყოფელის დადგენას. გადიან სავარაუდო მიმართულებაზე და ამავდროულად, სამორიგეოდან უკავშირდებიან იაკობ ბრეგვაძეს ადგილმდებარეობის და ლოკაციის დაზუსტების მიზნით, მაგრამ ეკიპაჟები ვერ პოულობენ ლოკაციას და იძულებული ხდება ოპორატორი განმეორებით დაუკავშირდეს იაკობ ბრეგვაძეს და დააზუსტოს მისი ლოკაცია.
ამავე ჩანაწერით, მეორე ზარი განხორციელდა თავად ოპერატორის ინიციატივით, რომელიც კვლავ შეეცადა ბრეგვაძის ლოკაციის დადგენას. სწორედ ამ დროს, იაკობ ბრეგვაძე ოპერატორს ეუბნება, რომ იგი იმყოფება მცხეთა-მთიანეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, არაგვის ხიდებთან, ამავდროულად განმარტავს ოპერატორთან, რომ ჩხუბი დასრულებულია, არავინ აღარ არის, ყველა წავიდა და ეუბნება, გააუქმოს შეტყობინება. მიუხედავად, ამისა, 112-ის ოპერატორი აზუსტებინებს კვლავ ლოკაციას და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი კვლავ განაგრძობს იაკობ ბრეგვაძის ძებნას, რის შემდგომაც ეკიპაჟი თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზაზე პოულობს იაკობ ბრეგვაძეს.
საქმეს ასევე ართულებს ის ფაქტიც, რომ ჩვენებებს ცვლიან საქმის მთავარი მოწმეები. ვახტანგ ახვლედიანმა პირველი ჩვენებიდან ერთ კვირში გამოძიებას ახალი ჩვენება მისცა. ახვლედიანი პირველი ჩვენებისგან განსხვავებით ამჯერად ამბობს, რომ ესმოდა შეძახილების ხმები მაშინ, როდესაც იმალებოდა ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე. ჩვენებაში ახვლედიანი წერს, რომ არ დაუნახავს რა მიმართულებით გადაადგილდებოდა გიორგი შაქარაშვილი, ასევე გაეკიდნენ, თუ არა მას კონკრეტული პირები. ასევე, კითხვაზე - ემუქრებოდნენ თუ არა ავტომობილის მგზავრები სიცოცხლის მოსპობით, ვახტანგ ახვლედიანი ამბობს, რომ მსგავსი შინაარსის ტექსტებით არ ემუქრებოდნენ.
ასევე, ახალი ჩვენების მიხედვით, შეცვლილია დროებიც. მანამდე ვახტანგ ახვლედიანი ამბობდა, რომ 10 წუთის განმავლობაში ესმოდა გინებისა და შეძახილების ხმები იმ დროს, როდესაც იმალებოდა, თუმცა ამჯერად ის წერს, რომ მხოლოდ სამი წუთის განმავლობაში ესმოდა შეძახილების ხმა, თუმცა გინების შესახებ არაფერს წერს. გარდა ამისა, ამბობს, რომ არა 45 წუთში, არამედ 20 წუთში მან ტერიტორია დატოვა.
„სირბილით ჩავირბინე და იქვე დავიმალე ეკალ-ბარდებში... აღწერილ სიტუაციაში უკან არ მომიხედავს, ამიტომ არ დამინახავს ხიდიდან ჩამოხვევის შემდგომ დამალვამდე მომყვებოდა თუ არა ვინმე, მაგრამ დამალვის შემდგომ ხსენებულ ვიწრო საავტომობილო გზის მხრიდან რომელიც აღმოჩნდა ჩემს წინ, მესმოდა სირბილის ნაბიჯების ხმა, ასევე ძახილი - „სად ხართ?“
რაც შეეხება გიორგი შაქარაშვილს, როგორც აღვნიშნე, იმ მომენტისთვის, როდესაც დასრულდა ხიდის მოაჯირი, იგი იყო ჩემთან, დაახლოებით, 5 ნაბიჯით წინ, მაგრამ იმის გამო, რომ მე მყისიერად ჩავუხვიე ხელმარჯვნივ, ციცაბოზე და შემდგომ გავაგრძელე სირბილი ხიდის ქვეშ გამავალი საავტომობილო გზის მიმართულებით, დამალვამდე ჩამოხვევის შემდგომ ვერ დავინახე გიორგი შაქარაშვილის გადაადგილების ტრაექტორია...“, - წერს ჩვენებაში ვახო ახვლედიანი.
გიორგი შაქარაშვილის ბიძა მირიან ნიკოლაძე აცხადებს, რომ მათთვის საქმეზე პირველივე დღიდან ძირითადი და წამყვანი ვერსიაა, რომ მოხდა განზრახ მკვლელობა. მირიან ნიკოლაძე აცხადებს, რომ ოჯახი გამოძიების მუხლის გადაკვალიფიცირების მოლოდინშია. ამის გასამყარებლად კი, ექსპერტიზის შედეგს ელოდებიან. გარდა ამისა, ნიკოლაძემ აღნიშნა, რომ დაკითხული მოწმეები გამოძიებასთან არ არიან გულწრფელნი.
„პირველივე დღიდან, ძირითადი და წამყვანი ვერსია ჩვენთვის იყო გიორგის განზრახ მკვლელობა. თუკი ჩვენ ექსპერტიზის დასკვნა მოგვცემს გასაქანს, რომ კატეგორიულ ფორმაში ვიმსჯელოთ, იმავე დღიდან და წუთიდან ოჯახი დააყენებს განზრახ მკვლელობის კვალიფიკაციის შემდგომი წარმოების საკითხს. რა თქმა უნდა, მე ვვარაუდობ იმას, რომ გაიზრდება სიმძიმე კვალიფიკაციისა და არ არის გამორიცხული, ბრალდებულთა წრე გაიზარდოს.
ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია, შეიცვალოს კვალიფიკაცია, რადგან ეს იქნება სიმართლის დადგენა. დაკითხული პირები რომ იყვნენ გულწრფელი, ჩვენ ექსპერტიზას დაველოდებოდით, როგორც მეორად მოვლენას და ამით კიდევ უფრო გამყარდებოდა ის, რაც ჩვენებებით იქნებოდა დადგენილი. მე მეჩვენება, რომ სიმართლის დადგენა არავის სურს, ყველა ზრუნავს საკუთარი თავის გადარჩენაზე და ხელს უშლის გამოძიებას სიმართლის დადგენაში“, – აცხადებს მირიან ნიკოლაძე.
ნასვამ-ნაქეიფარი ბიჭები. ჩხუბი. სტრესი. ამხელა შიშგადატანილები!..
ასეთი რამეების შემდეგ ყველაფერს ერთბაშად და ზუსტად ვერ აღიდგენს გონებაში ადამიანი. მით უმეტეს, ახალგაზრდები, რომლთაც ჯერ არაფრის გამოცდილება არა აქვთ. მათთვის პოლიციაც და დაკითხვაც დამატებითი სტრესია...
ამიტომ, არც ის მიკვირს, რომ ყველას ჩვენება არ ემთხვევა ერთმანეთს და არც ის გამიკვირდება, ზოგიერთის ჩვენება მის მიერ ადრე მიცემულ ჩვენებასაც რომ არ დაემთხვეს.
*
მე აი, ეს ფეიკი მიკვირს: "შსს–ს პრეს–სამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის ერთ-ერთი მოწმის, ფოტოგრაფ იაკობ ბრეგვაძის წამოსაყვანად მცხეთაში „შკოდას“ ავტომობილით მცხეთის სამმართველოს უფროსის მოადგილე გააგზავნა."
მერე ირკვევა, რომ გავრცელებულ ვიდეოში ავტომობილი არა „შკოდას“, არამედ „ტოიოტა პრიუსის“ მარკისაა და ტაქსია, რომლის მძღოლი დაკითხულია. (Sic!)
ე.ი. რადგან გაარკვიეს (საქართველო ხომ პატარაა!), რომ ფოტოგრაფი ბრეგვაძე ნინო გიორგობიანის ნათესავია, ხოლო თვითონ გიორგობიანი კი შსს სამინისტროს პრესსამსახურის უფროსია, აუცილებლად რაღაც ბმა უნდა გაკეთებულიყო ამ ტრაგედიასთან!.. (თუმცა, აჯობებდა თქმულიყო, რომ გიორგობიანმა, ნათესავის ჩამოსაყვანად გაგზავნილ სამმართველოს უფროსს "კბილებამდე შეიარღებული სპეცრაზმიც გააყოლა" - ისე, ყოველი შემთხვევისათვის!).